ორონა
| ორონა | |
|---|---|
| ვაზი (Vitis) | |
| ყურძნის ფერი | შავი |
| სახეობა | Vitis vinifera |
| გავრცელების რეგიონები | გურია |
| ყვავილის სქესი | ორსქესიანი |
ორონა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.[1][2] ორონა გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერას გამოჩენამდე ორონა ფართოდ იყო გავრცელებული მაღლარების სახით ზემო და შუა გურიის მთისწინა სოფლებში. ივანე ჯავახიშვილის ცნობით ორონას იშვიათი 100-წლიანი ვაზები იყო შემორჩენილი სოფელ შემოქმედში. XX საუკუნის შუა წლებში ის იყო მხოლოდ შემოქმედში, ბრდადსა და ფარცხმაში.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური ან მომრგვალო, სამნაკვთიანია, ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა სქელი ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და დიდი ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ძალიან მკვრივი, სიმკვრივისგან ხშირად მოხრილი. ზოგჯერ მუხლიდან ფრთა უვითარდება, რომლის ზომაც ძირითადი მტევნის ნახევარს აღწევს. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური, თითქმის შავი. სქელკანიანია, ხრაშუნა. ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული რბილობი მკვრივია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
აგრობიოლოგიური დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 210 დღეა. ვაზი გამოღვიძებას იწყებს მარტის ბოლოს ან აპრილის პირველ რიცხვებში. კვირტების გაფურჩქვნა მიმდინარეობს აპრილის შუაშ ყვვილობა მიმდინარეობს ივნისის პირველ ნახევარში, ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს ბოლოს, სრულ სიმწიფეში ნოემბრის დასაწყისში შედის. ფოთოლცვენა მიმდინარეობს ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში.
ორონა საშუალო ზრდისაა და უხვმოსავლიანი. საკმაოდ გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ. კარგ პროდუქციას იძლევა სამხრეთისკენ მიმართულ არამძიმე და კალციუმის კარბონატებიან ნიადაგებზე.
მტევნის საშუალო წონა 150-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7,5-8,5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19,5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7,5-8,9 გ/ლ-ს.
ღვინო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორონას ღვინო ნორმალურად ალკოჰოლიანია (11,2%). ჭაჭაზე დადუღებული ღვინო მუქი ვარდისფერია, ექსტრაქტული, სხეულიანი და ხალისიანია, ჰარმონიული გემოთი და სასიამოვნო მჟავიანობით. ორონასგან დგება ადგილობრივი მნიშნელობის მასობრივი მოხმარების სუფრის ღვინო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 285
- რამიშვილი მ., „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“, თბ.: სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1948. — გვ. 95-97.
- ნაკაშიძე ე., მევენახეობა-მეღვინეობა, თბ: სახელგამი, 1929. — გვ. 25.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ორონა // catalog.elkana.org.ge
- ↑ ქართული ვაზის ძველი ჯიშები // saunje.ge