შინაარსზე გადასვლა

წყობილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყობილა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის, იშვიათად კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი ან მომრგვალო, მუქი-ლურჯი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი — მოვარდისფრო.

წყობილა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 164 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 120-140 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.

წყობილა გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ინტენსიურადაა შეფერილი, ნაკლებად სასიამოვნო გემოთი. კარგი საკუპაჟე მასალაა სუსტად შეფერილი ღვინოების შეფერვის გასაუმჯობესებლად.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 487-488