თრიალეთი (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თრიალეთი.
თრიალეთი
Historical Trialeti in modern international borders of Georgia.svg
კუთხის ცენტრი წალკა
ქვეყანა საქართველო
რეგიონი ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი 1
ფართობი 1 145 კმ²
ქვემო ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
ქვემო ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

თრიალეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით წალკის მუნიციპალიტეტი. მოიცავდა მდინარე ქციის ზემო წელსა და შავწყაროსწყლის ხეობებს. ესაზღვრებოდა ჯავახეთს, თორს, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლს. თრიალელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი დღეს აღარ არსებობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროებში პირველად მოიხსენიება I საუკუნეში რომაელ ავტორ პლინიუს უფროსთან. ნახსენები აქვს ისტორიკოს ჯუანშერს მეფე არჩილის დროს, მოხსენიებულია 1073 წლის სიგელში, დავით აღმაშენებლის ანდერძში.

სხვადასხვა პერიოდებში შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულების (სამშვილდის და კლდეკარის საერისთავოები, თბილისის საამირო და სხვა) შემადგენლობაში. XVIII საუკუნის ძეგლის, „დასტურლამალის“ მიხედვით თრიალეთში 17 სოფელი იყო. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. იოანე ბატონიშვილს 68 სოფელი აქვს მოხსენიებული, თუმცა ყველა უკვე ნასოფლარად იყო ქცეული. XIX საუკუნის დასაწყისისთვის თრიალეთი თითქმის გაუკაცრიელებული იყო. 1829-1832 წლებში რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციამ თრიალეთში ოსმალეთიდან დევნილი სომხები და ურუმები (თურქულენოანი ბერძნები) დაასახლა. თრიალეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი ქართული ოიკონიმებია წალკა და რეხა.

თრიალეთი მდიდარია ძველი ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებით: ნაციხარ-ნაქალაქარები, მღვიმე-ქვაბები, ლოდოვანი ნამოსახლარები, ქვის მონოლითები. აქ ასზე მეტი ეკლესია და ნაეკლესიარია აღრიცხული ქართული წარწერებით.

თრიალეთი მესაქონლეობით განთქმული მხარე იყო. შემორჩენილია ოვალური მოყვანილობის, ლოდებით ნაგები საქონლის ღია სადგომები. მესაქონლეობასთან ერთად დიდი ადგილი ეჭირა მემინდვრეობას. დღესაც მრავლადაა შემორჩენილი ხორბლის შესანახი ხაროები — მიწისქვეშა საცავები და ზეთსახდელის ნაშთები. ორი-სამი მეტრის ქვითკირით ნაგებ ხაროში ჯერ ბზესა და თივას ჩაყრიდნენ და მხოლოდ შემდეგ ხორბალს, რათა ეს უკანასკნელი არ აშმორებულიყო. თრიალეთში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ სელი, რომლისგანაც ზეთს ხდიდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი თრიალეთს უვენახო და უხილო მხარედ მოიხსენიებს. თრიალეთში საცხოვრებელი ნაგებობა იყო დარბაზული სახლი გვირგვინისებული გადახურვით, ისეთი, როგორიც ქართლსა და სამცხეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 58, 123-124 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0