ოხტოურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოხტოურა, ოხტოური, დიდი ადანასური — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

დასავლეთ საქართველოს — იმერეთის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვენახებში შერეული სახითაა შემორჩენილი.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური ან მომრგვალო ფორმის, მუქი წითელი ფერის. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი საკმაოდ მკვრივი და წვნიანია.

ოხტოურა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 160-162 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 100-125 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-6.0 გ/ლ-ს.

ოხტოურა გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ვარდისფერია, მსუბუქი და ნაკლებექსტრაქტული. უკეთესი ხარისხის ღვინის მიღება შესაძლებელია, როდესაც ჯიში აგროვებს 17%-ზე მეტ შაქარს (დაგვიანებული რთველი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 292