ქართლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ქართლი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქართლი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქართლი (Cardueli) მე-18 საუკუნეში. ფრაგმენტი ჟან კლუეს რუკიდან, 1767

ქართლი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი — ქართლოსი. მთა „ქართლი“ იქცა ქალაქ „ქართლად“ (მოიცავდა მცხეთას და წიწამურს), შემდეგ შეიქმნა „დიდი ქართლი“, აქედან კი სახელწოდება მთელ მხარეზე გავრცელდა.

ეთნიკურ-გეოგრაფიულად ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი და ქვენა სოფელი. სავარაუდოდ ამ ერთეულთა შორის მიჯნა მტკვარზე გადიოდა. მოგვიანებით, ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის დინების მიხედვით სამ ნაწილად იყო გაყოფილი:

  1. ზემო ქართლი — ისტორიული მხარე, მოიცავდა მტკვრის ზედა დინებას, დაწყებული მის სათავეებიდან — ტაშისკარამდე (კოლა, არტაანი, სამცხე, ჯავახეთი და თორი), პლუს ჭოროხის ბასეინს სრულად (ტაო-კლარჯეთი). გეოგრაფიულად სრულად აერთიანებს, ეთნარქები — ოძრხოსის და ჯავახოსის მიწებს. ტერმინი შეესაბამება გვიანდელი ხანის „მესხეთს“.
  2. შიდა ქართლი — ისტორიული მხარე მტკვრის შუა დინებაზე, თავდაპირველად ცენტრით უფლისციხე დღესდღეობით ცენტრით ქალაქ გორით. თავდაპირველად აერთიანებდა მტკვრის შუაწელის ტერიტორიებს ტაშისკარიდან თბილისის ჩათვლით. გეოგრაფიულად სრულად მოიცავდა, ეთნარქი — უფლოსის მიწას. მხარის ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
  3. ქვემო ქართლი — ისტორიული მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე. თავდაპირველად იგი მოიცავდა თრიალეთის ქედის სამხრეთი მდინარეების (ხრამი და ალგეთი) აუზის ტერიტორიებს. შემოფარგლული იყო ერთის მხრივ მდინარე მტკვრით, მეორეს მხრივ თრიალეთის ქედით, მესამეს მხრივ აბოცის მთებით და მეოთხეს მხრივ დებედა-არაქსის წყალგამყოფი ზოლით. გეოგრაფიულად სრულად აერთიანებდა ეთნარქები — გარდაბოსისა და გაჩიოსის ტერიტორიებს. მოგვიანებით გარდაბნის ტერიტორიას დაემატა მტკვრის მარცხენა სანაპიროც ქალაქ რუსთავის ჩათვლით.

ქართლის ტერიტორია ძვ.წ. IV საუკუნიდან ქართლის (იბერიის) სამეფოში შედიოდა, რომლის დედაქალაქი ჯერ მცხეთა იყო, შემდეგ თბილისი. X საუკუნეში იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ცენტრი გახდა. XV-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო (მოგვიანებით, ქართლ-კახეთის სამეფო), რომელიც 1801 წელს ინკორპორირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.

დღევანდელი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფით ისტორიული ქართლის ტერიტორია შედის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]