კაბისტონი შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაბისტონი შავი, შავი კაპისტონი, კაბიშტონი, ძველი შავი კაბისტონი, მრგვალი (რგვალი) კაბისტონი, შავი რგვალი კაბისტონი, კაბისტონი ონურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ივანე ჯავახიშვილი „კაბისტონს“ სოფლის სახელწოდებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ „პროფესორ არნოლდ ჩიქობავას ცნობით, აფხაზეთში ეშერას თემში, სოფელ ფშალთელუღში გადმოსახლებული ლაზების სიტყვით კაბისტონა არქაფეს სანახებში მდებარე სოფელი ყოფილა. „კაბისტონელი“ ლაზურად „ვაპისტონარი“ იქნება და სწორედ ამის ბოლო მოკვეცილ ფორმას წარმოადგენს ყურძნის ჯიშის სახელი კაბისტონიც. ამგვარად, ეს ჭანური ჯიში ყოფილა.

შავი კაბისტონი ძირითადად შერეული სახითაა ამბროლაურის, ცაგერის, ონის, აგრეთვე საჩხერისა და ჭიათურის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე პატარა ზომისაა, მრგვალი ან ოდნავ განივოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია საკმაოდ სქელ აბლაბუდისებრად, ხოლო ძარღვებს გასდევს ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, ხშირად მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. მუქი წითელია და მკვრივკანიანი. კანი დაფარულია სქელი ცვილისებრი ფიფქიიი, რომელიც იისფერ ელფერს აძლევს. რბილობი ხორციანი და წვნიანია. წვენი უფერულია, გემო — სასიამოვნოდ ტკბილი.

შავი კაბისტონი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი 146 დღეა. რაჭა-ლეჩხუმში სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 120-250 გრამს შორის მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა 6.0-8.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-10 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის ღვინო, რომელიც ლამაზი წითელი ან მუქი ვარდისფერია. აქვს კარგად გამოხატული ჯიშური არომატი, სხეული და ჰარმონიული გემო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 169