ოფოურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოფოურა, მაგარა ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

მარცვლების სიმკვრივისა და ყურძნის ხანგრძლივად შენახვის გამო ზემო გურიის სოფლებში მას „მაგარასაც“ უწოდებენ.

ოფოურა ადრე ფართოდ ყოფილა გავრცელებული გურიის მთისპირა სოფლებში. ადგილობრივი მოსახლეობა მისგან სასიამოვნო და ხალისიან ღვინოს ამზადებდა. მის მოსავალს სასუფრე ყურძნადაც იყენებდნენ. ამ მიზნით ვაზზე ტოვებდნენ ან აკიდოების სახით მთელი ზამთრის მანძილზე ინახავდნენ.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლად არის ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალოდ კუმსი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. მუქი ლურჯი შავ ფერში გარდამავალი. კანი სქელი და მვვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქიო ოდნავ დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, წვენი შეუფერავია, გემო — ტკბილი.

ოფოურა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 220 დღეა. სრულ სიმწიფეში ნოემბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 128 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.5-5.8 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.6%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.2 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო საკმაოდ ჰარმონიულია, სასიამოვნო, ალკოპოლის ნორმალური შემცველობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 287

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]