ჯანი (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯანი — ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, გავრცელებული გურიაში. მაღალხარისხოვანი და სხეულიანი მასალის მომცემ საღვინე ჯიშია. მაღალ გემურ თვისებებთან ერთად ჯანის ყურძენი მეტად ტრანსპორტაბელურია და მშვენივრად ინახება.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოხატაურის მიმდებარე სოფლებში ჯანს მარის ყურძენსაც ეძახიან. ეს სახელწოდება ჯიშს იმიტომ შერქმევია, რომ იაკობ მარს საკმაოდ დიდ ფართობზე გაუშენებია იგი სოფელ დაბლაციხეში დაბლარად და განსაკუთრებული მაღალი ღირსების ღვინოს ამზადებდა თურმე ყოველწლიურად. ცნობილია აგრეთვე სახელწოდებები: „ჯანის ღვინო“, „ჯანის ყურძენი“, „ნამდვილი ჯანი“, „ციხის ჯანი“, „ნაკაშიძის ჯანი“.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე ჯავახიშვილის აზრით ჯანი არ არის აბორიგენული ვაზის ჯიში და ის XVI-XVII საუკუნეში შეტანილია გურიაში საქართველოს სამხრეთ დასავლეთ მხრიდან. ჯანი სავარაუდოდ პონტოს მხარეშია წარმოშობილი და თავისი ბოტანიკურ-ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით კოლხეთის ვაზის უძველეს ჯიშთა წყებას მიეკუთვნება. XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე ჯანი მასობრივად ყოფილა გავრცელებული გურიის რაიონებში მაღლარად. მასობრივი ნარგავები ჯანისა გვხვდებოდა უმთავრესად ამ მხარის შუა და ზემო ნაწილის მთისპირა სოფლებში. მაღლარად ჯანი გავრცელებული ყოფილა აგრეთვე შუა და ზემო აჭარაში და განსაკუთრებით მერისის ხეობასა და ფურტიო-ჩაოს ზონაში. ჯანი ფართოდ ყოფილა გავრცელებული აგრეთვე გურიის მოსაზღვრე ქვემო იმერეთის სოფლებშიაც, სადაც მისგან დაყენებული ღვინო „საჯავახოს“ ღვინის სახელწოდებით ყოფილა ცნობილი მთელ დასავლეთ საქართველოში. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელებამ თითქმის განადგურებამდე მიიყვანა ჯანის მაღლარები და მხოლოდ ერთეული ძირები გადარჩა გურიისა და აჭარის მთისპირა სოფლებში. ჯანის გავრცელების თანამედროვე არეალი გურიაში მეტად შეზღუდულია, რაც აიხსნება პირველყოვლისა ავადმყოფობათა მიმართ შედარებით გამძლე ჯიშის იზაბელას (ადესა) და უხვმოსავლიანი იმერული ჯიშის ცოლიკოურის მასობრივად გავრცელებით და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ჯიში მიუხედავად მისი მრავალი დადებითი თვისებისა, შედარებით მცირე მოსავალს იძლევა.

ბიოლოგიური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანი საშუალო ზრდისაა, მცირემოსავლიანია, პატარა და თხელი მტევნები აქვს. მისი მარცვალი მუქი ლურჯი, საშუალო ზომის, ოვალური ფორმის, მეტად სქელკანიანია, რომელიც რბილობთან ერთად ადვილად იღეჭება. მარცვლის რბილობი ხრაშუნა და საღეჭია, რაც ჯიშის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. გურული ჯანი მწიფდება გვიან, ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში.

მტევანი საშუალოზე მცირე ან პატარაა. მარცვლების რაოდენობა მტევანზე 40-70 უდრის,. საშუალო მტევნის სიგრძე 7-10 სმ, ხოლო სიგანე 6-7 სმ აღწევს. მტევანი ცილინდრული ან ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსისებრია. მარცვალი მუქი ლურჯია (თითქმის შავი), საშუალო სიდიდისა,. ფორმით ოვალური, შუა წელში განიერია, ბოლო მომრგვალებული და სიმეტრიული აქვს.

ჯანი საშუალოზე ნაკლები ან მცირემოსავლიანი ჯიშია. ქართული წესით ფორმირებისას ერთი ძირი ვაზის მოსავალი 500- 800 გ-მდე აღწევს, ხოლო მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,0-1,2 უდრის. რქაზე ხშირად 1 მტევანია. იშვიათად 2. მცირე მოსავლიანობასთან ერთად ჯანს ახასიათებს წვენის მეტად მცირე გამოსავალი, რაც 54-55% არ აღემატება. ჯანის ღვინო ნორმალური ალკოჰოლიანობით ხასიათდება (11,5-12,1º). იწურება საკმაოდ შეფერილი, სხეულით მდიდარი, სქელი, ჰარმონიული, სასიამოვნო გემური თვისებების ღვინო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაქსიმე რამიშვილი, „გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები“ — 1948 წ.
  • „გურიის წარსულიდან: გიგო შარაშიძე“ გვ.177 — თბილისი, 2006 ISBN 99940-62-66-2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]