ქართული მუსკატი
ქართული მუსკატი — ქართული ვარდისფერყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში.
გამოყვანილია მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მშობელი წყვილებია მაღალმოსავლიანი ჯიში ალვარნა და ჰამბურგის მუსკატი.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, სოლისებური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ყვავილი ორსქესიანია. ფოთლის ქვედა მხარე ძალიან სუსტადაა შებუსული. მტევანი ცილინდრულია, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მუქი ვარდისფერი. კანი საშუალო სისქისაა. რბილობი ხორციანი და წვნიანია, ძლიერ გამოხატული მუსკატური გემოთი. ჯიში ხასიათდება მარცვლების არათანაბარი ზომითა და არათანაბარი სიმწიფით.
ჯიში საშუალო ზრდისა და მაღალმოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 176 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.7 გ/ლ-ს.
ქართული მუსკატი კარგი სასუფრე ვაზის ჯიშია. წარმატებით გამოიყენება მუსკატის ტიპის შემაგრებული მუქი ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. მიღებული სუფრის ღვინო მაღალი გემური თვისებებით და ძლიერი მუსკატური გემოთი ხასიათდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 561