წირქვალის თეთრი
წირქვალის თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
სახელი დაერქვა ჭიათურის პლატოზე მდებარე სოფელ წირქვლის მიხედვით, რომელშიც თავიდანვე იყო გავრცელებული.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა თხელი აბლაბუდისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, თეთრი ფერის, მომწვანო ელფერით. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უმნიშვნელოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო — ტკბილი და სასიამოვნო.
წირქვალის თეთრი საშუალო ზრდისაა, სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 148 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.8 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-21 %-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.
გამოიყენება ნაზი და ჰარმონიული სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 478