შინაარსზე გადასვლა

კამური თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრი კამური
ვაზი (Vitis)

თეთრი კამური ტალავერზე, სოფელი ჭანიეთი
ყურძნის ფერი მომწვანო, მოყვითალო-ქარვისფერი
სახეობა Vitis vinifera
გავრცელების რეგიონები გურია
იდეალური ნიადაგი სუსტი ეწერი, თიხნარი, ალუვიური ნიადაგები
საფრთხეები ვაზის ჭრაქი, ნაცარი, ფილოქსერა

კამური თეთრი, თეთრი კამურა, კამურა, კამურის ყურძენი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

სოკოვანი დაავადებებისა და ფილოქსერას გამოჩენამდე კამური თეთრი ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარების სახით გურიაში და ქვემო იმერეთში. მას ხშირად აივნების გასალამაზებლად და მარნების თავზე დასაჩრდილებლად აშენებდნენ. XX საუკუნის დასაწყისში თეთრი კამური გავრცელებული იყო საჯავახოს მხარესა და ამაღლების თემში.[1]XX საუკუნის შუა წლებში კამურის გავრცელების არეალი მკვეთრად იყო შემცირებული, დარჩენილი იყო მხოლოდ ერთეული მაღლარი ძირები და მოსახლეობა მას იყენებდა ყურძნად.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. კამურის მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ განტოტვილი და თხელი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მსხვილია, მოგრძო-ოვალური. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. მარცვალი მომწვანოა, ხოლო მზის მხრიდან მოყვითალო-ქარვისფერი. რბილობი მკვრივხორციანია, ძალიან სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

აგრობიოლოგიური დახასიათება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამური თეთრი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. მისი სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 175 დღეა. ვაზის გამოღვიძება იწყება აპრილის დასაწყისიდან, კვირტების გაფურჩქვნა მიმდინარეობს აპრილში, ყვავილობა — ივნისში, ყურძნის შეთვალვა იწყება აგვისტოს ბოლოს და სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. ფოთოლცვენა მიმდინარეობს ნოემბრის მეორე ნახევარში. ვაზზე დატოვებული ყურძენი ძლებს დეკემბრის ბოლომდე, ხოლო დაკრეფილი ინახება გაზახფულამდე.

ვაზი ძლიერი ზრდისაა, ახასიათებს უხვი მოსავლიანობა. სუსტია სოკოვან დაავადებათა მიმართ.

სამეურნეო დახასიათება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მტევნის საშუალო წონა 170 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 5,5-7,5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7,4-8,0 გ/ლ-ს.

თეთრი კამურისგან მიიღება სუფრის თეთრი ღვინო, რომელიც ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, ხალისიანი მჟავიანობით, საკმაო ექსტრაქტულობით და მაღალი გემური თვისებებით ხასიათდება. ყურძენი გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი, კარგი შენახვისუნარიანობით და უძლებს ტრანსპორტირებას. წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება სასუფრე ყურძნად.

  • გოცირიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980.  გვ. 355.
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბილისი, 2018, გვ. 171
  • რამიშვილი, მ., „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“, თბ.: ტექნიკა და შრომა, 1948.  გვ. 55-57.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ნაკაშიძე ე., მევენახეობა-მეღვინეობა, თბ: სახელგამი, 1929.  გვ. 28.