ადანასური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადანასური, მაღლარი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ისევე, როგორც არაერთი ქართული ჯიში, ადანასურიც სავარაუდოდ მისი გამავრცელებლის სახელს ატარებს. ხოლო მეორე სახელწოდება — მაღლარი ყურძნის ფორმირების ტიპს გამოხატავს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ხუთნაკვეთიანი, იშვიათად სამნაკვეთიანი. ფოტლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, საშუალო სიკუმსის, მხრიანი. მარცვალი საშუალო ზომის აქვს, მომრგვალო, მუქი ლურჯი, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული, კანი საშუალო სისქის და უხეშია. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

ადანასურს ახასიათებს საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. სრულ სიწიფეში სექტემბრის ბოლოს — ოქტომბრის დასაწყისში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 166 დღეა. მტევნის წონა 120-125 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 11.3-12.3 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21.6-23.1%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი ღვინო, რომელიც ხაისათდება დაბალექსტრაქტულობითა და სასიამოვნო გემოთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაზის ჯიშები // „ჩვენი სოფელი“ : გაზეთი, თბილისი, სექტემბერი, 2021, № 66, გვ. 9.
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 10