აბშილური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბშილურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

გადმოცემის თანახმად, ეს ჯიში აფხაზეთიდან სამეგრელოში ვინმე ავშილავას (აბშილავა) შემოუტანია და თავის მეურნეობაში მაღლარების სახით გაუშენებია. მოგვიანებით, როგორც უხვმოსავლიანი ვაზი, იგი ფართოდ გავრცელებულა სამეგრელოში და ხალხს მისთვის შემომტანის სახელი დაურქმევია.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, თითქმის ოვალური ან მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვეთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა, მტევანი საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ახასიათებს ფრთა, რომელიც თითქმის მტევნის ნახევარს აღწევს. საშუალო სიკუმსისაა. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომის აქვს, ოდნავ ოვალური, მუქი წითელი, სქელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანი და ხორციანია, ტკბილი გემოთი.

ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 214 დღეა. მტევნის საშუალო წონა 210 გრამია, მოსავლიანობა 2.0-2.5 კგ/ძირზე. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.7-8.7 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის მშრალი წითელი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 10