ტაგიძურა
ტაგიძურა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის შუა წლებში ჯიში გავრცელებული იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხუცუბანი, სამება, კვირიკე, მუხაესტატე. ამ სოფლებში ეს ჯიში შეიტანა ვინმე ტაგიძემ. უფრო ადრე ტაგიძურა ფართოდ იყო გავრცელებული გურიის მოსაზღვრე სოფლებშიც. მოსახლეობა მისგან საოჯახო მოხმარების ღვინოს და ყურძნის წვენს ამზადებდა ან აკიდოების სახით მთელი ზამთრის განმავლობაში ინახავდა.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, თითქმის მომრგვალო ან ოდნავ ოვალური და სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსუ-რი ფორმის და განტოტვილი, თხელი. შუა ნაწილის ქვემოთ კი განსაკუთრებით გათხელებული. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. თითქმის შავი. საკმაოდ სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანი და ხორციანია, ჩვეულებრივი გემოთი. შემფერავი ნივთიერება მხოლოდ კანში მოეპოვება.
ტაგიძურა ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 203 დღეა. სრულ სიმწიფეში ნოემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 145-265 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.1%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.1 გ/ლ-ს.
ტაგიძურას ყურძენი გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. აგრეთვე სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 357
- რამიშვილი მ., „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“, თბ.: სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1948. — გვ. 182-185.