მწვანე კუმსმტევანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მწვანე კუმსმტევანაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს მწვანე შეფერილობის ძალიან კუმსი მტევნების გამო.

იგი გორული მწვანესგან ვარიაციის გზითაა წარმოშობილი. ნაპოვნია შიდა ქართლის ტერიტორიაზე. მწვანე კუმსმტევანა შეარჩია, გაამრავლა და შეისწავლა რევაზ კიკაჩეიშვილმა. ამპელოგრაფიული და სამეურნეო ნიშანთვისებებით იგი ძალიან ახლოსაა გორულ მწვანესთან. მწვანე კუმსმტევანა გორული მწვანესგან განსხვავდება: გაცილებით მაღალი მოსავლიანობით, უფრო მსხვილი და კუმსი მტევნით და ფოთლის ქვედა მხარის უფრო ხშირი ქეჩისებრი შებუსვით.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრი და ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი, კონუსური ფორმისაა, ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი დიდი ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოქარვისფრო ელფერით. კანი სქელი აქვს. რბილობი წვნიანი და ხორციანია, სასიამოვნო გემოთი, პარმონიულად შეხამებული სიტკბოთი და მჟავიანობით.

ვაზი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. მწვანე კუმსმტევანას სავეგეტაციო პერიოდი 150-160 დღეა და სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. საჰექტარო მოსავლიანობა 12.0-16.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21-28%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

მწვანე კუმსმტევანა გამოიყენება მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ამ ჯიშიდან აგრეიივე მიიღება საკუპაჟე მასალა ღვინოების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 268-269