შინაარსზე გადასვლა

ჩეკოლოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩეკოლოშიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

მეგრულად „თეთრ კოლოშს“ ნიშნავს. ეს სახელწოდება შავყურძნიან ჯიშ „კოლოშთან“ მსგავსების გამო აქვს შერქმეული. ძალიან იშვიათი ჯიშია.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხშირქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის. საკმაოდ კუმსია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, თეთრი ფერის. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ზომიერად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, გემო — სასიამოვნო და ტკბილი.

ჩეკოლოში საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 197 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.7-9 გ/ლ-ს.

გამოიყენება საკმაოდ ჰარმონიული და სასიამოვნო სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 423