შინაარსზე გადასვლა

საკმიელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საკმიელა
ვაზი (Vitis)
ყურძნის ფერი ღია მწვანე
სახეობა Vitis vinifera
გავრცელების რეგიონები გურია
საფრთხეები ნაცარი
ყვავილის სქესი ორსქესიანი

საკმიელა, საკმეველა, საკმელა, საკმელაი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან. საკმიელა მცირედ გავრცელებული ხარისხიანი ვაზის ჯიშია.

წარსულში მასობრივად იყო გავრცელებული მაღლარების სახით გურიის აღმოსავლეთ და დასავლეთ მთისპირა სოფლებში. თეთრყურძნიან ვაზთა შორის გამორჩეული ადგილი ეჭირა როგორც საადრეოსა და ამავე დროს ხარისხიან ჯიშს. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით „საკმეველას“ სახელწოდების ვაზი გავრცელებული იყო აგრეთვე ქართლში, იმერეთსა და რაჭაში, მაგრამ XX საუკუნის შუა წლებში ამ მხარეებში ეს ჯიში უკვე აღარ მოიპოვებოდა, შესაბამისად შეუძლებელია მათი საკმიელასთან იდეტურობის დადგენა. სოკოვან დაავადებათა მიმართ სისუსტემ საკმიელას გავრცეების მასშტაბი მნიშვნელოვნად შეზღუდა. XX საუკუნის შუა წლებში საკმიელა შემორჩენილი იყო მხოლოდ მაღლაების სახით სოფლებში ვაზიანი, ბურნათი, ერკეთი, შემოქმედი და ლიხაური და მოსახლეობა ძირითადად ყურძნად იყენებდა.

ამჟამად დაბლარის სახით საკმიელა არის სოფელ შემოქმედში და მისგან მზადდება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.[1]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდაა შებუსული მონაცრისფრო აბლაბუდისებრად. ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტრვიანებით. საკმიელას მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, გვხვდება უფორმო მტევნებიც. საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად თხელი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო, ღია მწვანე, მზის მხარეზე მოწითალო-ქარვისფერი ელფერით. კანი სქელია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანი და ნაკლებხორციანია. გემო — ტკბილი და სასიამოვნო.

აგრობიოლოგიური დახასიათება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკმიელა ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან არულ სიმწიფემდე 180 დღეა. ვაზი გამოძღვიძებას იწყებს აპრილის დასაწყისიდან, კვირტების გაფურჩქვნა იწყება აპრილში, ყვავილობა მიმდინარეობს მაიისა და ივნისში, ყურძნის შეთვალვა იწყება აგვისტოში და სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. ფოთოლცვენა მიმდინარეობს ნოემბერში. ვაზზე დატოვებული ყურძენი ნოემბრამდე ძლებს, დაკრეფილი ზამთარში არ ინახება.

ვაზი ძლიერი ზრდისაა და უხვმოსავლიანია. სუსტია სოკოვანი დაავადებებისადმი, განსაკუთრებით კი ნაცრის მიმართ. მტევნის საშუალო წონა 126 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.5-9.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18,8-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8,5 გ/ლ-ს.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 323
  • მამასახლიშვილი ლ., „ქართული სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიშები“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, თბ. 2018 გვ. 14-15
  • ხარბედია, მ. „ქართული ღვინის გზამკვლევი“, თბილისი, 2013, გვ. 55
  • რამიშვილი, მ., „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“, თბ.: სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1948.  გვ. 58-60.
  • ნაკაშიძე ე., მევენახეობა-მეღვინეობა, თბ: სახელგამი, 1929.  გვ. 2.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]