კლარჯული
კლარჯული — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარასა და გურიაში. სახელწოდებიდან გამომდინარე მიიჩნევა, რომ გურია-აჭარაში ის კლარჯეთიდან უნდა იყოს შეტანილი. კლარჯული მასობრივად იყო გავრცელებული მაღლარების სახით გურიასა და ქვემო აჭარაში ის მაღლარების სახით გავრცელდა. მოსახლეობა მას სასუფრე ყურძნად იყენებდა და ზამთრამდე ვაზზე დაუკრეფავს ტოვებდა. მისი ღვინო გამოირჩეოდა ჩალისფერი შეფერილობით და სასიამოვნო გემოთი.
კლარჯული სასუფრე ყურძნის ჯიშია. ახასიათებს მტევნისა და მარცვლის გარეგნული სილამაზე, მაღალხარისხოვანი გემოვნური თვისებები, კარგად ინახება და უძლებს ტრანსპორტირებას.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და თითქმის ოვალური ფორმისაა, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია, მხოლოდ ძარღვების გასწვრივ გასდევს უმნიშვნელო შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, თხელი. გვხვდება საშუალო სიკუმსის მტევნებიც. მარცვალი მსხვილია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მოყვითალო-მწვანე, მზის მხარეზე ქარვისფერი. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. მარცვალი მომეტებულრბილობიანი და ნაკლებ წვნიანია. გემოთი სასიამოვნოა, მომჟავო-მოტკბო.
კლარჯული ძლიერი ზრდითა და საშუალო ან საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 204 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრიდან შედის. მტევნის წონა საშუალოდ 155-353 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.2-19.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.2 გ/ლ-ს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რამიშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 545.
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 189
- რამიშვილი, მ., „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“, თბ.: ტექნიკა და შრომა, 1948. — გვ. 51-55.