არგვეთულა საფერე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არგვეთულა საფერე, კობახიძის საფერე, არგვეთულა შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

არგვეთულა საფერეს წარმოშობა XIX საუკუნეს უნდა მიეკუთვნებოდეს. როგორც სახელწოდებიდან ჩანს იგი თავიდანვე საჩხერის სოფელ არგვეთაში უნდა ყოფილიყო გავრცელებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ჯიში ზემო იმერეთში შემოუტანიათ. ამას ჯიშის სინონიმიც ადასტურებს — კობახიძის საფერე, რაც შემომტანის გვარს უნდა მიანიშნებდეს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, ზოგჯერ თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა დაფარული ქეჩისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის, ხშირად მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან საკმაოდ თხელი. მარცვალი საშუალო ზმოის აქვს, მომრგვალო, იშვიათად ოდნავ ოვალური, შავი ფერის, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. სქელკანიანია. რბილობი წვნიანი და მდნარი აქვს, სასიამოვნო მომჟავო გემოთი.

არგვეთულა საფერე საკმაოდ კარგი ზრდით ხასიათდება. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 170-173 დღეა. მტევნის წონა 135-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 10.2 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-7 გ/ლ-ს.

მიიღება ნაკლებად სხეულიანი, ალკოჰოლის მცირე შემცველობის სუფრის წითელი ღვინო. ძირითადად იყენებენ ისეთ ჯიშებთან კუპაჟში, როგორებიცაა: მგალობლიშვილი, ძელშავი და ადანასური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 45