თბილისური
თბილისური — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.
1962 წელს გამოყვანილია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე რქაწითელისა და ალექსანდრიული მუსკატის შეჯვარებით. ავტორები: ვ. ქანთარია, ნ. ჩახნაშვილი.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი მომრგვალო ფორმისაა, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს, მთავარი ძარღვების გასწვრივ, გასდევს ძალიან სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ირსქესიანია. მტევანი საშუალო და დიდი ზომისაა, ოვალური, ზოგჯერ ასიმეტრიული, მომწვანო-მოყვითალო ელფერით, ყავისფერი ლაქებით, საშუალოზე მცირე ფიფქით დაფარული. რბილობი ხორციან-წვნიანია, გემო — სასიამოვნო, ჰარმონიული შაქარმჟავიანობით.
სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 168 დღეა. ვაზი საშუალო ზრდისაა. მტევნის წონა 320 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 15.0-16.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-6 გ/ლ-ს.
თბილისური იძლევა მაღალხარისხიან სასუფრე ყურძენს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 547
- გეგეშიძე, ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თბილისური. საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება. ნანახია 18-10-2018.