ბორჩალო (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბორჩალოქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, განივოვალური ან გულისებრი ფორმის, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, კონუსური ფორმის, დატოტვილი. ხშირად უფორმო მტევნებიც გვხვდება. საშუალო სიკუმსის ან კუმსია. მარცვალი დიდი ზომისაა, ოდნავ ოვალური, მუქი, მოშავო, იისფერი ელფერით. კანი საშუალო სისქის აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი და ხორციანია. წვენი ოდნავაა შეფერილი.

ბორჩალო ძლიერი ზრდა-განვითარებისა და უხვმოსავლიანი ვაზის ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სიმწიფემდე საშუალოდ 175 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 220 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა დაახლოებით 11.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-18%, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.

მიიღება დაბალხარისხიანი წითელი ღვინო. ასევე ნაკლებმნიშვნელოვანია სასუფრე ყურძნად, რადგანაც ვერ იტანს შენახვასა და ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 76