ქველოური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქველოურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ჯიში მცირე რაოდენობით გვხვდება ზემო იმერეთში, ხარაგოულისა და საჩხერის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ფორმისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ქეჩისებრი და საკმაოდ ხშირი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე და საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, შავი. კანი სქელი და ნაკლებმკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. წვენი შეუფერავია, გემო — ტკბილი.

ქველოური საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 176 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 125-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.8-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.1-8.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 381