ხუშია
| ხუშია | |
|---|---|
| ვაზი (Vitis) | |
| ყურძნის ფერი | შავი |
| სახეობა | Vitis vinifera |
| გავრცელების რეგიონები | საჯავახო |
| საფრთხეები | ნაცარი |
| ყვავილის სქესი | ორსქესიანი |
ხუშია შავი, ხუშია, ხუშიას ვაზი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში გურიიდან.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც შედარებით მდარე პროდუქციის მომცემი ჯიში, ხუშია არ იყო ფართოდ გავრცელებული და მისი არეალი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ნოღა-ვაზისუბნის მიკროზონით. XX საუკუნის სუა წლებში მხოლოდ რამდენიმე მაღლარი ძირი იყო შემორჩენილი ვაზისუბანში.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მცირედ განივ-ოვალური ან მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა დაფარული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. საკმაოდ მკვრივია, იშვიათად გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისა და მომრგვალო ფორმისაა, შავი ფერის, სქელკანიანი და ნაკლებ მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი შეუფერავი, მომწკლარტო გემოთი.
სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 198 დღეა. ვაზის გამოღვიძება იწყება მარტის ბოლოდან, კვირტების გაფურჩქვნა მიმდინარეობს აპრილში, ყვავილობა ივნისის პირველ ნახევარში, ყურძNის შეთვალება იწყება აგვისტოს ბოლოდან, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. ფოთოლცვენა მიმდინარეობს ნოემბრის მეორე ნახევარში.
ხუშია საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სუსტია სოკოვან დაავადებათა, განსაკუთრებით ნაცრის მიმართ. მტევნის წონა 130 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,5-7 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18,5-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.
გამოიყენება ნაკლებად ჰარმონიული და დაბალი ხარისხის სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
თეთრი ხუშია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხუშიას სახელით ასევე არსებობდა ვაზის თეთრყურძნიანი ჯიში თეთრი ხუშია, რომელიც ამჟამად მოუძიებელია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 530, 574
- რამიშვილი მ., „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“, თბ.: სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1948. — გვ. 111-113.