ჯინეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯინეშიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.

წარსულში ჯინეში მაღლარების სახით ფართოდ ყოფილა გავრცელებული ზემო აჭარაში, ხულოს სოფლებში: დეკანაშვილებში, ჩაოში და ფურთიოში. მოსახლეობა მას ძირითადად სასუფრი ყურძნად მოიხმარდა, ხანდახან ვაზზე ტოვებდა და საჭიროების მიხედვით კრეფდა ან მთელი ზამთრის განმავლობაში აკიდოების სახით ინახავდა.

ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, ჯინეში ასევე ფართოდ ყოფილა გავრცელებული შავშეთ-კლარჯეთშიც, ძირითადად მურღულის ხეობაში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხ-არე ძალიან მცირედაა შებუსული აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ახასიათებს დატოტვა. თხელია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური. მუქი ვარდისფერი შეფერილობის. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანია, ტკბილი გემოთი.

ჯინეში საშუალო ზრდისა და საშუალოზე უხვმოსავლიანია. ხულოს რაიონში სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 210-215 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 95 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.5-8.0 ტონა. ყურძნის სრულ სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.0-10.4 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად. ხასიათდება მტევნისა და მარცვლის გარეგნული სილამაზით სასიამოვნო გემოთი. გამოსადეგია ზამთარში შესანახად და ბაქმაზის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 538