მახათური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მახათური — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე-სასუფრე ვაზის ჯიში გურია-აჭარიდან.

როგორც გადმოცემით ცნობილია, აჭარის მოსახლეობა მახათურს ახალ წლამდე ვაზზე ტოვებდა ან აკიდოების სახით მთელი ზამთრის განმავლობაში ინახავდა. გარდა ამისა, ამ ვაზისგან მთელ გურიაში ცნობილ ხალისიან ღვინოს ამზადებდნენ, რომელსაც შენახვის კარგი უნარი პქონდა და ტიკების საშუალებით შორ მანძილზე გადატანითაც არ ფუჭდებოდა.

მახათურის გავრცელების არეალი შეზღუდულია და ერთეულ ძირს თუ შეხვდებით გურიისა და აჭარის ზოგიერთ სოფელში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, სამ-ნაკვთიანი. ფირფიტის ქვედა მხარე სქლადაა შებუსული, ქეჩისებურია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი, ზოგჯერ საშუალო სიმკვრივის. მახათურის მტევანში გვხვდება განუვითარებელი (პართენოკარპიული) მარცვლებიც. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ოვალური. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, წვენი ღია წითელი ფერისაა, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

მახათურის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 205 დღეს აღწევს. ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მაღლარად გაზრდილი ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 140 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.5-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.2 გ/ლ-ს.

მახათური ყურადღებას იქცევს როგორც ხარისხიანი საღვინე და სასუფრე ყურძნის ჯიში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 230