პოვნილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოვნილიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით ეს ჯიში მათ წინაპრებს ტყეში უპოვიათ და, როგორც უხვმოსავლიანი, საკუთარ კარ-მიდამოში გაუვრცელებიათ. აქედანვე მიუღია სახელწოდება — „პოვნილი“. პოვნილი მცირედაა გავრცელებული აჭარაში — ქედის მუნიციპალიტეტში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური ან მომრგვალო, მუქი წიოელი. კანი თხელი და ნაკლებმკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი წვნიანია. წვენი შეუფერავი, ტკბილი გემოთი.

პოვნილი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 197 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 200 გრამია, საჰექტარო მოსავლიაობა კი 8.0-8.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.5 გ/ლ-ს.

პოვნილი გამოიყენება სუფრის ღვინის დასამზადებლად. ღვინო მიიღება საკმაოდ ჰარმონიული, ალკოპოლის მცირე შემცველობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 302