ბახვი
თემი | |
---|---|
ბახვი | |
ჩაის პლანტაციები ბახვში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°56′49″ ჩ. გ. 42°06′42″ ა. გ. / 41.947222194° ჩ. გ. 42.111666694° ა. გ. |
ფართობი | 25 კმ² |
მოსახლეობა | 1907 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 76 კაცი/კმ² |
ბახვი — თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოიცავს სოფლებს: ზედა ბახვი (თემის ცენტრი), ქვედა ბახვი, მშვიდობაური, ოქროსქედი. ბახვში მოქმედებს სამი (ბახვის, ქვედა ბახვისა და მშვიდობაურის) საჯარო სკოლა.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტოპონიმ ბახვის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი მას უკავშირებს ხალხურ ლეგენდას ბახმაროს შესახებ. არსებობს მოსაზრება, რომ „ბახვის“ წარმოშობა უკავშირდება ბერძნულ ღვთაება ბახუსს. ბახვი მეღვინეობით განთქმული იყო, აქ მოდიოდა ვაზის ადგილობრივი, ენდემური ჯიშები ჩხავერი, მტევანდიდი, ჯანი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გურიის სამთავროს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე სოფელი ბახვი ქუთათელი ეპისკოპოსის საკუთრებაში შედიოდა. როდესაც გურიის სამთავროში ცალკე საეპისკოპოსოები დაფუძნდა, ქუთათელმა ბახვი დაკარგა. 1773 წლის 9 იანვარს იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ბახვი კვლავ ქუთათელს დაუბრუნა.[1]
XIX საუკუნეში ბახვის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა სოფლებს ზედა ბახვი (იგივე შუა ბახვი), ქვედა ბახვი, ვაკე-ჯვარი, უჩხუბი და ბაღდადი. საზოგადოება მდებარეობდა მდინარეების, ბახვისწყლისა და ნატანების შუაში, აჭარა-გურიის მთების კალთების ბოლოებზე, მდინარეებს ნატანებსა და ბახვისწყალს შორის. საზოგადოების მეტი ნაწილი წარმოადგენდა ვაკეს, რომელიც დახრილი იყო ჩრდილო-დასავლეთით. დაფარული იყო გაუვალი მაღალი გვიმრით, ეკლით და თხმელის ხეებით, სადაც ხოხბები ბინადრობდნენ. გავრცელებული იყო მეღვინეობა, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა.
1867 წელს გაბრიელ ქიქოძის თაოსნობით ააშენეს ღვთისმშობლის სახელობის დიდი გუმბათოვანი ეკლესია. ეკლესიის დღესასწაული იმართებოდა 8 სექტემბერს. ამ დღეს ბახვში იკრიბებოდა მრავალი მომლოცველი მეზობელი სოფლებიდან.[2] 1874 წელს მისივე თაოსნობით, გაიხსნა სკოლა. სკოლის მასწავლებლად მოიწვიეს გიგო შარაშიძე, რომელმაც მანამდე ძიმითის საზოგადოების სოფელ მამათის სკოლაში გამოიჩინა თავი. სკოლა განთავსებული იყო ეკლესიის გალავანში, ორსართულიან შენობაში. 1875 წელს სწავლობდა 138 მოსწავლე.[3]
გაბრიელ ქიქოძისვე ინიციატივით 1875 წელს დაარსდა საკრედიტო ამხანაგობა, რომელმაც 30 წელი იარსება. მას ასევე გიგო შარაშიძე ხელმძღვანელობდა. ამხანაგობის შემწეობით 1886-88 წლებში მდინარე ნატანებიდან სოფელში შეყვანილ იქნა არხი. სკოლასთან 1890-იან წლებში გაიხსნა მეტეოროლოგიური სადგური, 1895 წელს კი - ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა 1905 წლის რევოლუციის დროს დახურეს, მაგრამ შემდეგ კვლავ აღდგა. გიგო შარაშიძემ 1880-90-იან წლებში სოფელში შეიტანა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები და ხელი შეუწყო გლეხებს მეურნეობების თანამედროვედ გამართვაში. 1892 წელს ბახვში სამი კერძო, მოსამზადებელი სკოლა მოქმედებდა.[4]1893 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო.[5] 1902 წელს ბახვის სასოფლო საზოგადოებაში რვა სოფელი შედიოდა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა იყო 4659. 1900-იან წლებში ბახვი გურიაში რევოლუციური მოძრაობის ერთ–ერთი ცენტრი იყო. აქ გადასცეს გლეხებმა 1905 წლის 23 თებერვალს მთავრობის წარმომადგენელ სულთან კრიმ გირეის მოთხოვნები, რომლებიც ბახვის მანიფესტი სახელითაა ცნობილი.
1920-იან წლებში დაანგრიეს სოფლის ეკლესია, მის ადგილას კი მოეწყო საფეხბურთო მოედანი. 1929-30 წლებში დაიშალა ბახვის თემი და შეიქმნა ბახვის სასოფლო საბჭო, რომელში შევიდა სოფლები ზედა ბახვი, ქვედა ბახვი და მშვიდობაური. მოჰყავდათ ჩაი, მოქმედებდა ჩაის ორი ფაბრიკა, 1934 წელს აშენდა სკოლის ახალი შენობა, ამოქმედდა ჩხავერის მეურნეობა. 1977 წლამდე მოქმედებდა 25 საწოლიანი საავადმყოფო. 1977 წელს ბახვის კოლმეურნეობა ფლობდა 407 ჰა ჩაის პლანტაციას.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ზედა ბახვი | ქვედა ბახვი | ოქროსქედი | მშვიდობაური |
---|---|---|---|---|---|---|---|
1893[6] | 1516 | ||||||
1902[7] | 4659 | 2472 | 2187 | ||||
1908[8] | 3476 | 1838 | 1638 | 1947 | |||
1971 | 2896 | ||||||
1977 | 2883 | ||||||
2002 | 2840 | 1197 | 980 | 286 | 377 | ||
2014 | 1907 | 937 | 970 | 839 | 681 | 136 | 251 |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დაიბადნენ:
- გაბრიელ ქიქოძე - იმერეთის ეპისკოპოსი
- ივანე მახარაძე – მოჯირითე
- ნინო ნაკაშიძე – მწერალი
- დიმიტრი შევარდნაძე - მხატვარი
- ხარიტონ შავიშვილი (1886-1975) - დიპლომატი
- გერონტი ქიქოძე (1888) - მთარგმნელი, კრიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- შალვა ქიქოძე (1894) - მხატვარი, გრაფიკოსი
- დავით ანდღულაძე (1895) - მომღერალი
- ალექსანდრე მახარაძე (1896) — რევოლუციონერი
- ზაალ ქიქოძე (1896) — რევოლუციონერი
- ილია ნაკაიძე (1902) — აგროქიმიკოსი
- ნიკოლოზ კანდელაკი — ლიტერატურათმცოდნე
- ვახტანგ ჭელიძე - მწერალი, მთარგმნელი
შარაშიძეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბახვში ცნობილი იყო შარაშიძის გვარი, როგორც განათლებითა და ცოდნით გამორჩეული. გიგო შარაშიძე იყო პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც 1874 წელს დასახლდა ბახვში. მისი შვილები ქრისტინე შარაშიძე და დავით შარაშიძე იყვნენ იყო პოლიტიკოსები, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები 1919-21 წწ. შალვა შარაშიძე იყო ჟურნალისტი და იუმორისტი, „ეშმაკის მათრახის“ რედაქტორი. ტიციან შარაშიძე წლების განმავლობაში მოსკოვის დიდი თეატრის ცნობილი რეჟისორი იყო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 253.
- შარაშიძე გ ., გურიის წარსულიდან, თბილისი, 2006 [1928], ISBN 99940-62-66-2.
- სახოკია თ ., მოგზაურობანი, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1985 [1896]. — გვ. 112-121.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჩხატარაიშვილი ქ. (1964). „გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან“, მაცნე, N4. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 119.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N219 1894 წ.
- ↑ დროების კორესპონდენცია // დროება : გაზეთი, 21 მარტი, 1875, № 34, გვ. 2.
- ↑ Кавказский календарь. на 1893 год : 48-й год. - 1892 გვ. 401
- ↑ ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ Кавказский календарь на 1910 год