საბჭოთა მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბჭოთა მეურნეობასოფლის მეურნეობის ორგანიზების ერთ-ერთი ფორმა საბჭოთა კავშირში. საბჭოთა მეურნეობა იყო მსხვილი, მექანიზებული საწარმო მეურნეობა, რომელიც დაფუძნებული იყო სახელმწიფო საკუთრებაზე და განსხვავდებოდა კოლმეურნეობისაგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა მეურნეობები შეიქმნა ლენინის გადაწყვეტილებით 1917 წლიდან. 1919 წლიდან საბჭოთა მეურნეობების შექმნას უფრო ორგანიზებული სახე მიეცა. ამ დროს შექმნილი იყო 3536 საბჭოთა მეურნობა. 1922 წელს მათი რაოდენობა შეადგენდა 4316-ს. საბჭოთა მეურნეობების განვითარება შეაჩერა მეორე მსოფლიო ომმა. ომის დროს განადგურდა არსებული მეურნეობების 45 %. 1954-1956 წლებში შეიქმნა ახალი საბჭოთა მეურნეობები მარცვლეული კულტურების წარმოების გადიდების მიზნით ყაზახეთში, ციმბირში, ვოლგისპირეთსა და ურალში.

საქართველოს სსრ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ-ში საბჭოთა მეურნეობების შექმნა დაიწყო 1921 წლის აპრილში. ისინი, ძირითადად, ჩამოყალიბდა ყოფილი საუფლისწულო მამულების ბაზაზე, ასევე, ნაწილობრივ, მსხვილი კერძო მეურნეობების ბაზაზე. საბჭოთა მეურნეობები შეიქმნა საქართველოს სსრ-ის მიწის სახალხო კომისარიატის სისტემაში. ერთ-ერთი პირველი იყო წინანდლის, ნაფარეულის, მუკუზანის, ჩაქვის, მუხრანის, კარდენახის, მანავის, სკრის, ვაჭევის, ვარციხის, სალიბაურის და სხვა საბჭოთა მეურნეობები. საბჭოთა მეურნეობების მშენებლობის პროცესი გაძლიერდა 1929 წლიდან. 1940 წელს საქართველოში იყო 76 საბჭოთა მეურნეობა, 1981 წელს კი — 517. საქართველოს სსრ-ში არსებობდა ძირითადად ექვსი ტიპის საბჭოთა მეურნეობა: მევენახეობის, მეხილეობის, მეციტრუსეობის, მერძევეობის, მეკარტოფილეობის და მეჩაიეობის. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ განხორციელდა საბჭოთა მეურნეობების უმეტესი ნაწილის პრივატიზაცია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]