გიგო შარაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიგო შარაშიძე
დაბ. სახელი გიორგი შარაშიძე
დაბ. თარიღი 6 იანვარი, 1848
საყვავისტყე
გარდ. თარიღი 9 თებერვალი, 1932
ბახვი
დაკრძალულია ზედა ბახვი
ეროვნება ქართველი
ქვეშევრდომობა რუსეთის იმპერია
განათლება ქუთაისის სამეურნეო სკოლა
პროფესია პედაგოგი
მეუღლე(ები) ნინო ქიქოძე
შვილ(ებ)ი შალვა შარაშიძე, თამარ შარაშიძე, დავით შარაშიძე, ქრისტინე შარაშიძე
მშობლები დედა: ქრისტინე ჟღენტი

გიგო შარაშიძე (დ.6 იანვარი, 1848, საყვავისტყე ― გ. 9 თებერვალი, 1932, ბახვი) — ქართველი პედაგოგი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. წერა-კითხვა ბებიამ ასწავლა. წერა-კითხის შესწავლის შემდეგ მიაბარეს ერთ მწირ ბერს, რომელსაც სკოლა ჰქონდა გახსნილი სოფლის ეკლესიაში. იქ მან შეისწავლა ხუცური, მხედრული და ლოცვები. მეზობელმა იაკობ მარმა ახალგაზრდა გიგო 14 სხვა მოსწავლესთან ერთდ თავისთან წაიყვანა ქუთაისში და სამეურნეო სკოლაში ასწავლიდა. მარის სამეურნეო სკოლაში შარაშიძემ შეისწავლა მებოსტნეობა, მებაღეობა, ყვავილების მოვლა და რუსული წერა-კითხვა. მარის სკოლიდან გიგო შარაშიძე მშობლებმა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს. შიმშილი, სიცივე და სკოლაში გამეფებული კორუფცია ხელს უშლიდა ახალგაზრდა შარაშიძეს სწავლაში, თანაც ხშირად უხდებოდა ბინის გამოცვლა. პირველი კლასი სამი წლის ნაცვლად ერთ წელიწადში დახურა. შარაშიძეს ერთი წელი ჰქონდა დარჩენენილი სასწავლების დასახურად და შემდეგ გიმნაზიის მეხუთე კლასში სახელმწიფოს ხარჯით მიიღებდნენ, მაგრამ გარდაეცვალა დედა, მალე კი ბაბუაც. შარაშიძემ სწავლა მიატოვა და ერთი წელი მამას ეხმარებოდა სახლში მუშაობაში. 16-17 წლის შარაშიძე ვარციხეში, ანანოვების მამულში მოეწყო სამუშაოდ. ანანოვები ხის მასალას აწვდიდნენ მთავრობას, რომელსაც ამიერკავკასიის რკინიგზა გაჰყავდა. ერთი წლის მუშაობის შემდეგ შარაშიძე დასუსტდა და სახლში დაბრუნდა.

17-18 წლისამ პროფესიად პედაგოგობა აირჩია. მან მასწავლებლობა დაიწყო ძიმითის საზოგადოების სოფელ მამათის ახლადგახსნილ სკოლაში 1869 წელს. 1871 წელს ძიმითის სკოლა შეამოწმა ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა ვიქტორ ნიკოლოზის ძე ტროიემ, რომელმაც მოიწონა შარაშიძის საქმიანობა. ჩართული იყო ხალხოსნურ მოძრაობაში, მაგრამ დაპატიმრებას გადაურჩა. ექვსი წლის განმავლობაში დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა მოიპოვა.

როცა ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ მშობლიურ სოფელ ბახვში სკოლის დაარსება გადაწყვიტა და მასწავლების ძებნას შეუდგა, ტროიემ მას გიგო შარაშიძის კანდიდატურა შესთავაზა. 1874 წელს ბახვში გაიხსნა დაწყებითი სკოლა და 8 ნოემბერს გიგო შარაშიძე გადავიდა ბახვის სკოლის მასწავლებლად. ძიმითისა და ბახვის სკოლები მოწინავენი იყვნენ იმ პერიოდში ქუთაისის გუბერნიის სკოლებს შორის. მათი დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზი იყო შარაშიძის პედაგოგიური საქმიანობა. ის ეწინააღმდეგებოდა გავრცელებულ სქოლასტიკურ წესებს, იყენებდა თვალსაჩინოებებს, აწყობდა ექსკურსიებს, ეწინააღმდეგებოდა ფიზიკურ სასჯელებს. გაკვეთილებზე ხშირად მოიხმობდა ხალხურ გადმოცემებს, ზღაპრებს, ანდაზებს. სკოლასთან გააშენა დეკორატიული ბაღი, ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ვენახი, ჩაი და აბრეშუმის და ფუტკრის მეურნეობები და მოსწავლეებს და ასევე სოფლის გლეხობას ასწავლიდა მებოსტნეობას, მებაღეობას, მეფუტკრეობას, მეაბრეშუმეობასა და მევენახეობას.

სკოლის წარმატებაში არანაკლები იყო როლი შარაშიძის მეუღლისა, ნინოსი, რომელიც ამავე სკოლაში ასწავლიდა. ნინო გაბრიელ ეპისკოპოსის ძმის, მღვდელ ათანაე ქიქოძის ქალიშვილი იყო. ის 11 წლიდან ქუთაისში იღებდა განათლებას, სადაც მისი ძმა, ადვოკატი მიხეილ ქიქოძე მფარველობდა. გიგო შარაშიძე ნინო ქიქოძის მეორე ქმარი იყო. პირველად ქიქოძე გერასიმე კალანდარიშვილს 15 წლის ასაკში გაყვა ცოოლად, მაგრამ გერასიმე მალე გარდაიცვალა.

გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, შარაშიძე ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობასაც. 1875 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის თაოსნობით ბახვში დაარსდა შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოება, რომელსაც სათავეში გიგო შარაშიძე ჩაუდგა და 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამხანაგობის მიერ გაყვანილ იქნა სარწყავი არხი მდინარე ნატანებიდან, დაარსდა სასოფლო ბიბლიოთეკა .

1905 წელს შარაშიძეების ოჯახი იძულებული გახადეს ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი ჭიათურაში გადასულიყვნენ სამუშაოდ. გიგო შარაშიძე ერთი პერიოდი დაჭერილიც იყო. 1911 წელს გიგო და ნინო შარაშიძეებმა თავი დაანებეს პედაგოგიურ საქმიანობას. 1925 წლის 12 დეკემბერს მათ გადაუხადეს დიდი იუბილე ოზურგეთში. 1930 წლის 19 ივლისს გიგო შარაშიძე აირჩიეს ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად. გარდაიცვალა 1932 წელს. მისივე ანდერძის თანახმად დაკრძალეს ბახვის ძველი სკოლის (შემდგომში საავადმყოფოს) ეზოში, მისივე თაოსნობით გაშენებული ნაძვების კორომში. ნინო ქიქოძემ სიცოცხლის ბოლო წლები თბილისში გაატარა. გარდაიცვალა 1945 წლის 24 აპრილს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

გიგო შარაშიძეს ეკუთვნის ნაშრომები: „ცოტა რამ გურიის სკოლების წარსულიდან“ (1915), „ჩემი მოგონებანი“ (1928), „გურული ლექსიკონი“ (1938), „როგორ გადარჩნენ გაცოფებას დათია და სტეფანე ბაღიშვილები“, „ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია“ ასევე საბავშვო მოთხრობები: „ფუტკრის ბაასი“ და „ფუტკრის ცხოვრება“. შარაშიძის მიერ გურიის ვაზის ჯიშების შესახებ გამოქვეყნებული მასალით ისარგებლა ივანე ჯავახიშვილმა „საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაზე“ მუშაობისას.

მისი ერთ-ერთი აღზრდილთაგანია გერონტი ქიქოძე.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა შარაშიძე იყო მწერალი და იუმორისტი. სამწერლო ასპარეზზე გამოდიოდა „თაგუნას“ ფსევდონიმით. იყო იუმორისტული ჟურნალის „ეშმაკის მათრახის“ დამაარსებელი და რედაქტორი. მისი პიესა „ავგაროზი“ 1921 წელს რუსთაველის თეატრში დადგა ალექსანდრე წუწუნავამ. ხშირად ავადმყოფობდა. 1932 წლის თებერვალში ოზურგეთიდან ბახვში, დიდ თოვლში ფეხით ავიდა მამის დაკრძალვაზე, რაც საბედისწერო გამოდგა და 1934 წელს გარდაიცვალა.

მეცნიერი და ისტორიკოსი თამარ შარაშიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის, ნიკოლოზ ქარცივაძის (დახვრიტეს 1937 წ.) მეუღლე იყო. ის 1937 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე, პროფესიით ისტორიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო. ასევე ეროვნული საბჭოსა და დაფუძნებელი კრების წევრი იყო დავით შარაშიძე. დავით შარაშიძის ვაჟი გიორგი წლების განმავლობაში აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე იყო.

გიგო შარაშიძე ეხმარებოდა სხვა ნათესავებსაც. მისი დამსახურებითა და ძალისხმევით, სევერიან შარაშიძემ სამედიცინო განათლება მიიღო და მოგვიანებით ტუბერკულიოზის ცნობილი ექიმიც გახდა ქალაქ ბათუმში. ტიციან შარაშიძე წლების განმავლობაში მოსკოვის დიდი თეატრის ცნობილი რეჟისორი იყო. გოგონებს ლიდა და სემირა შარაშიძეებს კი გიმნაზიები დაამთავრებინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „გურიის წარსულიდან: გიგო შარაშიძე“ — თბილისი, 2006 ISBN 99940-62-66-2
  • ნური ჩხაიძე, „გიგო შარაშიძე“ // ლენინის დროშა. N18. გვ. 3 — 1962 წ.