ვანის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ვანის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | იმერეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ვანი | ||||
კოორდინატები | 42°07′00″ ჩ. გ. 42°29′00″ ა. გ. / 42.11667° ჩ. გ. 42.48333° ა. გ. | ||||
გამგებელი | ზაზა ხურციძე | ||||
ფართობი | 557 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 24 512 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 44,0 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,8 % რუსები 0,1 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,43 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://vani.gov.ge/ | ||||
| |||||
ვანის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1917-1928 — ქუთაისის მაზრაში, 1929-დან ქუთაისის ოლქში, 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვანის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ტერიტორია — 557 კვ. კმ. მუნიციპალიტეტს ესაზრვრება ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. რელიეფის მთავარი ერთეულებია მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთა, იმერეთის დაბლობი და მათ შორის გარდამავალი სამხრეთ იმერეთის გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი.
ვანის მუნიციპალიტეტის სამხრეთ მთიან ნაწილს ქმნის მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოებები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოდიან მდინარე ხანისწყლის და მდინარეების სუფსისა და ხევისწყლის წყალგამყოფთა ფარგლებში. მესხეთის ქედის ყველაზე მაღალ ადგილებში სუბალპურ და ალპური მდელოების ქვეშ მთის მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ქედის უმაღლესი მწვერვალი მეფისწყარო (2851 მ.) და მნიშვნელოვანი ჩრდილოეთ განშტოება ლობოროტის ქედი, რომელზეც ორი მნიშვნელოვანი მწვერვალია: დიდი ლობოროტი და პატარა ლობოროტი.
შუა ნაწილს მოიცავს გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი, რომელიც ჩრდილოეთით იმერეთის დაბლობში გადადის. ვანის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს იმერეთის დაბლობს, რომელიც აგებულია მეოთხეული და თანამედროვე ალუვიური ნალექებით. დაბლობზე ალუვიურ-ღორღიან და თიხა-ღორღიან ნალექებზე ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული ეწერი და ალუვიური ნიადაგები, გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში — წითელმიწა, ყვითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. მთის ფართოფოთლოვან ტყის ზონაში განვითარებულია ტყის ყომრალი ნიადაგები.
ჰავა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტში ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9 °C, იანვარი 4,1 °C, ივლისი 23,4 °C. ნალექები 1380 მმ წელიწადში. უხვი ნალექი მოდის შემოდგომასა და ზამთარში. თოვლის საფარი დაბლობზე საშ. 10-12 სმ სისქისაა და მისი ხანგრძლივობა წელიწადში 2 კვირას არ აღემატება. მაღალ მთებში თოვლის სისქე 2 მ-ზე მეტია და წელიწადში 3-4 თვე დევს.
შიდა წყლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთით მუნიციპალიტეტის საზღვარს გასდევს მდინარე რიონი, რომლის მარცხენა შენაკადები — სულორი (მთავარი შენაკადები: ძულუხურა და ჭიშურა), ყუმური, კორისწყალი, კვინისწყალი და ფერეთა სამდინარო ქსელს ქმნიან მუნიციპალიტეტის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში მიედინება მდინარე ხანისწყლის მარცხენა შენაკადი — წაბლარასწყალი. მდინარეებს სათავეები მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე აქვთ, ზღვის დონიდან 1500 მ. საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწის ქვეშა წყლით.
ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვანის მუნიციპალიტეტში 1048 სახის მცენარეა. დაბლობი ძირითადად გამოყენებულია სასოფლო სამეურნეო კულტურებისათვის. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში გვხვდება კოლხური ტყის უმნიშვნელო კორომები, რომლის შემქმნელი მთავარი ჯიშებია წიფელი, წაბლი, ქართული მუხა, რცხილა და სხვ. იგი მდიდარია მარადმწვანე ბუჩქებითა (წყავი, შქერი, თაგვისარა, ბაძგი) და ლიანებით. უფრო ზემოთ გავრცელებულია წიწვიანები — ნაძვი და სოჭი, ფართოფოთლოვანებიდან — წიფელი. ტყის ზედა საზღვართან განვითარებულია სუბალპურ პარკული ტყე, რომელსაც ქმნის არყი, ნეკერჩხალი, ცირცელი და სხვა. სუბალპურ ზონაში (1900 მ-იდან 2300 მ-მდე) გამოიყოფა მცენარეთა სამი ძირითადი დაჯგუფება: სუბალპური მდელოები (ბარისპირა, ნემსიწვერა, მედგარი, შვრიელა, წივანა და სხვ.), ლიხი (დიყი, დუცი, მზიურა, ხარისშუბლა, დეზურა, შროშანი და სხვ.) და სუბალპური ბუჩქნარები (დეკა, იელი, ღვია, მაჯაღვერი). ზღვის დონიდან 2300 მეტრის ზემოთ ალპური მდელოებია. სუბალპური და ალპური მდელოები გამოყენებულია სათიბ-საძოვრად.
მაღალ მთიან მდელოებზე გვხვდება არჩვი, კურდღელი, პრომეთეს მემინდვრია, შურთხი, ორბი, მთის ტოროლა და სხვა; ტყის ზონაში — დათვი, მგელი, ტყის კატა, კვერნა, გარეული ღორი, ირემი, შველი, ზღარბი და სხვა. მდინარეებში გავრცელებულია ღორჯო, ლოქო, შამაია.
წიაღისეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო მასალები — ანდეზიტი, ბაზალტი, ალებასტრი (ინაშაური), კერამიკული თიხა, კირქვა (ისრითი), მინერალური წყლები (ინაშაური, სულორი, ჭოკინა), თერმული წყლები (ამაღლება, საპრასია).
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის მონაცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 35 369 |
2002 | 34 141 |
2014 | 24 512 |
2021[3] | 21 200 |
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. მუნიციპალიტეტში 38 ტაძარი მოქმედებს.
ადგილობრივი თვითმმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტში 41 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 40 სოფელი. მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:
- 1 ქალაქი — ვანი
- 17 თემი — ამაღლება, ბზვანი, გადიდი, გორა, დიხაშხო, ზედა ვანი, ზეინდარი, მთისძირი, მუქედი, სალომინაო, სალხინო, საპრასია, ტობანიერი, უხუთი, ფერეთა, ყუმური, შუამთა.
- 3 სოფელი: სულორი, ციხესულორი, ძულუხი.
საკრებულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 30 | 23 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 2 | 6 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 3 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 35 | 30 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ვანის მუნიციპალიტეტის მთელი ფართობიდან სავარგულებს უკავია 16,2 ჰა. აქედან: სახნავი 4,8 ათ. ჰა, მრავალწლიანი ნარგავი 5,4 ათ. ჰა. ნასვენი 0,4 ჰა სათიბი 0,1 ათ. ჰა, საძოვარი 5,5 ათ. ჰა. სოფ. მეურნეობაში წამყვანია მევენახეობა (2,6 ათ. ჰა). ვაზის მთავარი ჯიშებია: ცოლიკოური, ციცქა და ალადასტური. განვითარებულია აგრეთვე მებოსტნეობა, განსაკუთრებით კი ხახვის მოყვანა (680 ჰა). ჩაის ბუჩქი გაშენებულია 170 ჰა-ზე. მსხვილი რქოსანი საქონელი 18,6 ათ. სულია, მ. შ. 6,5 ათ. ფური. სოფ. მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეფუტკრეობა (1020 ძირი სკა), მეფრინველეობა. მუნიციპალიტეტში არის ციტრუსებისა და სუბტროპიკული კულტურების ჯიშთა გამოცდის სახელმწიფო პუნქტი (70 ჰა) და თესლის ლაბორატორია.
მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტში არის კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის (ღვინის და საკონსერვო ქარხნები) საწარმოები. მთავარი სამრეწველო საწარმოებია ვანის, ზეინდრისა და ამაღლების ღვინის ქარხნები. ამაღლებაში არის აგრეთვე საკონიაკო საამქრო, საიდანაც იგზავნება მზა მასალა ვარციხის კონიაკის ქარხანაში.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტის მთავარი სატრანსპორტო კვანძია ქალაქი ვანი. ის საავტომობილო გზებით უკავშირდება ქალაქებს: ქუთაისს, ბაღდათს, სამტრედიას და ლანჩხუთს. ქალაქი უკავშირდება კავკასიის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალებს ქუთაისიდან და სამტრედიიდან. თბილისამდე მანძილი უდრის 220 კმ-ს. ქალაქი შედარებით ახლოს იმყოფება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ისეთ მნიშვნელოვან საპორტო ქალაქებთან, როგორიცაა ფოთი და ბათუმი. უახლოესი აეროპორტი კოპიტნარი 40 კმ-ზეა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. მათი საერთო სიგრძეა 175 კმ.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს. ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტია ვანის ანტიკური ნაქალაქარი. მუნიციპალიტეტის სოფლებში ასევე მრავლადაა ისტორიული ძეგლები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ორი ბალნეოლოგოური კურორტია: სულორი და ამაღლება.
სოციალური სფერო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტში 32 საჯარო, 2 კერძო და ერთი სასულიერო სკოლაა, მოსწავლეების საერთო რაოდენობაა 3559. მუნიციპალიტეტში არის პროფტექნიკური სასწავლებილი, გურამ ბზვანელის სახ. მუსიკალური სკოლა, სპორტსკოლა და საფეხბურთო სკოლა, 19 საბავშვო ბაღი, 2 კულტურის სახლი, კინოთეატრი. მუნიციპალიტეტში არის 34 ბიბლიოთეკა და 4 თეატრი.
ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება საავადმყოფო, პოლიკლინიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, 17 ამბულატორია და 46 ექიმი.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტში მოქმედებს უხუცეს მომღერალთა ფოლკლორული გუნდები ,,სულორი”, ,,ტობანიერი”, ,,შუამთა”, ,,დუცხუნი”, აგრეთვე ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,იმედი”, ,,აისი“, ხალხურ საკრავთა ანსამბლი ,,მერცხალი”, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,საჩინო”.
ღირსშესანიშნაობანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლები:
- შუამთის წმინდა გიორგის ეკლესია
- მელოურის ციხე და XIV საუკუნის მელოურის ეკლესია — სოფელი ძულუხი
- XII-XIII საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია
- თამარის ციხე — სოფელი ინაშაური
- ბზვანის მღვიმე
- გორმაღალის ციხე — სოფელი სულორი
- ნათლისღების სახელობის ეკლესია — სოფელი შუამთა
- XVIII საუკუნის I ნახევრის სამების ეკლესია — სოფელი დიხაშხო
- XI საუკუნის ეკლესია — სოფელი გადიდი
- XVI საუკუნის ეკლესია — სოფელი სალომინაო
- 1903-1904 წლების ეკლესია — სოფელი ქვედა გორა
- ფეოდალური ხანის ორი ციხესიმაგრე და XIX საუკუნის ეკლესია — სოფელი ზედა ბზვანი
- 1619 წლის მაცხოვრის ეკლესია — სოფელი ამაღლება
- შუა საუკუნეების ციხე, ეკლესია და კოშკი — სოფელი ისრითი
- მთავარანგეოზის სახელობის ეკლესია — სოფელი ქვედა მუქედი
- ციხესიმაგრე — სოფელი მაისაური
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ლეგენდის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგას ჯვარი, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა აღმართა.
მუზეუმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ ვანში, ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიაზე მოქმედებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც დაცულია ძვ. წ. VIII-I საუკუნის ნივთები, შემორჩენილია ნაქალაქარის არქეოლოგიური ნაშთები. სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების ისტორიული სახლების ახლოს მოქმედებს მათივე სახელობის მუზეუმი.
გარდა ამისა, ქალაქ ვანში მოქმედებს სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ხოლო სოფელ ტობანიერში — კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმი.
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პავლე აბრამიძე — ოფიცერი.
- ნიკა აგიაშვილი — მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი.
- სერგო ამაღლობელი — თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი და დრამატურგი.
- სიმონ ბაღდავაძე — დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი, ათონის ივერთა მონასტრის უკანასკნელ ქართველ ბერთა საძმოს მმართველი.
- კალისტრატე გაბუნია — გეოლოგი, ქართული გამოყენებითი გეოლოგიის ფუძემდებელი.
- განდეგილი (დომინიკა ერისთავი) — მწერალი-პროზაიკოსი.
- კარლო ინასარიძე — პუბლიცისტი, მწერალი.
- კორნელი კეკელიძე — ფილოლოგი და ლიტერატურათმცოდნე, თსუ-ს ერთ-ერთი დამაარსებელი.
- გრიგოლ ლორთქიფანიძე — პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, დემოკრატიული საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და სამხედრო მინისტრი.
- დავით ლორთქიფანიძე — ცნობილი ქართველი მეცნიერი პედაგოგიკის დარგში, აკადემიკოსი.
- კირილე ლორთქიფანიძე — საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი.
- შალვა მაღლაკელიძე — პოლიტიკოსი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური.
- გიორგი ნაფეტვარიძე — პოეტი.
- კარლო საკანდელიძე — მსახიობი.
- ლადო სულაბერიძე — პოეტი.
- გალაკტიონ ტაბიძე — პოეტი, პოეტთა მეფე[6].
- ტიციან ტაბიძე — პოეტი, ცისფერყანწელთა ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი.
- ზაზა ტყეშელაშვილი — თავისუფალი სტილით მოჭიდავე და წესების გარეშე მებრძოლი.
- ჯემალ ქარჩხაძე — ქართველი მწერალი-პროზაიკოსი.
- კალისტრატე ცინცაძე — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი.
- შაბთაი ცური (შოთა ცოციაშვილი) — ქართველი ებრაელი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ერთ-ერთი დამაარსებელი, ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში.
- გიორგი ძიგვაშვილი — პოეტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-05-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-09-27[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-09-27[მკვდარი ბმული]
- ↑ გალაკტიონი — პოეტების მეფე
|