შინაარსზე გადასვლა

მესხეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მესხეთი

ისტორიული მესხეთის მხარეები VIII-X საუკუნეებში.
კუთხის ცენტრი ახალციხე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი სამცხე-ჯავახეთის მხარე
ახლანდელი სამცხე-ჯავახეთი საქართველოს თანამედროვე საზღვრებში
ახლანდელი სამცხე-ჯავახეთი საქართველოს თანამედროვე საზღვრებში
ახლანდელი სამცხე-ჯავახეთი საქართველოს თანამედროვე საზღვრებში
ისტორიული მესხეთის მხარეები

მესხეთი — ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ზემო ქართლი) ზოგადი სახელწოდება. ანტიკური წყაროებში (სტრაბონი, ძვ. წ. 64/63 — ახ. წ. 23/24) მოიხსენიება ეს ტერიტორია „მოსხიკეს“ სახელწოდებით (მოსხური ქვეყანა, მესხების მხარე) ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული წყაროები „მესხეთს“ არ ახსენებენ და ამ მხარის სახელწოდებად X-XVI საუკუნეებში ზემო ქართლი იხმარებოდა. მის პარალელურად არსებობდა ტერმინები შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ზემო ქართლი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა) და ჭოროხის აუზს მთლიანად (აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი). იგი სამხრეთიდან მდინარეების ევფრატისა და არაქსისაგან იფარგლებოდა ე. წ. მოსხური მთებით.

ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ქართველებიმესხები. აქედან მოდის მხარის სახელწოდებაც. საუკუნეთა განმავლობაში მესხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულები არსებობდა: დიაოხი, ზაბახა, ვიტეროხი (ტომთა გაერთიანებები), კლარჯეთის, წუნდის და ოძრხის საერისთავოები, ქართველთა სამეფო ანუ ტაო-კლარჯეთის სამთავრო, სამცხე-საათაბაგო, ახალციხის საფაშო.

მესხეთს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რასაც გამოჩენილ ქართველთა სიტყვებიც ადასტურებს:

  • მესხეთი არის აკვანი საქართველოს დიდებისა...“ – მოსე ჯანაშვილი.
  • იქ გაფანტული კულტურის ნაშთები სულია ჩვენი ერისა“ – ვაჟა-ფშაველა.
  • აქ ოდითგანვე ჟღერდა სიტყვა ქართული რუსთაველისა ...“ – ვახუშტი ბაგრატიონი.
  • მესხეთი ქართველებისთვის ის არის სწავლა-განათლების საქმეში, რაც საბერძნეთი კაცობრიობისათვის“ – მოსე ჯანაშვილი.

ისტორიული მესხეთის ტერიტორია (სამცხე, ჯავახეთი, თორი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი, ჭანეთი) ცენტრალიზებული ფეოდალური საქართველოს ერთ მესამედს შეადგენდა, რაც დაახლოებით 34,2 ათასი კვადრატული კილომეტრია. აქედან დღეისათვის 9,4 ათასი კვადრატული კილომეტრი საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული, ხოლო დიდი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია.

ხერთვისის ციხე

ძვ. წ. II-I საუკუნეებში მესხეთის ტერიტორია 3 ნაწილად იყოფოდა; სომხეთს ეკავა — ტაო, სპერი და კოლა; კოლხეთს — შავშეთი, კლარჯეთი და აჭარა; ქართლს (იბერია) — არტაანი, ჯავახეთი და სამცხე. უფრო გვიან იბერიამ კვლავ შემოიერთა დანარჩენი მესხეთი გარდა სპერისა. V საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალმა თითქმის მთელი საქართველო გააერთიანა და ქართლში მთავარეპისკოპოსის ნაცვლად კათალიკოსი დასვა. ამასთან, საქართველოს ყოველ მხარეში იქნა დაარსებული საეპისკოპოსოები. მესხეთში ასეთი საეპისკოპოსოები დადგინდა არტანუჯსა, ოძრხესა და წუნდაში, რაც ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტოკეტონული ფალობის მომასწავებელი იყო. ეკლესიის თავისუფალებამ ხელი შეუწყო ორიგინალური ქართული მწერლობის განვითარებას. VII საუკუნის 50-იან წლებში არაბებმა ჯერ სომხეთი დაიპყრეს, მერე კი – საქართველო. ქართლში ერისმთავრობა გააუქმეს და დაპყრობილი ქვეყნები დახარკეს. მოსახლეობა მტერს არ მორჩილდებოდა და აჯანყებებს აწყობდა. აჯანყებულებს არაბები სასტიკად სჯიდნენ. მურვან ყრუს ურდოები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ მესხებს. ამას დაერთო 746-747 წლებში საბერძნეთიდან შემოჭრილი ეპიდემია – „შავი ჭირი“. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ მესხეთის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

VIII საუკუნეში მესხეთი ხელახლა დაასახლეს ქართლიდან გადმოსულმა მოახალშენეებმა. ამავე ხანებში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა სამეფო. ტაო-კლარჯეთი ეწოდა მესხეთს მისი ორი უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის პროვინციების ტაოსა და კლარჯეთის სახელწოდების მიხედვით. მისი დამაარსებელი იყო აშოტ I დიდი, რომელიც ვერ შეეგუა თბილისში არაბებს და ოჯახით გადასახლდა კლარჯეთს, ჭოროხის ხეობაში, რომელიც მაშინ ბიზანტიის მფლობელობაში იყო. მესხეთში გადასულმა აშოტმა ბიზანტიის კეისრის ტიტული „კურაპალატობა“ მიიღო, ძველ ციხე-ქალაქ არტანუჯში დაჯდა და სამთავროს ორგანიზაციას შეუდგა. ტაო-კლარჯეთის სამთავრო თანდათან გაიზარდა და გაძლიერდა. მის ქონებრივ შეძლებასა და კულტურულ დაწინაურებაზე მეტყველებს იმ დროს იქ გაშენებული არქიტექტურის ისეთი ბრწყინვალე ქმნილებანი, როგორიცაა: ოშკის, იშხანის, ხახულის, ბანას დიდებული ტაძრები. მესხეთის მთავარი დავით III იმდენად გაძლიერდა, რომ 979 წელს მას დახმარება სთხოვა ბიზანტიის იმპერატორმა ბასილმა, რომელსაც თავისი სარდალი ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა; დავითმა კეისრის დასახმარებლად 12.000 მესხი ცხენოსანი გაგზავნა, რომელსაც სათავეში ედგა უკვე მოხუცი, მაგრამ ბრძოლებში გამოცდილი სარდალი თორნიკე ერისთავი. საქართველოს გაერთიანების შემდეგ მესხეთი საქართველოს კულტურულ ცენტრად იქცა. მესხეთის მონასტრებმა უდიდესი როლი ითამაშეს ქართული მწერლობის ისტორიაში. აქ ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენდა მძლავრი ლიტერატურული სკოლა, რომელმაც საკუთარი მიმართულება შეიმუშავა და იმდენად გაიზარდა, რომ გადალახა ეროვნული საზღვრები და მცირე აზიის სხვადასხვა ადგილზე შექმნა საქართველოს კულტურული ცენტრები (სირია, პალესტინა, ათონი და სხვა).

სამცხე-საათაბაგო XIII საუკუნის II სახევარსა და XIV საუკუნის I მეოთხედში

XV-XVI საუკუნეებში სამოქალაქო ომების შედეგად წარმოიშვა: ქართულის, იმერეთის, კახეთის სამეფოები და მესხეთის, სამეგრელოს, აფხაზეთის, გურიის სამთავროები. მესხეთის სამთავრო, რომელიც თავისი ტერიტორიითა და მოსახლეობით საქართველოს ერთ მესამედზე მეტს უდრიდა, ისტორიაში მოიხსენიება როგორც სამცხე-საათაბაგო. სამცხე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მესხეთის ერთი პროვინციაა და უდრის დღევანდელ ადიგენის, ახალციხისა და ნაწილობრივ ასპინძის რაიონებს. სამცხის გამგებლებს საქართველოს სამეფოს კარზე ადრევე ჰქონდათ მოპოვებული ათაბაგის პატივი (ხელი). ათაბაგი აღმოსავლური მმართველობიდან აღებული სამოხელეო ტერმინია, რომელიც ისევე როგორც ვეზირი, ჩვენში თამარ მეფის დროს იქნა შემოღებული. სამცხის გამგებლობასთან ამ „პატივის“ შეერთებამ და მათი ძალაუფლების გავრცელებამ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიაზე წარმოშვა ახალი პოლიტიკური ტერმინი სამცხე-საათაბაგო, რომლის ქვეშ იგულისხმებოდა მთელი მესხეთი. XV საუკუნეში საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის მოშლა დაემთხვა სამხრეთ-დასავლეთით ოსმალეთის სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფოს გაძლიერებას, ხოლო აღმოსავლეთით სეფიანთა ირანის სახელმწიფოს წარმოქმნას. სამცხე-საათაბაგო, როგორც ოსმალეთს მომიჯნავე განაპირა მხარე, XV საუკუნიდან კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ოსმალებმა რამდენჯერმე ილაშქრეს მესხეთში — 1542, 1543, 1544, 1545, 1549, 1550 და 1578 წლებში და დახარკეს. საბოლოოდ, 1625 წელს სამცხე-საათაბაგო გააუქმეს და ახალციხის საფაშოდ აქციეს.

ცნობილმა თურქმა ისტორიკოსმა ევლია ჩელებიმ, რომელმაც იმოგზაურა ახალციხის საფაშოში და აღწერა მესხეთის ციხეები, დატოვა მნიშვნელოვანი ცნობები. იგი აღნიშნავდა, რომ „აწყური ბეგლარ-ბეგის მამულია და ახალციხის საზღვრებში მას მართავს აღა. აქ მშვენიერი ვენახები და ბაღებია. იგი ეკუთვნის შავშეთის ხალხს (ასე უწოდებს ავტორი ყველა მესხს). აქ ყველა მცხოვრები ლაპარაკობს ქართულად“. ევლია ჩელები შენიშნავს აგრეთვე, რომ მესხების ქართული გამოირჩევა თავისი სრულყოფილებით და სიწმინდით დანარჩენი ქართველების მეტყველებისაგან, რომ „იგი მაღალკეთილშობილურია, ძლიერია, გამბედავი და სასიამოვნო“.

XVI საუკუნის 50-იანი წლებიდან თურქების მიერ მესხეთის დაპყრობამ თანდათან დაასუსტა ის დიდი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო შემოქმედება, რომელიც წარმოებდა აქაურ მონასტრებში. ბევრი შევიწროებული მესხი მოღვაწე იძულებული იყო გაქცევით ეშველა თავისთვის და გადასულიყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მესხეთის მატერიალური და სულიერი კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები დამპყრობელთა ხელში აღმოჩნდა. ქართული უნიკალური ძეგლები დამპყრობელთა მიერ დაუზოგავად ნადგურდებოდა. როგორც ცნობილია ასე განადგურდა X საუკუნის ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლი გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ერთადერთმა ეგზემპლარმა, რომელიც შემთხვევით გადარჩა სინაის ნახევარკუნძულზე.

ახალციხის ბრძოლა, 1828 წ. (მხატვარი: ჯ. სუხოდოლსკი, 1839 წ.)

XVII საუკუნის 20-40-იან წლებში მესხი ფეოდალები ქართულ ეკლესიაში ლოცულობდნენ და თავს ქართველებად თვლიდნენ. 60-იანი წლებისათვის კი სიტუაცია შეიცვალა და გამაჰმადიანება ყველასათვის აუცილებელი გახდა. ოჯახისა და მამულის გადარჩენის მიზნით ახალციხის ფაშამ და მასთან ერთად სხვა ადგილობრივმა ფეოდალებმა აღიარეს ისლამი. ვინც ამ წესს არ ემორჩილებოდა, მას სჯიდნენ თავის მოკვეთით. ასე მაგალითად, ასლან ჯაყელის ოჯახის წევრები 1679 წელს კიდევ აღიარებდნენ ქრისტიანობას. ამას არ შეურიგდნენ თურქები, ასლან ჯაყელი დაადანაშაულეს იმერეთის მეფესთან ურთიერთობაში და შეთქმულებაში. მას თავი მოკვეთეს. გათურქებას მესხეთი დაღუპვამდე მიყავდა. XVII საუკუნის ბოლოს მესხეთის ფეოდალური კლასი მთლიანად მოიცვა სუნიტური ისლამის რელიგიამ, მაგრამ მესხი გლეხობა ჯიუტად იცავდა თავის რწმენას. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში მოგზაურობდა XVII საუკუნის 70-იან წლებში, გონიოდან გოდერძის გადასასვლელის გავლით, ქვაბლიანის და ფოცხოვის სოფლებში გზად მრავლად ხვდებოდა ქრისტიან მოსახლეობას. მისი დაკვირვებით დაბლობში უფრო ჭრელი მოსახლეობა, ხოლო მთაში თითქმის ყველა ქრისტიანი სახლობდა. მათ შორის, დასძენს შარდენი, „მე ვნახე ძალიან ლამაზი გარეგნობის ქალები“. როგორც ჩანს, მესხი გლეხების გამაჰმადიანება დაიწყო XVII საუკუნის ბოლო მეოთხედში და გაგრძელდა XIX საუკუნის 20-იან წლებამდე. მესხთა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გადარჩა გამაჰმადიანებას.

ისტორიული მესხეთის ნაწილი (სამცხე და ჯავახეთი) საქართველოს დაუბრუნდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის შედეგად, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების (1829) თანახმად, აჭარა — რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ ბერლინის კონგრესის (1878) გადაწყვეტილებით.

მესხეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1829 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიის ფარგლებში შევიდა ძველი მესხეთის ნაწილები: ქვაბლიანი, ოძრხე, ახალციხე, აწყვერი, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი და პალაკაციო . ადრიანოპოლის ზავის მე-13 მუხლის თანახმად, მოსაზღვრე ტერიტორიების მოსახლეობას 18 თვის განმავლობაში გადასახლება-გადმოსახლების უფლება მიეცა. ოსმალეთში გადასახლდა დაახლოებით 75 ათასი ქართველი მუსლიმი. მათ ნაცვლად ახალციხის და უფრო მეტად ახალქალაქის მაზრებში დასახლდა ოსმალეთიდან გამოქცეული 30 ათასი სომეხი. სომხებს ხელისუფლებამ 25 მანეთი გამოიყო და 6 წლით გადასახადებისგან გაათავისუფლა.[1]1832 წლის მონაცემებით ახალციხის და ახალქალაქის მაზრებში მოსახლეობის რაოდნეობა 50 ათასზე ნაკლები გახდა და მისი უმრავლესობა უკვე სომხები იყვნენ. შემდეგ, 1877-78 წლების რუსეთ ოსმალეთის ომის შედეგად, პარიზის ზავით (მუხლ. 58), შემოერთებულ იქნა მესხეთის მეორე ნაწილი: აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილო ნაწილი – ოლთისი.

მთელი ეს მხარე რუსეთის იმპერიის დროს მოქცეული იყო შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ახალციხის მაზრა (სამცხე), ახალქალაქის მაზრა (ჯავახეთი), ბათუმის ოლქი (აჭარა, ქობულეთი, შავშეთი), ყარსის ოლქი (ერუშეთი, ფოცხოვის უბანი, არტაანი ანუ არდაგანი და ოლთისი).

ართვინის ოლქი

რუსეთის დროს შემოერთებული ტერიტორია შემდეგი ფართობისა იყო: ახალციხის მაზრა – 2706 კვადრატული კილომეტრი; ახალქალაქის მაზრა – 2793; ბათუმის ოლქი – 3779; ართვინის ოლქი – 3339; ფოცხოვის უბნი – 588; არტაანის ოლქი – 5137; ოლთისის ოლქი – 3051. სულ მესხეთის ტერიტორია უდრიდა 21 393 კვადრატულ კილომეტერს ანუ მთელი საქართველოს მესამედზე მეტს. ძველი მესხეთის ნაწილებიდან ოსმალეთის საზღვარში დარჩა ჭანეთი ანუ ლაზისტანი და ზემო ჭოროხზე მდებარე ნაწილი.

  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში, ტფ., 1907;
  • ლომსაძე. შ., სამცხე ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე), თბ., 1975;
  • მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 6, გვ. 601-602, თბ., 1983
  • ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბილისი, 1989;
  • ლომსაძე შ., მესხეთი და მესხები, თბ.: კავკასიური სახლი, 2000.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ჯავახიშვილი ივ. ისტორიული რარიტეტები, თბ. 1989, გვ. 48-49