კავკასიონი
კავკასიონი | |
---|---|
კავკასიონის სატელიტური გამოსახულება | |
კოორდინატები: 42°30′ ჩ. გ. 45°00′ ა. გ. / 42.500° ჩ. გ. 45.000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი აზერბაიჯანი |
უმაღლესი წერტილი | იალბუზი |
სიმაღლე | 5642.7 მ |
ფართობი | 145 ათ. კმ² |
სიგრძე | 1500 კმ |
სიგანე | 180 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
კავკასიონი (რუს. Большой Кавказ; აზერ. Qafqaz dağları) — ვრცელი მთათა სისტემა კავკასიაში, ევროპისა და აზიის მიჯნაზე. განფენილია რუსეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. შედგება რამდენიმე ქედისაგან და წარმოადგენს ერთ მთლიან თითქმის სწორხაზოვან მთაგრეხილს, რომელიც გადაჭიმულია დასავლეთ-ჩრდილო-დასავლეთიდან აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ შავსა და კასპიის ზღვებს შორის, დაახლოებით 1500 კმ-ზე, მინიმალური სიგანე 32 კმ, ხოლო მაქსიმალური სიგანე 180 კმ აღწევს. ფართობი 145 ათასი კმ².
თავისი ბოლოებით ტამანისა და აფშერონის ნახევარკუნძულებშია შეჭრილი, ერთი მხრივ, აზოვისა და შავ ზღვას შორის, მეორე მხრივ, კასპიის ზღვის შუა და სამხრეთ ნაწილებს შორის. კავკასიის, რუსეთისა და მთლიანად ევროპის უმაღლესი წერტილია იალბუზი (5642.7 მ). კავკასიონის მთიანეთი შედგება რიგი ქედების, ხეობებისა და ქვაბულებისაგან, რომლებიც ართულებენ კავკასიონის მორფოლოგიას. კავკასიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ყუბან-აზოვისპირა დაბლობი, თერგ-კუმის დაბლობი და სტავროპოლის მაღლობი, სამხრეთით განფენილია კოლხეთის დაბლობი და მტკვარ-არაქსის დაბლობი. კავკასიონის ჩრდილო მთისძირიდან კუმა-მანიჩის ღრმულამდე გადაჭიმულია წინაკავკასია.
კავკასიონის ოროგრაფიულ ღერძს წარმოადგენს ოროჰიდროგრაფიული კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომელიც უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე. უმაღლესი მწვერვალია შხარა (5203.1 მ). კავკასიონის სიგანე სხვადასხვა ნაწილში ცვალებადია: ნოვოროსიისკის მერიდიანზე კავკასიონის სიგანე 32 კმ-მდეა, იალბუზის მერიდიანზე ყველაზე უფრო განიერია და 180 კმ აღწევს; ვლადიკავკაზის მერიდიანზე 110 კმ-ია, დაღესტნის მერიდიანზე — 160 კმ.
კავკასიონზე აღმართულია მარადთოვლიანი ყინულებითა და ფირნის მძლავრი ველებით შემოსილი მრავალი ციცაბოკალთიანი, ძნელმისადგომი და დაკბილული მწვერვალი. ამ ქედის თხემით კავკასია იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ მაკროფერდობებად, რომელთაგან პირველი შედის მდინარეების ყუბანის, თერგის, სულაკისა და სამურის აუზებში, მეორე — ბზიფის, კოდორის, ენგურის, რიონის, მტკვრისა და მთელ რიგ მცირე მდინარეთა აუზებში. ორივე ფერდობი გართულებულია მეორე თანრიგის ქედებითა და ხეობებით, რომლებიც ღერძულ ზონაში ქმნიან მაღალმთიან, ხოლო პერიფერიულ ზონებში — საშუალმთიან რელიეფს. ჩრდილოეთ ფერდობის გასწვრივი ქედებია: გვერდითი, კლდოვანი ანუ კირქვიანი, საძოვრებიანი და ტყიანი, რომლებიც მთავარი ქედის პარალელურია, აგრეთვე შავანის, კიდეგანის, ხევსურეთის, ანდის, ბოღოზის გარდიგარდმო ქედები; სამხრული კალთის — გაგრის, ბზიფის, კოდორის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმისა და რაჭის გასწვრივი; ლიხის, ხარულის, ალევის, ქართლისა და კახეთის გარდიგარდმო ქედები.
კავკასიონის ოროგრაფიულ სიმეტრიას არღვევს ჩრდილოეთი ფერდობი, რომელიც განიერია კახეთ-დაღესტნის არეში. კავკასიონის მრავალი მწვერვალი მოდელირებულია ძველი ეროზიის, მყინვარული და პერიგლაციალური პროცესების მოქმედებით. კავკასიონზე გავრცელებულია ნაირგვარი გენეზისის რელიეფის ტიპები და ფორმები, ძირითადია: ეროზიული რელიეფი ნაირ-ნაირი მორფოსტრუქტურების საფუძველზე, რომელიც გართულებულია ვულკანური, მყინვარული, პერიგლაციალური, კარსტული და სხვა გენეზისის ფორმებით. არის ეროზიულ რელიეფზე დადგმული ვულკანური პლატოები, კონუსები, ღარები. პელიგლაციალურ ფორმათა განვითარების მთავარ კერას წარმოადგენს ყელის ზეგანი. კარსტულ ფორმებს — პოლიეებს, ქვაბულებს, ძაბრებს, მღვიმეებს, შრატულ ზედაპირებს დიდი ფართობი უკავია დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე და ჩრდილოეთ ფერდობზე — ყარაჩაიდან დაღესტნამდე. კავკასიონის ბევრ რეგიონში წარმოქმნილია მინერალური წყაროების მიერ დალექილი ტრავერტინის დანაგროვები, მაგალითად თრუსოს ხეობაში, ჯვრის უღელტეხილზე და სხვა. დაღესტანში და სხვაგან არის ხელოვნური ტერასები. კავკასიონი მის სხვადასხვა ადგილებში განვითარებული ტექტონიკური, მორფოგრაფიული და მორფოლოგიური თავისებურებების ნიშნით 3 ნაწილად იყოფა: 1) დასავლეთი კავკასიონი; 2) ცენტრალური კავკასიონი; 3) აღმოსავლეთი კავკასიონი.
ეტიმოლოგია
სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან „kaukasos“, რომელსაც თავის მხრივ, სავარაუდოდ ძველირანული („kapkah“ — დიდი მთა) ან ხეთური („kazkaz“ — ტომის სახელია) წარმოშობა აქვს. არსებობს აგრეთვე ბევრი სხვა ახსნა ტერმინისა, ძირითადად ადგილობრივ ენებზე. ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებდა „კავკასს“, „კავკასიას“. კავკასიონი ეწოდა XX საუკუნეში. ძველი ბერძნების სიტყვიერებაში ეს სახელწოდება ხმარებაშია ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან. ამ სახელწოდების წარმოშობის შესახებ ბერძნები მოგვითხორობენ: სახელწოდება „კავკასია“ ამ მთამ მიიღო შემდეგი მიზეზის გამო:[1]
„გიგანტთა, ე.ი. ბუმბერაზთა ბრძოლის შემდეგ სატურნი დაემალა იუპიტერის რისხვას და ნიანგად ქცეულმა თავი შეაფარა უმაღლეს მთას. აქ პრომეთემ მოკლა ერთი ბინადარი მწყემსი, სახელად „კავკასი“, და მისი შიგნეულის მიხედვით თქვა, რომ მტრები ახლო არიანო. იუპიტერი მოევლინა იმ არემარეს, შეკრა მამამისი და გადაუშვა ტარტაროსში, ე.ი. ჯოჯოხეთში მთაზე კი, რომელსაც ეწოდა მწყემსის სახსოვრად „კავკასი“ მიაჯაჭვა პრომეთე და მიუსია მას ტანჯვის მისაყენებლად არწივი.“
|
მეორე ცნობა ამ სახელწოდების შესახებ შემორჩენილია პლინიუსთან, რომლის თანახმად, სკვითები ეძახიან კავკასიის მთაგრეხილს „გრავკაზის“, რაც ნიშნავს „თეთრთოვლიანს“. იულიუს ფონ კლაპროთი აწარმოებს ამ სიტყვას — „კავკასიას“ — Koh-Kafsp-იდან ქოხ-ქასპიდან. ე.ი. მთა კასპიელთა, რადგანაც „ქოხ“ ანუ „ქუხ“ ირანულად ნიშნავს მთას. მისი აზრით, „კავკაზი“ წარმოსდგა ქოფ-ქაფი-დან, ქოფ-ქაფი კი არის, ალბათ, ქოხ-ქასპ-ის წარღვნილი ძველი სახელწოდება. ამ მსჯელობას ის ამყარებს ერატოსთენეს ჩვენებაზე, რომ ბინადარნი „კავკასიას“ უწოდებენ კასპიად.[1]
სტრაბონი ემხრობა ამ აზრს და ამბობს, რომ ეს სახელწოდება შესაძლებელია წარმოიშვა „კასპიელთა“ ხალხიდან, თუმცა მის დროს ეს ხალხი უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ მან იცოდა, რომ ჰეროდოტე ამ ხალხს იხსენიებს ქსერქსეს ლაშქრის შემადგენელ ხალხთა შორის. დიმიტრი ბაქრაძის აზრით, სახელწოდება „კავკასია“ შემოტანილია ძველად აზებისაგან, ასსებისაგან ანუ ოსებისაგან ინდოეთით. არსებობს კიდევ ერთი აზრი, თავისებური თავის სიმარტივით, — ეს არის მოსე ჯანაშვილის შეხედულება: კავ-კავ, რაც შეიძლება მივიღოთ შემდეგი მნიშვნელობით: ზღუდე-ზღუდეს, მთაგრეხილი-მთაგრეხილს, იგულისხმე, მისდევს. არსებობს აგრეთვე სხვა მრავალი შეხედულებაც.[1]
რელიეფი
კავკასიონი ასიმეტრიული მთათა სისტემაა; ჩრდილოეთი კალთები გრძელი და დამრეცია, სამხრეთი — მოკლე და ციცაბო. ღერძულ ნაწილში გადაჭიმულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი და გვერდითი ქედი, რომელთა სიმაღლე 4000–5000 მ-ია (8 მწვერვალი 5000 მ-ზე მაღალია). ქედები ციცაბოკალთებიანია, ძლიერ და ღრმად არის დანაწევრებული ალპური გლაციალური და პალეოგლაციალური რელიეფით ზედა ნაწილში. მთავარი წყალგამყოფი ქედის ყველაზე მაღალი და კლდოვანი მონაკვეთია ბეზენგის კედელი ანუ ფიცრული, რომლის სიგრძე 12 კმ-ია. გვერდით ქედზე აღმართულია ვულკანები იალბუზი (5642.7 მ) და მყინვარწვერი (5054 მ). ჩრდილოეთით, დასავლეთ და ცენტრალურ კაკვასიონზე, განლაგებულია საშუალომთიანი და დაბალმთიანი სტრუქტურულ-დენუდაციური კუესტური ტიპის მონოკლინური ქედები: კლდოვანი ქედი (2000–2500 მ-მდე), საძოვრების ქედი (1500 მ-მდე), ტყიანი ქედი (800 მ) და სხვა. აღმოსავლეთით, დაღესტნის რთულ და მრავალფეროვან რელიეფში ჭარბობს პლატო (ღუნიბის პლატო და სხვა) და ნაოჭა ქედები. კავკასიონის სამხრეთი კალთის დიდი ნაწილისთვის ტიპურია მოკლე ეროზიულ-დენუდაციური ქედები, რომლებიც დიდწილად კირქვებითაა აგებული. დასავლეთ კავკასიონზე კოდორის, სვანეთის, რაჭის და სხვა ქედებია.[2]
აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთი კალთა ძალიან ვიწროა და ციცაბო, დამახასიათებელია მდინარეთა ღრმა ხეობები და მოზრდილი გამოზიდვის კონუსები. კავკასიონის რელიეფში შერწყმულია აქტიურ ეგზოგენურ პროცესებთან დაკავშირებული მრავალი ფორმა, მათ შორის კატასტროფულიც: მაღალმთიანეთში — ზვავური, ღვარცოფული, მზრალობითი, საშუალომთიანეთში — ჩამონაზვავ-ჩამონაშალი, მეწყრული, დაბალმთიანეთში — ეროზიული. კარბონატულ ქანებში კარსტია განვითარებული, განსაკუთრებით სამხრეთ კალთებზე. რუსეთში ყველაზე მეტად ცნობილია ვორონცოვის მღვიმე, საქართველოში, ვერიოვკინის მღვიმე, კრუბერის გამოქვაბული, სარმის მღვიმე, თოვლიანი უფსკრული, ახალი ათონის მღვიმე. კავკასიონის შავიზღვისპირა სანაპიროზე აქტიურია აბრაზია, მეწყერი, მათ შორის სეისმომეწყერი. კავკასიონის აღმოსავლეთ განაპირა ნაწილში ტიპურია ტალახის ვულკანები.[2]
კავკასიონის ოროგრაფიული აღნაგობა ისეთ მთიანეთებთან შედარებით, როგორებიცაა ალპები და კარპატები, უფრო მარტივია, რაც აიხსნება მისი თითქმის სწორხაზობრივი მიმართულებით და მცირე სიგანით. კავკასიონის სისტემა როგორც გასწვრივ ჭრილში, ისევე განივშიც მნიშვნელოვანი განსხვავებით ხასიათდება. მეორეხარისხოვანი ოროგრაფიული ერთეულების განლაგება მთიანეთის ჩრდილო და სამხრეთ ფერდობებზე, ცენტრალურ, დასავლეთ და აღმოსავლეთ მონაკვეთებში სხვადასხვაგვარია.[3]
კავკასიონი იყოფა სამ: დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონად. ცენტრალური კავკასიონი პირობითად გამოყოფილია დასავლეთი და აღმოსავლეთი კავკასიონისაგან, შესაბამისად, იალბუზისა და მყინვარწვერის მერიდიანებით.[3]
კაკვასიონის ყველაზე დაბალი და ვიწრო მონაკვეთია დასავლეთი კავკასიონი, რომელიც გადაჭიმულია შავი ზღვიდან მწვერვალ იალბუზამდე 250 კმ-ზე. უმაღლესი წერტილია დომბაიულგენი (4046 მ). ღერძულ ნაწილში ჭარბობს მაღალმთიანი ალპური ტიპის რელიეფი. არის ზღვავური და ეროზიული პროცესები. ჩრდილოეთი კალთა ღრმა ქვაბულებით დაყოფილი კუესტების მწკრივისგანაა წარმოდგენილი. სამხრეთ კალთებზე კარსტული ფორმებია. გვხვდება სხვადასხვა გენეზისის მქონე ტბები. გამყინვარების საერთო ფართობია ჩრდილოეთ კალთაზე დაახლოებით 206 კმ², სამხრეთ კალთაზე დაახლოებით 71 კმ². სულ 503 მყინვარია, რომელთაგან თითოეული უკან დახევის სტადიაშია. სიდიდით გამოირჩევა თებერდის აუზში მდებარე ამანაუზის მყინვარი, რომლის ფართობია 7,1 კმ². სიგრძით გამოირჩევა ჯალოვჩატის მყინვარი მდინარე პატარა ზელენჩუკის აუზში. მყინვარის საერთო სიგრძე 6,1 კმ აღწევს.[4]
იალბუზის მერიდიანიდან მყინვარწვერის მერიდიანამდე ვრცელდება ცენტრალური კავკასიონი, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 5000 მ-ს აღემატება და ქმნის კავკასიონის ყველაზე მაღალსა და განიერ ნაწილს, რომელიც მთელი სიგრძით შემოდის საქართველოში. ცენტრალური კავკასიონი დაკბილული, მარადი თოვლითა და დიდი მყინვარებით შემოსილი მთაგრეხილია, რომელიც აერთიანებს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, კლდოვან ქედს, გვერდით ქედსა და მათ მრავალრიცხოვან განშტოებებს. მის შემადგენლობაშია ასევე ბეზენგის კედელი, რომელზეც აღმართულია მწვერვალები: შხარა (5203 მ), ჯანღა (5085 მ) და სხვა. მთავარ ქედზე აღმართულია აგრეთვე იალბუზი (5642 მ), დიხთაუ (5204 მ), ყოშთანთაუ (5152 მ), მყინვარწვერი (5054 მ) და სხვა.[5]
მწვერვალ მყინვარწვერსა და ილხიდაღს შორის ვრცელდება კავკასიონის ყველაზე განიერი მონაკვეთი — აღმოსავლეთი კავკასიონი, რომელიც გადაჭიმულია თითქმის 460 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე 150–160 კმ. აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი წერტილია თებულოსმთა (4493 მ). მნიშვნელოვანია ასევე დიკლოსმთა (4285 მ), ადალა-შუხგელმერი (4151 მ), ნუკატლი (3903), დიულთიდაღი (4127 მ), დეავგაი (4016 მ), შალბუზდაღი (4142 მ), ტუფანდაღი (4191 მ), შაჰდაღი (4243 მ), ბაზარდუზუ (4466 მ), ბაბადაღი (3629 მ). აღმოსავლეთ კავკასიონზე ნაკლებად არის გამოხატული ალპური რელიეფი და დამახასიათებელია სუსტი გამყინვარება.[5][6]
უმაღლესი მწვერვალები
ცხრილში მოცემულია კავკასიონის ზუსტად 21 მწვერვალი, რომელთაგან 5000 მ-ზე მაღალია 8, ხოლო დანარჩენი 13 მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 4600 მ-ზე მაღალია. ყველაზე მაღალი მწვერვალები განლაგებულია რუსეთისა და საქართველოს ან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. სტრატოვულკანი იალბუზი (5642.7 მ) წარმოადგენს კავკასიონისა და ევროპის კონტინენტის უმაღლეს წერტილს. იგი ზუსტად 834 მ-ით მაღალია ალპებისა და მთლიანად დასავლეთ ევროპის უმაღლეს მწვერვალ — მონბლანზე (4808 მ). საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5203.1 მ) აღმართულია ბეზენგის კედელზე.
მწვერვალი | სიმაღლე (მ) | შეფარდებითი (მ) | ქვეყანა |
---|---|---|---|
იალბუზი | 5642.7 | 4741 | რუსეთი |
დიხთაუ | 5204.7 | 2002 | რუსეთი |
შხარა | 5203.1 | 1357 | საქართველო/რუსეთი |
ყოშთანთაუ | 5152.4 | 812 | რუსეთი |
ჯანღა | 5085.0 | 335 | საქართველო/რუსეთი |
მყინვარწვერი | 5054.0 | 2353 | საქართველო/რუსეთი |
პუშკინის პიკი | 5033.6 | 50 | საქართველო/რუსეთი |
მიჟირგი | 5018.7 | 219 | რუსეთი |
კათინთაუ | 4979.0 | 159 | საქართველო/რუსეთი |
გისტოლა | 4859.9 | 335 | საქართველო/რუსეთი |
შოთა რუსთაველის მწვერვალი | 4859.0 | 40 | საქართველო/რუსეთი |
თეთნულდი | 4858.5 | 629 | საქართველო |
ჯიმარა | 4780.1 | 872 | საქართველო/რუსეთი |
უშბა | 4700.4 | 1217 | საქართველო |
ალექსანდრე ჯაფარიძის მწვერვალი | 4700.0 | — | საქართველო |
ულუაუზი | 4681.6 | 332 | რუსეთი |
დუმალა-თაუ | 4676.6 | 177 | რუსეთი |
უილფათა | 4649.0 | 1300 | რუსეთი |
შაუხოხი | 4636.1 | 436 | რუსეთი |
ყუყურთლი-ყოლბაში | 4634.0 | 53 | რუსეთი |
ტიხტენგენი | 4617.6 | 768 | საქართველო/რუსეთი |
მთავარი უღელტეხილები
ცხრილში მოცემულია კავკასიონის მაღალი და მნიშვნელოვანი უღელტეხილები. კავკასიონზე მრავალი მთის უღელტეხილია აღმართული. სიმაღლითა და მნიშვნელობით უღელტეხილები საქართველოს ან საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზეა განფენილი. სიმაღლით გამოირჩევა მაილის უღელტეხილი, რომლის სიმაღლე 4216 მ აღწევს. იგი ხოხის ქედზე, მწვერვალებს მყინვარწვერსა და მაილს შორის მდებარეობს. მაღალია აგრეთვე სვანეთის ქედზე მდებარე ლაჰილის უღელტეხილი. მეტად ცნობილი გადასასვლელებია ქლუხორის უღელტეხილი, ზეკარის უღელტეხილი, მამისონის უღელტეხილი, ჯვრის უღელტეხილი და სხვა.
გეოგრაფიული კუთვნილება
კავკასიას თავისი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე მსოფლიოში. იგი წარმოადგენს ევროპისა და აზიის შემაერთებელ ხიდს, რომელიც მოქცეულია შავსა და კასპიის ზღვებს შორის. პოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასია ორ ნაწილად იყოფა: ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიად. XVIII საუკუნის დასაწყისამდე, ევროპასა და აზიას შორის საზღვარი უფრო ხშირად მდინარე დონზე გაჰყავდათ, თუმცა მოგვიანებით ეს საზღვარი გაჰყავდათ კავკასიონსა და ურალზეც. ევროპასა და აზიას შორის საზღვარი სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად იყო გავლებული.[7]
კავკასიის საზღვრებისა და მისი ევროპისა თუ აზიისთვის მიკუთვნების საკითხი გაუთავებელი კამათის საგანია, რაც საუკუნეების განმავლობაში იწვევს დაპირისპირებას მეცნიერული თვალსაზრისით. დღეისათვის არსებობს ხუთი ყველაზე გავრცელებული თვალსაზრისი:[8]
1) ზოგი მკვლევარი საზღვარს აზიასა და ევროპას შორის ავლებს კუმა-მანიჩის ღრმულის გასწვრივ, რომელიც გეოლოგიურ წარსულში შავ და კასპიის ზღვებს აერთებდა. ამ კონცეფციის თანახმად, კავკასიონი და მისი ჩრდილო მთისწინეთის ერთობლიობა აზიის ნაწილს წარმოადგენს. 2) სხვებმა ეს მიჯნა გაავლეს ირანთან და თურქეთთან სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების პოლიტიკურ საზღვარზე და მთელი კავკასია ევროპას მიაკუთვნეს. 3) არაერთი გეოგრაფისთვის ეს ზღვარი ემთხვევა კავკასიონის მთავარი ქედის თხემს. ასეთ შემთხვევაში რეგიონი ნაწილდება ევროპასა და აზიას შორის, თუმცა პოლიტიკური საზღვრები არ ემთხვევა ფიზიკურ საზღვარს, ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს აზერბაიჯანის ნაწილი და საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები: ხევი, პირიქითა ხევსურეთი და თუშეთი, ქედის სამხრეთ ფერდობის ნაწილი, მდინარე ფსოუს დასავლეთით რუსეთის შემადგენლობაშია. 4) ძველი ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს მიხედვით, ევროპასა და აზიას შორის საზღვარი გადის მდინარე რიონზე, ხოლო ზოგიერთი თვლის მდინარე დონსა და ქერჩის სრუტეს.[7] 5) ზოგიერთი გეოგრაფი საზღვრის გასავლებად ბუნებრივი გარემოს ელემენტებს გვთავაზობს. მათი აზრით, მაგალითად, სომხეთის მაღალი ვულკანური ზეგნები და მათი ფერდობები მცირე აზიას განეკუთვნება, ხოლო პონტოს მთების შავიზღვისპირა დატენიანებული მთისწინები და ელბურსის მთიანეთი ასევე დატენიანებული ჩრდილოეთი ფერდობი (ირანში, კასპიის ზღვის პირას) — ევროპას.[8]
ფრანგული 31 ტომიანი უნივერსალური ენციკლოპედია La Grande Encyclopédie მკაფიოდ ადგენს საზღვარს ევროპასა და აზიას შორის სამხრეთით ორივე კავკასიონის ქედის მიმართულებით. იალბუზი და მყინვარწვერი წარმოადგენს ევროპის მთებს მოცემული განსაზღვრებით.[9]
გეოლოგიური აგებულება
კავკასიონი წარმოადგენს ნაოჭა-შარიაჟულ ნაგებობას (გეოლოგიურ რეტროსპექტივაში განაპირა ზღვას), კავკასიის ერთ-ერთ მთავარ და რთული აგებულების მქონე ტექტონიკურ ერთეულს. მის შემადგენლობაში გამოიყოფა კავკასიონის მთავარი ქედის ზონა, რომლის ცენტრალურ ნაწილში შიშვლდება კამბრიულამდელი და პალეოზოური ასაკის კრისტალური სუბსტრატი (გნაისები, მიგმატიტები, კრისტალური ფიქლები) და მისი გამკვეთი სხვადასხვა ასაკის გრანიტოიდული ინტრუზივები. გრანიტოიდებით, გნაისებითა და მეტამორფული ფიქლებით აგებულია კავკასიონის ღერძული ზოლი და უმაღლესი მასივები.[10]
მის სამხრეთით გამოიყოფა ჩხალთა-ლაჰილის, ყაზბეგ-თფანის, მესტია-დიბრარის, ნოვოროსიისკ-ლაზარევსკოეს და გაგრა-ჯავის ზონები. ისინი ძირითადად აგებულია ქვედა და შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, ბაიოსური ვულკანოგენურ-დანალექი სერიით და ზედაიურულ-პალეოგენური ტერიგენული და კარბონატული ფლიშური ნალექებით. მხოლოდ ჩხალთა-ლაჰილის ზონაში შიშვლდება უფრო ძველი — შუა და ზედაპალეოზოური ასაკის სუსტად მეტამორფიზებული ქანები (ე. წ. დიზის წყება).[10]
კავკასიონის ფარგლებში მდინარე თერგის აუზში, აგრეთვე მდინარების თეთრი არაგვისა და ქსნის სათავეებში, ფართოდაა გავრცელებული მეოთხეული ასაკის ანდეზიტური, დაციტური და ანდეზიტ-დაციტური ლავური ნაკადები მათი ამომყვანი ვულკანური ცენტრებით. კავკასიონი ხასიათდება მკაფიოდ გამოხატული ასიმეტრიული სტრუქტურით: სამხრეთისკენ გადაბრუნებული იზოკლინური დანაოჭებით მის სამხრეთ ფერდობზე და სუსტად დანაოჭებული, ან მონოკლინური აგებულებით ჩრდილოეთ ფერდობზე. მის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის ხეობიდან მდინარე ალაზნის აუზამდე, განვითარებულია სამხრეთისკენ მიმართული მსხვილი ტექტონიკური ზეწრები.[10]
კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი ძირითადად აგებულია მეზოზოური ნალექი ქანებით. მათგან უმეტესი ფართობი იურულ ტერიგენულ წყებებს უჭირავს (შუაიურულში ფართოდაა გავრცელებული ვულკანოგენური პორფირიტული წყება, ხოლო ზედაიურულში — კარბონატული ფაციესი). ცარცული ნალექები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კარბონატული ფაციესისაა, უმთავრესად კავკასიონის ნაწილებსა და ბოლოებშია გავრცელებული. მთიანეთის შიგნით მდებარე ზოგიერთ ქვაბულში (შეფარდებითი დაძირვის არეებში) განვითარებულია პალეოგენური და ქვედანეოგენური ნალექი ქანები, იალბუზისა და ხევ-მთიულეთის რეგიონები, აგრეთვე მდინარეების რიონისა და არაგვის აუზთა ნაწილები გამოირჩევა ზედაპლიოცენურ-პლეისტოცენური და ჰოლოცენური ეფუზივების გავრცელებით.[11]
პლეისტოცენ-ჰოლოცენური ნაფენები არის მაღალმთიან ზოლში მორენების (რომლებიც აფხაზეთ-სვანეთის ზოგიერთ ხეობაში ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე და უფრო დაბლაც ჩამოდიან), ქვაბულების ფსკერისა და ტერასების ალუვიონის, ფრაგმენტულად განვითარებული ტბიური ნალექების, კარსტული მღვიმეების (მაგ., კუდაროსა და წონის) ბუნებრივი და კულტურილი ნაფენებისა და პერიგლაციალური რელიქტური ლოდნარების და სხვა სახით. კავკასიონი რთული ტექტონიკური აგებულებისაა. მის სტრუქტურაში მონაწილეობენ სხვადასხვა ფორმის ნაოჭები, რღვევები, ნასხლეტ-შეცოცებანი. ამ უკანასკნელებთან დაკავშირებულია მინერალური წყლის მრავალი (განსაკუთრებით ხევში, სამაჩაბლოში, ზემო რაჭასა და სვანეთში) გამოსავალი.[11]
უძველესი ქანები, რომლებიც მონაწილეობენ კავკასიონის აგებულებში, შიშვლდებიან მხოლოდ კავკასიონის ღერძული ზოლის ცენტრალურსა და ნაწილობრივ დასავლურ ნაწილებში.[3] კავკასიონის ცენტრალური და ყველაზე მაღალი ნაწილი უძველესი, 600 მლნ. წლის წინანდელი გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებითაა აგებული. მის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში გეოლოგიური აგებულება მარტივდება, რაც ქედის განვითარებას უკავშირდება. სიმაღლის შემცირებასთან ერთად ამგები ქანების ასაკი იკლებს. საშუალო მთებში ვხვდებით 200–130 მლნ. წლის (იურულ) და 130–70 მლნ. წლის (ცარცულ), დაბალ მთებსა და მთისწინებში 70–30 მლნ. წლის (პალეოგენურ) ქანებს.[12] კავკასიონი ალპური დანაოჭების ნაწილია.
სასარგებლო წიაღისეულები
კავკასიონის წიაღის ძირითადი სიმდიდრეა ვოლფრამის, მოლიბდენის, სპილენძის, ტყვიის, თუთიის, ვერცხლისწყლის, რკინისა და სტრონციუმის საბადოები. მდინარე ბაქსანის მარცხენა ნაპირზე, 2000–3200 მ სიმაღლეზე მდებარეობს თირნიაუზის ვოლფრამისა და მოლიბდენის საბადო, რომელიც ტექტონიკური თვალსაზრისით, მიბჯენილია ფშექიშ-თირნაუზის რღვევის ზონას კავკასიონის ნაოჭა სისტემის ფარგლებში, რომელიც აგებულია ვულკანური, ტერიგენული და კარბონატული ძლიერ მეტამორფიზებული ქანებით. სამთო-ქიმიური ნედლეულიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბარიტი; ცნობილია აგრეთვე დარიშხანის საბადო. პრაქტიკულად გამოულეველია ბუნებრივი ცემენტის ნედლეულის მარაგი, რომლის საბადო მუშავდება ქალაქ ნოვოროსიისკის რაიონსა და სხვაგან. ფართოდ არის ცნობილი მარმარილოს, დოლომიტების, ტუფებისა და ტუფლავების საბადოები.[2] მრავალრიცხოვანია მინერლაური წყლების საბადოები, რომელთა შორის აღსანიშნავია დიდი ბერმამიტის ფარგლებში არსებული კავკასიის მინერალური წყლები, რომლის ბაზაზეა კურორტები პიატიგორსკი, კისლოვოდსკი, ესენტუკი და ჟელეზნოვოდსკი. კიდური როფის ნაოჭა ზონას მიეკუთვნება ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ კავკასიის ნავთობ-აირის აუზი, სადაც ნავთობს დაახლოებით 150 წელია რაც მოიპოვებენ. ნავთობის ხარისხი მაღალია, ნავთობი შეიცავს ბენზინური ფრაქციის დიდ პროცენტს. ჩრდილოეთ კავკასიაში გამოყოფენ ორ: დაღესტნისა და გროზნოს ნავთობაირის არეს. ნავთობისა და აირის ძირითადი საბადოებია: მალგობეკის, გორაგორისა და გუდერმესისა. დაღესტნის ნავთობაირის არე გადაჭიმულია დასავლეთით კასპიის ზღვის სანაპიროდან მინერალურ წყლებამდე. სამხრეთის მიმართულებით მისი საზღვრები მიემართება კავკასიონის მთისწინეთზე და მოიცავს ჩრდილოეთ ოსეთის, ინგუშეთის, დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორიებს. უდიდესი საბადოა დაღესტნის ცეცხლები.[13]
კლიმატი
კავკასიონის ჰავა ცვალებადობს როგორც სიმაღლის მიხედვით, ისე ჰორიზონტული მიმართულებით. აბსოლუტური სიმაღლის ზრდასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს (საშუალო წლიური ტემპერატურა სოხუმში უდრის 15 °C, გუდაურში, 2200 მ სიმაღლეზე, 2,1 °C, ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოსადგურზე, 3700 მ სიმაღლეზე, –6,1 °C). განსაზღვრულ სიმაღლემდე (2500–3000 მ-მდე) მატულობს ნალექიანობაც. კავკასიონის დასავლეთ ნაწილი გამოირჩევა უხვი ნალექებით (გაგრის ქედზე — 2300 მმ, აჟარაში — 1800 მმ). ზღვისაკენ მიპყრობილი ფერდობების ზოგიერთ ნაწილში ნალექები წელიწადში 3000–4000 მმ აღწევს.[10]
აღმოსავლეთისაკენ იგი კლებულობს და საქართველოს სამხედრო გზის აღმოსავლეთით თითქმის არსად აღემატება 1800 მმ-ს. კავკასიონის სამხრეთი ფერდობი უფრო ნალექიანია, ვიდრე ჩრდილოეთი ფერდობი. სიმაღლის მატებასთან ერთად მატულობს თოვლის საფრის ხანგრძლივობა (დაბა სტეფანწმინდაში — 104 დღე, თუშეთის ომალოში — 121 დღე, მესტიაში — 134 დღე, ლებარდეში — 164 დღე, ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოსადგურზე — 277 დღე). თოვლის საფრის სისქე მაღალ ადგილებში რამდენიმე მეტრს აღწევს (ლებარდეში — 5 მ, აჩიშხოს მთაზე — 7 მ). ზვავიანობა ახასიათებს ყველა მაღალმთიან და ბევრ საშუალმთიან რაიონს.[10]
კავკასიონი მნიშვნელოვანი კლიმატური ბარიერია ჩრდილოეთის ცივ და სამხრეთის თბილ ჰაერის მასებს შორის. კლიმატის მრავალფეროვნება და კონტრასტულობა შეპირობებულია ზომიერი და სუბტროპიკული კლიმატური სარტყლების საზღვარზე მდებარეობით, მთათა სისტემის სუბგანედური განფენილობით, მაღალი სიმაღლეებით, კალთების ექსპოზიციითა და რელიეფის მრავალფეროვნებით. მაღალმთიანეთში კლიმატი ცივია და ნოტიო, საშუალომთიანეთსა და დაბალმთიანეთში ზომიერი, დასავლეთ კავკასიონის სამხრეთი კალთების დაბალ ნაწილებში სუბტროპიკული ნოტიო, ქალაქ ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით ხმელთაშუაზღვიური, აღმოსავლეთ კავკასიონზე მშრალი სუბტროპიკული კლიმატი.[2]
ჩრდილოეთი კალთების მთისძირში საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 10 °C, სამხრეთისაზე 16 °C, 2400–2800 მ მაღლა უარყოფითია, 4250 მ სიმაღლეზე ეშვება –10,2 °C-მდე. ტემპერატურის ექსპოზიციური სხვაობა კარგად არის გამოხატული ზამთარში. იანვრის საშუალო ტემპერატურა იცვლება ჩრდილოეთით –3,5 და –5 °C-იდან სამხრეთით 6 °C-მდე, 2000 მ სიმაღლეზე დაახლოებით –8 °С; მაღალმთიანეთში (4250 მ, იალბუზის მეტეოსადგური) –19 °С. ივლისის საშუალო ტემპერატურა მთისძირში მატულობს დასავლეთით 22–24 °C-იდან აღმოსავლეთით 25–27 °С-მდე, ყველაზე თბილი თვის აგვისტოს ტემპერატურა საშუალომთიანეთში იკლებს 10–13 °С-მდე, ხოლო მაღალმთიანეთში 1 °С-მდე.[2]
სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში, გუდაური, კავკასიონი | დაბა სტეფანწმინდა, მაღალმთიანი რელიეფი | დასავლეთი კავკასიონი. აჩიშხოს ჩანჩქერი |
ჩრდილოეთი კალთის მთისძირის გაყოლებით წელიწადში მოდის დასავლეთით 400–600 მმ-იდან აღმოსავლეთით 300–400 მმ-მდე ნალექი, 2000 მ-ის სიმაღლეებზე შესაბამისად, 2000–2500 მმ-იდან 800–1150 მმ-მდე. სიმშრალით (300–500 მმ) გამოირჩევა მთათაშორისი ქვაბულები და ქედების სამხრეთი კალთები, რომლებიც „წვიმის ჩრდილში“ იმყოფებიან. მეტად ნოტიოა სამხრეთ-დასავლეთი კალთები 3500 მმ (3682 მმ, აჩიშხოს მეტეოსადგური 1880 მ-ზე, რუსეთის ყველაზე ნოტიო ადგილი). სამხრეთი კალთის მთისძირის გაყოლებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში იზრდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 500–800 მ-იდან 1200–1600 მ-მდე ცენტრში, ხოლო უკიდურეს აღმოსავლეთში კლებულობს 200 მმ-მდე.[2]
თოვლის საზღვარი იმატებს აღმოსავლეთით 2500 მ-დან 3600 მ-მდე. მაღალმთიანეთში განვითარებულია მძლავრი თანამედროვე გამყინვარება (2050 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 1426 კმ²); 70 % ჩრდილოეთ კალთაზეა. მყინვარების ნახევარზე მეტი თავმოყრილია ცენტრალურ კავკასიონზე; დიდი მყინვარებია ბეზენგი, დიხსუ, ყარაუგომი, ლეხზირი და სხვა. გამყინვარების მძლავრი ცენტრია იალბუზი (ფართობი 120 კმ², 2007). თავისებური პულსირებადი მყინვარებია დევდარაკი, კოლკა და სხვა.[2]
მთლიანად კავკასიის ჰავის ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მის გეოგრაფიულ მდებარეობას განედურად მდებარე ორი სარტყლის — ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლების საზღვარზე და ორი ვრცელი წყალსატევის შავი და კასპიის ზღვის შორის მდებარეობას. კავკასიონი აბრკოლებს ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების გავრცელებას სამხრეთისკენ, ხოლო სამხრეთის თბილი ჰაერისას — ჩრდილოეთისკენ და მკვეთრ კლიმატურ კონტრასტს ქმნის ჩრდილოეთ კავკასიასა და სამხრეთ კავკასიას შორის.[5]
გამყინვარება
თანამედროვე გამყინვარება
კავკასიონის მყინვარების მიერ დაკავებული ფართობები XIX საუკუნის ბოლოს იყო გამოთვლილი, როცა დამთავრდა კავკასიონის ტოპოგრაფიული გადაღება 1 : 42000 მასშტაბში. ამ გადაღების მონაცემების მიხედვით, შედგენილი იყო მყინვარების კატალოგი. კავკასიონის გამყინვარების საერთო ფართობი XIX საუკუნის ბოლოს შეადგენდა 1967 კმ²-ს. ამ ფართობიდან ჩრდილოეთ კალთაზე მოდიოდა 1465 კმ², ხოლო სამხრეთზე 502 კმ². ჩრდილოეთი და სამხრეთი კალთების მყინვარების ფართობების სიდიდეებს შორის განსხვავება აიხსნება კალთების ექსპოზიციითა და თოვლ-ქარის ნაკადის მიმართულებით, რომლებსაც გადააქვთ თოვლი სამხრეთი კალთიდან ჩრდილოეთ კალთაზე, რომლითაც ჩრდილოეთ კალთის მყინვარები საზრდოობენ.[5]
1887 წლიდან 1958 წლამდე პერიოდში კავკასიონის გამყინვარების საერთო ფართობი დაახლოებით 10 % შემცირდა. დღეისათვის კავკასიონის გამყინვარების საერთო ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. არსებითი ცვლილებები მოხდა მყინვარების სიდიდეში: ამჟამად მიმდინარეობს არა მხოლოდ მყინვარის ენის სიგრძის შემოკლება, არამედ მყინვარებისა და ფირნის ველების გათხელებაც. გამყინვარების დიდ ცენტრებად ითვლება იალბუზისა და მყინვარწვერის გამყინვარება. გამყინვარების ფართობის სიდიდე ამ ვულკანებზე 120 კმ² და 70,6 კმ² უდრის. 1958 წლისათვის (1887–1958 წწ. პერიოდში) იალბუზის გამყინვარების ფართობი შემცირდა 13,8 კმ²-ით. გამყინვარება მცირდება არა მარტო თავის პერიფერიულ ნაწილებში: იალბუზის მყინვარების მთელი ზედაპირი განიცდის გათხელებას. მყინვარები არათანაბრად იხევენ, გაივლიან მკვდარი ყინულების არსებობის გარდაუვალ სტადიას.[5]
კავკასიონზე შეიმჩნევა მყინვარების შემდეგი ტიპები: სკანდინავიის, დენდრიტული, ხეობური, დაკიდებული და კარული. ბევრი ხეობური მყინვარი დიდ სიგრძეს აღწევს, მაგალითად, დიხსუ, ყარაუგომი და ბეზენგი. კავკასიონზე თოვლის საზღვრის მდგომარეობა დამოკიდებულია მისი ჰავის თავისებურებასა და აგრეთვე ქედების თოვლ-ქარის ნაკადებთან მიმართებაში მდებარეობასთან. იმის გამო, რომ კავკასიონზე ჰავის კონტინენტურობა დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადანაცვლებასთან დაკავშირებით იზრდება, ამავე მიმართულებით, მაღლდება თოვლის ხაზის საზღვარი და მცირდება გამყინვარება.[5]
კავკასიონის სამხრეთ კალთაზე თოვლის საზღვარი 200–300 მ მაღლა მდებარეობს, ვიდრე ჩრდილოეთ კალთებზე, რაც დაკავშირებულია სამხრეთ კალთაზე უფრო ინტენსიურ აბლაციასთან. თუ ვიმოძრავებთ კავკასიონის გაყოლებით დასავლეთიდან აღმოსავლეთით, მაშინ პირველი მყინვარები (კარული) გამოჩნდებიან ოშტენსა და ფიშტის მწვერვალების რაიონში, შემდეგ აღმოსავლეთით მარუხის უღელტეხილის რაიონში, პირველი ხეობის ტიპის მყინვარია მარუხის მყინვარი. გამყინვარების მნიშვნელოვანი რაიონია თებერდის ნაკრძალი, სადაც არის 3–4 კმ სიგრძის მყინვარები, მათ შორის ალიბეკის მყინვარი, ამანაუზის მყინვარი და სხვა. ყველაზე დიდი მყინვარები იალბუზსა და მყინვარწვერს შორის მდებარეობენ. მყინვარწვერის აღმოსავლეთით, ჰავის კონტინენტურობის ზრდასთან დაკავშირებით, გამყინვარება განვითარებულია სპორადულად და დაკავშირებულია შედარებით მაღალ მასივებთან, როგორებიცაა თებულოსმთა და დიკლოსმთა. უკანასკნელი პატარა მყინვარები მდებარეობენ შაჰდაღის მასივზე.[5]
კავკასიონის გამყინვარების ზონა ტრადიციულად სამ ნაწილად იყოფა: დასავლეთი კავკასიონი, ცენტრალური კავკასიონი და აღმოსავლეთი კავკასიონი. დასავლეთ კავკასიონზე შედარებით დაბალი სიმაღლეების გამო გამყინვარება არც თუ ისე დიდია. ჭარბობს მცირე ხეობური, კარული და დაკიდებული ტიპის მყინვარები. სიდიდით გამოირჩევა ჯალოვჩატის მყინვარი, რომლის სიგრძე 6,1 კმ, ხოლო ფართობი 6,8 კმ² აღწევს. აღმოსავლეთ კავკასიონის გამყინვარება ნალექების უკმარისობის გამო იმდენად არ არის თვალშისაცემი. კავკასიონის მყინვარების დაახლოებით ნახევარი თავმოყრილია ცენტრალურ კავკასიონზე, სადაც მძლავრი გამყინვარება არსებობს მთების მნიშვნელოვანი სიმაღლეების, ნალექების დიდი რაოდენობისა და ხელსაყრელი ოროგრაფიული პირობების გამო. იალბუზის მყინვარული კომპლექსი კავკასიონის თანამედროვე გამყინვარების უდიდესი მასივია, რომლის ფართობი 2007 წლის მონაცემებით შეადგენდა 120 კმ²-ს.[14] იალბუზის გამყინვარება უწყვეტად მცირდება 1850 წლიდან მოყოლებული დღემდე. სიდიდით გამოირჩევა მყინვარები ბეზენგი, დიხსუ, ყარაუგომი და სხვა. მნიშვნელოვანი გამყინვარების ცენტრია აგრეთვე ყაზბეგ-ჯიმარის მყინვარული კომპლექსი, რომლის ფართობი 70,6 კმ² უდრის. აქედან ეშვება მყინვარები სუათისი, მნა, გერგეთი, დევდარაკი და სხვა; ჩრდილოეთ კალთაზეა მიდაგრაბინი, რომლის სიგრძეა 7,8 კმ. მნიშვნელოვანია აგრეთვე მყინვარი კოლკა.[15]
კავკასიონის თითქმის ყველა მყინვარი უკან იხევს. შემცირების პროცესში შეთხელებას განცდიან მყინვართა ზედაპირები, რთული ხეობის ტიპის მყინვარების მთავარ სხეულს გამოეყოფათ შენაკადები, რომლებიც დამოუკიდებელი მყინვარები ხდებიან. ასე, 1888–1966 წლებში მყინვარი ყარაუგომი უკან დაიხია 1200 მ-ით, ხოლო ფართობი შემცირდა 6,5 კმ²-ით.[16]
2018 წელს ჩატარებული კავკასიონის მყინვარების ინვენტარიზაციის მიხედვით, რომელიც 2014 წლის კოსმოსური სურათების საფუძველზე შესრულდა, საქართველოს მყინვარების რაოდენობა 725, ხოლო ფართობი 369,8 კმ²-ია. მყინვარები ძირითადად თავმოყრილია ენგურის, რიონის, კოდორის და თერგის აუზებში, სადაც მდებარეობს 4500 მ და უფრო მაღალი მწვერვალები. ამ აუზებში მოდის საქართველოში არსებული მყინვარების რაოდენობის 89,32 % და ფართობის 97,15 %. მნიშვნელოვანი მყინვარებია: გერგეთი, დევდარაკი, თბილისა, ლეხზირი, სუათისი, ტვიბერი, ყვითლოდი, ძინალი, ჭალაათი და სხვა.[17]
ძველი გამყინვარება
კავკასიაში ძველი გამყინვარების კვალი სრულიად ნათლად გამოხატულია ბოლო მორენების ზვინულებით, გვერდით მორენებით და ფლუვიოგლაციალური ტერასებით. დღეისათვის საკმაოდ უტყუარია კვალი ორი გამყინვარებისა, რომლებიც შეიძლება სინქრონიზებული იქნას ალპურ-რისულ და ვიურმულ გამყინვარებასთან. გარდა ამისა, რიგი მკვლევარი თვლის, რომ კავკასიონზე გამოხატული იყო ვიურმის სტადია — ბიული, ანუ ყარაყოლის გამყინვარება. უფრო ძველი გამყინვარების კვალი საკმაოდ არ არის გამოხატული. გარდა ამისა, ზოგიერთი მკვლევარი შეცდომით გლაციალური ღვარცოფების დანალექებს და ფხვიერ ფენებს მორენულს მიაკუთვნებს და ამიტომ მთებში და მთისწინეთში ძველი გამყინვარების მოცულობას ადიდებს. კავკასიონზე ვიურმის გამყინვარების მყინვარების სიდიდე მისი თანამედროვე გამყინვარების ზომების პროპორციული იყო, ე.ი. გამყინვარება უფრო ჭარბობდა დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონზე, ხოლო მყინვარწვერის მერიდიანის აღმოსავლეთით ძველი გამყინვარების კვალი მცირედ არის გამოხატული. ვიურმის მყინვარმა 8 სტადიით დაიხია, რომელიც ბოლო მორენებით არიან გამოსახული. ძველი — თებერდის მყინვარი მდინარე თებერდის ხეობაში სიგრძით 77 კმ აღწევდა, ხოლო მდინარე თერგზე ვიურმის მყინვარის სიგრძე მხოლოდ 29 კმ შეადგენდა. ვიურმის მყინვარების ბოლოები ჩრდილო კალთაზე 900–1100 მ სიმაღლეზე მდებარეობდა. კავკასიაში გამყინვარებისა და თოვლიანობის რიტმი ისტორიულ წარსულში ე.ი. პირველი ათასწლეულის შუა პერიოდში ჩვენს ერამდე, და თანამედროვე დროში მტკიცდება მყინვარების სიდიდის ცვლილებათა ნიშნების, მყინვარების სტრატიგრაფიის, ზვავებისა და ნაყარი დანალექების, აგრეთვე არქეოლოგიური მონაცემების შესწავლით. არსებობს „მრავალსაუკონოვანი“ და „შიდასაუკუნოვანი“ ცვალებადობა დანესტიანებაში და, მაშასადამე, თოვლიანობაშიც. „მრავალსაუკონოვანი“ ცვალებადობა და მათი გავლენა მყინვარების ქცევაზე გვაძლევს ძლიერ საინტერესო მასალას იმისათვის, რომ შევისწავლოთ ისტორიულ წარსულში მყინვარების დინამიკურობის საკითხი. დანესტიანების „შიდასაუკუნოვანი“ ცვალებადობა სწრაფად მჟღავნდება ზამთრის თოვლიანობაზე, ზვავების საშიშროების მკვეთრად გაძლიერებაზე და აგრეთვე მყინვარების დინამიკაზე დროის მონაკვეთში, მათი შემოტევის დაწყების მაქსიმუმიდან, XIX საუკუნის შუახანებიდან დღემდე. „მრავალსაუკონოვან“ ცვალებადობას აქვს 1800–2000 წლის პერიოდი, ხოლო „შიდასაუკუნოვანს“ 35–40 წელი.[5]
ჰიდროგრაფია
მდინარეები
კავკასიონის მდინარეები მიეკუთვნებიან შავი, კასპიისა და აზოვის ზღვების აუზს. მდინარეთა წლიური ჩამონადენი შეადგენს 79 კმ³-ს, მათ შორის ჩრდილოეთ კალთაზე 29,6 კმ³-ს, ხოლო სამხრეთ კალთაზე 49,4 კმ³-ს. მდინარეთა ქსელის სიხშირე არათანაბარია, უფრო მეტად დასავლეთითაა განვითარებული, განსაკუთრებით სამხრეთ კალთაზე, მაღალმთიანეთსა და საშუალომთიანეთში. კავკასიონის მაღალმთიანი ნაწილისთვის დამახასიათებელია ალპური ტიპის მდინარეები, ე.ი. ისეთები, რომლებიც თოვლითა და მყინვარით საზრდოობენ. ხშირად მდინარეები მიედინებიან თვალწარმტაც კანიონისებრ ხეობებში.[5]
ყველა მდინარე, რომლებიც თოვლითა და მყინვარით იკვებებიან, აქვთ საერთო თავისებურებები: მინიმალური დონე მათ აქვთ ზამთარში, როცა მყინვარების დნობა იძლევა წყლის უმნიშვნელო რაოდენობას; პირველი წყალმოვარდნა ემთხვევა მთისწინეთში თოვლის დნობას, ხოლო დონის მაქსიმალური აწევა ივლისზე მოდის, როცა მყინვარების და ყინულის ზედაპირზე თოვლის საფრის დნობა მიმდინარეობს. მდინარეთა ამ ტიპს მიეკუთვნება მდინარე ყუბანის, თერგის, რიონის, ენგურის, კოდორისა და მათი შენაკადების ზემო დინებები. ბევრი მდინარე ღვარცოფულია. მდინარეთა ქსელი სიმაღლის შემცირებასთან ერთად მცირდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.[2]
მაღალმთიანი ზოლის დასავლეთი ნაწილის სამხრეთ ფერდობზე (აღმოსავლეთ აფხაზეთში, დასავლეთ სვანეთში და მთიან სამეგრელოში) ჩამონადენის მოდული 80–100 ლ/წმ უდრის ერთ კმ²-იდან. ჩრდილოეთ ფერდობზე და აღმოსავლეთ ნაწილში იგი ეცემა 30–40 ლ/წმ-მდე და მხოლოდ კახეთში აღწევს 70 ლ/წმ.[2]
კავკასიონზე მდინარეული ჩამონადენი მაღალია. კავკასიონის სამხრეთ ფერდობის მთავარი მდინარეებია: შახე, მზიმთა, ბზიფი, კოდორი, ენგური, რიონი (შენაკადებით — ცხენისწყალი, ჯეჯორა, ყვირილა), ლიახვი, ლეხურა, ქსანი, არაგვი, იორი, ალაზანი, ქურმუხისწყალი, ალინჯაჩაი, თურიანჩაი, გოქჩაი, ფირსაათი. ჩრდილოეთ ფერდობის მთავარი მდინარეებია: ყუბანი (შენაკადებით — აფიფსი, ფსეყუფსი, ფშიში, ბელაია, ლაბა, ურუპი, დიდი და პატარა ზელენჩუკი), თერგი (შენაკადებით — ბაქსანი, ჩერეკი, ჩეგემი, ურუხი, არდონი, სუნჯა, ასა, არღუნი), სულაკი (ოთხი მდგენელი ყოისუთი), სამური, ყარაჩაი. მაღალმთიანი ზოლის მდინარეები — ენგური, რიონი, კოდორი, თერგი, ყუბანი, მალკა, ჩერეკი, არღუნი, სულაკი (მისი მდგენელებით) უმთავრესად საზრდოობენ მყინვარებით. მაქსიმალური ხარჯი მათ ზაფხულობით აქვთ. დანარჩენი მდინარეების წყალდიდობა გაზაფხულზეა. კავკასიონის მდინარეთა სატრანსპორტო მნიშვნელობა არც თუ ისე დიდია. ქვემო დინებაში სანაოსნოა მტკვარი, რიონი და ყუბანი. მდინარეთა დიდი ნაწილი გამოიყენება სარწყავად, აგებულია ჰესები.[2]
ენგური, რომელიც მოედინება კავკასიონის სამხრეთ კალთიდან | მდინარე რიონი, რომლის აუზის ფართობია 13400 კმ² | ავარიისა და ანდის ყოისუს შეერთების ადგილი |
ტბები
კავკასიონზე არის მყინვარული, კარსტული, ტექტონიკური, ვულკანური და სხვა გენეზისის ტბები. ტბები არც თუ ისე დიდია, თუმცა ზოგიერთი საკმაოდ ღრმაა. კავკასიონის ბევრი ტბა ზღვის დონიდან 3000 მ-ზე მაღლა მდებარეობს. ზოგადად, კავკასიონისთვის ტიპურია მაღალმთიანეთში განლაგებული კარული ტბები, განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონზე და შედარებით დაბალ სიმაღლებრივ სარტყლებში მოქცეული კარსტული ტბები.[18]
კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზეა კარული ტბა ადუედააძიჟი, რომლის მაქსიმალური სიღრმეა 64 მ. აფხაზეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2178 მ სიმაღლეზეა კარული გორაფის ტბა, რომლის უდიდესი სიღრმე 15,6 მ აღწევს. დიდი სიღრმით გამოირჩევა აგრეთვე დიდი მცრა (42 მ). ქლუხორის უღელტეხილის ჩრდილოეთით გაწოლილია მომცრო ქლუხორის ტბა, რომელიც კარული წარმოშობისაა. ეგრისის ქედზეა ტბა ტობავარჩხილი და ა.შ.
ჩერეკის ხეობაში, ზღვის დონიდან 809 მ სიმაღლეზე მდებარეობს კავკასიის უღრმესი ტბა ცერიქოლი, რომლის მაქსიმალური სიღრმეა 279 მ. იგი კარსტული წარმოშობისაა. მდინარე ყვირილის აუზშია ერწოს ტბა, რომელსაც 4 კარსტული ძაბრი უკავია. მყინვარულ-კარსტული წარმოშობისაა ტბა ფსენოდახი.[19]
რელიეფის ნგრევით შეგუბებული ტბებიდან პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია კავკასიის ერთ-ერთი ულამაზესი ტბა რიწა, რომლის სიღრმე 101 მ აღწევს. მისი ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსეს დაგუბების შედეგად. 1891 წლის 3 ოქტომბერს მთა პატარა შხაპაჭის ფერდობის ჩამოქცევის შედეგად გაჩნდა ამტყელის ტბა. 1896 წელს კლდებოძალის მთის ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა ქვედის ტბა. ტექტონიკური ტბებიდან აგრეთვე გამოსაყოფია აბრაუს ტბა. ვულკანურ-მყინვარული გენეზისის ტბები თავმოყრილია ყელის ზეგანზე. ამ მხრივ, აღსანიშნავია ყელის ტბა, რომლის მაქსიმალური სიღრმე 63 მ აღწევს. ვულკანური ტბებიდან მნიშვნელოვანია ყელიცადი, არჩვების ტბა და ა.შ.
რელიეფის ნგრევით შეგუბებული ტბა რიწა, რომელიც უღრმესია ამიერკავკასიაში | აბრაუს ტბა | ყელის ტბა |
ლანდშაფტის ტიპები
კავკასიონისთვის დამახასიათებელია ნაირგვარი ლანდშაფტები; ლანდშაფტური ზონების სისტემის შედგენილობა კავკასიონის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაა. გაბატონებულია მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტი. მკაფიოდ გამოიყოფა სიმაღლებრივი სარტყლურობა, რომელიც იცვლება მიკროკალთების ექსპოზიციისა და გრძედული მდებარეობის გამო. თვალსაჩინო განსხვავებანი სიმაღლებრივი სარტყლურობის სტრუქტურაში დამახასიათებელია კალთების ქვედა ნაწილებისთვის. დასავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე მთისწინეთში მცირე ფართობი უკავია შავმიწებზე განვითარებულ სტეპურ ლანდშაფტს (450–500 მ-მდე), რომელიც შერეულია ტყე-სტეპის მონაკვეთებს შავმიწების მდელოს სტეპთან და ტყის ყომრალი ნიადაგების მუხის ტყეებთან.[2]
უფრო მაღლა (600–800 მ) ყომრალ და კორდიან-კარბონატულ ნიადაგებზე განვითარებული მთა-ტყის ლანდშაფტია დაბალმთიანი ფართოფოთლოვანი (მუხისა და მუხნარ-რცხილნარის) და საშუალომთიანი (წიფლის) ტყეებით; 1300–1600 მ სიმაღლეზე ყომრალ და ეწერ ნიადაგზე განვითარებული შერეული და წიწვოვანი (წიფლნარ-ნაძვნარი და ნაძვნარ-სოჭნარი) ტყეებია. ტყის ზედა საზღვართან (2000–2300 მ) განვითარებულია არყნარი, იშვიათად წიფლნარი და ნეკერჩხალი. მაღალმთიანეთისთვის ტიპურია მთა-მდელოს ლანდშაფტი: კორდიან ნიადაგზე განვითარებული მაღალბალახიანი სუბალპური და ალფეჰუმუსურ ნიადაგზე განვითარებული ალპური დაბალბალახიანი (2500 მ) მდელო. მათზე მდებარეობს პრიმიტიულ ნიადაგზე განვითარებული სუბნივალური სარტყელი ფრაგმენტული მცენარეულობით.[2]
3300 მ-ის მაღლა გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტია. დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთებზე სიმაღლებრივი სარტყლების სტრუქტურა ანალოგიურია, მხოლოდ მთისწინეთში 600 მ სიმაღლემდე ფორმირდება სუბტროპიკული კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი ტყე, ყვითელმიწა, იშვიათად წითელმიწა ნიადაგებზე განვითარებული პოლიდომინანტური (წაბლი, ქართული მუხა, ჰართვისის მუხა, წიფელი) მარადმწვანე ქვეტყითა (ბაძგი, შქერი, წყავი, ბზა) და ლიანებით (კოლხური სურო); ჩვეულებრივ კორდიან-კარბონატული ნიადაგია. წიწვოვანი სახეობებიდან გვხვდება ურთხელი. ქალაქ ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით კორდიან-კარბონატულ და ყავისფერ ნიადაგზე განვითარებული ხმელთაშუაზღვიური ტყეები (Quercus pubescens, საკმლის ხე, Juniperus excelsa) და ბუჩქნარია. აღმოსავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთის ქვედა ნაწილებში ჭარბობს წაბლი, იშვიათად ყავისფერ ნიადაგებზე განვითარებული მშრალი სტეპის ლანდშაფტები, შიბლიაკითა და ფრიგანით, 800–2000 მ-ზე შავმიწებზე განვითარებული დაბალმთიანი და საშუალომთიანი სტეპის და მდელო-სტეპის ლანდშაფტებია.[2]
მთა-ტყის ზონა ფიჭვნარით განვითარებულია ფრაგმენტულად. კასპიის ზღვისკენ მოქცეულ კალთებზე, 600–1200 მ სიმაღლეზე გვხვდება ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული ფართოფოთლოვანი ტყის მონაკვეთები (მუხა და რცხილა). მაღალმთიანეთისთვის ტიპურია კორდიან და ალფეჰუმუსურ ნიადაგზე განვითარებული მთის მდელო ქსეროფიტული ელემენტებით. გლაციალურ-ნივალური ზონა იწყება მაღლა (3800–3900 მ), ვიდრე დასავლეთ კავკასიონზე. აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთების უკიდურეს აღმოსავლეთში განვითარებულია მთისწინა ნახევარუდაბნოები, დაახლოებით 300 მ სიმაღლეზე ყავისფერ ნიადაგზე განვითარებული დაბალმთიანი არიდული მეჩხერი ტყე და შიბლიაკია, საშუალომთიანეთში ყომრალ ნიადაგზე განვითარებული ფართოფოთოვანი ტყეა (აღმოსავლური მუხა, ქართული მუხა, რცხილა, წიფელი) ჰირკანული რელიქტური სახეობების მონაწილეობით (ბოკვი და სხვა); უფრო მაღლა, ალფეჰუმუსურ ნიადაგზე განვითარებულია სუბალპური და ალპური მდელოს მთა-მდელოს ლანდშაფტები; ადგილ-ადგილ გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტია. კავკასიონის ლანდშაფტები ადამიანის მიერაა გარდაქმნილი, განსაკუთრებით მთისწინა და დაბალმთიანი სტეპური და სუბტროპიკული ტყის ლანდშაფტები. ძლიერ არის დარღვეული აღმოსავლეთ კავკასიონის ლანდშაფტები.[2]
დაცული ტერიტორიები
ტიპური და უნიკალური ბუნების ლანდშაფტების დასაცავად შექმნილია ნაკრძალები, რომელთაგან ყველაზე ცნობილია კავკასიის ნაკრძალი, თებერდის ნაკრძალი, ყაბარდო-ბალყარეთის ნაკრძალი, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, რიწის დაცული ტერიტორია და სხვა. არის ეროვნული პარკებიც, მათ შორის: სოჭის ეროვნული პარკი, იალბუზისპირეთის ეროვნული პარკი და სხვა. ბუნების ძეგლებს შორისაა „ქვის ზღვა“ ლაგო-ნაკის პლატოზე დასავლეთ კავკასიონზე. კავკასიის ნაკრძალი, სოჭის ეროვნული პარკი და სხვა შეტანილია მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში.[2]
კავკასიის ნაკრძალი განფენილია ქალაქებს სოჭსა და მაიკოპს შორის. მისი ფართობია 2848 კმ². დაარსდა 1924 წელს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ბუნებრივი კომპლექსების დაცვის მიზნით. ფლორა მოიცავს მცენარეთა დაახლოებით 3000 სახეობას, რომელთ შორისაა მესამეული პერიოდის მრავალი რელიქტური და ენდემური სახეობა. მრავალფეროვანია ფაუნაც; გვხვდება ძუძუმწოვრების 80 სახეობა, ფრინველთა 250-ზე მეტი სახეობა და სხვა.[20]
კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე განლაგებულია თებერდის ნაკრძალი, რომელიც დაარსდა 1936 წელს; მისი ფართობია 850 კმ². მის ფარგლებშია მწვერვალი დომბაიულგენი. ნაკრძალის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ტბაა მიმოფანტული. მდიდარია ფლორითა და ფაუნით.[21]
კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზეა ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც დაარსდა 1912 წელს პოლონელი ბუნებისმეტყველის ლუდვიკ მლოკოსიევიჩის მიერ.[22] რიწის დაცული ტერიტორიის ფარგლებშია რიწის ტბა და მცენარეთა და ცხოველთა მრავალი სახეობა.
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, ნინოსხევის ჩანჩქერი | თებერდის ნაკრძალი, მაღალმთიანი რელიეფი, კავკასიონის მთავარი ქედი | ყაბარდო-ბალყარეთის ნაკრძალი |
ფლორა
კავკასიის ფლორა განირჩევა საერთო სიმდიდრითა და მრავალგვაროვნებით. ეს გამოწვეულია ამ რეგიონის ბუნებრივი ლანდშაფტის სხვა კომპონენტების ტიპების სიმრავლითა და რთული განაწილებით სივრცეში, აგრეთვე კავკასიის ყელის ანთროპოგენული წარსულის თავისებურებებით. კავკასიის ფლორის ხასიათი ცვალებადობს სუბტროპიკულიდან ნივალურამდე და ჰუმიდურიდან არიდულამდე. ამ გარემოებას საფუძვლად უდევს ბუნებრივი პირობების სივრცეში ცვალებადობის კანონზომიერებანი. მძლავრ ფაქტორად გვევლინება ადამიანის საქმიანობაც. კავკასიის და კავკასიონის მცენარეულობა კარგად არის შესწავლილი ბოტანიკოსების მიერ. მთლიანად კავკასიაში გვხვდება 6000-ზე მეტი სახეობის მცენარე.[5] დასავლეთ კავკასიონზე და აგრეთვე ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთებზე გაბატონებულია სოჭი, ნაძვნარ-სოჭნარი და ნაძვნარი. ძირითადი მერქნიანი ჯიშებია კავკასიური სოჭი და აღმოსავლური ნაძვი. რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული სოჭნარი. უფრო აღმოსავლეთით, მაგალითად, სვანეთში, გაბატონებულია ნაძვნარ-სოჭნარი და ნაძვის ტყეები. კავკასიონის ჩრდილო კალთისთვის მდინარე ყუბანის აუზში, სადაც ხელსაყრელი პირობებია სოჭნარის აღმოცენებისათვის, დამახასიათებელია სოჭნარი მჟაველასთან ერთად. მდინარე ბელაიისა და ფშეხის აუზში სოჭნარში ქვეტყის სახით იზრდება მარადმწვანე ბუჩქნარი შქერი. ბელაიის აღმოსავლეთით გვხვდება შერეული ნაძვისა და სოჭის ტყეები, ნაძვნარი. ქვეტყე სუსტადაა განვითარებული. სამხრეთ კალთებზე, აფხაზეთში, გაბატოენბულია სოჭი, უფრო აღმოსავლეთით დიდ როლს თამაშობს ნაძვი. ხშირია მარადმწვანე ბუჩქნარისა და კავკასიური მოცვისგან შემდგარი ქვეტყე. უფრო მშრალ ადგილებში ვითარდება წივანა. ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე გაბატონებულია სოჭის ტყე. სუბალპური მდელო განირჩევა მაღალი და ხშირი ბალახთდგომით, განსაკუთრებით დასავლეთ კაკვასიონზე. მაღლა ალპური ზონა ვრცელდება. აღმოსავლეთ კავკასიონის მდინარეთა ხეობებში ცალკეული ლაქების სახით გვხვდება მერქნიანი მცენარეულობა. უფრო მშრალ ხეობებში ქსეროფიტული ბუჩქნარები და მშრალი გამეჩხრებული ტყეა. თუმცა ტყის მასივები, ისევე როგორც ბუჩქნარი, გავრცელებულია ცალკეული ლაქების სახით, მაშინ როდესაც ხეობათა მცენარეულობის ძირითადი ფონი ქმნის მთის გასტეპებულ მდელოებსა და სტეპებს. დაღესტნის ხეობებში ტყეს უმეტესწილად ფიჭვი ქმნის. გვხვდება აგრეთვე შერეული ტყე. ქედებზე გაბატონებულია სუბალპური და ალპური მდელო.[7]
კავკასიური მოცვი — ბუჩქი ან ტანდაბალი ხე მანანასებრთა ოჯახისა | სოჭი. ტანმაღალი და მარადმწვანე მერქნიანი მცენარე | კავკასიური სოჭი — მარადმწვანე წიწვოვანი ხე ფიჭვისებრთა ოჯახისა |
ფაუნა
იყო დრო, როდესაც მთელი კავკასიის ყელი მეცნიერებს წარმოდგენილი ჰქონდათ ერთ მთლიან ზოოგეოგრაფიულ ერთეულად. XX საუკუნის დასაწყისისთვის ეს შეხედულება მოძველდა თვით კავკასიის ფაუნისტური კვლევისა და მსოფლიო ზოოგეოგრაფიული ცოდნის განვითარების შედეგად. ამჟამად დადგენილია, რომ კავკასიის ფაუნა თავისი მაღალი ენდემიზმის მიუხედავად, გენეტიკურად დაკავშირებულია ევრაზიის სხვადასხვა ზოოგეოგრაფიულ დანაყოფებთან, რომლებსაც აერთიანებს პალეარქტიკის ოლქი. კავკასიის ფაუნის ენდემიზმის ხარისხი საკმაოდ მაღალია.[5] სოჭისა და ნაძვის ტყეებში წარმოდგენილია კავკასიონის ჩვეულებრივი მთა-ტყის ფაუნა. გვხვდება მურა დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, კეთილშობილი ირემი, გარეული ღორი და სხვა. ჩრდილოეთ კალთაზეა ციმბირული შველი. მაღალმთიან ზონაში ბინადრობს დასავლეთკავკასიური ჯიხვი, კავკასიური არჩვი, თოვლის მემინდვრია, პრომეთეს მემინდვრია და სხვა. მაღალ სიმაღლეებზე გვხვდება მთის თხა. ფრინველებიდან გვხვდება კავკასიონისათვის იშვიათი ტაიგური ფრინველები ხეკაკუნა, სტვენია, ნისკარტმარწუხა და სხვა. მაღალმთიანი ზონისთვის ნიშანდობლივია კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი. აღმოსავლეთ კავკასიონის ფაუნის შედგენილობა საერთო ჯამში წააგავს დასავლეთ და ცენტრალური კავკასიონის ფაუნას, თუმცა დასავლეთკავკასიური ჯიხვის ნაცვლად აქ ბინადრობს აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ხოლო პრომეთეს მემინდვრია საერთოდ არ გვხვდება.[7]
დასავლეთკავკასიური ჯიხვი, რომელიც ითვლება საფრთხეში მყოფ სახეობად | ხეკაკუნა ანუ შავი კოდალა კოდალასებრთა ოჯახისა | აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი |
შესწავლის ისტორია
პირველი ცნობები კავკასიის მთიან რეგიონზე გვხვდება ჰეროდოტესთან, რომელმაც მოინახულა შავიზღვისპირა ბერძნული კოლონიები ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში და ქსენოფონტესთან, რომელმაც ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში იმოგზაურა ამიერკავკასიაში. ცნობები კავკასიონზე გვხვდება სხვა ავტორებთანაც, თუმცა ასეთ აღწერებს აქვთ უფრო ისტორიულ-გეოგრაფიული, ვიდრე ფიზიკურ-გეოგრაფიული დანიშნულება.[23]
პირველი დეტალური, თუმცა ზოგადი ცნობები კავკასიონზე გაჩნდა გეოგრაფიული რუკების შექმნასთან ერთად. ერთ-ერთი პირველი იყო XVIII საუკუნის შუა ხანებში ნიდერლანდებში შექმნილი და 1788 წელს ინგლისში შექმნილი რუკები, რომელიც შემდეგ რუსეთში გამოიცა 1808 წელს. ამ რუკებზე მკვეთრად მოჩანს კავკასიონის ძირითადი ქედების განლაგება, რომელიც გადაჭიმულია მდინარე ყუბანის ქვემო წელიდან აფშერონის ნახევარკუნძულამდე სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.[23]
კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ექვსი მთიანი ჯაჭვი და მთელი რიგი ქედი დაღესტანში. კავკასიონის უფრო დაწვრილებითი გამოსახულება მოცემულია ბუცკოვსკის რუკაზე, რომელიც გამოიცა 1811–1813 წლებში. საქართველოს ტერიტორიაზე, 1732–1745 წლებში ვახუშტი ბაგრატიონმა შექმნა სხვადასხვა მასშტაბის რუკა. ამ რუკებზე გამოსახულია ძირითადი ქედები, მთები, კანიონები, მდინარეები და სხვა.[23]
1847 წლიდან დაიწყო კავკასიონის ათვერსიანი, ხოლო უფრო მოგვიანებით ხუთვერსიანი რუკების შედგენა და გამოცემა. 1859 წელს აბიხმა გამოსცა კავკასიის პირველი გეოლოგიური აღწერილობა და ერთდროულად მოგვცა მისი საერთო ოროგრაფიული დახასიათება. კავკასიის პირველი სპეციალური ოროგრაფიული სამუშაო გასწია იოსებ ხოძკომ, მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა აგრეთვე ნ. სალაცკიმ. კავკასიონის ოროგრაფიის შესწავლილობაში დიდი წვლილი შეიტანა აგრეთვე ვ. მიხაილოვსკიმ, ლ. აპოსტოლოვმა, დაგლას ფრეშფილდმა, გოტფრიდ მერცბახერმა, მ. დეშმა და სხვა.[23]
კავკასიონის ოროგრაფიის აღწერილობა მოცემულია ივანე შჩუკინის 1926 წლის შრომაში; კავკასიონის ოროგრაფიის ახალი დაზუსტება განხორციელდა 1948–1954 წლებში ნიკოლოზ გვოზდეცკის მიერ. 1945 წლიდან მოყოლებული დაიწყო კავკასიონის სისტემატური გეოლოგიური შესწავლა. პირველი ცნობები საქართველოს გეომორფოლოგიის შესახებ გვხვდება კავკასიის მკვლევართა ნაშრომებში, კერძოდ ანატოლი რეინგარდისა (1917) და ივანე შჩუკინის (1926) შრომებში. საკუთრივ საქართველოს რელიეფი პირველად აღწერა ალექსანდრე ჯავახიშვილმა (1926). XX საუკუნეში დეტალურად იქნა შესწავლილი საქართველოს ცალკეული გეომორფოლოგიური რაიონები. საქართველოს ტერიტორიის გეომორფოლოგიური კვლევის შედეგები შეჯამდა კოლექტიურ მონოგრაფიაში „საქართველოს გეომორფოლოგია“, რომლის მთავარ რედაქტორს — ლევან მარუაშვილს 1972 წელს მიენიჭა სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედალი.[24] მნიშვნელოვანია აგრეთვე რამინ გობეჯიშვილის ნაშრომი „საქართველოს რელიეფი“ (2011), „გლაციოლოგია“ (2007) და სხვა.[25]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- კავკასიონი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- კავკასიონი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
- კავკასიონზე. კრ., შემდგ. დ. ფურცელაძე, რედ. ნ. კეცხოველი, თბ., 1959;
- მარუაშვილი ლ., კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ. 1–3, თბ., 1975–86;
- Геоморфология Грузии: Л. И. Маруашвили (отв. ред.) и др. Тб.: Мецниереба, 1971. - 609 с.
- Гвоздецкий Н. А. Кавказ. М., 1963;
- Большой Кавказ – Стара-Планина. М., 1984;
- Беручашвили Н. Л. Кавказ: ландшафты, модели, эксперименты. Тб., 1995.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 ი. ჯიშკარიანი, აზიისა და კავკასიის სახელწოდებათა წარმოშობის საკითხისათვის, ტფილისი, 1924
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 Д. С. Асоян, М. Н. Петрушина; В. Е. Хаин.. Большой Кавказ. Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-02.
- ↑ 3.0 3.1 3.2 მარუაშვილი ლ. (1981). კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია: ნაწილი 2:. თბილისი, საქ.: მეცნიერება.
- ↑ М. Н. Петрушина. Западный Кавказ. Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-29.
- ↑ 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 დავიდივა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ. (1988). სსრკ კავშირის ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, საქ.: განათლება.
- ↑ М. Н. Петрушина. Восточный Кавказ. Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-23.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 Гвоздецкий Н.А. (1954). Физическая география Кавказа. Москва: МГУ.
- ↑ 8.0 8.1 რადვანი ჟ. ბერუჩაშვილი ნ. „კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011
- ↑ 31-томная энциклопедия. Опубликована во Франции с 1886 по 1902 год.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 კავკასიონი | ენციკლოპედია საქართველო
- ↑ 11.0 11.1 ლევან მარუაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 214.
- ↑ ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე. კავკასიონი. selftravel.ge.[მკვდარი ბმული]
- ↑ Т. Г. Морозова (2011). Экономическая география России. Москва: Юнити.
- ↑ Е.А. Золотарев, Е.Г. Харьковец. Эволюция оледенения Эльбруса после малого ледникового периода. // лёд и снег, 2012, № 2(118). С. 15-22.
- ↑ Кавказ (ледниковая система) | Научно-популярная энциклопедия «Вода России». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-17. ციტირების თარიღი: 2022-03-29.
- ↑ Рототаева О.В., Носенко Г.А., Тарасова Л.Н., Хмелевской И.Ф. Климатически обусловленные колебания ледников во второй половине ХХ века. Кавказ. // Оледенение Северной и Центральной Евразии в современную эпоху. М.: Наука, 2006. С. 141-182
- ↑ ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები, გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014
- ↑ Гвоздецкий Н.А. Физическая география Кавказа. Москва, 1958
- ↑ Географический очерк озер Кавказского заповедника
- ↑ Кавказский заповедник. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-18. ციტირების თარიღი: 2020-05-30.
- ↑ Тебердинский заповедник
- ↑ ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი | დაცული ტერიტორიების სააგენტო
- ↑ 23.0 23.1 23.2 23.3 Ефремов Ю.В., Панов В.Д., Лурье П.М., Ильичѐв Ю.Г., Панова С.В., Лутков Д.А. Орография, оледенение, климат Большого Кавказа: опыт комплексной характеристики и взаимосвязей. Краснодар: Кубанский гос. университет, 2007. — 338 с.
- ↑ Геоморфология Грузии [Текст] : Рельеф ГССР в аспектах пластики, происхождения, динамики и истории / [Ред. коллегия: ... Л. И. Маруашвили (отв. ред.) и др.] ; [АН ГССР. Ин-т географии им. Вахушти]. - Тбилиси : Мецниереба, 1971. - 609 с.
- ↑ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-22. ციტირების თარიღი: 2020-05-30.
|