საქართველოს სამხედრო გზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთის სატელიტური ფოტო

საქართველოს სამხედრო გზა — ისტორიული სახელწოდება გზისა, რომელიც კავკასიონის მთავარ ქედზე გადადის ჯვრის უღელტეხილით (2395 ) და ქ. თბილისს (საქართველო) ქ. ვლადიკავკაზთან (ჩრდილოეთი ოსეთი) აკავშირებს. სიგრძე 206 კმ. გაიხსნა 1899 წელს.

ნომერი ევრო მარშრუტი სახელი სიგრძე (კმ)
S3-GE.svg Tabliczka E117.svg მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსი 139

მარშრუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი მარშრუტი, ტფილისსა და ვლადიკავკაზის საფოსტო სადგურებს შორის მოიაზრებოდა, რომელიც გზაზე არსებულ საფოსტო განყოფილებების გავლით მიემართებოდა.

თბილისიდან გზა მიყვება მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, სოფელ მუხათგვერდთან ხიდით მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს გადადის, სოფელ წიწამურის შემდეგ გრძელდება მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს — მუხრანის ვაკეზე და დაბა ჟინვალთან შედის მდინარე მთიულეთის არაგვის ვიწრო ხეობაში. გაივლის დაბა ფასანაურს. სოფელ ზემო მლეთიდან იწყება ზემო მლეთის აღმართი, რომელიც ჯვრის უღელტეხილით მთავრდება. უღელტეხილიდან გზა ეშვება მდინარე ბიდარის ვიწრო ხეობაში, გადის სოფელ ალმასიანთან, სადაც თავს იყრის ბიდარის, თრუსოსა და უხათის ხეობები, შემდეგ მიყვება მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, გაივლის სოფლებს — კობს, სიონს, გარბანს და დაბა სტეფანწმინდას. სტეფანწმინდიდან გზა ხიდით გადაინაცვლებს მდინარე თერგის მარცხენა მხარეს. მდინარე ჩხერის შესართავთან იწყება დარიალის ხეობა. აქედან გზა გველეთის ხიდით კვლავ მდინარე თერგის მარჯვენა მხარეზე გადადის, გაივლის სოფლებს ზემო ლარსა და ჩიმს, შედის შედარებით ფართო ბალთის ხეობაში, რომელიც კლდოვან ქედს კვეთს. აქედან გზა ჯერ საძოვრებიან, შემდეგ ტყიან ქედს კვეთს და მთავრდება ქ. ვლადიკავკაზთან.

საქართველოს სამხედრო გზის მიდამოებში მდინარე არაგვის ქვემოთი დაბალი და საშუალმთიანია. სოფელ ზემო მლეთიდან იწყება მარალმთიანი რელიეფი, რომელშიც გამოხატულია მთა-ტყის, სუბალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტური ზონები. სოფელ ზემო ლარსიდან ისევ საშუალმთიანი რელიეფია ფართოფოთლოვანი ტყითა და მდელოებით. მდინარე ბიდარის ხეობაში არის ნარზანის ცნობილი მინერალური წყაროები. მინერალური წყლებით მდიდარია ასევე თრუსოს, უხათისა და სხვა ხეობები.

საქართველოს სამხედრო გზა გადის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სადაც მდებარეობს საკონტროლო-გამშვები პუნქტები: ზემო ლარსი და ყაზბეგი.

საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად წარმოადგენს ევროპის ავტომაგისტრალი E117-ის ერთ-ერთ მონაკვეთს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაგვისა და თერგის ხეობებზე უძველესი დროიდან გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი გზა, რასაც ხშირად დარიალის გზასაც უწოდებდნენ.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ტომებს შორის უკვე ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან არსებობდა მჭიდრო კულტურული ურთიერთობა. ამ ურთიერთობების ერთ-ერთ არხს თერგისა და არაგვის ხეობები წარმოადგენდა. ძვ. წ. VI საუკუნეში სკვითური ტომები ამიერკავკასიასა და მცირე აზიაში, კოლხიდა-მეოტიის, მამისონის და დერბენდის გზებთან ერთად, დარიალისა და არაგვის ხეობების გავლითაც აღწევდნენ. ბერძენი გეოგრაფი სტრაბონის (ძვ. წ. I საუკუნე — ახ. წ. I საუკუნე) წერდა: „ჩრდილოეთით მცხოვრები მომთაბარეებიდან სამი დღის ძნელი ამოსასვლელია, ხოლო ამის შემდეგ არის საცალფეხო გზა, მდინარე არაგოსის ვიწრო ხეობაში, დაახლოებით ოთხი დღის სავალი, ხოლო დღის ბოლო ძნელად ასაღები კედლით არის გამაგრებული“.

როცა რომაელები პირველად (ძვ. წ. I საუკუნე) მოვიდნენ საქართველოში, დარიალს იბერიის სამეფო ფლობდა. ქართველებს ეს ხეობა კედლით ჰქონდათ გამაგრებული.

გზისა და დარიალის კარის კონტროლი ძველთაგანვე დაინტერესებულნი იყვნენ წინა აზიის დიდი სახელმწიფოები.

სამხრეთ კავკასიაში არაბთა ბატონობის დამყარების შემდეგ (VII საუკუნე)დარიალის კარს ურთიერთს ეცილებოდნენ არაბები და ხაზარები. ალან-ხაზართა შემოსევების აღკვეთის მიზნით, არაბებმა გაამაგრეს დარიალის ხეობა, რომელსაც ქართველი მთიელების — წანარების წინააღმდეგობის დაძლევის გზით მიაღწიეს.

XII საუკუნის I ნახევარში ამ გზით გადმოასახლა დავით IV აღმაშენებელმა ყივჩაყთა 45 ათასი ოჯახი საქართველოში. თემურლენგის ლაშქრობების (XIV—XV საუკუნეების მიჯნა) შემდეგ გზის მნიშვნელობა დაეცა და იგი ნაგზაურად იქცა.

XVI საუკუნის რუსეთის გეოგრაფიულ აღწერაში, ცნობილი როგორც «Большой Чертежъ», წერია შემდეგი: „მდინარე მტკვრის მარცხენა მხარიდან გამოედინება მდინარე თერგი, რომელიც მიედინება მთებში, საიდანაც ჩაედინება ხვალიმის (კასპიის?) ზღვაში“[1]. აღნიშნული ჩანაწერი იმის დასტურია რომ რუკის შედგენის მომენტში რუსეთის იმპერიაში ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ არაგვი-თერგზე გამავალ გზაზე და შესაბამისად შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ ადრეულ პერიოდში აღნიშნული გზა არ გამოიყენებოდა აქტიური მიმოსვლისათვის. XVI საუკუნიდან მოყოლებული რუსეთის ელჩობა მოგზაურობისათვის ყოველთვის მიიჩნევდა როგორც მოუხერხებელსა და სახიფათოს. 1590 წელს კახეთიდან დაბრუნებული რუსეთის ელჩი კნიაზ ზვენიგოროდსკი აღნიშნავდა რომ დარიალით გადმოსასვლელად მას დასჭირდა დიდთოვლიანი გზის გაკაფვა და თერგზე გადასასვლელი ხიდების მოსაწყობად ასამდე ადამინის დაქირავება. ამას თან ერთვოდა ადგილობრივთაგან მათზე თავდასხმა და ძარცვა. ანალოგიური ვითარება დახვდა რუსეთის ელჩს მიხაილ ტატიშჩევს, რომელმაც 1604 წელს ასევე იმგზავრა აღნიშნულ გზაზე.

იყო შემთხვევები როდესაც ადგილობრივების მიერ გზის ჩახერგვის გამო რუსეთის ელჩობას უწევდა შემოვლითი გზებით გადმოსულიყვნენ ამიერკავკასიაში. ასე მაგალითად 1637 წელს კნიაზი ფიოდორ ვოლკონსკი, რომელიც კახეთში მეფე თეიმურაზთან შესახვედრად მოდიოდა, გადმოვიდა კახეთში თუშეთის გზით.

მდინარე თერგის რუკა 1733 წელს

შედარებითი აქტიური მიმოსვლა იწყება XVIII საუკუნის II ნახევრიდან. ამავე პერიოდიდან გზისადმი ინტერესს იჩენს რუსეთის იმპერიის სამხედრო უწყება. რუსეთსა და ამიერკავკასიას შორის ურთიერთობა ძირითადად ამ გზით ხორციელდებოდა.

პირველად რუსულმა ჯარმა დარიალი გადმოლახა 1769 წელს, როდესაც გრაფ ტოტლებენის მეთაურობით ერეკლე მეფის დასახმარებლად მოემართებოდა ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. მაშინ გრაფ ტოტლებენის დაქვემდებარებაში იყო ტომსკის ფეხოსანთა რაზმი, კარაბინერების 2 ესკადრონი, გუსართა 2 ესკადრონი, დონის 200 კაზაკი, 300 კალმიკი და 12 ქვემეხი თავისი მომსახურე პერსონალით. 1769 წელს მოზდოკში ჩასულმა ტოტლებენმა დაატუსაღა ყველა ოსი ზედამხედველი და მოსთხოვა მათ თერგზე გზის მოწყობა და ხიდების აშენება. აღნიშნულმა შედეგი გამოიღო და იმავე წელს რუსეთის ჯარი გადმოვიდა და გამოიზამთრა საქართველოში.

მიუხედავად გზის გაყვანისა საკმაოდ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ითხოვდნენ დიდ ბაჟს ან საერთოდ აბრკოლებდნენ გადასვლის საშუალებას. ასე მაგალითად საქართველოში არსებული გრაფ ტოტლებენის რაზმის 90 ჯარისკაცი, რომელიც მოზდოკისაკენ 1770 წელს გაბრუნდა, ვერ შეძლო დაუბრკოლებლად გადაელახა აღნიშნული გზა, რადგანაც ადგილობრივებმა ისინი გაძარცვეს, ჩამოართვეს ცხენები და იარაღი. მართალია რუსეთის ჯარზე ყველა თავდასხმა დაუსჯელი არ რჩებოდა, მაგრამ გზა მაინც არ ითვლებოდა უსაფრთხოდ.

1771 წელს როდესაც აკადემიკოსმა იოჰან გიულდენშტედტმა სცადა მოზდოკიდან ტფილისში გადმოსულიყო, ისარგებლა აღნიშნული გზით. მას თან ახლდა 24 კაზაკი და 100 ოსი თავდაცვისათვის, რომლებიც რუსეთის სამსახურისათვის ადგილობრივმა თავადმა გადასცა. მას ხიდების აღდგენისა და გაუვალი გზების გადასალახავად დასჭირდა 2 კვირა, რათა გაევლო აღნიშნული გზა. 1772 წელს გიულდენშტედტისთვის უკანდაბრუნება უფრო რთული აღმოჩნდა, რადგანაც სტეფანწმინდაში მისულს ყველა ხიდი მდინარისაგან განადგურებული დახვდა. ამას თან ერთვოდა ის, რომ ადგილობრივი მთის მოსახლეობა ცდილობდა მის გაძარცვას. სპეციალურად მის გასაცილებლად მოზდოკიდან გამოგზავნილი იყო 600 კაციანი რაზმი მაიორ ფონ კრიუდნერის მეთაურობით.

აღნიშნული გზის რთულ და სახიფათო მონაკვეთად ითვლებოდა თერგის ხეობა. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო არაგვის მონაკვეთზე. რუსეთის მხრიდან მთის მოსახლეობის დაბრკოლებას ბოლო მოეღო მას შემდეგ, რაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მოეწერა ხელი. ორმხრივი შეთანხმება გულისხმობდა საქართველოსათვის სამხედრო დახმარებისათვის რუსეთის ჯარების თავისუფალ გადაადგილებას საქართველო-რუსეთის მონაკვეთზე. ამ მიზნისათვის 1784 წელს მოზდოკიდან ლარსამდე აშენდა რამდენიმე გამაგრებული პუნქტი. იმავე წელს გზა გადმოლახა რუსეთის ორმა ბატალიონმა პოლკოვნიკ ბურნაშოვის მეთაურობით, რომელიც გაემართა ერეკლე მეფის დასახმარებლად ავარელი ომარ-ხანისა და ახალციხელი სულეიმან-ფაშას წინააღმდეგ საბრძოლველად.

თერგის მონაკვეთის რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევა წინააღმდეგობაში მოვიდა ჩეჩენი მთიელებისათვის, რადგანაც ამ გზით მათ გადაჰყავდათ საქართველოდან მოტაცებული ტყვეები, რომელთაც ისინი შემდეგ სხვადასხვა ბაზარზე ყიდდნენ. 1785 წელს ჩეჩნეთი შეიხ მანსურის წინამძღოლობით აღსდგა აღნიშნული გზის წინააღმდეგ. 1786 წელს რუსეთის მცირერიცხოვანი არმია იძულებული შეიქმნა დაეთმო მის მიერ ახლადაშენებული გამაგრებები (პოტიომკინა, გრიგორიპოლი და ვლადიკავკაზი).

თერგის მონაკვეთის უკონტროლოდ დატოვება ძვირი დაუჯდა საქართველოს. 1795 წელს როდესაც აღა-მაჰმად-ხანი ირანიდან შემოესია საქართველოს, რუსეთიდან დასახმარებლად გამოსული რაზმი პოლკოვნიკ სიროხნევის მეთაურობით მხოლოდ დაგვიანებით ჩამოვიდა თბილისში, რომელიც მას უკვე განადგურებული დახვდა.

1799 წელს საქართველოში დაინიშნა მინისტრის ტიტულით რუსეთის მუდმივი რეზიდენტი კოვალენსკი. არმიის სახით მას თან ახლდა მე-17 ეგერის რაზმი გენერალ-მაიორი ლაზარევის მეთაურობით. 1799-1801 წლების მოვლენების გათვალისწინებით რუსეთის იმპერიის ხელმძღვანელობა მივიდა იმ დასკვნამდე რომ უფრო მეტი კომუნიკაციისატვის აუცილებელი იყო სატრანსპორტო კორიდორის არსებობა, რომელზედაც თავისუფლად და სწრაფად იმოძრავდებდა საჯარისო შენაერთები. ამასთანავე ამიერკავკასიაში არსებულ რუსეთის რამდენიმე ათასიან არმიისათვის რეგიონში არ არსებობდა საკმარისი საკვები პროდუქტი, და თუ იყო მხოლოდ ძვირი.

1800 წლისათვის დარიალსა და ჯვრის უღელტეხილს შორის იყო 27 ხიდი, აქედან მარტო 13 მდებარეობდა დარიალსა და ბალთას შორის. მოძრაობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, რადგანაც გაზაფხულზე თერგი დიდდებოდა, ხოლო ზამთარში კი დიდთოვლობა აფერხებდა მიმოსვლას.

1802 წელს გენერალ-ლეიტენანტ კარლ კნორინგსა და თაღაურის მოსახლეობას შორის დაიდო შეთანხმება, რომ გზის გაკეთების სანაცვლოდ უფლებას მიიღებდნენ აეკრიფათ გარკვეული საბაჟო გადასახადი მგზავრებისაგან.

გზამ მოზდოკიდან ტფილისამდე ჯეროვანი ყურადღება მიიპყრო რეგიონში თავად პავლე ციციანოვის გამოჩენისთანავე. მან გაათვიცნობიერა რომ გზის არანაირი გაწმენდა-გაუმჯობესება ვერ გახდიდა მგზავრობას უსაფრთხოს თუ არ დაშოშმინდებოდა მთიელი მოსახლეობა თავდასხმებისაგან.

1802 წლის 8 სექტემბერს ციციანოვი დაინიშნა რა საქართველოს მთავარმართებლად, შეუდგა აღნიშნული იდეის განხორციელებას.

1803 წელს შედგენილ პროექტით სამხედრო გზის გაყვანა დაიწყეს გუდამაყრის ხეობიდან, რომელიც ბურსაჭილის უღელტეხილით ღუდუშაურისა და დარიალის ხეობაში უნდა გადასულიყო. აღნიშნული გზა ფუნქციონირებდა 1847 წლამდე.

1803 წელს იწყება ახალი გაფართოებული გზის მშენებლობა, რომელიც გუდამაყრის ხეობის გავლით ბურსაჭილის უღელტეხილზე ღუდუშაურისა და დარიალის ხეობაში გადადიოდა. აღნიშნული მშენებლობა მძიმე ტვირთად დააწვა მთის მოსახლეობას. იგი მთიულეთის აჯანყების (1804) დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. იმავე წელს განახლდა თერგზე არსებული ვლადიკავკაზი და სხვა სიმაგრეები, რომელიც აკავშირებდა მათ მოზდოკს. ვლადიკავკაზსა და დარიალს შორის მოეწყო რედუნტები, რომლებიც გათვალისწინებული იყო მგზავრთა მთიელთაგან დასაცავად. დარიალის ხეობაში გზებისა და ხიდების მოსაწყობად გამოთხოვილ იქნა 71 ათასი რუბლი. 1804 წელს თაღაურელმა მმართველმა მახმედ დუდაროვმა სოფელი ლარსი თავისი მიწებით რუსეთის იმპერიას დაუთმო.

1809 წელს გენერალ ალექსანდრე ტორმასოვმა რომელმაც ციციანოვი შეცვალა ბაქოში მისი გარდაცვალების გამო, შეძლო 18-დან მხოლოდ ორი დროებითი ხიდის აშენება. გზებს იკაფავდნენ კლდეების აფეთქებით, თუმცაღა საქმის მწარმოებლად ჰყავდათ საქმის მცოდნე სპეციალისტები.

1811 წელს საქართველოს სამხედრო გზა გზების სამმართველოს გადაეცა. ამ დროიდან შეიძლება ითქვას რომ გზები სისტემატიურად იწმინდებოდა და რემონტდებოდა. 1814 წელს გზები უკვე იმდენად გამართული იყო რომ მასზე მოძრაობა მძიმეწონიანი ეკიპაჟითაც შეიძლებოდა. 1827 წელს ალექსი ერმალოვის დროს დაწესდა ექსტრა-ფოსტა ტფილისსა და მოსკოვს შორის. 1834 წელს კი საფოსტო სადგურებზე შემოტანილი იყო საფოსტო ეტლები.

სხვადასხვა დროს იცვლებოდა გზის მიმართულება. გზა რომელიც ფუნქციონირებდა 1803 წლიდან შავ არაგვზე, რომელიც ვარაუდით თავიდან ააცილებდა ჯვრის უღელტეხილზე გადასვლას დიდთოვლიანობის დროს, 1847 წელს მასზე დახარჯული მილიონზე მეტი ასიგნაციის შემდეგ მიხეილ ვორონცოვმა აღნიშნული პროექტი მისი სიძვირის გამო დაიწუნა.

1861 წლამდე გზა ტფილისიდან ვლადიკავკაზამდე გზა მიდიოდა ქვიშეთამდე, შემდეგ არაგვზე გადასული აღმართით ადიოდა კაიშაურამდე და იქედან გადადიოდა ჯვრის უღელტეხილზე ზიგზაგების გარეშე ეშვებოდა ბაიდარის ხეობით სოფელ კობში. აღნიშნული გზის შეცვლაზე ფიქრი დაიწყეს ჯერ კიდევ 1855 წელს. ახალი გზა უნდა ასულიყო კაიშაურამდე მლეთის აღმართით. მლეთის აღმართის პარალელურად დაიწყეს დუშეთის მონაკვეთის მოწყობაც, რომელიც მალევე 1859 წლის 1 ნოემბერს გახსნეს. 1861 წლის 30 აგვისტოს დასრულდა ზემო მლეთის აღმართი, მომდევნო წლის 30 აგვისტოს კი გაიხსნა გუდის მთის მონაკვეთი და დასასრულს 1863 წლის 1 ნოემბერს დაიწყო მოძრაობა სადგურ კობამდე. მომდევნო თვეს ვლადიკავკაზში დაასრულეს თერგზე ოლგინსკის ხიდის მშენებლობა.

დასასრულს, მლეთის აღმართის ერთ ერთ მონაკვეთზე აღიმართა თუჯის დაფა, რომელსაც ამშვენებდა სამშენებლო წარწერა:

ვიკიციტატა
„შოსე გაკთდა მეფისნაცვალ კნიაზ ბარიატინსკის დროს, პოდპოლკოვნიკ სტატსკოვსკის პროექტითა და გზების სამმართველოს VIII ოკრუგის გენერალ-მაიორ ალბრანდის მმართველობის პერიოდში.“
(რუს. Шоссе сооружено при намҍстникҍ князҍ Барятинскомъ, по проекту подполковника Статсковскаго, во времья управленiя VIII округомъ Путей Сообщенiя генералъ-моiора Альбранда.)

1877-1878 წლებში რუსეთი-ოსმალეთის ომის დროს აღნიშნული გსამხედრო გზა აქტიურად გამოიყენებოდა ცოცხალი ძალის ჩრდილოკავკასიიდან ამიერკავკასიაში გადმოსაყვანად.

1888 წლისათვის საქართველოს სამხედრო გზის სრულ მონაკვეთზე განლაგებული იყო შემდეგი საფოსტო სადგურები, შემდეგში ცნობილი როგორც „სტანცია“.

საფოსტო სადგურები ფოტო
1. ვლადიკავკაზი
2. სადგური ბალთა
3. სადგური ლარსი Lars, photo by Alexander Roinashvili.jpg
4. სადგური ყაზბეგი
5. სადგური კობი Raev. 044 GMH. Kobi station.jpg
ჯვრის უღელტეხილი Cross Pass of the Caucasus Mountains (A).jpg
6. სადგური გუდაური Rudnev, D. Georgian Military Road in Gudaur.jpg
7. სადგური მლეთა Mlety (Merzbacher, 1901).jpg
8. სადგური ფასანაური Passanauri 1870s (A).jpg
9. სადგური ანანური Raev. 081 GMH. Ananuri station.jpg
10. სადგური დუშეთი
11. სადგური წილკანი
12. სადგური მცხეთა Georgian Military Road, Station in Mtskheta.jpg
13. სადგური ტფილისი

1909 წლიდან რეგულარული მიმოსვლა დამყარდა თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის.

ახლა საქართველოს სამხედრო გზა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგისტრალია. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ჩატარდა მისი რეკონსტრუქცია (აიგო რკინაბეტონის ხიდები და სხვა რთული ტექნიკური ნაგებობანი) ყოველწლიურად დიდი სახსრები იხარჯება გზის შეკეთებაზე. კასპიისპირა და შავიზღვისპირა სარკინიგზო მაგისტრალიების გაყვანის შემდეგ გზის მნიშვნელობა ერთგვარად შემცირდა, თუმცა დიდი იყო მისი სტრატეგიული მნიშვნელობა I მსოფლიო ომისა (1914—1918) და დიდი სამამულო ომის (1941—1945) წლებში. ზამთრის თვეებში უღელტეხილზე გზა უმეტესად ჩაკეტილია.

1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სამხედრო გზაზე აღიმართა რამდენიმე მემორიალური ნაგებობა და გამოჩენილ მოღვაწეთა ძეგლები: სკულპტურული კომპოზიცია „თერგდალეულნი“ (მოქანდაკეები კ. ტაბატაძე, ჯ. თუშურაშვილი, არქიტექტორები გ. აბულაძე, დ. ახვლედიანი); სულხან-საბა ორბელიანის მემორიალი (მოქანდაკეები გ. ზაქარაია, გ. ჟღენტი არქიტექტორები ჯ. ურუშაძე, თ. გაბუნია); მაქსიმ გორკის (მოქანდაკე ზ. კრაწაშვილი, არქიტექტორი მ. ზაალიშვილი); ი. ჭავჭავაძის (მოქანდაკე ლ. მხეიძე, არქიტექტორი თ. ბოჭორიშვილი) და სხვა.

გზის ბუნების სილამაზეს უმღერა მრავალმა ქართველმა და უცხოელმა პოეტმა და მწერალმა (ი. ჭავჭავაძე, ა. ყაზბეგი, ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ვ. მაიაკოვსკო და სხვები). განვითარებულია ტურიზმი.

ბაზალეთი-ანანურის მონაკვეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა დროს ბაზალეთის ასახვევიდან ანანურის ციხემდე სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა სამხედრო გზა. თავდაპირველად გზა ბაზალეთის ავლით დუშეთში გადადიოდა, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთით ველთაურთკარით, არკალის ხეობის გავლით გადადიოდა ანანურის ციხესთან. შემდგომ, საბჭოთა კავშირის დროს დაისვა საკითხი გზის შემოკლების თაობაზე და გადაწყდა სამხედრო გზა გაეგრძელებინათ მდინარე არაგვის გაყოლებაზე, რომელიც ანანურთან აწ უკვე ჟინვალის წყალსაცავის დატბორვის ზონაში მყოფ ხიდთან გამოდიოდა. მესამე პერიოდი ემთხვევა ჟინვალის წყალსაცავის გაშენებას, მაშინ როდესაც იძულებული შეიქნა გზა დატბორვას ჩამოეშორებინათ და გაჭრეს ახალი გზა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სამხედრო გზაზე არაერთი მატერიალური კულტურის ძეგლია, მათ შორისაა:

საქართველოს სამხედრო გზა 1913 წ.
საქართველოს სამხედრო გზა 1913 წ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Е. Г. Вейденбаум, «Путеводитель по Кавказу», Тифлис, 1888
  • გვასალია ქ., საქართველოს სამხედრო დზის ისტორიისათვის, «მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1972, № 2;
  • კვეზერელი-კოპაძე ნ., საქართველოს საგზაო მშენებლობა, თბ., 1978;
  • კვერენჩხილაძე რ., გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 184, თბ., 1985 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. изъ реки Кура, съ левыя страны, вытекла река Терекъ, и потекла въ горы, а из гор впала въ Хвалимское море.