შინაარსზე გადასვლა

თბილისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისა
კოორდინატები: 42°44′33″ ჩ. გ. 43°46′31″ ა. გ. / 42.74250° ჩ. გ. 43.7752806° ა. გ. / 42.74250; 43.7752806
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
ქედი რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი
ფართობი 3,8 კმ²
სიგრძე 3,3 კმ
ტიპი ხეობური
მდგომარეობა პულსაციური
თბილისა — საქართველო
თბილისა
თბილისა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
თბილისა

თბილისა, თბილისიხეობის ტიპის სამხრეთ-აღმოსავლეთური ექსპოზიციის მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს რაჭის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე,[2] მდინარე ბუბისწყლის მარცხენა შენაკადის თბილისას აუზში. საშუალო ზომის მყინვარია. სიგრძე 3,3 კმ, ფართობი 3,8 კმ². სიმაღლე ზღვის დონიდან 2770 მ. როგორც ცნობილია XX საუკუნეში დაიწყო გლობალური დათბობა, რამაც მაგ., საქართველოში გამოიწვია მყინვართა დამოკლება და დათხელება. ამ საკითხების შესწავლა დაევალა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტს, სადაც კვლევებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი თეოფანე დავითაია. შედეგად აქ მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დეტალური გლაციოლოგიური, ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვებები. დადგინდა, რომ, როგორც ყველა მყინვარი, ასევე „თბილისაც“ უკან იხევს.[3]

თეოფანე დავითაიამ სწავლის პროგრამაში ჩართო მყინვარის ზედაპირის ტემპერატურაზე დაკვირვება. გამოვლინდა, რომ მყინვარის ზედაპირის ტემპერატურა დადებითი იყო, ხოლო მიმდებარე ჰაერისა კი უარყოფითი. ეს აღმოჩენა მკვლევარმა ახსნა ადამიანის სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული ატმოსფეროს დაჭუჭყიანებით (ე.ი. ანთროპოგენური დაჭუჭყიანება). მიმდინარეობდა მყინვარის ზედაპირის ანთროპოგენური მტვერის თხელი ფენით დაფარვა, რის გამოც იზრდებოდა ზედაპირის მიერ მზის სითბური ენერგიის შთანთქმის უნარი და შედეგად მყინვარი იხევდა უკან. ამის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ თბილისა არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო უკეთ შესწავლილი მყინვარი.[3]

მყინვარის ენა GPS-ის გამოყენებით ბოლოს 2010 წელს დაფიქსირდა, ამ დროს ენის ბოლო მონაკვეთი რიგელზე იყო გადმოკიდებული. 2012 წლის ექსპედიციის დროს მყინვარის ენის GPS-ით აგეგმვა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან მექანიკური ნგრევის და აბლაციის შედეგად ენის ბოლო მონაკვეთი ჩამოიშალა. შეიძლება ითქვას, რომ მომავალში მყინვარის დინამიკის დაფიქსირება მხოლოდ კოსმოსური სურათების და ფოტო გადაღების საშუალებით იქნება შესაძლებელი.[4]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 79.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 494.
  3. 3.0 3.1 კვინიკაძე ზ., დავითაია ზ., კვინიკაძე ლ., ეკოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 2010
  4. ლევან ტიელიძე, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014