შინაარსზე გადასვლა

კარპატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კარპატები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კარპატები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
კარპატები
კარპატები, ეგრეთ წოდებული „ბუჩეჯის სფინქსი“
კარპატები, ეგრეთ წოდებული „ბუჩეჯის სფინქსი“
კოორდინატები: 47°00′ ჩ. გ. 25°30′ ა. გ. / 47.000° ჩ. გ. 25.500° ა. გ. / 47.000; 25.500
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
უნგრეთის დროშა უნგრეთი
პოლონეთის დროშა პოლონეთი
უკრაინის დროშა უკრაინა
რუმინეთის დროშა რუმინეთი
სერბეთის დროშა სერბეთი
უმაღლესი წერტილი გერლახოვსკი-შტიტი
სიმაღლე 2654,4 
ფართობი 190 კმ²
სიგრძე 1500 კმ
სიგანე 430 კმ
ლანდშაფტი ტყე-სტეპი
მდელო და სხვა
ამგებელი ქანები ცარცულ-პალეოგენური ფლიში და სხვა
კარპატები — კარპატის მთები
კარპატები

კარპატები (გერმ. Karpaten; ჩეხ. Karpaty; პოლ. Karpaty; სლოვაკ. Karpaty; უნგრ. Kárpátok; უკრ. Карпати; რუმ. Carpaţi; სერბ. Karpati) — მთათა სისტემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ვრცელდება ავსტრიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, პოლონეთის, უკრაინის, რუმინეთისა და სერბეთის ტერიტორიებზე. გადაჭიმულია დაახლოებით 1500 კილომეტრზე, სიგანე ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 250 კილომეტრი, ცენტრალურ, ყველაზე შევიწროებულ ნაწილში — დაახლოებით 120 კილომეტრი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — 430 კილომეტრამდე.[1]

კარპატების მთების რკალი ალპების აღმოსავლეთ გაგრძელებას წარმოადგენს და ვენის აუზის ზემო მესამეული ტექტონიკური ქვაბულითაა დაშორებული მისგან, ამ აუზის განაპირა ქედი — ლაითის მთები, დუნაიმდე აღწევს და მდინარის მეორე მხარეზე მცირე კარპატების ქედში გრძელდება. ამ ადგილას დუნაის ხეობა შევიწროებულია, ხოლო ნაპირები — ამაღლებული; აქ მდებარეობს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა. ამრიგად, ალპებსა და კარპატებს შორის არსებობს უშუალო ოროგრაფიული ზღუდარი. შუა ევროპის ორ უმნიშვნელოვანეს მთათა სისტემას შორის უფრო მჭიდრო კავშირი მათ ტექტონიკურ აგებულებაში მჟღავნდება — შარიაჟული საფარები გრანდიოზულადაა დაზვინული და მესამეული დანაოჭებაც მძლავრად არის გამოვლინებული, თუმცა ტექტონიკა მთელი რიგი არსებითი ნიშნებით განსხვავდება ალპებისაგან; კიდევ უფრო მნიშვნელოვანია განსხვავებანი ამ მთების გეომორფოლოგიაში.[2]

კარპატების რკალი თავისი ჩრდილო-დასავლეთი კიდით, თითქოს, ბოჰემიის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეს ებჯინება. აქედან მთები წარმოშობენ შვერილს ჩრდილოეთისაკენ, თანდათან იღუნებიან და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადადიან სამხრეთ-აღმოსავლეთისაში, შემდეგ მძლავრი ქედის სახით მიიმართებიან ძველი აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის სამხრეთ-დასავლეთ კიდის გასწვრივ. კარპატები ამ მანძილზე ქმნიან თავის მთავარ რკალს, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთისკენაა გამოზნექილი. სამხრეთ ნაწილში კარპატები მკვეთრად იხრებიან სამხრეთ-დასავლეთისაკენ; აქ თითქოს წარმოიშობა დამოუკიდებელი რკალი, რომელიც ჩრდილოეთიდან ფარგლავს ქვემო დუნაის ვაკეს. კარპატები ხელახლა უახლოვდება დუნაის, რომელიც კვეთს მას რკინის ჭიშკრის ხეობაში. დუნაის სამხრეთით მდებარე მთების რკალის გაგრძელება უკვე ბალკანეთის მთების სისტემაში შედის.[2]

კარპატების რკალის სიგრძე 1500 კმ-ს აღემატება; სიგრძით ის თითქმის ალპების ზომისაა, თუმცა კარპატები ალპებზე გაცილებით უფრო მცირე სიმაღლისა და სიგანისაა, მისი მთიანეთის საერთო სიმძლავრეც ნაკლებია. ვერტიკალური და ტექტონიკური ზონები ალპებში განუწყვეტელია მთების მთელ მანძილზე, კარპატებში კი არ არის მთიანი სისტემის ასეთი მთლიანობა. მთების სარტყელი ზოგან ძლიერ დაბლდება, ვიწროვდება და, გარდა ამისა, იყოფა ცალკეულ ნაწილებად და მასივებად, რომლებიც დაშორებული არიან ერთმანეთისაგან მთებში ღრმად ჩაჭრილი ვარდნობებითა და ქვაბულებით. ყველაზე დიდ სიმაღლეს და სიგანეს კარპატები აღწევს თავის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, იქ სადაც მაღალი ტატრები მდებარეობს, რომელიც მოქცეულია სლოვაკეთისა და პოლონეთის ტერიტორიაზე. მაღალი ტატრების მასივის უმაღლესი მწვერვალი გერლახოვსკი-შტიტი — 2,654.4 მ აღწევს.[3]

კარპატები კულისისებრ განლაგებული, გასწვრივი და განივი ხეობებით დანაწევრებული მთის მასივებისა და ქედების რთული სისტემაა. მთათა რკალი 3 ნაწილად იყოფა: დასავლეთი კარპატები, აღმოსავლეთი კარპატები და სამხრეთი კარპატები. კარპატებში შედის აგრეთვე დასავლეთ რუმინეთის მთები და ტრანსილვანიის ვრცელი პლატო.[4]

კარპატებისთვის დამახასიათებელია აგრეთვე კარსტული რელიეფი. კლდოვანი რელიეფი და კარსტი ნიშანდობლივია დასავლეთ რუმინეთის მთებისთვისაც. კარპატების რკალის გარე კიდის გასწვრივ ვრცელდება მთისწინეთის ზოლი, რომლის სიგანეა 40-60 კილომეტრი. აგებულია იგი უმეტესწილად ნეოგენური ფხვიერი დანალექებით, როგორებიცაა ქვიშაქვა, თიხა, თაბაშირი და სხვა.[5]

კარპატების ფარგლებში ან მიდამოებში მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქებიდან აღსანიშნავია: ბრატისლავა, კოშიცე (სლოვაკეთი), კრაკოვი (პოლონეთი), კლუჟ-ნაპოკა, სიბიუ, ბრაშოვი (რუმინეთი), მიშკოლცი (უნგრეთი).[6][7][8][9][10]

ეტიმოლოგია

ორონიმი კარპატები პირველად მოსხენებულია პტოლემესთან II საუკუნეში; მიეკუთვნებოდა აღმოსავლეთ კარპატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს (დაბალი ბესკიდები — ტყიანი კარპატები).[11] ეს სახელწოდება გვხვდება ისლანდიურ საგებში, IV საუკუნეში (Harfada Fjall — ჰარფადის მთები), ალ-იდრისის რუკაზე, XII საუკუნეში (Karbad). სხვა წყაროებში მთები აღინიშნება ბასტარნების ალპების, უგორის მთების, გერმანიის მთების სახელწოდებით, რომელიც, როგორც ჩანს, მიეკუთვნებოდა მთათა სისტემის სხვადასხვა ნაწილებს.[11] როგორც მთლიანი მთათა სისტემის სახელწოდება მის თანამედროვე გაგებაში, ორონიმი კარპატები საერთო ხმარებაში შევიდა მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოს. მოსახლეობის სიჭრელემ რიგი ჰიპოთეზის გაჩენას შეუწყო ხელი, რომლებიც ხსნიან მის წარმომავლობას: დაშვებულია თრაკიული წარმომავლობა (საშუალო ალბანური karpē — „კლდე“, „ფრიალო“); ზოგი მკვლევარი სლავური წარმომავლობის მომხრეა — chrb, chrbat, chrbet — „მთათა ჯაჭვი“; უკავშირებენ მას აგრეთვე დაკიურ ეთნონიმს — karpi.[11]

ოროგრაფია და გეოლოგიური აგებულება

პიკი რუმინეთში
ტატრები
ბუჩეჯი
ბელიანიცა, სერბეთი
მარამურეშის მთები, რუმინეთი
ტბა ბუკურა
აღმოსავლეთი კარპატები
ბეშადები
ლომნიცკი-შტიტი
მატრა
მდინარე კარპატებში
კარპატები

ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში კარპატების რკალი იწყება ვიწრო და მცირე სიმაღლის მცირე კარპატების ქედით (768 მ-მდე). ის აგებულია კრისტალური ფიქლებითა და კირქვებით, მიიმართება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და თეთრი კარპატების ქედში (970 მ) გრძელდება, რომლის შემდეგაც მთები ერთბაშად ძლიერ ფართოვდება და ჩრდილო-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთისაკენ მიიმართება. ამასთანავე, მასში შეიძლება გამოყოფილი იქნას ორი მთავარი გარე — ჩრდილო და შიგა — სამხრეთი ზოლი მკვეთრად განსხვავებული რელიეფის ხასიათითა და გეოლოგიური აგებულების თავისებურებით. გარე ზოლი აგებულია ვეებერთელა სიმძლავრის ცარცული და პალეოგენური ფლიშის წყებით; საერთოდ, ის ერთგვარი შემადგენლობისაა — აქ ხშირია ქვიშაქვების, კონგლომერატების, მერგელებისა და თიხაფიქლების მორიგეობა. საშუალო სიმაღლის პარალელური ქედების სახით, ეს ზოლი მიიმართება უწყვეტ რკალად დასავლეთ ბესკიდების სახელწოდებით, შემდეგ კი — აღმოსავლეთით, კარპატების შევიწროების რაიონში — აღმოსავლეთ ბესკიდების სახელწოდებით.[2]

დასავლეთი ბესკიდების უმაღლესი წერტილია ბაბია-გურა (1725 მ), აღმოსავლეთი ბესკიდები 1300-1400 მ სიმაღლემდე აღწევს (აღმოსავლეთ ნაწილში უფრო მაღლდება). ბესკიდების საშუალო სიმაღლე 800 მეტრიდან 1000 მეტრამდეა, კარპატების უვიწროეს რაიონში 600-800 მეტრამდე. დასავლეთ ბესკიდებში ყველაზე მოხერხებული იაბლუნკოვის უღელტეხილია (553 მ), რომელიც ვაგის ხეობას ზემო ოდერთან აერთებს. აღმოსავლეთი ბესკიდების რამდენიმე დაბალი და მოხერხებული უღელტეხილი ზემო ტისის სისტემას ზემო ვისლასა და ზემო დნესტრის სისტემებთან აერთებს. ასეთებია დუკლისა (502 მ) და ლუპკოვის (640 მ) უღელტეხილები.[2]

ბესკიდების სამხრეთით მდებარეობს ოროგრაფიულად მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კარპატების შიდა სარტყლის მთები, რომლებსაც უფრო მრავალნაირი რელიეფი და გეოლოგიური აგებულება ახასიათებს. აქ განსაკუთრებით დამახასიათებელია მთების ცალკეულ მასივებად დანაწევრება, მათ შორის მოქცეული ფართო ხეობებითა და ქვაბულებით. ამავე დროს მთების ეს რაიონი განიხილება როგორც ერთი ვრცელი, თაღისებური ამოწევა, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმართული და გასწვრივი და განივი გარღვევებით დანაწევრებული, ამასთანავე, პერიფერიებში წყვეტის ხაზებით შემოზღუდული და კიდეებთან მკვეთრად დაშვებული. ამოწევის ცენტრში აღმართულია ძველი კრისტალური ქანებისა და მეზოზოური კირქვებისაგან აგებული მასივები, სადაც პალეოზოური ფიქლებიც მოიპოვება. მთელი ამ ამოწევის შემომფარგლავი ქედების პერიფერიული ზონა ინტენსიური ვულკანური მოქმედებით ამონთხეული, ახალგაზრდა ეფუზიებისაგან შედგება; ეს ამონთხევები წარმოებდა მიოცენსა და პლიოცენში, გარღვევებთან და ნასხლეტებთან დაკავშირებით.[2]

ეფუზიები უმთავრესად გამოსახულია ანდეზიტებითა და დაციტებით, უფრო იშვიათად — ტრაქიტებითა და ბაზალტებით. მაქსიმალურ სიმაღლეს (2655 მ) აღწევს განედის მიმართულებით განზიდული, ელიფსისებური, გრანიტოვანი მასივი მაღალი ტატრები, რომლის ჩრდილო კალთებიც მეზოზოური კირქვებისგანაა აგებული. მასივის მწვერვალი ალპური ტიპის კარულ თხემს წარმოადგენს. მის სამხრეთით მდებარე პარალელური, ერთგვაროვანი აგებულებისა და ფორმის მასივი დაბალი ტატრები (2043 მ), მისგან დაშორებულია გასწვრივ ლიპტოვსკის ქვაბულით, რომელზეც მიედინება მდინარე ვაგის ზემო წელი. ამის დასავლეთით მდებარეობს მერიდიანული მიმართულებით განზიდული დიდი ფატრის მასივი (1592 მ), ამ უკანასკნელის ჩრდილოეთით კი — პატარა ფატრა (1709 მ), ორივე ძირითადად კირქვებითაა აგებული. ცენტრალური მასივების სამხრეთით გადაჭიმულია ვრცელი, ნაწილობრივ პლატოსებური, სამხრეთისაკენ დამრეცად დაშვებული სლოვაკეთის მადნიანი მთების მასივი (1477 მ). მისი აღმოსავლეთი ნახევარი გრანიტებისა და კრისტალური ფიქლებისაგან შედგება, დასავლეთი — ლავის ნაკადებისა და ტუფებისაგან. მასივი ძლიერ დანაწევრებულია, მასში ჩაჭრილი მრავალრიცხოვან მდინარეთა ხეობებით. მის მთისძირას მდებარეობს მესამეული ბორცვიანი წინამთების ზოლი (დაახლოებით 300 მ-მდე სიმაღლის), უფრო სამხრეთით კი მდებარეობს განაპირა ვულკანური მასივების რიგი, მათ შორის მატრა (1014 მ).[2]

რაიონის ჩრდილოეთით, მთების გარე და შიდა სარტყლებს შორის მდებარე მოსაზღვრე ზონაში, ფლიშებს შორის აღმართულია იზოლირებული კირქვიანი მწვერვალები და თხემები — გადარეცხილი შარიაჟული საფარის „ეგზოტიკური ფრიალო კლდეები“. რაიონის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში კიდევ მდებარეობს კრისტალური ქანებისა და კირქვებისაგან აგებული მცირე სიდიდის განკერძოებულ მასივთა ჯგუფები. მადნიანი მთების აღმოსავლეთით აღმართულია კრისტალური მასივი (1318 მ), უფრო სამხრეთით კი — სლოვაკეთის კარსტის მაგიდისებური მასივი. იგი აგებულია ტრიასული კირქვებისაგან და აქვს დიდი მღვიმეებიანი და მდინარეების კანიონისებურ ხეობებიანი რელიეფი. უფრო სამხრეთით, განაპირა ზონაში მდებარეობს სლოვაკეთის კარსტისაგან ფართო დადაბლებით დაშორებული, კიდევ ერთი დიდი, კიდეებზე ციცაბოდ ჩამოკვეთილი კირქვიანი მასივი — მიშკოლცი ანუ ბიუკი (959 მ).[2]

კარპატების შიდა სარტყლის მთელი ეს მთიანი რაიონი აღმოსავლეთით, გარღვევებისა და ნასხლეტების ხაზზე, მკვეთრად ეშვება რკალისებური დეპრესიისაკენ, რომელშიც მდინარე ჰორნადის ხეობა მდებარეობს. შემდეგ პარალელურ მერიდიანულ რკალად გადაჭიმულია პრეშოვის მთები (1092 მ-მდე). შემდეგ აღმოსავლეთისაკენ მდებარეობს ტისის ზემო აუზის დაბალი ვაკე — შუა დუნაის დაბლობის ჩრდილოეთი რაიონი. აქ მნიშვნელოვან მანძილზე კარპატების შიდა გრანიტულ-კრისტალური და კირქვიანი ზოლი სრულებით არ ჩანს. ის ჩაძირულია ალუვიური ნალექების ქვეშ. ამ შევიწროებულ ნაწილში კარპატების ქედი თითქმის მთლიანად მხოლოდ ფლიშური ფიქალ-ქვიშაქვების გარე ზოლისაგან შედგება, რომელიც აქ მნიშვნელოვან სიგანეს აღწევს (80 კმ-მდე და უფრო მეტსაც) და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ თანდათან მაღლდება (ჩერნოგორის ქედი 2061 მ-მდე). ფლიშური ზონის სამხრეთ კიდის გასწვრივ გადის ვიჰორლატის ვულკანური მწვერვალების ქედი (სიმაღლით 1000-1100 მ-მდე); შემდეგ მთები მკვეთრად ეშვება ზემო ტისის დაბლობისაკენ. კარპატების ამ შევიწროებულ (სიგანით დაახლოებით 110 კმ) ფიქალოვან-ქვიშაქვიან რაიონს, რომელიც სამხრეთიდან ვულკანური ქედით არის შემოფარგლული, ზოგჯერ ტყიან კარპატებს უწოდებენ, რადგანაც ის თავისი სივრცის უმეტეს ნაწილზე ხშირი ტყით არის დაფარული.[2]

ტისის სათავის უშუალოდ სამხრეთით კარპატების ქედი ისევ ფართოვდება და აგებულებით უფრო რთულია. აქ ისევ ჩნდება მთის ღერძული ზონის შემადგენელი შიდა კრისტალური ზოლი, ცალკეული მეზოზოური კირქვების გამოსავლებით. კირქვებთან ზოგან ფლიშებისაგან აგებული უბნები მორიგეობს და მთელი შიდა რკალი ბოლოვდება ეფუზიების, თითქმის, განუწყვეტელი ზონით, რომელიც მძლავრადაა განვითარებული კელიმანის ვულკანურ გადარეცხილ ნეოგენურ მასივში და ჰარგიტის უფრო ახალგაზრდა ვულკანურ კონუსების მწკვრივში.[2]

კარპატების გარე ფლიშური ზოლი წინანდელ მთლიანობას ინარჩუნებს, თუმცა ჯერ კიდევ ის ცოტათი ვიწროვდება, შემდეგ კი ისევ ფართოვდება და მერიდიანულთან დაახლოებულ, სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებას იღებს. მთების აღმოსავლეთი კიდის გასწვრივ აქ კარგადაა გამოხატული საკმაოდ მაღალი წინამთების ნეოგენური კონგლომერატებისა, ქვიშაქვებისა და მერგელებისაგან აგებული ზოლი; აქვე მთისძირში მდინარე სირეტის ხეობა გადის; კარპატების მთათა სისტემის მთელ ამ ნაწილს აღმოსავლეთ კარპატებს უწოდებენ, რადგან აქ მთები ყველა სხვა ნაწილებზე უფრო აღმოსავლეთით აღწევენ. მთების ფლიშურ ზოლს ზოგჯერ მოლდოვის კარპატების სახელწოდებით გამოყოფენ. ის შესამჩნევად ფართოვდება სამხრეთ ნაწილში, სადაც მთელი ქედი ფლიშებისაგან შედგება, რადგან აქ მცირე მანძილზე შინაგანი კრისტალური ზონა ისევ ქრება — ჩარღვევების ხაზებზე სიღრმეში ეშვება. მალე კრისტალური ზონა ისევ ჩნდება, დიდ სიმაღლეზეა ამოწეული და იქ, სადაც კარპატების რკალი მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ და სიგანედის მიმართულებით არის გადაჭიმული, სახელდობრ მთების იმ ნაწილში, რომელსაც სამხრეთ კარპატებს ანუ ტრანსილვანიის ალპებს უწოდებენ, მეტად მძლავრადაა განვითარებული.[2]

მოლდოვის კარპატების ფლიშური ქედი სამხრეთ ნაწილში სამხრეთ-დასავლეთისაკენ იხრება და აქ ბუჩეჯის მასივზე მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს (2505 მ). ეს უკანასკნელი აგებულია ცარცული კონგლომერატებით. კარპატების მთელ დანარჩენ მანძილზე განუწყვეტელი გარე ფლიშური ზონა აქ, სადაც ის თითქოს თავის კულმინაციას აღწევს, მკვეთრად წყდება და მთავრდება. აქ, მდინარე დიმბოვიცის ზედა წელის ხაზზე, გადის საზღვარი აღმოსავლეთ და სამხრეთ კარპატებს შორის. შემდეგ დასავლეთისაკენ ფლიშური ზოლი მხოლოდ უმნიშვნელო უბნებად აღინიშნება მთების სამხრეთ კალთებზე და მალე სრულებით ქრება. სამხრეთი კარპატები, თითქმის, მთლიანად ძველი კრისტალური ქანებისაგან — გრანიტებისა, გნაისებისა და კრისტალური ფიქლებისაგან არის აგებული. მის აგებულებაში მონაწილეობენ აგრეთვე მეზოზოური კირქვების წყებებიც.[2]

აღმოსავლეთ კარპატებში შიდა კრისტალური ზონა იწყება, იქვე სამხრეთით, უკრაინის კარპატების უმაღლესი მასივის, ჩერნოგორის მახლობლად. ის მაქსიმალურ სიმაღლეს როდნის მასივზე (2305 მ) აღწევს, ამ უკანასკნელის ალპური თხემი მკვეთრად წყდება ბორშის ქვაბულთან, სადაც ზემო ტისის შენაკადის, მდინარე ვიშეუს სათავეა. როდნის სამხრეთ კალთაზე სათავეს იღებს მდინარე სამოში, აღმოსავლეთზე — მდინარე ბისტრიცა. შემდეგ კრისტალური ზოლი საკმაოდ შორს სამხრეთისაკენ მიემართება, მას თან ახლავს კირქვიანი მცირე მასივები და ფლიშის განვითარების უბნები. მთების ეს შიდა ზონა დანაწევრებულია ფართო ხეობებითა და ქვაბულებით, რომლებიც მეტწილად დასავლეთისაკენ არიან გაშლილი. გრძელი გასწვრივი ქვაბული, რომელშიც მაროშისა და ოლტის სათავეები მდებარეობს, გადაჭიმულია შიდა ზონის დასავლეთ კიდესთან, მის სამხრეთ ნაწილში; დასავლეთიდან მას ეკვრის ჰარგიტის ვულკანური ქედი. ზონის სამხრეთ კიდესთან მდებარეობს ბრაშოვოს აუზის დიდი ღრმული, რომელსაც მდინარე ოლტი და მისი შენაკადი ნეგრუ კვეთს. კარპატების ფლიშური წყალგამყოფი ზოლი ამ ნაწილში შევიწროებულია.[2]

თითქმის მთელი რაიონის მანძილზე ეფუზიების განაპირა ზოლი გადის. ზემო ტისის მარმაროშის აუზის სამხრეთით გადაჭიმულია ლეპუშულუის ვულკანური ქედი, რომელიც როდნის მასივამდე აღწევს. როდნის სამხრეთით აღმართულია ვეებერთელა ვულკანური მასივი კელიმანი; მათ შორის მდებარეობს ფლიშებისაგან აგებული დადაბლებულ მთათა სარტყელი, რომელზეც ზედა სამოშისა და ზედა ბისტრიცის აუზები მდებარეობს. კელიმანი სამხრეთით ჰარგიტის ქედში გადადის. აღსანიშნავია, რომ მდინარე ბისტრიცა, რომელიც თავის შენაკადთან ერთად კელიმანის ჩრდილოეთით მთებში ფართო დორნის ქვაბულს ქმნის, უფრო დაბლა კრისტალურ ზონაში იჭრება და მას განივი და ვიწრო ღრმა ხეობით კვეთს.[2]

მოლდოვის კარპატების ფლიშური ზოლი ბესკიდების მსგავსი პარალელური ქვიშაქვის ქედების სისტემისაგან შედგება. ფლიშური ზონა სამხრეთ ნაწილში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისაკენ იხრება, შესამჩნევად მაღლდება და დისლოცირებული და მაღლა ამოწეული ნეოგენური ნალექების ზოლითაა შემოზღუდული.[2] აღსანიშნავია ჩაჰლეუს მასივი, რომლის სიმაღლე 1907 მ აღწევს.

სამხრეთ კარპატებს ხშირად ტრანსილვანიის ალპებს უწოდებენ; კარპატების ეს ნაწილი მეტად უახლოვდება ალპებს თავისი მთლიანობით და საერთო ამოწევის სიმძლავრით, ის 2000-2500 მ-მდე აღწევს და, გარდა ამისა, ღერძული კრისტალური ზონისა და მთათა გლაციალური ფორმების — კარული თხემების და ცირკების — განვითარებითაც ალპების მსგავსია. სამხრეთი კარპატების თავისებურებას, ალპებთან შედარებით, შეადგენს მთების ზედა ნაწილებში, კარულ თხემებთან ერთად ვრცელი მაგიდისებური, ნაწილობრივ სწორი, ნაწილობრივად დახრილი ფართობების არსებობა, რაც ციცაბოდ დაშვებული მთების კალთების კონტრასტს წარმოადგენს. მათი წარმოშობა დაკავშირებულია უახლოეს — პლიოცენურ და მეოთხეულ ამოწევებთან, რომლებიც სამხრეთ კარპატებში უდიდეს სიმძლავრეს აღწევდა და რომელმაც მთათა შენაოჭებულ პლიოცენებში პენეპლენამდე გადარეცხილი საფუძველი დიდ სიმაღლეზე აწია.[2]

გრანდიოზული ალპური ტიპის თხემს (სიგანით 50 კმ) წარმოადგენს სამხრეთი კარპატების აღმოსავლეთი ფეგერაშის მასივი, რომელიც, თითქმის, შვეულად ეცემა ჩრდილოეთისაკენ სწორხაზოვანი გარღვევით და ნასხლეტით ფართო ტექტონიკური ქვაბულისაკენ; ამ უკანასკნელს სიგრძეზე კვეთს მდინარე ოლტი. სამხრეთისაკენ კარული თხემის ძირიდან მასივი ფლექსურისებურად ეშვება ციცაბოდ დახრილი კალთით, რომელიც მდინარეთა ღრმად ჩაჭრილი კონსექვენტური ხეობებითაა დანაწევრებული.[2]

ფეგერაშის მთები ჩრდილოეთ მთისძირთან მიმდინარე ოლტი მის დასავლეთ კიდესთან მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ, ღრმად იჭრება მთებში და განივი ხეობით კვეთს მთელი სამხრეთი კარპატების სარტყელს. ოლტის დასავლეთით კარპატების მაღალმთიანი სარტყელი მეტად ფართოვდება და რთულად დანაწევრებულ მასივს წარმოქმნის. მისი სამხრეთი ნაწილი — პარინგის მთები, 2519 მ-ის სიმაღლის, ალპური ქედის გრანდიოზულობით, მეტოქეობას უწევს ფეგერაშს; ის ძალზე ციცაბოდ არის დახრამული სამხრეთისაკენ. ოლტისა და ჟიუს შენაკადების ღრმად ჩაჭრილი გასწვრივი ხეობები პარინგისაგან აშორებენ მასივის უფრო ვრცელ ჩრდილო ნაწილს, რომელიც შურიანუს მთების სახელწოდებითაა ცნობილი. შურიანუ — მაღალი ზეგანია, რომელზედაც აღმართულია ცალკეული, ცირკებით დანაწევრებული გუმბათისებური მწვერვალები. შურიანუს მაღალი, ოვალური კონტურებიანი მასივი გუმბათისებურად და ციცაბოდ ეცემა კიდეებისაკენ, რის გამოც მის კალთებში ჩაჭრილ მდინარეთა ხეობები მარაოსებურადაა განლაგებული.[2]

უმაღლესი მწვერვალები

დასავლეთი კარპატები
დასავლეთი კარპატები
გერლახოვსკი-შტიტი
დიდი ფატრა
აღმოსავლეთი კარპატები
სამხრეთი კარპატები
კარპატები, რუმინეთი
ფეგერაში
კარპატები
უკრაინის კარპატები
თეთრი კარპატები
კარპატები
ტყეებში არსებული გზები. წარსულში კარპატების მთისწინეთში იყო ტყე, რომელიც სრულიად იქნა განადგურებული

სიაში მოცემულია კარპატების ყველაზე მაღალი მწვერვალების არასრული სია:

პიკი გეოლოგიური ერთეული ქვეყანა ტერიტორიული ერთეული სიმაღლე (მ)
გერლახოვსკი-შტიტი ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,655
გერლახოვსკა-ვეჟა ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,642
ლომნიცკი-შტიტი ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,633
ლადოვი-შტიტი ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,627
პიშნი-შტიტი ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,623
ზადნი-გერლახი ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,616
ლავინოვი-შტიტი ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,606
მალი-ლადოვი-შტიტი ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,602
კოტლოვი-შტიტი ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,601
ლავინოვა-ვეჟა ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,600
მალი-პიშნი-შტიტი ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,591
ველკა-ლიტვოროვა-ვეჟა ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,581
სტრაპატა-ვეჟა ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,565
კეჟმარსკი-შტიტი ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,556
ვისოკა ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,547
მოლდოვიანუ ფეგერაშის მასივი რუმინეთი არჯეში 2,544
ნეგოი ფეგერაშის მასივი რუმინეთი არჯეში 2,535
ვიშტია-მარე ფეგერაშის მასივი რუმინეთი ბრაშოვი 2,527
ლესპეზი ფეგერაშის მასივი რუმინეთი სიბიუ 2,522
პარინგულ-მარე პარინგის მთები რუმინეთი ალბა, გორჟი, ჰუნედოარა 2,519
პელიაგა რეტეზატის მასივი რუმინეთი ჰუნედოარა 2,509
პეპუშა რეტეზატის მასივი რუმინეთი ჰუნედოარა 2,508
ვინეტარია-ლუი-ბუტიანუ ფეგერაშის მასივი რუმინეთი არჯეში 2,507
ომუ ბუჩეჯი რუმინეთი პრაჰოვა, ბრაშოვი, დიმბოვიცა 2,505
კელტუნი ფეგერაშის მასივი რუმინეთი სიბიუ 2,505
ბუკურა ბუჩეჯი რუმინეთი პრაჰოვა, ბრაშოვი, დიმბოვიცა 2,503
რისი ფატრა-ტატრების ოლქი პოლონეთი სლოვაკეთი მალოპოლსკის სავოევოდო, პრეშოვის მხარე 2,503
დარა ფეგერაშის მასივი რუმინეთი სიბიუ 2,501

უმაღლესი მწვერვალები ქვეყნების მიხედვით

სიაში მოცემულია კარპატების უმაღლესი მწვერვალების სია ქვეყნების მიხედვით:

პიკი გეოლოგიური ერთეული ქვეყანა ტერიტორიული ერთეული სიმაღლე (მ)
გერლახოვსკი-შტიტი ფატრა-ტატრების ოლქი სლოვაკეთი პრეშოვის მხარე 2,655
მოლდოვიანუ ფეგერაშის მასივი რუმინეთი არჯეში 2,544
რისი ფატრა-ტატრების ოლქი პოლონეთი მალოპოლსკის სავოევოდო 2,503
გოვერლა ბესკიდები უკრაინა ჩერნოგორა 2,061
ბელიანიცა ჰომოლიეს ქედი სერბეთი ბრანიჩევის რაიონი 1,344
კეკეში ჩრდილოეთ უნგრეთის მთები უნგრეთი ჰევეში 1,014

სამხრეთი კარპატების ცენტრალური მასივის დასავლეთით, მისგან მდინარე ჟიუს გამკვეთი ხეობით მთათა სარტყელი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით იხრება; იგი ჯერ მაღალმთიან ხასიათს ინარჩუნებს, შემდეგ კი დუნაის ღრმად ჩაჭრილი ხეობისაკენ — რკინის ჭიშკრისაკენ დაბლდება. სამხრეთი კარპატების ეს დასავლეთი ნაწილი ბანატის მთების სახელწოდებითაა ცნობილი. აღმოსავლეთის მაღალმთიანი მასივი ბანატი ფორმით სამკუთხედის მსგავსია: ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იგი ვეებერთელა გარღვევებითა და ციცაბო ნასხლეტი კიდეებითაა შემოზღუდული. შინაგანი დაპობები და ღრმად ჩაჭრილი ხეობები ანაწევრებს მას რამდენიმე თაღისებურ მწვერვალებიან, მაგიდისებურ მასივად, რომლებიც გლაციალური ცირკებით არიან დაყოფილი. მეტად მაღალი, აშკარად ალპურ ქედებიანია — რეტეზატის მასივი, 1206 მ; მის დასავლეთით — ბორესკოსა და ჩარკოს მასივები, სამხრეთით — ნაკლები სიმაღლის ვულკანის მთათა ზოლი, რომლის კიდეზეც გრანიტული მასივის ფლატეებს კირქვების კლდეთა მწკრივი ახლავს. მაღალმთიანი ბანატისა და მის სამხრეთ-დასავლეთ, დუნაისაკენ დახრილ ნაწილს შორის მდებარეობს ღრმა მერიდიანული გრაბენი მდინარე ტიმიშის ხეობით.[2]

რეტეზატ-ჩარკოს მასივების ჩრდილოეთ მთისძირში განცალკევებულად აღმართულია თაღისებური კრისტალური მასივი პოიანა-რუსკე (1382 მ), რომელიც მდინარე მაროშის ხეობამდე აღწევს. სამხრეთი კარპატების მაღალმთიანი სარტყელი ყველაზე განიერ ნაწილში 80 კმ-ია, ქედის საერთო სიგანე 100-120 კმ, სამხრეთი კარპატების სიგრძე — 300 კმ.[2]

სამხრეთი კარპატების დასავლეთი ნახევრის ჩრდილოეთით, მისგან მდინარე მაროშის ხეობით დაშორებული, ფართო, დიდი მთიანი ბიჰორის მასივი მდებარეობს, რომელიც რთული გეოლოგიური აგებულებისაა. ძირითადად აგებულია გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით, ნაწილობრივ — მეზოზოური კირქვებით, ცარცული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. ყველა ეს ქანები განლაგებულია ძლიერი ნაოჭა დისლოკაციების ნიშნებით, მაგრამ ქმნიან გაპენეპლენებულ პლატოსებურ ზედაპირებს, რომლებიც ახალგაზრდა ამოწევებით, ნასხლეტებით და ეროზიით არიან მოხრილი და დანაწევრებული.[2]

ბიჰორის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია ეოცენური თიხები და კირქვები, რომლებიც უფრო ძველ ქანებს ფარავენ და დანაოჭებაში არ მოხვედრილან. აქედან ეოცენური ნალექები გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ ერთ სერად, რომელიც ჭრის სამოშის მუხლს ლეპუშულუის ქედამდე და როდნის მასივამდე, უერთდება აღმოსავლეთ კარპატების ფლიშებს და მათ და ბიჰორს შორის, თითქოს, ოროგრაფიულ და ტექტონიკურ შემაერთებელ ხიდს წარმოადგენს.[2]

ბიჰორის აგებულებაში, მის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო ნაწილში მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე ამონთხეული ქანები, ნაწილობრივ ნეოგენური, ნაწილობრივ კი უფრო ძველი. გარდა ამისა, ბიჰორის კიდეები დანაწევრებულია ნასხლეტური ქვაბულებით, რომელთაც ნეოგენური ნალექები აგებს. ასეთი ქვაბულები განსაკუთრებით დამახასიათებელია ბიჰორის დასავლეთი კიდისათვის, რომელიც შუა დუნაის დაბლობზე გადადის სამი შვერილი ტოტით. ბიჰორის აღმოსავლეთი კიდე უფრო წესიერი, ნახევრადმომრგვალებულის მსგავსი ფორმის არის, უთუოდ ძველი გაპენეპლენებული მასივის ახალგაზრდა თაღისებურ ამოწევესთანაა დაკავშირებული. ამ ამოწევას თან ხლებია მრავალრიცხოვანი კიდისა და შიდა გარღვევები და ნასხლეტები, ამონანთხევი ქანების ამოსვლებით, რის გამოც ბიჰორს რთული ჰორსტული მასივის ხასიათი მიუღია.[2]

განსაკუთრებით ეფექტურია ბიჰორის ჩრდილო-დასავლეთი, მეტად აწეული ნაწილის ნასხლეტური ხრამები და ციცაბოდ დაშვებული კალთები, რომლებზედაც მდებარეობს მასივის უმაღლესი წერტილი კურკუბეტა-მარე (1849 მ) და ვლედიასა (1836 მ). აქ მდებარე გრანიტული და პორფირიტული პლატო კი, პირიქით, თანდათან ეშვება აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. ბიჰორის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში არის კირქვის მასივები შესანიშნავი გრანდიოზული კარსტული ფორმებითმღვიმეებითა და ჩაქცევებით.[2]

ბიჰორსა და აღმოსავლეთ და სამხრეთ კარპატებს შორის მდებარეობს ვრცელი ქვაბულები — ტრანსილვანიის აუზის პლატო. ის აგებულია მესამეული, უმთავრესად ნეოგენური ქვიშაქვებითა და თიხებით, თაბაშირისა და მარილის ბუდობებით. ეს პლატო აშლილია დიფერენცირებული ახალგაზრდა თაღისებური ამოწევებითა და მცირე მასშტაბის ჩაზნექებით და მაროშის, სამოშის და ოლტის სისტემების განშტოებული მდინარეული ქსელის ეროზიით, ბორცვიან რელიეფადაა დანაწევრებული. მდინარეებმა გამოიმუშავეს საკმაოდ ღრმა და ფართო ხეობები, რომელთა კალთებიც მესამეულ ფხვიერ წყებებში მეწყერების განვითარებით ხასიათდება. ბორცვების შეფარდებითი სიმაღლე რამდენიმე ას მეტრამდე აღწევს; მთლიანად ქვაბული კი — 400-იდან 700 მ-მდე აბსოლუტურ სიმაღლეზე მდებარეობს.[2]

აღმოსავლეთი და სამხრეთი კარპატები, ბიჰორის გვერდითი მასივი და საკმაოდ მაღლა მდებარე ტრანსილვანიის აუზის შიდა ღრმული კარპატების მთიანეთის სამხრეთი ნახევრის ორ მთავარ ნაწილს წარმოადგენენ; ისინი თითქმის მთლიანად რუმინეთის ფარგლებში შედიან.[2]

ტატრებზე გამოვლინებულია რთული შარიაჟული სტრუქტურები საფრების კომპლექსებით. ამ სტრუქტურებზე ყველგან უთანხმოდ, ნაოჭა დისლოკაციების გარეშე, განლაგებულია ეოცენი, რაც მისი ცარცული ხნოვანების მაჩვენებელია. კარპატების ძველი მთის რკალი უკვე ზედა ცარცის განმავლობაში ამოწეულა, მას ახლანდელი შიდა ზონის ადგილი ეკავა, მაგრამ უფრო ფართოდ და უწყვეტად. გეოსინკლინურმა აუზმა ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ, თანამედროვე გარე ზონის ადგილზე გადაინაცვლა წინამთის ჩაღუნვის სახით; იქ ილექებოდა ძველი კარპატების გადარეცხვისა და ნგრევის შედეგად წარმოშობილი ნამტვრევი მასალების ვეებერთელა წყებები. მაშინდელი კარპატების სიმაღლეს მოწმობს ზედაცარცის კონგლომერატების მძლავრი წყებები.[2]

წინამთის გეოსინკლინური აუზი ალპური დანაოჭების მთავარ ფაზისში ზედა ოლიგოცენში მოექცა და ქვედა მიოცენამდე გაგრძელდა. მასში დალექილმა ფლიშური შრეების ვეებერთელა წყებამ ფრიად ინტენსიური დაწოლა განიცადა, რის შედეგადაც წარმოიშვა რამდენიმე, საკმაოდ ერთგვარი ტიპის შარიაჟული საფარი ფლიშისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფაციესური შემადგენლობის შრეთა ხშირი მორიგეობით. ეს საფარები გადაბრუნდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და ერთიმეორეზე შეცოცდნენ, შეცოცდნენ აგრეთვე მცირე დამრეც შენაოჭებაში მოყოლილ წინამთის მიოცენურ ზოლზეც. შარიაჟების შემდეგი გადარეცხვის გამო შრეები აქ მეტწილად იზოკლინურადაა განლაგებული და სამხრეთ-დასავლეთისაკენ არის დახრილი.[2]

ზოგან, მესამეული შარიაჟების განვითარების დროს, მესამეულ შენაოჭებაში მოხვედრილა და ფლიშურ ზონაზე შეცოცებულა მეზობლად მდებარე შიდა ზონის კირქვების წყებები, რის შედეგადაც წარმოიშვა დასავლეთი ბესკიდებისთვის დამახასიათებელი „ეგზოტიკური ფრიალო კლდეები“, რომლებიც გაცილებით უფრო იშვიათად გვხვდება გარე ზონის სხვა რაიონებში.[2]

კარპატების კრისტალური და ფლიშური ზონები შეიქმნა სხვადასხვა ხნოვანების ტექტონიკური პროცესებით. ამიტომ შედარებით უფრო ძველმა შიდა ზონამ ფრიად ინტენსიური და ღრმა გადარეცხვა განიცადა და, გარდა ამისა, ქვემო დუნაის დაბლობის ფარგლებში, მიოცენში მომხდარ დიდ დაწევებთან ერთად, მისი ნაწილობრივი ნგრევაც მომხდარა. შიდა ზონის მეტი წილი მიოცენში შორს წასულ გადარეცხვის სტადიაში იმყოფებოდა, თითქმის სრული გაპენეპლენების სტადიაში, რასაც მოწმობს ამ ზონის მიოცენური ხნოვანების მრავალი მასივის მოსწორებული ზედაპირის არსებობა.[2]

ფლიშური კარპატები მთების სახით მიოცენში ამოიწია და, რადგანაც მათში შემავალი წყებები შედარებით ფხვიერი იყო გადარეცხვას ნაკლებად ეწინააღმდეგებოდა, მათ უკვე ზედა მიოცენში მიაღწიეს ეროზიით მომწიფების სტადიამდე; მათზე განვითარდა მდინარეების ფართო ხეობები, რომლებშიც ზედა მიოცენური ზღვის ტრანსგრესია აღწევდა დროებით. მიოცენის ბოლოს, ზოგან კი უფრო ადრეც, დაიწყო კარპატების საერთო ამოწევა, რომელიც რამდენიმე ეტაპად პლიოცენისა და მეოთხეული დროის განმავლობაში გრძელდებოდა.[2]

ნორჩი, დიდი ამპლიტუდის ამოწევები განსაკუთრებით დამახასიათებელია სამხრეთი კარპატებისათვის, სადაც ისინი მკვეთრი სეისმური მოვლენების თანხლებით, თანამედროვე ეპოქამდეც გრძელდება. ზღვიური პლიოცენი აქ 1000-1200 მ-ის სიმაღლემდეა ატყორცნილი და გარდა ამისა დისლოცირებულია.[2]

ამრიგად, კარპატების მთების თანამედროვე რელიეფი ორ, მეზობლად მდებარე სხვადასხვა ხნოვანების მთათა სისტემის ერთ ქედად შეერთების შედეგად წარმოიშვა. ეს სისტემები ერთად ამოწეულა ზედა მესამეული და მეოთხეული დროის ეპეიროგენული მოძრაობების დროს.[2]

კარპატები და ალპები

მიუხედავად იმისა, რომ კარპატები ალპების ტექტონიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, ალპური გეოლოგიური და მორფოლოგიური ზონები კარპატებში ან არ მოიპოვება ანდა — აქ სრულებით სხვა ხასიათი მიუღია. ალპების მთიანი ქვეყნისათვის ძალზე ტიპური ფართო, დამოუკიდებელი კირქვიანი წინაალპების ზოლები კარპატების რკალში სრულებით არ მოიპოვება. მეზოზოური კირქვების წყებები ტრიასულიდან ცარცულამდე კარპატებში ალპურის მსგავს ფაციესებშიც არის, მაგრამ მათ საერთოდ აქ მცირე ფართობი უკავია და ფრიად წყვეტილი გავრცელებით გამოირჩევა. ეს წყებები სავსებით ემორჩილება კარპატების შინაგანი ზონის კრისტალურ მასივებს და მხოლოდ შედარებით უმნიშვნელო მონაწილეობას იღებს ამ ზონის შარიაჟული სტრუქტურებით, გარღვევებითა და ნასხლეტებით დანაწევრებულ აგებულებაში.[2]

მთელ ალპებში გამოხატული, ფართო ღერძული კრისტალური სარტყელი კარპატებშიც შეიმჩნევა, მაგრამ აქ სრულებით არაა ისეთივე მთლიანი; მას წყვეტილი ხასიათი აქვს, მნიშვნელოვან ფართობზე სრულებით არ მოიპოვება, აქაც დანაწევრებულია ცალკეულ მასივებად და მათ შორის მდებარე ქვაბულებით დაყოფილია, რომლებშიც ნეოგენური ზღვებისა და ტბების აუზების ნალექებია. კრისტალური სარტყლის ინტენსიურ დანაწევრებასთან და მისი დიდი ნაწილების დაწევასთან დაკავშირებით, ნეოგენში აქ მძლავრი ვულკანური მოქმედება განვითარებულა, რასაც გამოუწვევია ერუფციული კონუსებისა, ლავების ღვარებისა და ტუფებისაგან ქედების, მასივებისა და მთაგრეხილების წარმოშობა. ეს ვულკანური ფორმები არსებით მონაწილეობას იღებენ კარპატების შიდა სარტყლის რელიეფში და თითქმის დამოუკიდებელ კიდურ ზონას შეადგენენ. მართალია, აქ ის წყვეტილია, მაგრამ მკაფიოდ არის გამოხატული ჩრდილო-დასავლეთ კარპატების სამხრეთ განაპირა ნაწილის ქედებში, უკრაინისა და აღმოსავლეთი კარპატების დასავლეთ ზოლში.[2]

მსგავსი ძლიერი და ღრმა დანაწევრება და დაშლა მთათა ღერძული კრისტალური სარტყლისა და ასეთი მძლავრი ვულკანური პროცესებისა და ფორმების განვითარება ალპებისათვის სრულებით უცხოა; მსგავსი მოვლენები ალპებში მხოლოდ მცირედ არის განვითარებული, იქ გაცილებით უკეთ არის დაცული მთის სისტემის მთელი ძირითადი ნაოჭა სტრუქტურა. მხოლოდ სამხრეთ კარპატებში არის კრისტალური ზონა გამოხატული საკმაოდ მძლავრად და უწყვეტად, აქ ის ნამდვილ მთის ღერძულ სარტყელს წარმოადგენს. მაგრამ სამაგიეროდ გვერდითი სარტყლები არ მოიპოვება.[2]

კარპატების მეორე თავისებურებას, ალპებთან შედარებით, მისი გარეგანი ფლიშური ზონის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა წარმოადგენს. იგი ცარცული და პალეოგენური ქვიშაქვებისა, კონგლომერატებისა, თიხაქვებისა და მერგელოვანი ფიქლებისაგან შედგება. ალპებში ფლიშურ ზონას სრულებით მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, ის ვიწრო ზოლადაა გადაჭიმული მთების ჩრდილო კიდის გასწვრივ, კარპატებში კი მთელი მთის რკალის მანძილზე მეტად განიერია და, სამხრეთი შტოს გარდა, განუწყვეტელ სარტყელს შეადგენს. ფლიშის მძლავრი წყება მნიშვნელოვან არეებზე მთის ღერძული სარტყლის როლს თამაშობს და თითქმის მთელი ქედი მისგანაა აგებული, როგორც მაგალითად, უკრაინის კარპატები და მოლდოვის კარპატების სამხრეთი ნაწილი.[2]

კარპატებისა და ალპების გეოლოგიური აგებულების ძირითადი განსხვავება მკაფიოდ ჩანს მათი გეომორფოლოგიის მთავარ თვისებებში, სახელდობრ — ზემოხსენებულ თვისებებში — ვულკანური ფორმების გამოვლინებასთან ერთად, კრისტალური ზონის დაშლასა და ფლიშური ზონის მძლავრ განვითარებაში. ეს განსხვავებები დამოკიდებულია კარპატების ალპებთან შედარებით, ნაწილობრივ სხვაგვარ ისტორიაზე. აღსანიშნავია, რომ კარპატების მთელი შიდა ზონა შექმნილია დანაოჭების და მთათაწარმოშობის უფრო ძველი ფაზისებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ცარცულ პერიოდში; როგორც ჩანს, აქ ზედაცარცის „ავსტრიული“ ფაზისის როლი უფრო მნიშვნელოვანი იყო.[2]

კარპატები.
კარპატები.

გამყინვარება

კარპატებზე არასოდეს არ ყოფილა მთლიანი ყინულოვანი საფარი, არამედ მხოლოდ კუნძულისებური ტიპის გამყინვარება, რომელიც მხოლოდ ყველაზე მაღალ მასივებზე და მწვერვალებზე ვრცელდებოდა. კარპატების მყინვარებს არასოდეს მიუღწევიათ მთების ძირამდე, ისინი მხოლოდ მთების ფარგლებში ვრცელდებოდნენ. ხშირად გვხვდება კარული ტბები, განსაკუთრებით ტიპურია მაღალი ტატრების მასივისათვის, რომელმაც საერთოდ ძლიერი გამყინვარება განიცადა. თოვლის ხაზი ვიურმულ ეპოქაში ყველაზე უფრო დაბლა უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ეშვებოდა, სადაც პილსკოსა და ბაბია-გურაზე აღწევდა ზღვის დონიდან 1350 მ-ს. ტატრებში მარადი თოვლის საზღვარი მაღლა იწევდა 1600 მ-მდე, სამხრეთ კარპატებში კი აბსოლუტური სიმაღლის 1700-1900 მ-ს შორის გადიოდა. ვიურმულ ეპოქაში ხეობის მყინვარების სიგრძე მაღალ ტატრებზე 14 კმ-ს აღწევდა, ხოლო დაბალ ტატრებზე — 5 კმ-ს, ჩერნოგორის მასივზე — 6,5 კმ-ს, როდნის მასივზე — 6 კმ-ს, სამხრეთ კარპატებში — 8 კმ-მდე. ადრინდელი უფრო ვრცელი რისული გამყინვარების ნაშთები დადგენილია ტატრებზე და ჩერნოგორაზე, სადაც ნაპოვნია უფრო ძველი და დაბალი მორენები და რისული მყინვარის არსებობის სხვა ნიშნები.[2]

რისულ ეპოქაში სკანდინავიის დიდი მყინვარი დასავლეთ ბესკიდებამდე იყო გადაჭიმული, ნაწილობრივ აღწევდა მათ მთისძირს და იჭრებოდა ხეობაში, სადაც დატოვა კვალი მორენული დაგროვებათა და ხეობების გაფართოებული ქვედა წელის სახით. ალპური კარული თხემებისა და ცირკების კიბეების კლასიკური ფორმები და აგრეთვე მცირე ტროგები ყველაზე კარგადაა წარმოდგენილი მაღალ ტატრებზე, რომელსაც სავსებით ალპური ტიპის ლანდშაფტი აქვს. ეს მთის გლაციალური ფორმათა კომპლექსი საკმაოდ მკაფიოდ არის გამოსახული სამხრეთ კარპატების მთავარ მასივებზე — ფეგერაშის, პარენგის, რეტეზატის და ცოტად უფრო სუსტად ჩერნოგორაზე და როდნის მასივზეც. კარპატების მაღალ მწვერვალებზე გვხვდება გლაციალური ცირკები.[2]

რადგან მაშინ მთებში ინტენსიურად იყო გამოვლენილი ყინვისმიერი გამოფიტვის პროცესები, გამყინვარების ეპოქების მემკვიდრეობად უნდა ჩაითვალოს მწვერვალებსა და ბევრი ქედის ზედა კალთებზე მდებარე ქვის დიდი ლოდების გროვები, განსაკუთრებით ფლიშურ სარტყელში, სადაც ლოდების ასეთი „ქაოსები“ შედგება მკვრივი ქვიშაქვებისა და კონგლომერატებისაგან, რომლებიც ადვილად შორდებიან ნაკლებად მდგრად ფენებს. ამავე მიზეზის გამო ფლიშურ კარპატებში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული ზვავები და მეწყერები, სწორედ იქ, სადაც მკვრივი შრეების წყებები უფრო განვითარებულია და ხეობათა კალთები უფრო ციცაბოა. ის უბნები კი, სადაც თიხაფიქლები და მერგელოვანი ფიქლები ჭარბობს, უფრო რბილი და დამრეცი კალთებით ხასიათდება.[2]

კარპატებში რელიეფის მაღალმთიანი ტიპი კუნძულისებურად და შედარებით მცირედ არის განვითარებული. უფრო მკაფიოდ ის მაღალ ტატრებსა და სამხრეთ კარპატებშია გამოსახული. დანარჩენ კარპატებში საშუალო სიმაღლის მთის ლანდშაფტი ჭარბობს და ჩვეულებრივად მას რელიეფის ფორმების სიმკაცრე არ ახასიათებს. კარპატების შიდა სარტყელისათვის დამახასიათებელია ძლიერი დანაწევრება და მრავალრიცხოვანი, მთების სხეულში ღრმად ჩაჭრილი ქვაბულები, რის გამოც კარპატები ადვილად მისაწვდომია. მხოლოდ სამხრეთ კარპატები წარმოადგენს ძნელად მისაწვდომ, ციცაბო კალთებიან, მთათა დიდ ამოწევას, მაგრამ ტექტონიკური დეპრესიები აქაც აადვილებს გადასვლას.[2]

კლიმატი

კარპატები შუა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, დასავლეთი და აღმოსავლეთი ევროპის საზღვართან, ამიტომ ის გაცილებით უფრო მეტად განიცდის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მოდენილი სუბპოლარულ კონტინენტურ ჰაერის მასების ზეგავლენას, ვიდრე შუა ევროპის სხვა ოლქები. გარდა ამისა, საკმაოდ დაშორებულია ატლანტის ოკეანიდან, რომლის მხრიდანაც მას ალპები, დინარის მთიანეთი და ბოჰემიის მასივი ეფარება, რომლებიც ზღვიური ჰაერის მიერ მოტანილი სინოტივის უმეტეს ნაწილს იტოვებენ.[2]

გაბატონებულია ზომიერი, ზღვიურიდან კონტინენტურისკენ გარდამავალი ჰავა. ამასთან დაკავშირებით, აქ ატმოსფერული ნალექები ნაკლებ უხვი და არც ისე ხშირია; მეორე მხრივ, კარპატების მთების სიდიდე და მისი მნიშვნელოვანი სიმაღლე მაინც თავისებურ ნოტიო კუნძულად აქცევს მას, ირგვლივ მდებარე, გაცილებით უფრო მშრალ ვაკეებთან შედარებით. კარპატებში ჰავის კონტინენტურობა და სიმშრალე მკაფიოდაა გამოხატული ჩაკეტილ ქვაბულებსა და აგრეთვე მთების ქვედა კალთებზე წინამთებზე, განსაკუთრებით მთის სისტემის სამხრეთ ნახევარში. სამხრეთი კარპატების წინამთები ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით ხასიათდება. მთიან ზოლში ჰავის კონტინენტურობა და სუსხიანობა კარგად ვლინდება ცივ ზამთარსა და ზამთრის თოვლის მყარ საფარში, რომლის ხანგრძლივობა და სიმაღლეც, მთების სიმაღლესთან ერთად მატულობს. მაღალ ქედებსა და მწვერვალებზე თოვლი ზოგჯერ ზაფხულის თვეებშიც რჩება, მაგრამ მყინვარები კარპატებში არ მოიპოვება.[2]

კარპატები მდებარეობს იანვრის საშუალო ტემპერატურის –2°-იდან –4°C-მდე და ივლისის საშუალო 20°-დან 22°C-მდე იზოთერმების ფარგლებში. მთის ზედა სარტყელში 5°-4°C-მდე.[12]

კარპატების სხვადასხვა რაიონებში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საგრძნობლად განსხვავებულია, როგორც წესი, ის მატულობს სიმაღლესთან ერთად. ატმოსფერული საშუალო წლიური ნალექების უდიდესი რაოდენობა 1200 მმ აღემატება, რაც დამახასიათებელია სამხრეთი კარპატების მაღალი მასივებისა, დასავლეთ ბიჰორისა, ტისის სათავესთან აღმართული მთებისა და აგრეთვე სლოვაკეთ-პოლონეთის კარპატების მაღალი ნაწილებისათვის — მაღალი ტატრებისა და დასავლეთი ბესკიდებისათვის. კარპატების დანარჩენი ნაწილები წლიურად 800 მმ-იდან 1000 მმ-მდე ატმოსფერულ ნალექებს იღებს, ზოგან კი მთების ქვედა კალთები ქვაბულები ჩვეულებრივად 600-იდან 800 მმ-მდე. ასეთივეა ტრანსილვანიის აუზის ღრმული, რომლის ცენტრალური ნაწილიც წლის განმავლობაში 600 მმ-ზე ნაკლებ ნალექს იღებს.[2]

ჩაკეტილ ქვაბულებში და მთის ხეობებში ზამთარში ხშირია ტემპერატურული ინვერსია, მთებზე სიმაღლეების მიხედვით ტემპერატურების მნიშვნელოვანი ზრდით. მაგალითად, მარმაროშის რაიონში, მდინარე ტისის სათავეში, იანვრის საშუალო ტემპერატურა 250 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე –6,0°C-ია, ხოლო 410 მ-ზე –3,8°C.[2]

ტყიან კარპატებში ნათლად ჩანს ჰავის სიმაღლებრივი სარტყლურობა. მთისწინეთის ბორცვიანი და პლატოებიანი ქვედა ზონა ხასიათდება შედარებით რბილი და ნოტიო ჰავით. ნალექების წლიური ჯამი 500-იდან 700 მმ-მდე ცვალებადობს. მაღლა მთებში, ჰავა უფრო გრილი და ნოტიო ხდება. ნალექების წლიური ჯამი მთებში 800-1200 მმ-მდე მერყეობს. ნალექების მაქსიმუმი ზაფხულშია და შეადგენს 150-200 მმ თვეში. ნალექები მატულობს სიმაღლესთან ერთად. უფრო მეტი ტენიანობით გამოირჩევა მთების შუა რაიონი, სადაც ნელექების ჯამი 1200 მმ აღემატება. პირიქით, დაბალი მთიანი რაიონი — ბეშჩადები უფრო მშრალჰავიანია, სადაც წლიურ ნალექთა ჯამი 1000 მმ-ზე ნაკლებია. ბეშჩადებში მნიშვნელოვნად არის გამოხატული მეზობელი შუა დუნაის დაბლობის გავლენა მისი სიმშრალითა და ცხელი ზაფხულით. კარპატებში ზამთარში თოვლი უხვად მოდის, რომელიც მთების ზემო ზონაში დიდხანს დევს.[2]

აღმოსავლეთი კარპატები ხასიათდება ზომიერად კონტინენტური, უფრო რბილი და ნოტიო ჰავით, ვიდრე მეზობელი აღმოსავლეთი რაიონები.

გერლახოვსკი-შტიტი. საშუალო თვიური მონაცემები[13]
იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი
ჰაერის ტემპერატურა
2-3 p.m. ცელსიუსით
-11 -11 -8 -5 0 3 5 5 2 -1 -6 -9
ჰაერის ტემპერატურა
2-3 p.m. ფარენჰაიტით
12 12 17 23 32 37 41 41 36 10 21 16
ნალექები
მილიმეტრებში
120 120 100 130 120 190 190 140 90 90 130 150
შტორმიანი და ელვიანი დღეები 0 0 0 2 5 9 9 6 2 0 0 0
მწვერვალის ღრუბლიანობის
დღეები
21 20 22 23 26 25 26 24 21 19 21 21
ჭირხლიანი დღეები 19 15 16 16 13 5 4 5 10 11 17 19
თოვის დღეები[14] 19 16 18 19 16 9 5 4 6 11 17 19
თოვლის საფრის
დღეები
31 28 31 30 24 8 4 3 6 15 28 31
ხილვადობის დღეები
15 12 12 7 3 3 4 5 8 17 15 15

შიდა წყლები

მდინარე ოლტი
ტბა ლალა-მარე
კარპატები, ტყეები
კარპატების ტყეები
კარპატების ტყეები
ზაზუნა კარპატებში
ქალაქი კლუჟ-ნაპოკა
ქალაქი მიშკოლცი
კარპატების მოსახლეობა
ტურისტული მარშრუტი
ტრამპლინი, ზაკოპანე

კარპატები ევროპის ერთ-ერთი მთავარი წყალგამყოფია. კარპატების მდინარეების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება შავი ზღვის აუზს; მხოლოდ მისი ჩრდილოეთი ნაწილი, კერძოდ მდინარეები ვისლა და ოდერი აუზებითურთ განეკუთვნებიან ბალტიის ზღვის აუზს. კარპატების მდინარეებს მყინვარული კვება არ ახასიათებთ, და ამიტომ აქ ალპური რეჟიმის მდინარეები არ მოიპოვება. მდინარეები ძირითადად იკვებებიან თოვლისა და წვიმის წყლით. მდინარეებისათვის დამახასიათებელია დონის მკვეთრი აწევა გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, ყველაზე მეტად აპრილსა და მაისში მთებში თოვლის დნობის დროს. ამ დროს მბორგავი წყალსავსე მდინარეები სწრაფად მიექანებიან ძირს და თან ჩააქვთ წინამთებსა და ვაკეებზე უამრავი წვრილი და მსხვილი რიყის ქვა; ზოგჯერ წყალდიდობის დროს მდინარეები გლეჯენ ხიდებსა და ანგრევენ გზებს. ხშირად წყალდიდობები კატასტროფული ხასიათისაა. განსაკუთრებით ინტენსიური წყალდიდობა იცის მაშინ, როდესაც გაზაფხულის თოვლის დნობას დაერთვის ამ დროისათვის ჩვეულებრივი, ძლიერი წვიმები. უკვე ივნისში მდინარეთა დონე შესამჩნევად იკლებს. მაგრამ, წვიმების და გრუნტების წყლების გამო მათი წყლის ჩამოდენა მნიშვნელოვანი რჩება ზაფხულსა და შემოდგომაზეც. ჩამონადენის მინიმუმი ყველა მდინარეს ზამთარში აქვს.[2]

კარპატების მდინარეთა სისწრაფე და მათი ბობოქარი ხასიათი დამოკიდებულია მთების ახლო წარსულში მომხდარი ამოწევებისაგან, რადგანაც სამხრეთ კარპატებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამოწევები იყო, სწორედ აქ შეიმჩნევა მეტად სწრაფი წყალდენა და მაქსიმალური წყალდიდობა, რასაც ხელს უწყობს აგრეთვე ქანების ხასიათი და სამხრეთი კარპატების მძლავრი კრისტალური ქედის მეტი სივრცე. ფლიშური წყებების გადარეცხვა უფრო ადვილად ხდება და მათი გადაკვეთის დროს მდინარეებს ჩვეულებრივ არც ისე მკვეთრი დაქანება აქვს. ჩანჩქერები კარპატებში იშვიათია და არადამახასიათებელი, რაც მეოთხეულ გამყინვარებათა მიერ მთების მცირე დამუშავებით აიხსნება. კარპატებში არ გვხვდება ალპურის მსგავსი მაღალი საფეხურები შესართავებთან და ეს გარემოება არახელსაყრელია წყლის ენერგიის გამოსაყენებლად მრეწველობის მიზნებისათვის. დიდი მდინარეებიდან კარპატებში სათავეს იღებს ვისლა — მაღალ ტატრებში, ტისა — ქედის ამაღლებულ ნაწილში, უკრაინისა და აღმოსავლეთ კარპატებს შორის მოსაზღვრე რაიონიდან; ამავე რაიონში სათავს იღებენ პრუტი და სერეტი, უფრო ჩრდილოეთით დნესტრის სათავეა. აღსანიშნავია აგრეთვე მდინარეები მაროში და ოლტი, რომელთა სათავეებიც აღმოსავლეთის კარპატების აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს.[2]

მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ტბები კარპატებში არ მოიპოვება. სულ კარპატებში არის დაახლოებით 450 ტბა.[15] ყველა ტბა მცირე ფართობისაა. უმაღლეს მთათა მასივებზე, რომლებმაც გამყინვარება განიცადეს არის მხოლოდ მცირე კარული ტბები. აღსანიშნავია ტბა ბუკურა, რომელიც ზღვის დონიდან 2040 მ სიმაღლეზე მდებარეობს და აქვს მყინვარული გენეზისი. ფეგერაშის ქედზე მდებარეობს მყინვარული წარმოშობის ტბები ბილია და კაპრა.

ფლორა

კარპატებში გაბატონებულია ტყის ზონა — საშუალო სიმაღლის მთის ლანდშაფტი, დიდი ხშირი ტყეები განსაკუთრებით კარგადაა დაცული მთის ფერდობთა შუა ზოლში. სწორედ ამ ზოლში ტყეების შენარჩუნებას კარპატების რელიეფის დამახასიათებელი თვისებები უწყობდა ხელს. მთები მდინარეების გადარეცხვით ძლიერ მოგლუვებული და ნაწილობრივ გაპენეპლენებული იყო. შემდეგ მათ განიცადეს მკვეთრი ახალგაზრდა ამოწევები, რომლებმაც მდინარეული ეროზიის გამოცოცხლება გამოიწვია, რადგანაც მთების სწორედ შუა კალთები იყო მეტად ციცაბო და ღრმად დანაწევრებული. ზევით გავრცელებულია ძველი მოგლუვებული დენუდაციის არეები.[2]

ფერდობთა ქვედა ზოლი და წინამთების მდინარეთა ფართო ტერასები, ნაწილობრივ წყალგამყოფებიც, მეტად დამრეცი კალთებით ხასიათდება. მთების ზედა ნაწილებში მდელოებით დაფარულ, ვრცელი დამრეცი არეების არსებობამ ხელი შეუწყო კარპატებში მომთაბარე მეცხოველეობის განვითარებას. მეტად უდაბური, ძნელად მისაწვდომი და იშვიათად დასახლებულია ღრმა ხეობებით დანაწევრებული, ხშირი ტყით დაფარული ზოლი 900 მ-იდან 1500 მ-მდე. ის ხშირად დაწეულია და ზოგჯერ 700 მ-იდან 1200 მ-მდე მდებარეობს. უფრო ზევით მოდის მთის ბუჩქნარებისა და მდელოების სარტყელი — საძოვრების ზონა. მთის მეცხოველეობის ფართოდ გავრცელებასთან დაკავშირებით ტყის ზედა საზღვარი ზოგ ადგილზე ძლიერ დაწეულია — გაჩეხვის, ამოწვისა და საქონლის ძოვების შედეგად. ტყეები მაინც ყველგან ფარავს მთებს, ისინი გაბატონებულია 600 მ-იდან 1500 მ-ის სიმაღლემდე.[2]

მთის დაბალ სარტყელში, 550 მ-იდან 800 მ სიმაღლემდე, მუხნარია, მას ცვლის წიფლნარი, რომელიც 1100-1350 მ-მდე ვრცელდება, უფრო ზემოთ, 1200-1500 მ-მდე, შერეული ტყის ლანდშაფტია (წიფელი, ნაძვი, სოჭი). ტყის ზედა საზღვარზე წიწვოვანი ტყეა, 2200 მ-მდე მას სუბალპური მდელოები, ბუჩქნარი და ტანბრეცილი ტყე ენაცვლება. უფრო მაღლა, 2300-2400 მ-მდე, ალპური მდელოებისა და ბუჩქნარის სარტყელია.[16]

კარპატების ტყეები ხასიათდება კარგად გამოხატული ძირითადი ფორმაციების ერთგვაროვნებით დიდ არეებზე, ისინი იცვლება მხოლოდ მცირე ვერტიკალური ზონების ფარგლებში. კარპატები, ისევე როგორც შუა ევროპის სხვა მთები, თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში ტყის ფორმაციათა ორი ჯგუფის ბრძოლის არენას წარმოადგენს. ერთი ჯგუფია ტაიგის, რომელიც ყველაზე მეტად ნაძვნარებით არის წარმოდგენილი და მეორე — ფართოფოთლიანების, სადაც გაბატონებულია წიფელი. გამყინვარების შემდეგ ხანაში ტაიგის ფლორა ძლიერ უნდა შემცირებულიყო.[2]

უფრო სითბოსმოყვარული შუა ევროპის ფოთლიანი — მუხისა და წიფლის ტყეები თითქოს მიისწრაფოდნენ დაებრუნებინათ თავისი დაკარგული პოზიციები. მცენარეული საფარი აერთიანებს ბევრ უნიკალურ სახეობას, განსაკუთრებით მთების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც კლიმატური აცივების ეფექტი მეოთხეულ პერიოდში ნაკლებად იყო გამოხატული. ტყეები კარგად არის შემონახული კარპატების აღმოსავლეთ ნაწილში.[2]

ფაუნა

კარპატები მდიდარია ტყის ფაუნით. კარპატების ფაუნა ხასიათდება ტყის ცხოველთა სიჭარბით და დასავლეთი რაიონებიდან შემოსული სახეობების დიდი რაოდენობით.[2] კარპატების ხშირ, მცირედ დასახლებულ ტყეებში ჯერ კიდევ არის დაცული ცხოველთა მდიდარი სამყარო; მათ შორის არის ტაიგისა და დასავლეთი ევროპის ფაუნის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები და მთელი რიგი ბალკანეთიდან გადმოსული სამხრეთის ფორმები. გვხვდება მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, ევროპული შველი, გარეული ღორი, ბევრია მელა, არის გარეული კატა და თეთრყელა კვერნა, მათთან ერთად — ჩრდილოეთის დედოფალა, კვერნა, ყარყუმი. ყველაზე მაღალ ადგილებში გვხვდება არჩვი და ზაზუნა. ფრინველებიდან აღსანიშნავია სოღო, ტყის ქათამი, როჭო, შავი კოდალა და სხვა. არის ნაკრძალები და პარკები. რუმინეთის კარპატებში თავმოყრილია მურა დათვის ევროპის პოპულაციის 35%. რუმინეთის კარპატების ზოგიერთ ადგილში ყოველ 10 კმ²-ზე მოდის 1 დათვი.[17] სამხრეთ კარპატებში აღსანიშნავია რეტეზატის ეროვნული პარკი, სადაც გვხვდება ჩვეულებრივი მელა, ტყის კატა, კეთილშობილი ირემი, მდინარეთა სანაპიროებზეა წავი; ფიჭვნარში არის სოღო, ხოლო კედრის ტყეებში მეთხილია. ორნითოფაუნას აგრეთვე ქმნიან: მთის არწივი, სვავი, ზარნაშო, ჟრუნი და სხვა.

გვხვდება კარპატების ენდემური სახეობა — სალამანდრა. კარპატების ტაიგაში არ გვხვდება ცხენი, ირემი, თეთრი კურდღელი.[18]

ქალაქები

კარპატების ფარგლებში მოქცეულია მრავალი ქალაქი, რომელთაგან აღსანიშნავია:

მოსახლეობა

მოსახლეობა თავმოყრილია მთისწინეთსა და მთათაშორის ქვაბულებში, მთაში მოსახლეობა შედარებით მცირეა.[16] კარპატებში მოსახლეობის განაწილება უკავშირდება მიწების ბუნებრივ თავისებურებებსა და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს; მაშასადამე, იგი მრავალმხრივად არის წარმოდგენილი. მთათაშუა ხეობებში და დასავლეთი კარპატების ჩრდილოეთ კალთებზე მოსახლეობის სიმჭიდროვე დიდია, მაშინ როდესაც, ირგვლივ არსებული პრაქტიკულად დაუსახლებელი მთათა მასივებია. მთლიანობაში სამხრეთ-აღმოსავლეთი კარპატები უფრო მჭიდროდ არის ჩასახლებული, ვიდრე დასავლეთი კარპატები, თუმცა იქ, აგრეთვე მოსახლეობის დიდი ნაწილი თავმოყრილია ხეობებში.[19] დასავლეთი კარპატების დასავლეთ კალთები დასახლებულია ჩეხებით, ჩრდილოეთი კალთები პოლონელებით, მთელი ცენტრალური ნაწილი სლოვაკებით, ხოლო სამხრეთი ნაწილი უნგრელებით. აღმოსავლეთი კარპატების ჩრდილოეთი ნაწილი და მისი გარე და შიდა სექტორები დასახლებულია უკრაინელებით; აღმოსავლეთი კარპატების ღერძული ნაწილი და აგრეთვე ნაწილობრივ, ტრანსილვანიის პლატო დასახლებულია უნგრელებითა და მცირედი ნაწილი გერმანელებით; დაბოლოს, კარპატების სამხრეთ-დასავლეთი მხარე — სერბებით. საერთოდ, დასავლეთი კარპატების დიდი ნაწილი და აღმოსავლეთი კარპატების ჩრდილოეთი ნაწილი დასახლებულია სლავური მოსახლეობით, და სამხრეთი ნაწილი, აღმოსავლეთ სერბეთის მთების გამოკლებით, რუმინელებითა და უნგრელებით.[19]

ტურიზმი

კარპატებში ბევრია კურორტი, განვითარებულია ტურიზმი, ალპინიზმი, ზამთრის სპორტის სახეობები. კარპატები პოპულარული ტურისტული და ხელსაყრელი დასასვენებელი ადგილია, განსაკუთრებით, პოლონელი, უნგრელი, რუმინელი, ჩეხი და სლოვაკელი ხალხისთვის.[19] მეტად მნიშვნელოვანია მთის კლიმატური კურორტი ქალაქი ზაკოპანე, რომელიც მდებარეობს ტატრების მთისწინეთში, ზღვის დონიდან დაახლოებით 850 მ სიმაღლეზე. ზაკოპანე დასვენების ცნობილი ბაზა და ალპინიზმის, ტურიზმისა და ზამთრის სპორტის ეროვნული ცენტრია. არის სანატორიუმები, სასტუმროები, ტურისტული ბაზები, სათხილამურო ტრამპლინი, საბაგირო გზა, ფუნიკულიორი, საცურაო აუზი. სეზონი — მთელი წელი.[20] ტატრების სლოვაკურ ნაწილში არის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები. რუმინეთში ტურიზმისა და ზამთრის სპორტის სახეობების ცნობილი ადგილია სინაია, რომელიც მდინარე პრაჰოვის ხეობაში მდებარეობს. კარპატები განთქმულია მინერალური წყაროებით. აღსანიშნავია: კრინიცა-ზდრუი, ბორსეკი, ბეილე-ერკულანე და სხვა.[19]

ტრანსპორტი

კარპატებში რკინიგზის ქსელი გაჩნდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. იმ დროს მთების დიდი ნაწილი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში ექცეოდა. იმ პერიოდში საკვანძო პუნქტს ბუდაპეშტი წარმოადგენდა, რომელიც კარპატების ღერძის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ძირითადი სარკინიგზო ხაზები ბუდაპეშტიდან გადიოდა სხვადასხვა მიმართულებით. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სარკინიგზო სისტემამ დიდ ნაწილში დაკარგა თავისი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა.[21] აღსანიშნავია დუკლის, ლუპკოვისა და იაბლუნკოვის უღელტეხილები.[22][23]

შესწავლის ისტორია

კარპატებში ურთიერთშეხამებულია სხვადასხვა ეროვნების ხალხი და სწორედ ამ სიჭრელემ შეუწყო ხელი რეგიონში სამეცნიერო კვლევის განვითარებას. XVIII საუკუნის ბოლოდან პირველ მსოფლიო ომამდე კარპატები მოქცეული იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში და ამ პერიოდის განმავლობაში იგი ხელმისაწვდომი იყო შესასწავლად ამ მრავალეროვანი იმპერიისათვის. საყურადღებოა პოლონელი, გერმანელი და უნგრელი მეცნიერების კვლევები.[24]

XIX საუკუნის ბოლოს ავსტრიის გენერალურმა შტაბმა გამოსცა რეგიონის პირველი ყოველმხრივი ტოპოგრაფიული რუკა. 1815 წელს გამოქვეყნდა პირველი ნაშრომი კარპატების გეოლოგიის შესახებ. დღეისათვის კარპატების ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი გეოლოგიური რუკა და არსებობს მდიდარი რეგიონული გეოლოგიური ლიტერატურა.[24]

1922 წელს საერთაშორისო გეოლოგიურმა კონგრესმა შექმნა გეოლოგთა ასოციაცია. გაპენეპლენებული არეების არსებობა კარპატის მთების ზედა ნაწილებში პირველად აღმოაჩინეს და დაადგინეს სამხრეთ კარპატებში, მისი გეომორფოლოგიის დეტალური შესწავლის დროს, XX საუკუნის დასაწყისში. ამ კლასიკურმა გამოკვლევებმა დიდი როლი ითამაშა როგორც კარპატების, აგრეთვე ევროპის სხვა ნაოჭა მთების რელიეფის გენეზისისა და ხასიათის შემეცნების საქმეში.[2] კარგად არის შესწავლილი კარპატების ფიზიკური გეოგრაფიის საკითხები, ხოლო 1963 წელს შეიქმნა გეომორფოლოგიური კომიტეტები კარპატებისა და ბალკანეთის შესასწავლად.[24]

შედარებით ნაკლებად იყო შესწავლილი კლიმატოლოგიისა და ბიოგეოგრაფიის საკთხები, თუმცა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მრავალი ნაშრომი დაიწერა ამ მიმართულებით. მთლიანად კარპატების საზოგადოებრივი გეოგრაფიის სინთეზური მიმოხილვა არ შექმნილა, რამეთუ ეკონომიკური პრობლემები შესწავლილი იქნა მხოლოდ კარპატების ცალკეულ ქვეყნებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კარპატები გახდა მრავალი სამეცნიერო ცენტრის შესწავლის ობიექტი. ეროვნული გეოლოგიური და ჰიდროლოგიისა და მეტეოროლოგიის ინსტიტუტებმა აგრეთვე მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვეს კარპატების შესახებ.[24]

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Martonne E., Recherches sur l'évolution morphologique des Alpes de Transylvanie. Paris. 1906-1907;
  • Voitesti P., Apercu synthetique sur la structure des regions carpathiques. Cluj, 1929;
  • Sawicki, L., Die jüngeren Krustenbewegungen in den Karpathen. Wien, 1909;
  • Zapletal, K., überblick über die Geologie der tschechoslowakischen Karpathen. Berlin., 1930;
  • Pawlowski St., Karpates á l`époque glaciaire. Varsovie, 1938;
  • Pax F., Grundzüge der Pflanzenverbreitung in den Karpathen, Leipzig., 1898-1908;
  • Behemann W., die landschaften rumäniens. Berlin., 1919;
  • Machatschek F., Landeskunde der Sudeten und Westkarpatenländer. Stuttgart 1927;
  • Анучин В. А., Спиридонов А. И., Закарпатская область, М., 1947;
  • Арманд Д. Л., Румыния, М. — Л., 1946;
  • Власова Т. В., Венгрия, М., 1948;
  • Геренчук К. I., Койнов М. М., Цись П. М., Природно-географiчний подiл Львiвського та Подiльського економiчних районiв, Львiв, 1964;
  • Ленцевич С., Физическая география Польши, пер. с польск., М., 1959;
  • Печи М., Шарфалви Б., Венгрия, пер. с венг., М., 1962;
  • Природа Украïнських Карпат, Львiв, 1968;
  • Физико-географическое районирование Украинской ССР, К., 1968;
  • Bulla В., Magyarország természéti földrajza, Bdpst, 1964;
  • Kondracki J., Geografia fizyczna Polski, 2 wyd., Warsz., 1967;
  • Mihăilescu V., Carpaţii Sud-Estici de pe teritoriul R. P. Romîne, Buc., 1963.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 414.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 2.19 2.20 2.21 2.22 2.23 2.24 2.25 2.26 2.27 2.28 2.29 2.30 2.31 2.32 2.33 2.34 2.35 2.36 2.37 2.38 2.39 2.40 2.41 2.42 2.43 2.44 2.45 2.46 2.47 2.48 2.49 2.50 2.51 2.52 2.53 დობრინინი ბ.. დასავლეთი ევროპის ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, საქართველო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 284-310 თბ. 1953. 
  3. Tallest Mountains in slovakia. freebase.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-15.
  4. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 414.
  5. რიბინი ნ., ვიალოვი ო. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. slovari.yandex.ru.[მკვდარი ბმული]
  6. პაშაევა ნ., ავდეიჩევი ლ. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. slovari.yandex.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-15.
  7. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. slovari.yandex.ru.[მკვდარი ბმული]
  8. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. slovari.yandex.ru.[მკვდარი ბმული]
  9. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. slovari.yandex.ru.[მკვდარი ბმული]
  10. ენციკლოპედია ბრიტანიკა. britannica.com.
  11. 11.0 11.1 11.2 Поспелов Е.М.. Географические названия мира (Топонимический словарь). Москва, Россия: русские словари, გვ. 191 М. 1998. ISBN 5-89216-029-7. 
  12. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 414.
  13. The weather and climate data for this altitude are rounded from averages of varying numbers of decades through the 1960s. They may represent or diverge from current averages or averages covering longer periods: Mikuláš Konček, et al. Klíma Tatier. 1974.
  14. Vojtech Briedoň, Kazimierz Chomicz and Mikuláš Konček, "Snehové pomery." In: Mikuláš Konček, et al. Klíma Tatier. 1974.
  15. ენციკლოპედია ბრიტანიკა. britannica.com.
  16. 16.0 16.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 414.
  17. The bears, wolves and lynx of The Carpathian Mountains. wildlifeextra.com.
  18. დავიდოვა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ.,, სსრკ ფიზიკური გეოგრაფია, განათლება, 1988. — გვ. 405-413.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 ენციკლოპედია ბრიტანიკა. britannica.com.
  20. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. slovari.yandex.ru.[მკვდარი ბმული]
  21. ენციკლოპედია ბრიტანიკა. britannica.com.
  22. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. slovari.yandex.ru.[მკვდარი ბმული]
  23. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. slovari.yandex.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-04.
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 ენციკლოპედია ბრიტანიკა. britannica.com.