მაკრატელას ქედი
მაკრატელას ქედი — ქედი აღმოსავლეთ საქართველოში (თუშეთი). შეადგენს კავკასიონის მთავარი ქედის ნაწილს. წარმოადგენს პირიქითა ალაზნისა და თუშეთის ალაზნის წყალგამყოფს. მაკრატელას ქედი გამოეყოფა აწუნთის ქედს აღმოსავლეთით, მწვერვალებს ამღასა და ბორბალოს შორის. მასზე აღმართულია მწვერვალები: წიო (3380 მ), ცივა (3362 მ), მაკრატელა (3106 მ) და სამრულისმთა (3482 მ). აგებულია იურული ფიქლებით.
აქვს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება და მთავრდება ომალოს პლატოთი. მაკრატელას ქედის თანამედროვე გამყინვარება უმნიშვნელო სიმძლავრით ხასიათდება და სამრულისმთის მასივის ჩრდილო კალთებთან არის დაკავშირებული. მეოთხეულ პერიოდში ქედზე წარმოდგენილი იყო ხეობის ტიპის მყინვარები, რომელთა სიგრძე 5-6 კმ-ს აღწევდა, მათი ქვედა ბოლოები 2400-2500 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე მდებრეობდნენ.
ქედის სამხრეთ-აღმოსავლური მონაკვეთი ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში დამახასიათებელია ალპური მდელოს ლანდშაფტი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.