ტერასები
ტერასები (ფრანგ. terrasse; ლათ. terra — მიწა) — სხვადასხვა მიზეზით წარმოქმნილი ბუნებრივი საფეხურები მთის კალთებზე, ხეობის ფერდობებზე, ტბისა და ზღვის ნაპირებზე. განარჩევენ შემდეგი წარმოშობის ტერასებს: მდინარეულ, ტბიურ, ზღვიურს და შერეულ ტერასებს. ყველაზე მაღალი ტერასა ყველაზე ძველია, დაბალი — ყველაზე ახალგაზრდა.[1]
მდინარეული ტერასები ხაზობრივად წაგრძელებული რელიეფის ფორმებია, რომელიც წარმოიქმნება დიდწილად მდინარეთა ეროზიული მოქმედებით; უმეტესობას აქვს ტექტონიკური ქვედებული. ტბიური ტერასის წარმოშობა დაკავშირებულია ტბის ტალღების მოქმედებასთნ, მორფოლოგიურად წარმოდგენილია ჰორიზონტული ან წყალსაცავისაკენ მცირედ დახრილი ზედაპირით. იგი შეიძლება იყოს წყალზედა ან წყალქვეშა. ზღვიური ტერასები წარმოადგენს ძველ პლაჟებსა და აბრაზიულ ბაქნებს, რომლებიც ხმელეთის აზევების გამო აღარ განიცდიან ზვირთცემის გავლენას. ისინი ხშირად რამდენიმე, ერთმანეთზე განლაგებული იარუსითაა წარმოდგენილი. წყალქვეშა ზღვიური ტერასები გვიჩვენებს სანაპირო ზოლის მდებარეობას წარსულში.[2]
ხშირად ტერასა იარუსებადაა განლაგებული, რაც მოწმობს მდინარის მოქმედებაში აკუმულაციური და ეროზიული ციკლების მონაცვლეობას. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოწვეული იყოს დედამიწის ქერქის არათანაბარი ტექტონიკური აზევებით, ჰავის ცვალებადობით, ზღვის დონის ევსტატიკური რღვევით.[2]
ტერასების ასაკი მათი სიმაღლებრივი მდებარეობის შესაბამისად იზრდება; ყველაზე ახალგაზრდაა მდინარის (ტბის, ზღვის) ნაპირთან მდებარე ტერასა. მთის კალთებზე და ხეობებში გვხვდება აგრეთვე დენუდაციური პროცესების შედეგად წარმოქმნილი ტერასები. ესენია: სტრუქტურული ტერასები, რომლებიც განპირობებულია კალთების ამგები მკვრივი და დამყოლი ქანების შრეების მორიგეობით; მეწყრული ტერასები — დაცურებული ქანების საფეხურებრივი ზედაპირები; სოლიფლუქციური ტერასები და სხვა.[2]
ტერასებზე ხშირად გაშენებულია დასახლებული პუნქტები, სამრეწველო ობიექტები, გაყვანილია გზები, არის სახნავი სავარგულები.
გვხვდება ცრუ ანუ ფსევდოტერასებიც — ფერდობების მოსწორებული, ჰორიზონტული ან სუსტად დახრილი ზედაპირები, რომლებიც გარეგნულად ემსგავსებიან მდინარის ტერასებს, მაგრამ მათგან განსხვავდებიან წარმოშობით; მაგ., მდინარის მიერ გვერდითი შენაკადების გამოზიდვის კონუსების ტერასები, მთის კალთის ტერასები, სტრუქტურული ტერასები, მეწყრული ტერასები და ა.შ.[3]
საქართველოში მრავალ მდინარეზეა გამოხატული ტერასები. თბილისის რელიეფის ყველაზე მნიშვნელოვან მორფოლოგიურ წარმონაქმნებს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საფეხურებად განლაგებული, მდინარე მტკვრის ტერასები წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აგრეთვე მდინარე რიონის შუა დინების ტერასები და მათი ასაკი. რიონის ტერასების სიმაღლე 2-3-იდან 20-35 მ-მდეა, სიგრძე 2-3 კმ, სიგანე რამდენიმე ასეული მეტრი. ამ ტერასებზე გაშენებულია სოფლები, ბაღ-ვენახები, ბოსტნები და ნათესები.[4] ტერასები გამოხატულია მდინარე ალაზანზეც. დაბალი ალუვიური ტერასები კარგად არის გამოსახული მდინარე კოდორზე და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტერასები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Щукин И. С., Общая геоморфология, т. 1, М., 1960;
- Горшков Г. П., Якушева А. Ф., Общая геология, 3 изд., М., 1973.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Террасы // Большая советская энциклопедия
- ↑ 2.0 2.1 2.2 დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 695.
- ↑ გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 394.