ახალი ათონის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი ათონის მღვიმე
Афон Ҿыцтәи аҳаҧы

New Athos cave (3337830487).jpg
ახალი ათონის მღვიმე

ახალი ათონის მღვიმე — საქართველო
ახალი ათონის მღვიმე

კოორდინატები: 43°05′26″ ჩ. გ. 40°48′36″ ა. გ. / 43.0906500° ჩ. გ. 40.8100083° ა. გ. / 43.0906500; 40.8100083

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 220 მ
სიგრძე 3285 მ
სიღრმე 183 მ
მოცულობა 1,5 მლნ. მ³
აღმოჩენის წელი 1961
კეთილმოწყობილი იქნა 1975 წელს
შესასვლელთა რაოდენობა 4
სირთულის კატეგორია 2A
განათება ელექტროფიცირებული
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები ცარცულ-პალეოგენური
ჰავა სტატიკური
ფაუნა ცხრაფეხა ტრიქონისკუსი
პლანქტონური ციკლოპები
ნიფარგუსი
აზელუსი
ფლორა ხავსები
სოკოები
ბალახოვანი მცენარე ალბინოსი
საიტი ოფიციალური საიტი
ახალი ათონის მღვიმის სქემა
ახალი ათონის მღვიმის სქემა

ახალი ათონის მღვიმე (აფხ. Афон Ҿыцтәи аҳаҧы; აგრეთვე ცნობილი ანაკოფიის ანდა ივერიის მღვიმის სახელით) — კარსტული მღვიმე საქართველოში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის (344 მ) ჩრდილო კალთაზე; კურორტ ახალი ათონიდან დაშორებულია 1,5-2 კილომეტრით.[1] ჯამური სიღრმე 183 მ, ჯამური სიგრძე 3285 მ, მოცულობა 1,5 მლნ. მ³-ს აღემატება.[2] გამომუშავებულია ცარცულ-პალეოგენურ კირქვებში. ახალი ათონის მღვიმე მოცულობით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. შედგება 11 დარბაზისაგან.

ახალი ათონის მღვიმე გამოირჩევა დარბაზების განსაკუთრებულობით. დარბაზები და ტალანები შემკულია თეთრი და ქარვისფერი სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით, ჰელიქტიტებით, სვეტებით, გაქვავებული ჩანჩქერებით, ფარდებით, მოფარდაგებულობით, კალციტის „ყვავილებით“ და „ფქვილით“, ოოლითებით, პიზოლითებით; არის კირქვის უზარამაზარი ლოდების გროვები და 20-30 მ სისქის თიხის ფენები.[3] სამხრეთულ დარბაზებში წყალდიდობისას იჭრება წყალი; მღვიმის უდაბლესი სართული წყლით არის ავსებული. ერთ-ერთი სიფონური ტბის სიღრმე 26 მ აღწევს. მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა უდრის 12,6 °C-14,4°C-ს, ხოლო შეფარდებითი ტენიანობა 94-100%-ს.[4]

1961 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიცია ახალი ათონის მიდამოებში შეუდგა ლიტერატურაში მანამდე უცნობი კარსტული უფსკრულის შესწავლას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში „უძირო ორმოს“ სახელით იყო ცნობილი. „უძირო ორმოს“ პირველ იერიშში მონაწილეობდნენ: არსენ ოქროჯანაშვილი, ბორის გერგედავა, ახალი ათონის მკვიდრი გივი სმირი და ზურაბ ტინტილოზოვი. მოიერიშე ოთხეულს ეხმარებოდა სპელეოლოგ-ენთუზიასტთა სამაშველო და დამხმარე ჯგუფი ჰ. მაისაიას, გ. კორნეევის, ა. აბაშიანისა და ა. უვაროვის შემადგენლობით. ექსპედიციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა დოცენტი შალვა ყიფიანი, ხოლო მოიერიშე ჯგუფისა და მიწისქვეშ ჩასატარებელი სამუშაოების ხელმძღვანელობა ზურაბ ტინტილოზოვს ევალებოდა. პირველ იერიშს თვალსაჩინო შედეგი მოჰყვა; ჭებისა და ვიწრო ნაპრალების სისტემის დაძლევით, მოიერიშე ოთხეულმა მოახერხა ჰორიზონტალურ ფსკერიან გიგანტურ მიწისქვეშა სიცარიელეში შეჭრა, რითაც დასაბამი მისცა ჩვენი დროის შესანიშნავი სპელეოლოგიური აღმოჩენების დასაწყისს. ახლად შესწავლილ მღვიმის დარბაზებმა, პირველ აღმომჩენთა უფლებით მიიღეს სახელწოდებები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა“, „თიხის“, „ივერია“, „ტაძარი“, „სოხუმი“, „თბილისი“ და „ჰელიქტიტების სალონი“.[2]

მომდევნო წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციები ახალი ათონის ხშირი სტუმრები გახდნენ. იკვლევდნენ მღვიმე-უფსკრულის მორფოლოგიის, ჰიდროლოგიის, ჰიდროგეოლოგიის, მიკროკლიმატის, მინერალოგიისა და სხვა საკითხებს. უფსკრულში ყოველდღიური ჩასვლა და ამოსვლა დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ საქართველოში პირველად საბაზო ბანაკები მოეწყო და ექსპედიციები ცხოვრობდნენ მიწისქვეშ. ასე, მაგალითად, მეორე ექსპედიციამ, უფსკრულში 65, ხოლო მესამემ — 105 საათი დაჰყო.[2]

ახლად მიკვლეულ ბუნებრივ ძეგლზე გამოქვეყნებულმა პირველმა მასალებმა სათანადო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის რეკომენდაციებით მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული მიზნებისათვის აღნიშნული ძეგლის კეთილმოწყობის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა მეოთხე ექსპედიცია; მის შემადგენლობაში შევიდნენ არქიტექტორები რაფიელ რიჟინაშვილი და თეიმურაზ მარკოზაშვილი, ინჟინერ-მარკშაიდერები ა. გოფი და მ. ახმეტელაშვილი, კინოდოკუმენტალისტები ვ. მიქელაძე, ე. გერმესაშვილი და სხვები. ახალბედებს უფსკრულში მიუძღვოდა სპელეოლოგთა ჯგუფი ა. ოქროჯანაშვილის, ლ. ქალდანის, რ. ნავერიანის, რ. სუჯაშვილისა და ზურაბ ტინტილოზოვის მონაწილეობით.[2]

ექსპედიციის ამოცანას შეადგენდა მღვიმური სისტემის ინსტრუმენტული აგეგმვა, საცდელი კინომასალის გადაღება. ექსპედიციამ მიწისქვეშ 198 საათს დაჰყო. დასახული პროგრამა წარმატებით შესრულდა. ინჟინერ-მარკშაიდერებმა ქაღალდზე მთელი სიზუსტით გამოსახეს მიწისქვეშა ქალაქის „პროსპექტები“, ხოლო გადაღებულმა კინომასალამ, ინტერესი ამ ძეგლის კეთილმოწყობისადმი კიდევ უფრო გაზარდა.[2]

ახალი ათონის მღვიმის აღმოჩენისა და შესწავლისათვის მკვლევართა ჯგუფს, კერძოდ, ზურაბ ტინტილოზოვს, შალვა ყიფიანს, არსენ ოქროჯანაშვილს, არქიტექტორებსა და ინჟინერ-მშენებლებს, კერძოდ, ვიქტორ გოცირიძეს, გაიოზ ჯაყელს, ერმალოზ მამულიას, ივანე კოჟუხოვს, გივი ციმინტიას, რაფიელ რიჟინაშვილს, ანატოლი გოფს, ვალერი ვოუბასა და თეიუმურაზ მარკოზაშვილს მიენიჭათ სსრკ-ის სახელმწიფო პრემია.[4]

ახალი ათონის მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინა და შეისწავლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტმა. „საქქალაქმშენსახპროექტის“ ინსტიტუტის პროექტით ტურისტული მიზნებისათვის კეთილმოწყობილ იქნა „თბილგვირაბმშენის“ მიერ და გაიხსნა 1975 წელს.[5]

1975 წლის 4 ივლისს ახალი ათონის მღვიმეში ამოქმედდა ახალი ათონის მღვიმური რკინიგზა, რომლის ხაზის სიგრძე 1291 კილომეტრია. აქვს 3 სადგური.[6] აღსანიშნავია, რომ 1975-2014 წლებში ახალი ათონის მღვიმეს ემსახურებოდა რიგის ვაგონსაშენი ქარხნის მიერ გამოშვებული ელექტრომატარებელი „ტურისტი“, ხოლო 2014 წლიდან იგი შეცვალა ელექტრომატარებელმა ეპ-563-მა, რომელიც აგრეთვე რიგის ვაგონსაშენი ქარხნის მიერაა გამოშვებული.[7]

1994 წელს ასტეროიდ იდის ერთ-ერთ კრატერს, რომლის დიამეტრი 0,8 კმ.-ია, ახალი ათონის მღვიმის სახელი ეწოდა.[8]

მდებარეობა და ბუნებრივი პირობები

ახალი ათონის მღვიმე ძირითად ტურისტულ-საექსკურსიო ტრასაზე მდებარეობს; საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან იგი დაშორებულია 430, ხოლო სოხუმიდან 24 კილომეტრით. ახალი ათონის მღვიმის ბუნებრივი ჩასასვლელი, ფართოპირიანი და შვეულკედლებიანი უფსკრული, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე იხსნება. მღვიმე ჩასახულია ქვედაცარცული ასაკის სქელშრეებრივ, ძლიერ ნაპრალოვან კირქვებში და შედგება ვერტიკალური (ჯამური სიღრმე 183 მ) და ჰორიზონტალური (ჯამური სიგრძე 3285 მ) სიღრუეებისაგან. აღსანიშნავია დიდი დარბაზები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი“, „ტაძარი“, „სოხუმი“, „თბილისი“, „ჰელიქტიტების დარბაზი“ და სხვა. ზოგიერთი მათგანი მდიდრულადაა მორთული სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგმიტებით, ფარდებით, გაქვავებული ჩანჩქერებითა და სხვა. ცალკეულ დარბაზებშია პლასტიკური თიხის დიდი სისქის (10-30 მ) ნალექები, ნგრეული მასალა. მღვიმის თავისებურებაა დარბაზების გიგანტურობა. მღვიმური სისტემის მოცულობა 1,5 მლნ. მ³-ს აღემატება. ამ მხრივ ის ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა წლის განმავლობაში 12,6-14,4°C, ხოლო შეფარდებითი ტენიანობა 94-100% ფარგლებში ირყევა. მღვიმეში გვხვდება კიბოსნაირნი, ობობასნაირნი, მრავალფეხიანები და სხვა.[2]

ახალი ათონის მღვიმური სისტემა განვითარებულია საქართველოს ერთ-ერთ წარმტაცი ზღვისპირა კურორტისახალი ათონის ტერიტორიაზე, მდინარეების ფსირცხისა და აძიქვის წყალგამყოფზე. ახალ ათონს შესანიშნავი ბუნებრივი პირობები გააჩნია: კურორტის ლანდშაფტში მოლივლივე ზღვასთან ერთად გაბატონებულია ათონისა და ივერიის მთის კირქვული მასივები, რომლებსაც ერთმანეთისაგან ჰყოფს მდინარე ფსირცხა. ჩრდილოეთიდან მონაბერი ცივი ჰაერის მასებისაგან კურორტი დაცულია აფხაზეთის კავკასიონით და მისი განშტოებებით. ამიტომაც არის, რომ მზიანი დღეების სიუხვით ახალ ათონს კავკასიის შავი ზღვის სანაპირო ზოლში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. აქ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 14,8 °C აღწევს, ცივ პერიოდშიც კი საშუალო თვიური ტემპერატურა 0°C მაღალია, ხოლო ჰაერის ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ტემპერატურა 24°C იშვიათად აღემატება. ნალექების წლიური რაოდენობა 1200 მმ-ს შეადგენს. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მოდის ნოემბერსა და დეკემბერში, მინიმალური — გაზაფხულის თვეებში. კურორტი მწვანეშია ჩაფლული; თვალს იტაცებს პირამიდისებური კვიპაროზების ხეივნები, დიდებული პალმები, მარადმწვანე მაგნოლიები, ბანანები, დაფნის, მანდარინისა და ზეთისხილის პლანტაციები.[2]

ფართოდ არის ცნობილი ახალი ათონის მატერიალური კულტურის უძველესი ძეგლები: ძველი ანაკოფიის ციტადელი ივერიის მთაზე (IV-V სუკუნეები), ანაკოფიის ციხესიმაგრე (VI საუკუნე), ანაკოფიის ტაძარი (VIII საუკუნე), ფსირცხის კოშკი (IX-XII სუკუნეები) და სხვა.[2]

ახალი ათონის მღვიმე
2014 Nowy Aton, Jaskinia Nowoatońska (07).jpg 2014 Nowy Aton, Jaskinia Nowoatońska (08).jpg IWikiexpedition to Abhazia 53.JPG
სტალაგმიტი „თეთრი მთა“ ახალი ათონის მღვიმეში, 2014 წელი სტალაგმიტი „თეთრი მთა“ ახალი ათონის მღვიმეში, 2014 წელი ახალი ათონის მღვიმეში, 2014 წელი

ახალი ათონის უფსკრული იხსნება ქვედა ცარცული კირქვებით აგებულ ივერიის მთის ჩრდილო ფერდობზე, აჟვამგვის ანტიკლინის ძლიერ ნაპრალოვან დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 220 მეტრ სიმაღლეზე. საწყისი შახტი — ეგრეთ წოდებული „უძირო ორმო“, სატრანსპორტო გვირაბის გაჭრამდე ერთადერთი „გზა“ იყო ვრცელ მიწისქვეშა დარბაზებისაკენ. ამ ორმოს აქვს მეტად ეფექტური შვეულკედლებიანი ფართო პირი, რომელიც სიღრმეში უერთდება ჭებისა და შახტების სისტემას. ახალი ათონის მიდამოებში მღვიმეების განვითარებას ხელი შეუწყო კარსტვადი ქანების მომატებულმა ნაპრალიანობამ და მეტად ხელსაყრელმა ჰიდროგეოლოგიურმა პირობებმა. კერძოდ, ახალი ათონის მღვიმის დერეფნებში მკაფიოდ არის აღბეჭდილი წნევიანი ნაკადების ზემოქმედების კვალი. წარსულში ასეთი ნაკადები მთლიანად ავსებდა მიწისქვეშა დარბაზებს და მათ დამაკავშირებელ დერეფნებს.[2]

ახალი ათონის მღვიმის კეთილმოწყობის პროექტი დაამუშავეს არქიტექტორებმა რაფიელ რიჟინაშვილმა და თეიმურაზ მარკოზაშვილმა, ხოლო მშენებლობა, როგორც მიწისქვეშ, ისე ზედაპირზე, განახორციელა „თბილგვირაბმშენის“ სამმართველოს № 212 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის კოლექტივმა გაიოზ ჯაყელის ხელმძღვანელობით.[2]

მიწისქვეშა ტურისტული მარშრუტი ახალი ათონის ცენტრიდან იწყება. ამ მიზნით ივერიის მთის გულში გაჭრილია რამდენიმე ასეული მეტრი სიგრძის სატრანსპორტო გვირაბი. ყოველდღიურად მასში სპეციალურ ელექტრომავლებს რამდენიმე ათასი კაცის გადაყვანა შეუძლიათ. მატარებელს პირველი გაჩერება დარბაზ „აფხაზეთის“ მისადგომთან აქვს. აქედან იწყება მოგზაურობა საკუთრივ მღვიმეში, სადაც დაბეტონებული ტურისტული ბილიკების სიგრძე 1,5 კილომეტრს აღწევს. გზადაგზა გაკეთებულია მოაჯირები, სამზერი მოედნები, ხიდები, კიბეები; მაგალითად, „ქართველ სპელეოლოგთა დარბაზში“ ხიმინჯებზე გადებული ხიდის სიგრძე, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა მღვიმის აქტიური და მკვდარი ნაწილები, 125 მეტრია.[2]

განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ცალკეული დარბაზებისა და დერეფნების განათებას. მარშრუტის ტრასაზე ელნათურები საგულდაგულოდ არის შენიღბული, მღვიმეს ლამპიონების არეკლილი სხივები ანათებს. განათება ყოველი დარბაზისათვის საგულდაგულოდ შეირჩა. „თბილისში“ გამოყენებულია დეკორატიული ფერათი განათებსა, „აფხაზეთის“ ტბებს ანათებს წყალში ჩაძირული პროჟექტორები და სხვა.[2]

წარმოშობისა და განვითარების ისტორია

ახალი ათონის მღვიმე
მღვიმური წარმონაქმნები

ახალი ათონის მღვიმური სისტემა მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობის რელიეფის განვითარების ისტორიასთან. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა საკუთრივ მღვიმეების წარმოშობის ზოგადი პირობები. შორეულ წარსულში, ადამიანი მღვიმეების წარმოშობას და ხმელეთის რელიეფის სხვა ცვალებადობას ზებუნებრივ ძალას უკავშირებდა. მეცნიერული აზროვნების განვითარებამ კი შეიცნო მღვიმეების წარმოშობის ჭეშმარიტი მიზეზები. ბუნებაში სრულიად სხვადასხვაგვარი (აბრაზიული, ვულკანური, მყინვარული, კლასტოკარსტული, ეოლური და სხვა) წარმოშობის მღვიმე-გამოქვაბულებს შეიძლება შევხვდეთ. უვრცელესი და ულამაზესი მღვიმური სისტემები კარბონატულ ქანებში, კერძოდ, კირქვებშია განვითარებული.[2]

კირქვა ფართო გავრცელებით სარგებლობს და დანალექი ქანების ჯგუფში შედის. იგი კალციუმის კარბონატისაგან (CaCO3) შედგება და წყალში შედარებით ადვილად იხსნება. ასეთივე ტიპის ქანებია დოლომიტი, თაბაშირი, საწერი ცარცი და ქვამარილი. კირქვულ ქანებში მღვიმეებისა და სხვა ფორმების წარმოშობა უმთავრესად წყლების გამხსნელი მოქმედებით მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ქანების უმრავლესობა წყალში არ იხსნება. ეს არ ითქმის კარბონატულ ნალექებზე; მათზე ძლიერ მოქმედებს ნახშირორჟანგით გამდიდრებული ნაკადი; ატმოსფერული ნალექები ჯერ კიდევ ჰაერში მოგზაურობისას და განსაკუთრებით ნიადაგში ჩაჟონვისას მდიდრდება ნახშირორჟანგით და მჟავა ხსნარად გარდაიქმნება. წყალი, რაც მეტ ნახშირორჟანგს შეიცავს, მით უფრო ენერგიულად ხსნის კირქვას, სხვა კარბონატულ ქანებს. დღე-ღამის განმავლობაში დიდდებიტიან კარსტულ წყაროებს კირქვული მასივების წიაღიდან ათეულობით კუბური მეტრი გახსნილი ქანი გამოაქვთ.[2]

კირქვა, რომ არ იხსნებოდეს, მაშინ, მაგალითად, გრანიტისა და გნაისის მსგავსად, მათში მღვიმეების წარმოშობა შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ მღვიმეების ჩასახვა რომ დაიწყოს ამისათვის აუცილებელი პირობაა აგრეთვე ქანი იყოს ნაპრალოვანი; დაუნაპრალებელი კირქვა საერთოდ წყალგაუმტარია. დედამიწის ზედაპირზე იშვიათად შევხვდებით მთებს, მასივებს, მთიან მხარეებს, სადაც უფართოესი გავრცელება არ ჰქონოდეთ ნაპრალებს. ისინი ჯერ კიდევ მთების დანაოჭების პროცესში აღმოცენდებიან, შემდეგ კი, გარეგანი ძალების (გამოფიტვა, მყინვარებისა და წყლების კოროზია და სხვა) ზემოქმედებითაც. სხვადასხვა ქანს განსხვავებული ნაპრალიანობა ახასიათებს. მიწისქვეშა წყლების მოძრაობის გზები და კარსტული სიღრუეების მორფოლოგია ნაპრალებთან არის დაკავშირებული.[2]

საქართველოს კირქვული მასივების ზედაპირი და წიაღი ბევრ სიცარიელეს შეიცავს; აქ ყოველ ნაბიჯზე შეიძლება შევხვდეთ ხნულების მსგავსად დაღარულ და უცნაურად ამოჭმულ ზედაპირებს, მათ შორის ძაბრისებურ ჩაღრმავებებს, ჭებს, შახტებს. დასაბამიდანვე ასე დანაპრალებული და დაფუღუროებული კი არ იყო მიწის ზედაპირი და წიაღი. როცა მთიანი რაიონები საბოლოოდ დატოვა ზღვამ, მათი ზედაპირები მოექცა მყინვარების, თოვლის, წვიმის წყლების, ქარის ზემოქმედების ქვეშ. თავდაპირველად შეუმჩნეველი ნაბზარები ათასეული წლების განმავლობაში ინგრევა, ფართოვდება და ღრმავდება. მოძრაობის გზაზე წყალს გავლა უხდება სხვადასხვაგვარად დანაპრალებული უბნებისა და განსხვავებულ შედგენილობის ქანებში. მაგალითად, სუფთა კირქვის გახსნა და ნგრევა, როგორც წესი, სწრაფად ხდება, ხოლო ქანებში უხსნადი მინარევების ჭარბი შემცველობის დროს, ხსნადობა და გადარეცხვა შესუსტებულია. ამიტომაა, რომ მღვიმეში ვხვდებით გაფართოებულ ადგილებსაც და ვიწრო გასასვლელებსაც. დიდი დარბაზები მხოლოდ ნაპრალების მომეტებული თავმოყრისა და მათი ურთიერთგადაკვეთის ადგილებში გვხვდება.[2]

„გაქვავებული ჩანჩქერი“

მთიანი კირქვული ზოლის რელიეფის დაკარსტვა, რომელშიც ახალი ათონის მიდამოებიც შედის, შორეულ გეოლოგიურ ხანაში იწყება. ამის დასადასტურებლად გამოგვადგება მთიანი მასივებიდან გადარეცხილი და ბარში დაფენილი კირქვის კონგლომერატები, რომელთა სისქე აფხაზეთ-სამეგრელოს რაიონებში 40-50 მეტრამდეც კი აღწევს. ამ მასალის დალექვა კოლხეთის დეპრესიაში, როგორც ვარაუდობენ, მთელი ზედა პლიოცენის განმავლობაში (დაახლოებით 2-3 მილიონი წელი) გრძელდებოდა.[2]

გარედინამიურმა ძალებმა ჯერ კარბონატულ ქანებზე განლაგებული უფრო ახალგაზრდა ნალექები გადარეცხა, რასაც ხანგრძლივი დრო დასჭირდა, შემდეგ კი კირქვული ქანების დაკარსტვა დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, აღმოცენდა წყალმშანთქავი აპარატი — კარული წარმონაქმნები, ჭები და ძაბრები, ხოლო უფრო მოგვიანებით, რელიეფის ვერტიკალური დანაწევრების კვალდაკვალ — შახტები, უფსკრულები და მღვიმეები. თანაც უკანასკნელთა ჩასახვა ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ კირქვული მასივების დანაპრალებულ უბნებზე. მღვიმეების ევოლუცია ასეულ ათასობით და, არც თუ იშვიათად, მილიონი წლების განმავლობაში მიმდინარეობს. წყლების ხანგრძლივი ეროზიული და კოროზიული ზემოქმედება ოდესღაც უმნიშვნელო ნაბზარებს თანდათანობით ვრცელ დერეფნებად აქცევს. ხდება ძველი სართულების კვდომა და ახალი დერეფნების აღმოცენება და ბოლოს, მღვიმეც ამთავრებს არსებობას. მის ადგილას ჩნდება ღია ხეობა შვეული ფერდობებით.[2]

ახალი ათონი ისეთი კარსტული მღვიმეების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა აღმოცენებაში აქტიური როლი ითამაშა არა იმდენად თავისუფლად გამდინარე, რამდენადაც წნევიანმა ნაკადებმა. განვითარების ადრეულ ეტაპზე, დაახლოებით 4-5 მილიონი წლის წინ, დღევანდელი მღვიმის ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლებმა კირქვების დაკარსტვა დაიწყეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ხანებში კარსტული არხები მთლიანად წყლით იყო ამოვსებული; წყლების განტვირთვა კი მეტისმეტად გაძნელებული და ფრიად შეზღუდული იყო. ამასთან დაკავშირებით მღვიმური დერეფნებიც ზრდაც ნელი ტემპით მიმდინარეობდა.[2]

საკმაოდ ხანგრძლივმა დრომ განვლო, ვიდრე მიწისქვეშა წყლები რამდენადმე მაინც გააფართოვებდნენ თავიანთ სადინარ დერეფნებს და გზას გაიკვლევდნენ ფსირცხის ხეობისაკენ. აქ იგულისხმება ახალი ათონის მღვიმური სისტემის შემადგენელი ნაწილი — ახალი ათონის მღვიმე — ძველი სიფონური არხი, რომლის მეშვეობითაც მიწისქვეშ მოხვედრილი წყლები დღის სინათლეზე იცვლებოდა. ეს მღვიმე დაღმავალფსკერიანია, წყალი კი შიგნიდან გარეთ მოემართებოდა, წყლების განტვირთვა დაწნევით ხდებოდა, როგორც ეს ახლა შეინიშნება ცნობილ ცისფერ ტბაზე მდინარე ბზიფის ხეობაში.[2]

ახალი ათონის მღვიმური სისტემის ენერგიული განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ მომენტთან, როცა მიწისქვეშ დაგროვებულ წყლებს ინტენსიური განტვირთვის საშუელება მიეცა. ადრეულ ეტაპზე მიწისქვეშა დერეფნები წნევიანი წყლით იყო ამოვსებული. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე თითქმის ყველგან შემორჩა ამ წყლების ზემოქმედების კვალი. ამ მხრივ განსაკუთრებით „კანიონის“ თაღი გამოირჩევა. მასზე შესანიშნავად არის გამოხატული სხვადასხვა ფორმის ჩაღრმავებანი, რომლებიც წარმოიშვნენ წნევიანი წყლების ზემოქმედებით. ხანგრძლივმა დრომ განვლო მას შემდეგ და მიუხედავად ამისა, ეს კვალი ცოცხლად შემორჩა ორი მიზეზის გამო: 1. მღვიმის თაღი ასეთ ადგილებში საერთოდ მოკლებულია ნაპრალებს, რაც შეუძლებელს ხდის ჭერის ნაპრალებიდან ინფილტრაციული წყლების შემოსვლას. 2. მიწისქვეშეთი მოკლებულია ტემპერატურის ცვალებადობას, გამოფიტვას, ქარებსა და სხვა. რამაც აგრეთვე ხელი შეუწყო ამ უნიკალური წარმონაქმნების შემონახვას. წნევიანი წყლების ზემოქმედებით გაჩენილ მიკროფორმებს შეიძლება წავაწყდეთ ახალი ათონის ადრე ცნობილი მღვიმის ტბის მიღმა მდებარე დერეფანშიც, აგრეთვე „ჰელიქტიტების სალონში“, „სიურპრიზში“ და სხვა.[2]

ახალი ათონის მღვიმე
Вікіекспедиція до Абхазії 040.JPG Вікіекспедиція до Абхазії 041.JPG Вікіекспедиція до Абхазії 042.JPG
ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი დარბაზი, 2014 წელი მღვიმური წარმონაქმნი ახალი ათონის მღვიმეში, 2014 წელი მღვიმური წარმონაქმნი ახალი ათონის მღვიმეში, 2014 წელი

ამგვარად, მღვიმის თავისებური ფოკუსი, სადაც წყლების თავმოყრა ხდება, სამხრეთული დარბაზებია. მღვიმის ეს ნაწილი უფრო ენერგიულად ვითარდებოდა და ამიტომაც, აქ ფსკერი 20-30 მეტრით დაბლა აღმოჩნდა სისტემის ჩრდილოეთურ ნაწილთან შედარებით. სამხრეთულ დარბაზებში ყურადღებას იპყრობს პლასტიკური თიხების სქელი ნაფენები, რომლებიც წყლების ხანგრძლივი შემოსვლა-დაწრეტის პროცესში დაილექა. ტერიტორიის აზევებისა და დერეფნების ზრდის კვალდაკვალ ნაკადები ვეღარ ავსებდნენ მღვიმის ვრცელ დარბაზებს; წყლის განტვირთვაც უფრო სწრაფად ხდებოდა. წნევიანი ნაკადებისაგან უპირველეს ყოვლისა ჩრდილოეთური დარბაზები განთავისუფლდა და მათში ნაღვენთი ფორმები განვითარდა. სისტემის ჩრდილოეთურ ნაწილში მას შემდეგ, რაც იგი წნევიანმა ნაკადებმა დატოვეს, ინფილტრაციული წყლების ჩადინება დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი ნაკადი, როგორც ჩანს, შემოდიოდა „ჰელიქტიტების სალონიდან“ და „კანიონის“ გავლით სამხრეთულ დარბაზებში ჩაედინებოდა; მას უერთდებოდა მცირე ნაკადი „სოხუმიდან“ („ტაძრის“ გავლით); მცირე ნაკადები შემოდიოდა იმ მშრალი დერეფნებიდან, რომლებიც ამჟამად „თეთრის მთის“ მოპირდაპირე ფერდობებზე იხსნებიან; ამ მხრივ, გამონაკლისი არც ვერტიკალური სისტემა იყო, რომლის საწყის ნაწილს ეგრეთ წოდებული „უძირო ორმო“, ხოლო ბოლო პუნქტს დარბაზი „აფხაზეთი“ წარმოადგენს.[2]

განვითარების თანამედროვე ეტაპზე სამხრეთულ დარბაზებში, თუმცა ამჯერად უკვე ეპიზოდურად, კვლავ გროვდება ჭარბი წყლები, რომლებიც ავსებენ დაბალ ჰიფსომეტრიულ დონეზე განლაგებულ დერეფნებს. ამ დროს წყლის სიღრმე მიწის ქვეშ 35-40 მეტრს აღწევს. დონის აწევის გამო ნაკადები იჭრება ძველ სიფონურ არხებში და მოძრაობას იწყებს სხვადასხვა მიმართულებით.[2]

უახლესმა ტექტონიკურმა მოძრაობებმა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა მღვიმის ცხოვრებაში. მან გავლენა მოახდინა არა მარტო ჰიდროგრაფიული ქსელის გარდაქმნაზე, როგორც ზედაპირზე, ისე მიწისქვეშ, არამედ მღვიმის დარბაზების მორფოლოგიაზე, სპელეოლითოგენეზის პირობებზე და სხვა. ამ მოძრაობებს შეიძლება დავუკავშიროთ ძლიერ დანაპრალებული და დაკარსტული სქელშრეებრივი კირქვების ჩამონგრევა დარბაზებში: „ქართველი სპელეოლოგებისა“, „ტაძარსა“ და „აფხაზეთში“. მართლაც, ნგრევის ზღვა მასალა ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა. ეჭვს არ იწვევს, რომ განვითარების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მღვიმეში ნგრევის, ცემენტაციისა და ნაღვენთწარმოშობის ფაზები ხშირად ენაცვლებოდა ერთმანეთს. მაგალითად, დარბაზ „თბილისში“ ჩამოშლილი მასალა კალციტის ხალიჩებით არის დაჯავშნული, ნაწილობრივ ასეთი სურათია „კანიონის“ ფერდობების გასწვრივ; „ტაძარში“ ნგრევას ცემენტაცია არ მოჰყოლია, ხოლო სამხრეთულ დარბაზებში კი ჩამოშლილი ბლოკები თიხის სქელი ნაფენებით არის დაფარული. როგორც აღინიშნა, ეროზიისა და კოროზიის ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ივერიის მთის გულში ვრცელი დარბაზები ჩამოყალიბდა.[2]

ამგვარად, ახალი ათონის მღვიმური სისტემის განვითარებაში შეიძლება ორი ძირითადი ეტაპი გამოიყოს: პირველ ეტაპზე, რომელიც ხანგრძლივ გეოლოგიურ დროს მოიცავს, მთელი მიწისქვეშა დერეფნები წნევიანი წყლებით იყო ავსებული; მეორე ეტაპზე მიწისქვეშ, წყლების მუდმივი ნაკადების შეჭრა შეწყდა, რაც, შესაძლოა, უახლესმა ტექტონიკურმა მოძრაობებმა გამოიწვია. მღვიმე შევიდა განვითარების მშრალ ეპოქაში; წყლების შემოსვლას მხოლოდ ეპიზოდური ხასიათი აქვს. ეს ეპოქაც დროის დიდ მონაკვეთს მოიცავს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მღვიმეში არაერთხელ ჰქონდა ადგილი ნაღვენთწარმოშობის, ნგრევის, ცემენტაციის ფაზების ცვალებადობას. აღსანიშნავია, რომ მღვიმური სისტემის სამხრეთული ნაწილის ევოლუცია კვლავ ენერგიულად წარმოებს და ამ მხრივ, იგი მკვეთრად განსხვავდება ციკლგავლილი ჩრდილოეთური დარბაზებისაგან.[2]

IWikiexpedition to Abhazia 67.JPG
New Athos cave (3337829155).jpg
IWikiexpedition to Abhazia 68.JPG
IWikiexpedition to Abhazia 53.JPG
2014 Nowy Aton, Jaskinia Nowoatońska (40).jpg
ახალი ათონის მღვიმე ახალი ათონის მღვიმე ახალი ათონის მღვიმე ახალი ათონის მღვიმე ახალი ათონის მღვიმე

ახალი ათონის მღვიმეთა სისტემა

1961 წლამდე ახალი ათონის ტერიტორიაზე ცნობილი იყო ერთადერთი — ეგრეთ წოდებული „ახალი ათონის დიდი სტალაქტიტური მღვიმე“, რომელიც გამოკვლევების შედეგად ახალი ათონის მღვიმური სისტემის შემადგენელი ნაწილი აღმოჩნდა; ეს სისტემა აერთიანებს აგრეთვე ეგრეთ წოდებულ ჰელიქტიტების მღვიმეს, მიწისქვეშა დარბაზებთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო გვირაბის მშენებლობის დროს გახსნილ კარსტულ დერეფანს — „სიურპრიზს“ და, როგორც ჩანს, მაანიკვარის შახტსაც. ამ მღვიმეებს შორის კავშირი პრაქტიკულად ჯერ არ არის დადასტურებული (მღვიმეები ერთმანეთისაგან გათიშულნი არიან წყლითა და თიხით ამოვსებული გრძელი გასასვლელებით), თუმცა ინსტრუმენტულმა აგეგმვამ დაადასტურა, რომ საკუთრივ ახალი ათონის დაღმავალფსკერიანი მღვიმე, „ჰელიქტიტებისა“ და „სიურპრიზის“ განშტოებანი ახალი ათონის მღვიმური სისტემის შემადგენელი ნაწილებია; აღნიშნული მღვიმური სისტემა განვითარებულია 1,5-2,5 კმ რადიუსში, ერთსა და იმავე ანტიკლინური ნაოჭის გულში, ქვედა ცარცის ძლიერ ნაპრალოვან კირქვებში; ყველა გამოკვლეული მღვიმის სიფონური ტბები ერთსა და იმავე დონეზეა განლაგებული (ზღვის დონიდან 36 მ) და წყლით ამოვსებული არხებით ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი; მორფოლოგიური ნიშნების, აგრეთვე მინერალოგიური, ბიოსპელეოლოგიური და მიკროკლიმატური თავისებურებების მიხედვით ეს მღვიმეები ძნელად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.[2]

ახალი ათონის მღვიმის ვერტიკალური ნაწილი

როგორც აღინიშნა, ახალი ათონის მღვიმე ვერტიკალური და ჰორიზონტალური მონაკვეთებისაგან შედგება. უფსკრულის პირს კვერცხის ფორმა აქვს, მისი გარშემოწერილობა 55, ხოლო სიღრმე 30 მეტრს აღწევს. მომდევნო საფეხურს — ძლიერ დახრილ და ვიწრო დერეფანს, აგრძელებს შვეულკედლებიანი შახტი (ორივე საფეხურის სიღრმე 58 მ), რომელიც ვიწრო ხვრელით ბრტყელბსკერიან დარბაზში (12X8X10 მ) გადადის. უფსკრულის შემდგომი მონაკვეთი მოკლესაფეხურებიანი და დახრილფსკერიანი დერეფანია. ის ქვევიდან უვლის საწყის შახტს და უერთდება წაგრძელებული ფორმის დარბაზს (32X7X12 მ). ზედაპირიდან 139 მეტრის სიღრმეზე ვერტიკალური სისტემა ჰორიზონტალურფსკერიან დარბაზებს ერწყმის; თუმცა დარბაზი „აფხაზეთი“ მნიშვნელოვნად დახრილი ფსკერით (საერთო სიღრმე 44 მ) ვერტიკალურ სისტემასაც ეკუთვნის და ამდენად იგი მღვიმის ვერტიკალური ნაწილის ბოლო პუნქტს წარმოადგენს. მღვიმის ჯამური სიღრმე 183 მეტრს აღწევს.[2]

ახალი ათონის მღვიმის ჰორიზონტალური ნაწილი

ახალი ათონის მღვიმის წარმონაქმნები
ახალი ათონის მღვიმეში. მოჩანს ტურისტებისათვის განკუთვნილი გადასასვლელი
ახალი ათონის მღვიმეში. მღვიმური წარმონაქმნი
ახალი ათონის მღვიმე. ერთ-ერთი დარბაზი

კეთილმოწყობის სამუშაოები მღვიმის მხოლოდ ამ ნაწილს შეეხო. ტურისტული მარშრუტი, როგორც აღინიშნა, იწყება დარბაზ „აფხაზეთში“ და მთავრდება დარბაზ „თბილისში“. მათთან ერთად მღვიმის ჰორიზონტალური სისტემა აერთიანებს „თიხის დარბაზს“, „მიწისქვეშა ხეობას“ ანუ „კანიონს“, „ტაძარს“, „სოხუმს“, „ივერიას“ და „ჰელიქტიტების სალონს“. აღნიშნული დარბაზები უმთავრესად მთავარი დერეფნის გასწვრივ არიან განლაგებულნი. ამ დერეფანს, რომელიც განვითარებულია ქვედა ცარცის სქელშრეებრივ კირქვებში, ორიოდე მონაკვეთის გამოკლებით, აქვს ჩრდილოეთური მიმართულება. მის მეტად რთულ, უსწორმასწორო ფსკერს ქმნის ერთი მხრივ, ძაბრისებური და ტომრისებური ჩაღრმავებები, ხოლო მეორე მხრივ, ყველგან მიმოფანტული ნგრევის უხვი მასალა. თავდაპირველ ფსკერს თითქმის ვეღარსად შევხვდებით. მთავარი დერეფნის სიგანე 20-70 მეტრია, ხოლო სხვაობა ფსკერის უმაღლესსა და უდაბლეს წერტილებს შორის (იგულისხმება მღვიმის ჰორიზონტალური სისტემა) 47 მეტრს აღწევს. ამავე დერეფნის სხვა მნიშვნელოვანი თავისებურება დარბაზების სიმაღლეა (20-60 მეტრი), შედარებისათვის უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის ერთ-ერთ უდიდესი მღვიმის — აბრსკილის ძირითადი მაგისტრალის სიგანე 3-4 მეტრს იშვიათად აღემატება, ხოლო სიმაღლე 8-12 მეტრია. თაბაშირის ქანებში გაჩენილ ერთ-ერთ უდიდეს მღვიმეში — „კრისტალნაიაში“ დერეფნების მაქსიმალური სიგანე 4 მეტრია, ხოლო სიმაღლე 8 მეტრს აღწევს. ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მღვიმეში — პოსტოინსკა-იამაში დერეფნების სიგანე და სიმაღლე ძირითადად 10-15 მეტრს უდრის.[2]

მნიშვნელოვანი დარბაზები

ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთ მთავარ განსაკუთრებულობას დარბაზების სიდიდე წარმოადგენს. მღვიმე მთლიანობაში 11 დარბაზისაგან შედგება, რომელთაგან 6 ღიაა მნახველებისთვის. გამოიყოფა დარბაზები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა“, „თიხის“, „კანიონი“, „ივერია“, „სიურპრიზი“, „სოხუმი“, „თბილისი“, „ჰელიქტიტების სალონი“, „ტაძარი“, „მოსკოვი“. ახლად შესწავლილ მღვიმის დარბაზებმა, პირველ აღმომჩენთა უფლებით მიიღეს სახელწოდებები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა“, „თიხის“, „ივერია“, „ტაძარი“, „სოხუმი“, „თბილისი“ და „ჰელიქტიტების სალონი“. აფხაზეთის ომის შემდეგ, დარბაზებს სახელები გადაარქვეს, სახელდობრ: „აფხაზეთს“ უწოდეს — „აფსნი“, „ქართველ სპელეოლოგთა დარბაზს“ — ჯერ „სპელეოლოგთა დარბაზი“, შემდეგ „მუჰაჯირების დარბაზი“, „თიხის დარბაზს“ — „ნართა“, „კანიონს“ — „აიუხაა“, „მოსკოვს“ — „აფსარი“, „სოხუმს“ — „გივი სმირის სახელობის დარბაზი“, „ივერიას“ — „აფხიარცა“, „თბილისს“ — „ანაკოფია“.[9]

„აფხაზეთი“

დარბაზს, რომელსაც უშუალოდ ერწყმის ვერტიკალური სისტემა „აფხაზეთი“ ეწოდა. ამ დარბაზში არსენ ოქროჯანაშვილმა პირველმა დადგა ფეხი. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევართათვის ეს პირველი ცდა დიდ სპელეოლოგიურ სარბიელზე ბედნიერი აღმოჩნდა. დარბაზ „აფხაზეთს“ ტომრისებური ფორმა აქვს. მისი სიგრძე 150 მეტრია, სიმაღლე 20-30, სიგანე 30-40 მეტრი, ხოლო ფსკერის ფართობი 4570 კვ. მ-ს უდრის. დამრეცფსკერიანი დარბაზის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მოთავსებულია სიფონური ტბა, რომლის დონეს მნიშვნელოვანი რხევა ახასიათებს. მასში წყლები შემოდის როგორც ვერტიკალური სისტემის გავლით, ისე დღემდე უცნობი არხებით. აღმოჩენის მომენტიდან ათის წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობა 1971 წლის 12-14 დეკემბერს აღინიშნა.[2]

ამ დროს ახალი ათონის მღვიმური სისტემის სამხრეთულ დარბაზებში („აფხაზეთის“, „ქართველ სპელეოლოგთა“, „თიხების“) გაჩნდა ტბა, რომლის სარკის ფართობი 12 ათას კვ.მ-ს, ხოლო წყლის სიღრმე 40-50 მეტრს აღწევდა. მარტო დარბაზ „აფხაზეთში“ წყალს 4500 კვ. მ ფართობი ეკავა, ხოლო წყლის მოცულობა 150000 კუბ. მ უდრიდა. წყალმა ამოავსო სამხრეთული დარბაზები, დატბორა „თეთრი მთის“ მიდამოებიც. წყალდიდობის შედეგად მოხდა ერთი საგულისხმო რამ: წყალდიდობამ უჩვენა ბუნება მიწისქვეშ მუშაობის დროს. დონემ საგრძნობლად რომ აიწია, წყალი შეიჭრა ძველ სადინარ არხებში. სატრანსპორტო გვირაბის გაჭრამდე მიწისქვეშა წყლები ძირითადად ახალი ათონის მღვიმის გავლით ფსირცხის ხეობაში ეშვებოდა, ამჯერად კი ძველი მღვიმის შესასვლელიდან იღვრებოდა წყლის მხოლოდ ნაწილი; მისი დებიტი წამში 16 კუბ. მ შეადგენდა. არანაკლებ მძლავრი ნაკადი (14 კუბ. მ წამში), მშენებლების მიერ შემთხვევით გახსნილ განშტოების — „სიურპრიზის“ გავლით შეიჭრა ხელოვნურ გვირაბში და ახალი ათონის ცენტრისაკენ დაეშვა.[2]

„სიურპრიზი“ რომ არა წყლის დონე სამხრეთულ დარბაზებში, უფრო მაღლა აიწევდა და წყალდიდობაც მიწისქვეშ გახანგრძლივდებოდა. „სიურპრიზმა“ დააჩქარა მოზღვავებული წყლების დაცლა. წყალმცირობის პერიოდში სიფონური ტბის დონის აბსოლუტური სიმაღლე „აფხაზეთში“ 36 მეტრს აღწევს, ფართობი 1000 კვ. მ არ აღემატება, სიღრმე 12-13 მ, ხოლო წყლის ტემპერატურა 10,5°C-11,2°C ფარგლებში მერყეობს. ამავე დარბაზში მეორე ტბაც არის. მას უკავია 28 მეტრის სიღრმის შვეულკედლებიანი ჭის ფსკერი. ეს ტბები ერთამენთთან და სისტემის სხვა ტბებთანაც სიფონურ კავშირში არიან. ამ ტბის სიღრმე და წყლის ტემპერატურა უკვე აღნიშნულის ანალოგიურია. მნიშვნელოვან სიდიდესთან ერთად „აფხაზეთში“, ისევე როგორც მღვიმის სხვა ნაწილებში, ყურადღებას იპყრობს ჩამონგრეული ქანები, მათ შორის გიგანტური ლოდები; ლოდნარში თაბაშირის მოზრდილი ნატეხები და სტალაქტიტური ნაღვენთებიც ნამტვრევებიც გამოერევა. ჭერის ჩამოშლისას, სტალაქტიტები ნადგურდებოდა, თუმცა უცნობი დარჩა თაბაშირის გაჩენა კირქვის ქანებში.[2]

„ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი“

„ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი“ დარბაზ „აფხაზეთის“ მეზობლად მდებარეობს. იგი უდიდესია ახალი ათონის მღვიმეში. მისი სიგრძე 260 მეტრია, სიგანე 25-75 მეტრი, სიმაღლე 20-50 მეტრის ფარგლებში მერყეობს, ფსკერის ფართობი 10635 კვ.მ, ხოლო მოცულობა 290875 კუბ. მ აღწევს. „ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი“ სიდიდით მეტოქეობას უწევს მსოფლიოს უდიდეს დარბაზებს ისეთ მღვიმეებში, როგორებიც არიან: პიერ-სენ-მარტენის, ბედეიაკის, ვერნის, კარსლბადის, შკოციანის და სხვა. მიახლოებითი გამოთვლით, ჩამონგრეულ ქანებს ახალი ათონის მღვიმეში, სულ მცირე, 15-20 ათასი კვ. მ ფართობი უკავია, ხოლო ამ მასალის სავარაუდო მოცულობა 450 ათას კუბ. მ უნდა აღწევდეს. დარბაზის ერთფეროვნებას (მაღლა აზიდული თითქმის ბრტყელთაღიანი ჭერი, განიერი დერეფანი და სხვა) რამდენადმე არღვევს გუმბათის ფორმის სტალაგმიტური ნაგებობა, ეგრეთ წოდებული „თეთრი მთა“, რომელიც ჩამონგრეულ ქანებზეა აღმართული.[2]

ახალი ათონის მღვიმე

მისი სიმაღლე 5-15 მეტრია, ხოლო გარშემოწერილობა 35-40 მეტრს აღწევს. „თეთრ მთაზე“ ხანგამოშვებით ეცემა მცირედებიატიანი წყლის ნაკადი; ამ დროს წყლით ივსება მის თხემზე და ძირისპირას არსებული მინიატურული აუზები. შესაძლებელი რომ იყოს ამ „მთის“ გულში ჩახედვა, მასში ასეულ ათასობით სხვადასხვა ფერისა და სისქის კალციტის თხელ ფენებს ვნახავდით. მიახლოებითი გამოთვლით ირკვევა, რომ ამჟამად „თეთრი მთა“ წელიწადში 1 მმ-ით იზრდება. ექსპედიციები სატრანსპორტო გვირაბის გაჭრამდე საბაზო ბანაკს ამ „მთის“ ძირში აწყობდნენ. აქვე, ფსკერიდან სხვადასხვა სიმაღლეზე, ფართო დერეფნის მოპირდაპირე კედლებზე მღვიმეები იხსნება, რომლებიც ყურადღებას იპყრობენ ძლიერი გამოფიტვის ნიშნებით და ზოგჯერ კარგად შემონახული ნაღვენთ-ნაწვეთი წარმონაქმნებით. „თეთრი მთის“ ჩრდილო ფერდობი ძაბრისებური ფორმის ქვაბულში ეშვება. ესეც „ქართველ სპელეოლოგთა დარბაზის“ ტერიტორიაა. იგი მთლიანად თიხის სქელი ნაფენებით არის ამოვსებული. ამ დარბაზში წებვად თიხებს ფსკერის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია.[2]

ქვაბულიდან, რომელიც „თეთრ მთას“ ეკვრის, მოზღვავებული წყლების დაცლას ინტენსიური ხასიათი აქვს, რასაც ხელს უწყობს „ცოცხალი“ პონორები მის უდაბლეს ნაწილში. თუმცა მცირე ზომების გამო ერთდროულად მათ წყლის უმნიშვნელო ნაკადის გატარება თუ ძალუძთ, ეს იწვევს ქვაბულის დატბორვას და მასში თიხების თანდათან დალექვას. ლაბორატორიულმა შესწავლამ უჩვენა, რომ მღვიმური თიხის ძირითადი მასა (მათი უმეტესი ნაწილის დიამეტრი 0,01 მმ-ზე ნაკლებია) შედგება თიხისა და კირქვის ნაწილაკებისაგან. „ქართველ სპელეოლოგთა დარბაზის“ ჩრდილო ნაწილში მკვრივი თიხების გაშიშვლებაც გვხვდება; ამ უბანს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წყალი არ გაჰკარებია, რასაც მოჰყვა წებვადი თიხების დეჰიდრატაცია და ცემენტაცია. ამ თიხებს აქვთ მუქი ნაცრისფერი, სუსტად გამოხატული მიკროშრეებრივი ტექსტურა და წმინდამარცვლოვანი სტრუქტურა.[2]

თიხა-ქანის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, წვრილდისპერსიულია და მონტმორილონიტის ტიპის თიხებს მიეკუთვნება. სამხრეთულ დარბაზებში პლასტიკური თიხის სქელი ნაფენების წარმოქმნა განაპირობა წყლის პერიოდულმა შემოსვლამ და მათმა თანდათანობით დაწრეტამ. მიწისქვეშ შემოჭრილი წყლები დიდი რაოდენობით შეიცავს ქვიშიან-თიხიან და კირქვის უხსნად ნაწილაკებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფსკერზე ილექება. ასე მოხდა 1971 წლის დეკემბერში, როცა უჩვეულო წყალდიდობამ თიხის ახალი ფენები დაგვიტოვა. თიხის ჭრილებში შეიმჩნევა განსხვავებული ფერის, სისქისა და შედგენილობის შრეები; ეს კი ეჭვმიუტანლად ადასტურებს მათი დალექვის ხანგრძლივობას, რომელიც ფრიად შორეულ წარსულში დაიწყო და დღემდე გრძელდება.[2]

„თიხის დარბაზი“

მღვიმური ფორმები
სტალაგმიტი
ახალი ათონის მღვიმე. უსწარმასწოროებების ერთობლიობა მღვიმის ერთ-ერთ ნაწილში. აქვე მოჩანს ტბა

„ქართველ სპელეოლოგთა დარბაზს“ ჩრდილოეთის კიდეზე გამოეყოფა ტომრისებური ფორმის დაღმავალფსკერიანი დერეფანი, რომელიც დასავლეთისაკენ მიემართება. ეს „თიხის დარბაზია“. მისი შესასვლელის აბსოლუტური სიმაღლე 80 მეტრია, ხოლო ყველაზე დაბალი ნაწილი სიფონურ ტბას (ზღვის დონიდან 36 მ) უკავია, ესე იგი ფსკერის ვარდნა დარბაზის მთელ სიგრძეზე (95 მ) 38 მეტრს შეადგენს; „თიხის დარბაზის“ სიგანე 30-35, სიმაღლე 20-25 მეტრია, ხოლო ფსკერის ფართობი 3440 კვ. მ შეადგენს. დარბაზი ყურადღებას იქცევს სქელი პლასტიკური თიხების დაგროვებით, რომელიც მთლიანად ფარავს მის ფსკერს. აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ძირითადი ნაკადი, რომელიც ახალი ათონის მღვიმეში ხანდახან იჭრება და ავსებს მის სამხრეთულ დარბაზებს, სწორედ ამ დარბაზიდან შემოდის. ასე იყო 1971 წლის დეკემბერში: წნევიანმა წყლებმა პირამდე აავსო ტომრისებური ფორმის თიხის დარბაზი, შემდეგ ნაკადი დაეშვა „ქართველ სპელეოლოგთა დარბაზში“, გადავიდა „აფხაზეთში“.[2]

ამ დროს წყალცვლა სიფონური არხების მეშვეობითაც ხდებოდა. ზემოაღნიშნული სამი დარბაზი აქტიურ სისტემად განიხილება, რადგან აქ ადგილი აქვს წყლების პერიოდულ თავმოყრას და განტვირთვას. ამ დარბაზებში ახალი ათონის მღვიმური სისტემის უდაბლესი წერტილები გვხვდება. ეს კარგად ჩანს მღვიმის გასწვრივ ჭრილზეც, რომელიც ნათლად გვიჩვენებს ჩრდილოეთ დარბაზებთან სამხრეთული დარბაზების ფსკერის შედარებით დაბალ მდებარეობას. თიხის დარბაზის ფართო შესასვლელიდან, მთავარი მაგისტრალის ფსკერი სწრაფად მიიწევს მაღლა და სამხრეთული დარბაზების უდაბლეს წერტილებთან შედარებით თითქმის 45-60 მეტრამდე მაღლდება. მღვიმის ეს ნაწილი პირობითად „მკვდარ“ სისტემად შეიძლება განვიხილოთ. მხედველობაში თუ არ მივიღებთ ცალკეულ დარბაზულ გაფართოებებს, ეგრეთ წოდებული „კანიონი“ უფრო ვიწრო და დაბალია, ვიდრე უკვე განხილული დარბაზები.[2]

„კანიონი“

დარბაზ „კანიონის“ სიმაღლე 15-30 მეტრია, სიგანე 10-20, სიგრძე 400 მეტრამდე აღწევს, ხოლო ფსკერის ფართობი, დარბაზული გაფართოებული მონაკვეთების ჩაუთვლელად 5720 კვ. მ-ს შეადგენს. იგი მთლიანად გიგანტური ლოდებითა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოფიტული ფხვიერი პროდუქტებით არის დაფარული. ფსკერი სამხრეთითაა დაქანებული; მისი აბსოლუტური ნიშნულები 90-100 მეტრის ფარგლებში მერყეობს; „კანიონის“ ჭერს უფრო მეტად ბრტყელი ან რკალისებური მოყვანილობა აქვს. ალაგ-ალაგ თაღი რამდენიმე ფრთისგან შედგება, რაც აშკარად ცალკეული შრეების პერიოდული ნგრევის მანიშნებელია. ჭერსა და კედლებზე ხშირად გვხვდება წნევიანი წყლების ზემოქმედებით გაჩენილი მცირე ფორმის ღრმულები, რაც მღვიმის განვითარების საკითხისათვის თვალსაჩინო მასალას გვაძლევს. „კანიონი“ სამხრეთული დარბაზებისაგან განსხვავებით მდიდრულად არის წარმოდგენილი ნაღვენთი წარმონაქმნებით; სხვადასხვა ფერის სტალაქტიტები, მოზრდილი სტალაგმიტები, თაბაშირის ყვავილების „პლანტაციები“.[2]

სტალაქტიტები ზოგჯერ ჩამონგრეულ მასალაზეა აღმოცენებული რაც მათ შეფარდებით ასაკს გვიჩვენებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის ქარვისფერი და მეწამული (მუქი წითელი) სტალაქტიტ-სტალაგმიტები. „კანიონის“ პირველადი ფსკერი ძალზე გარდაქმნილია. მიუხედავად ამისა, მუდმივი წნევიანი წყლებისაგან განთავისუფლების შემდეგ, მასში ხანგრძლივად გაედინებოდა ნაკადი, რომელიც ერთ-ერთ სათავეს „ჰელიქტიტების სალონში“ იღებდა. „კანიონის“ შუა მონაკვეთი დარბაზ „ივერიას“ უკავია. მისი ფსკერი ზღვის დონიდან 102 მეტრზე მდებარეობს. დარბაზის სიგრძე 85 მეტრია, სიგანე 25-40, ხოლო სიმაღლე 10-15 მეტრის ფარგლებში მერყეობს. წრისებური ფორმის ბრტყელი ფსკერი (ფართობი 2245 კვ. მ) თიხით არის დაფარული. აქა-იქ ჭერიდან მორღვეული ლოდებიც ყრია, თაღს ნახევარწრისებური რკალის მოყვანილობა აქვს. განვითარების ბოლო ეტაპზე წყალი დარბაზში ჭერის ნაპრალებიდან შემოდიოდა. მასში ყურადღებას იპყრობდა ორიგინალური ფორმის სტალაგმიტები — კალციტის „შროშანები“, რომლებიც თიხის სუბსტრატზე ჭავლების ვარდნით გაჩნდნენ. ამ დარბაზიდან „კანიონი“ აღმოსავლეთისაკენ უხვევს. მღვიმის ეს მონაკვეთი ყურადღებას იპყრობს არა მარტო ჩამონგრეული ქანების სიუხვით, არამედ კედლების გასწვრივ ნაირ-ნაირი ნაღვენთი წარმონაქმნებითაც, რომელთა შორის საყურადღებოა კალციტით მოფარდაგებული ზედაპირები, სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სტალაგნატები და ამ წარმონაქმნების მთელი ანსამბლები. ასე მორთული „კანიონი“ დარბაზ „თბილისს“ ერწყმის, რომლის მისადგომზე გუშაგივით დგას უფსკრულის „ბერმუხა“ — მოზრდილი სტალაგმიტი.[2]

„თბილისი“

„თბილისი“ წარმოადგენს ჰორიზონტალური სისტემის ბოლო დარბაზს, რომლის მაქსიმალური სიგრძეა 85 მ, სიმაღლე 15-30 მ, სიგანე 30-45 მ, ხოლო ფსკერის ფართობი 1405 კვ. მ. „თბილისი“ მღვიმის სხვა ნაწილებისაგან გამოირჩევა კალციტის მოფარდაგებული ზედაპირების, გაქვავებული ჩანჩქერების, ნაირ-ნაირი სტალაქტიტ-სტალაგმიტებისა და პიზოლითური მინერალური აგრეგატების სიუხვით; როგორც ჩანს, ლოდნარი მასალა კალციტის სქელი ნაღვენთი ხალიჩების ქვეშ არის დამარხული. დარბაზის ამობურცული ფსკერი (აბსოლუტური სიმაღლე 105-110 მ), კამკამა წყლის პატარა აუზებით, შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. „ბროლის“ ამ ტბებს ქობასავით გარს აკრავს კალციტის არშიები. ეს ტბები ეპიზოდური წყალჟონვის დროს ჩნდებიან, ხოლო მშრალ სეზონში ორთქლდებიან და თანდათანობით ქრებიან. დარბაზის მთავარ ექსპონატს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მიწისქვეშეთის უნიკალური ქმნილება — დეკორაციული ხაზებითა და მძიმე ფოჩებით მორთული ნაღვენთი ფარდა — გაქვავებული ჩანჩქერი, რომლის სიგრძე ორ ათეულ მეტრს აღემატება; იგი მეტოქეობას უწევს სახელგანთქმული ლავენის მღვიმის (ლოზერი, საფრანგეთი) მსგავს წარმონაქმნებს. გაბმული წვიმების დროს მიწისქვეშ იჭრება და ჩანჩქერზე მისრიალებს წყლის ჭავლები, რომლებიც დარბაზის ფსკერის ნაპრალებში იჟონებიან.[2]

„ჰელიქტიტების სალონი“

„თბილისის“ თავზე კიდევ ერთი ლამაზი დარბაზი იხსნება, რომელიც „ჰელიქტიტების სალონის“ სახელით არის ცნობილი. იგი შედარებით მცირე (ფსკერის ფართობი 475 კვ. მ) ზომის დარბაზია. თანაც ნგრევა არ განუცდია. ამის გამო აღმოჩენის პირველ წლებში მასში მდიდრულად იყო წარმოდგენილი ნაირფეროვანი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნაღვენთ-ნაწვეთი წარმონაქმნები; მათ შორის დიდ ინტერესს იწვევს ექსცენტრული ფორმის სტალაქტიტები — ჰელიქტიტები, რის მიხედვითაც დარბაზმა დღევანდელი სახელწოდება მიიღო. ჰელიქტიტები მეტად უცნაური ფორმისანი არიან; წააგავენ ზამბარებს, კითხვის ნიშნებს, წრეებს, ხრახნებს და ა.შ. ზრდის პროცესში სიმძიმის ძალის გავლენას სრულებით არ ემორჩილებიან. „ჰელიქტიტების სალონში“ ინტერესს იწვევს აგრეთვე წყლით უჩვეულოდ მოქარგული იატაკი — ეგრეთ წოდებული გურები, რომლებიც მარჯის ბრაგებსაც მოგვაგონებენ.[2]

„ტაძარი“

ახალი ათონის მღვიმის გეგმას თუ დავხედავთ, შევამჩნევთ, რომ „კანიონს“ შუა მონაკვეთში ფართო დერეფანი გამოეყოფა, რომელიც აღმოსავლეთისაკენ მიემართება; დერეფნის ფსკერი მაღლა მიიწევს და 50 მეტრის შემდეგ ერწყმის მოზრდილ დარბაზს — „ტაძარს“, რომლის ფსკერის სიმაღლე ზღვის დონიდან 130 მეტრია. „ტაძრის“ სიგრძე 85 მეტრს უდრის, სიმაღლე 40-60 მ, სიგანე 30-60 მეტრია, ფსკერის ფართობი 3060 კვ. მ, ხოლო დარბაზის მოცულობა კი 137700 კუბ. მ. ფსკერზე გიგანტური ლოდები ყრია, ზოგიერთი მათგანის მოცულობა 10-60 კუბ. მ აღწევს; ერთ სიბრტყეზე აზიდულ მაღალ თაღს გაჭიმული ნახევარრკალის მოხაზულობა აქვს. სიცარიელეში ქაოსურად განლაგებული ლოდები მითური გოლიათების — ციკლოპების სამყაროს მოგვაგონებს.[2]

აქაურ ლოდებზე არც სტალაგმიტები გვხვდება და არც მტვრის სქელი ფენა. როგორც ჩანს, სტალაქტიტური წარმონაქმნების განუვითარებლობა ნგრევის შემდეგ წყალჟონვის პირობების შეცვლასთან არის დაკავშირებული. ნგრევამდე ეს დარბაზი მდიდრულად უნდა ყოფილიყო მორთული. კერძოდ, ამას მიგვანიშნებს „ტაძრის“ ჩრდილოეთ კედელზე „ჩამოკიდებული“ და ჟამთა სიავით დაზიანებული კალციტის ვეებერთელა ხალიჩა. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ყურადღებას იქცევს გუანოს მოზრდილი ბორცვები — ღამურების მრავალათასიანი გუნდების ხანგრძლივად ცხოვრების დამადასტურებელი. „ტაძარს“ სამხრეთ-დასავლეთით გამოეყოფა მეტად მაღალი დარბაზი გუმბათოვანი ჭერით. მას ამშვენებს სტალაქტიტების კონით და სხვა ნაღვენთების ჩუქურთმებით შემკული პლაფონი — მდიდრული ჭაღი. როდესაც აქ გამდინარე ნაკადს თეთრი ფსკერიღა დაუტოვებია. მასზე აქა-იქ ზრდაშეჩერებული სანთლისებრი სტალაგმიტებია აღმართული.[2]

აქვე ესტრადის მსგავს შემაღლებულ ფერდობზე ორიგინალური ფორმის ნაღვენთ-ნაწვეთი წარმონაქმნები ტორტებსა და ტაფამწვარებს გვაგონებს. ამ ადგილიდან პატარა აღმართს თუ ავყვებით ახალი ათონის მღვიმური სისტემის ჰორიზონტალური ნაწილის ყველაზე მაღალ (ზღვის დონიდან 170 მ) და ყველაზე პატარა (სიგრძე 15 მ, სიგანე 10 მ, სიმაღლე 15 მ) დარბაზ „სოხუმში“ მოვხვდებით. მას გუმბათისებური ჭერი და თითქმის ბრტყელი იატაკი აქვს. მის ღირსშესანიშნაობას კვიპაროსისებური სტალაგმიტები და მძლავრი ნაღვენთი კოლონები წარმოადგენენ. აქვე ყურადღებას იპყობს ლერწამივით აშოლტილი სტალაგმიტები, აგრეთვე დარბაზის ცენტრში მოთავსებული მშრალი აბაზანა, რომლის ფსკერი და კედლები კალციტის კრისტალებით არის მოპირკეთებული.[2]

ახალი ათონის მღვიმე
2014 Nowy Aton, Jaskinia Nowoatońska (11).jpg 2014 Nowy Aton, Jaskinia Nowoatońska (09).jpg 2014 Nowy Aton, Jaskinia Nowoatońska (04).jpg
„სპელეოლოგების დარბაზი“ ახალი ათონის მღვიმეში, 2014 წელი „სპელეოლოგების დარბაზი“ ახალი ათონის მღვიმეში, 2014 წელი ახალი ათონის მღვიმეში, 2014 წელი

მიკროკლიმატი

ახალი ათონის მღვიმეთა სისტემის მიკროკლიმატურ პირობებს მისი ზღვისპირა მდებარეობა და მორფოლოგიური თავისებურებანი განსაზღვრავენ.[2]

ჰაერის მოძრაობა

მიწისქვეშ ჰაერის გამომწვევი მიზეზები მრავალია. მასზე არსებით გავლენას ახდენს ჰაერის სიმკვრივის სხვაობა მღვიმეში და მღვიმის გარეთ, მღვიმის სხვადასხვა ნაწილში. ორ და მეტშესასვლელიან აღმავალფსკერიან მღვიმეებში ჰაერცვლას აქტიური ხასიათი აქვს; იგი დამოკიდებულია ამინდის ცვალებადობასა და ატმოსფეროს ცირკულაციის პირობებზე, ხოლო დაღმავალფსკერიან მღვიმეებში, როგორიცაა მაგალითად, ახალი ათონის მღვიმე ჰაერცვლაზე არსებით გავლენას ახდენს გარეჰაერის ტემპერატურის რხევა; რაც უფრო მეტია სხვაობა შიდა და გარე ტემპერატურათა შორის, მით უფრო მკვეთრად არის გამოხატული მიწის ქვეშ ჰაერის ტრანსფორმაცია.[2]

როგორც წესი, ჰაერის მოძრაობა საგრძნობია მღვიმეების ვიწრო და დაბალ გასასვლელებში. ამ მხრივ აღსანიშნავია ეგრეთ წოდებული „არსენას ჭიშკარი“, რომელიც ერთმანეთს აერთებს სისტემის ორ, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ნაწილს. ეს დაბალი და ვიწრო სიფონური ხვრელი ერთადერთია მთელ მღვიმურ სისტემაში, სადაც შეიძლება წლის ყველა დროში ჰაერის სიჩქარის გაზომვა (1,2-4,3 მ/წ), თანაც ჰაერი მაქსიმალურ სიჩქარეს ზაფხულობით, შუადღისას აღწევს, როცა გარეთ ცხელა. ამ დროს ცივი, შედარებით მძიმე ჰაერი მღვიმის ფსკერის გაყოლებით გარეთ გამოდის, ხოლო გარედან მღვიმეში ჭარბტენიანი თბილი ჰაერი შედის. ჰაერცვლის ასეთი ხასიათი დადგენილია „არსენას ჭიშკარსა“ და ხელოვნურ გვირაბებში.[2]

ჩვეულებრივ, ცნობილია, რომ მღვიმეში და მღვიმის გარეთ ჰაერის ტემპერატურისა და სინოტივის ტოლობის დროს მიწისქვეშ შეინიშნება შტილი, მაგრამ ეს დებულება მართებულია მხოლოდ ეგრეთ წოდებული დინამიური მღვიმეებისათვის. კარსტულ სიცარიელეებში კი, რომელთაც აქვთ დიდი მოცულობა და ხასიათდებიან სტატიკური რეჟიმით, შტილი მაშინაც კი შეინიშნება, როცა გარე და შიდა ტემპერატურასა და სინოტივეს შორის საგრძნობი სხვაობაა.[2]

ამის საუკეთესო მაგალითად გამოგვადგება ახალი ათონის მღვიმე, რომლის გიგანტურ დარბაზებში ჰაერცვლა თერმული ცირკულაციის საფუძველზე ხდება; აქ ჰაერის მოძრაობა შეიმჩნევა მხოლოდ სიგარის ბოლის გადაადგილებით ანდა სინათლის ალის რხევით. ჰაერის ატმოსფერული წნევის საშუალო სიდიდე მღვიმეში (თბილი პერიოდი) 755-756 მმ შეადგენს, გარეთ — 756,6-756,9 მმ-ს. როგორც ჩანს, სხვაობა უმნიშვნელოა, ეს კი მღვიმის კარგი განიავების მანიშნებელია. ატმოსფერული წნევა საკუთრივ მღიმეში უმნიშვნელოდ მერყეობს — 2,1-2,9 მმ ფარგლებში.[2]

ჰაერის ტემპერატურა

კარსტული მღვიმეების ჰაერის ტემპერატურის რეჟიმი მჭიდროდ არის დაკავშირებული არა მარტო მათს ჰიფსომეტრიულ მდებარეობაზე, არამედ სიღრუეების მორფოლოგიურ თავისებურებებზეც. ასე, მაგალითად, მღვიმეების ფსკერის აღმავალი თუ დაღმავალი პროფილი, დერეფნების გამჭოლობა თუ დახშულობა, ერთი ან რამდენიმე შესასვლელის არსებობა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჰაერცვლის ინტენსივობასა და მათში ტემპერატურული რეჟიმის დამყარებაზე.[2]

ჰაერის ტემპერატურის დღე-ღამური მსვლელობის დაკვირვების მასალები გვიჩვენებს, რომ თბილ პერიოდში ახალი ათონის მღვიმის ცალკეულ დარბაზებსა და დერეფნებში, ტემპერატურა ირხევა 12,6°C-14,4°C ფარგლებში, ესე იგი რამდენადმე ნაკლებია, ვიდრე ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (14,8°C) ახალ ათონში. იმავე პერიოდში (1970 VII, VIII) ჰაერის ტემპერატურის საშუალო სიდიდე ახალ ათონში (ბიოკლიმატური სადგური) შეადგენდა 24,0°C-24,1°C, ესე იგი სხვაობა 10,6°C-11,4°C აღწევდა. ჰაერის ტემპერატურის რხევა უფრო ნაკლებია ცივ პერიდში. ასე, მაგალითად, თებერვლის მეორე ნახევრის ჰაერის საშუალო დეკადური ტემპერატურა შეადგენდა: „ჭიშკარში“ — 12,0°C, „კანიონში“ — 12,8°C, „თბილისში“ — 12,4°C, ხოლო ახალ ათონში (ბიოკლიმატური სადგური) — 5,8°C. ზაფხულობით მღიმეში ჰაერის ტემპერატურა (1970 VIII) 2,5 °C, ხოლო ზამთრობით 0,4 °C-0,5 °C ფარგლებში ირხევა. დასტურდება, რომ ჰაერის ტემპერატურის დღე-ღამური და მით უფრო, წლიური რხევა შესასვლელიდან დაშორებით მცირდება. შორეულ დარბაზებში ჰაერისა და გარემომცველი კედლების ტემპერატურა ერთმანეთს უახლოვდება.[2]

ჰაერის სინოტივე

კარსტული სიცარიელეების გარემომცველი კედლების ტემპერატურა არსებით გავლენას ახდენს ჰაერის სინოტივესა და წყლის ორთქლის კონდენსაციაზე. ჰაერის შეფარდებითი სინოტივე ახალი ათონის და საერთოდ, საქართველოს სხვა კარსტულ მღვიმეებში საკმაოდ მაღალია (90%-ზე მეტი), ამას ხელს უწყობს მიწისქვეშ დამყარებული ჰაერის შედარებით დაბალი ტემპერატურა და გამდინარე ნაკადებისა და სინოტივის სხვა წყაროების არსებობა. როგორც წესი, მაღალი შეფარდებითი ტენიანობით ხასიათდება მღვიმეთა სტატიკური ზონები. ახალი ათონის მღვიმეში (თბილი პერიოდი) ჰაერის ტენიანობა 92%-ზე დაბლა არ იწევს; უფრო მეტიც. იგი ირხევა 94-97%-ის ფარგლებში, ხოლო სიფონური ტბების მახლობლად, სისტემის უდაბლეს პუნქტებში, ჰაერის ტენიანობა 100% კი აღწევს. იმავ დროულად ახალი ათონის მიდამოებში შეფარდებითი სინოტივე 68-70%-ია, საშუალო მრავალწლიური შეფარდებითი ტენიანობა ქალაქ სოხუმში — 77, ხოლო ბათუმში — 79% აღწევს. ტენიანობის რხევის ამპლიტუდა ახალი ათონის მღვიმეში უმნიშვნელოა და 2,8, ხოლო ახალ ათონში 25-30%-ს შეადგენს. საქართველოს მღვიმეებში ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა საშუალოდ 15-25%-ით მაღალია, ვიდრე მღვიმეებს გარეთ.[2]

ჰაერის რადიოაქტიურობა და იონიზაცია

1970-1971 წლებში საქართველოს ზოგიერთ კარსტულ მღვიმეში პირველად განხორციელდა დაკვირვებები რადიომეტრულ, აეროზოლურ, ელექტრომეტრულ და რადიოაქტიურ ელემენტებზე და სხვა. ეს სამუშაოები ჩატარდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს და სხვაორგანიზაციების მონაწილეობით. აღმოჩნდა, რომ ახალი ათონის მღვიმეში ჰაერის რადიოაქტიურობა 100-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე უშუალოდ ახალი ათონის ზღვის სანაპირო ზოლში; რადიოაქტიურობა კიდევ უფრო მაღალია სათაფლიასა და განსაკუთრებით წყალტუბოს მღვიმეებში. ასევე, ჰაერის იონიზაციაც მიწის ქვეშ რამდენიმეჯერ უფრო მაღალია, ვიდრე დღის სინათლეზე. კარსტულ სიცარიელეებში ჰაერი ჭარბად შეიცავს დადებით და უარყოფით მსუბუქ იონებს და, პირიქით, მასში უმნიშვნელო რაოდენობით ან სრულებით არ გვხვდება მტვერი, მიკრობები და მავნე გაზები, რაც მღვიმეთა ჰაერს სამკურნალო თვისებებს ძენს.[2]

ფაუნა

შედარებით დაბალმა ტემპერატურამ, ჰაერის მაღალმა სინოტივემ და შუქის არარსებობამ განსაზღვრა მღვიმის ფაუნის განსაკუთრებული კომპლექსი.[10] ახალი ათონის მღვიმეში მოპოვებულია უხერხემლოთა რიგი ჯგუფები, კერძოდ, ჭიები, მოლუსკებილოკოკინები, კიბოსნაირნი — ციკლოპები, ტოლფეხიანები, ნიფარგუსები, ტროგლოკარისები, ობობასნაირები, მრავალფეხიანები, მწერებიბოლოფეხიანები, სწორფრთიანები, ხოჭოები. მოპოვებული ფორმებიდან ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს კიბოსნაირები — ნიფარგუსები და ტროგლოკარისები — მღვიმეების ჭეშმარიტი ბინადარნი, რომლებიც ადრე ზღვებში ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ კი მღვიმეებში შესახლდნენ. ეს მოხდა დიდი ხნით წინათ, როცა ზღვებსა და კარსტულ სიცარიელეებს შორის ადგილი ჰქონდა წყალცვლას. ბიოსპელეოლოგების აზრით, ტროგლოკარისები და ნიფარგუსები — კარსტული მღვიმეების ხანგრძლივ არსებობაზე მოგვანიშნებენ.[2]

ახალი ათონის მღვიმის ფაუნა იყოფა 3 დიდ ჯგუფად: 1). პირველ ჯგუფში წარმოდგენილნი არიან ჩვეულებრივი მღვიმის ბინადარნი. ამ ჯგუფიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ კიბოსნაირნი და ხოჭო ტრეხუსები. ისინი საინტერესონი არიან იმით, რომ მათ არა აქვთ მხედველობის ორგანოები, თუმცა კარგად აქვთ განვითარებული ყნოსვა და შეხების გრძნობა; 2). მეორე ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ცხოველები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მღვიმეში ცხოვრებას, თუმცა ისინი მიწის ზედაპირზეც გვხვდებიან. ამ ჯგუფიდან აღმოაჩინეს ღამურები, რომლებიც ზამთარს ატარებენ ღრმა ძილში მღვიმის კამარაზე ჩამოკიდებულები. გაზაფხულზე პირველები იღვიძებენ და ზედაპირზე საკვების ძიების მიზნით ფრინდებიან დედლები, ხოლო 1 თვეში მათ მამლებიც უერთდებიან; 3). მესამე ჯგუფში ერთიანდებიან ფაუნის ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც ახალი ათონის მღვიმეს შემთხვევით სტუმრობენ. ასეთები არიან: ხვატარი, ბუზები.[10]

ფლორა

ახალი ათონის მღვიმის ფლორა წარმოდგენილია ხავსებით, სოკოებითა და ბალახოვანი მცენარე ალბინოსით.[10] ახალი ათონის მღვიმის როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური სისტემის თიხიან გრუნტზე აქა-იქ გვხვდება წვრილი ბალახოვანი მცენარე ალბინოსი, ხოლო ნიაღვრების შედეგად მიწისქვეშ ჩატანილ და ლპობის პროცესში მყოფ მცენარეთა ტოტებზე არის ამოზრდილი სოკოები და ხავსები. აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშ თესლოვანი მცენარეები კმაყოფილდებიან 250-ჯერ სუსტი შუქით, ვიდრე დედამიწაზე. მღვიმეებში მცენარეულობის ზრდა-განვითარების საუკეთესო პირობებია. ეს საველე გამოკვლევების პრაქტიკამაც დაადასტურა. ასე, მაგალითად, ახალი ათონის მღვიმეში, „თეთრ მთასთან“, თიხის გრუნტზე მიყრილი კარტოფილი და ხახვი აბსოლუტურ სიბნელეში აღმოცენდა კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, უამრავი ყლორტითა და ნაზარდით. ერთია, რომ ყლორტები და ნაზარდები უფერულები იყვნენ.[2]

ტურიზმი

ახალი ათონის მღვიმე არის უნიკალური მღვიმური სისტემა, რომელიც თავისი სილამაზით, მრავალფეროვნებით, განფენილობით, ტურისტების მონახულებისა და იდუმალების მხრივ, ტოლს არ უდებს აშშ-ში მდებარე კარლსბადისა და სლოვენიაში მდებარე პოსტოინსკა-იამის მღვიმეეებს. ახალი ათონის მღვიმე წარმოადგენს ლაბირინთების რთულ სისტემას.[11] მღვიმის შესწავლა დაიწყო 1961 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ. „საქქალაქმშენსახპროექტის“ ინსტიტუტის პროექტით ტურისტული მიზნებისათვის კეთილმოწყობილ იქნა „თბილგვირაბმშენის“ მიერ და გაიხსნა 1975 წელს.[5] დღეში ახალი ათონის მღვიმეს სტუმრობს 2 ათასამდე ტურისტი. ხდება ისეც, რომ ტურისტების რაოდენობა 3,5 კაცამდეც იზრდება.[12] ახალი ათონის მღვიმის მონახულება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება.[13] სარკინიგზო ტრანსპორტის უნიკალურ ობიექტს ახალი ათონის მღვიმური რკინიგზა წარმოადგენს, რომელიც გაიხსნა 1975 წლის 4 ივლისს. აქვს 3 სადგური. 1975-2014 წლებში ახალი ათონის მღვიმეს ემსახურებოდა რიგის ვაგონსაშენი ქარხნის მიერ გამოშვებული ელექტრომატარებელი „ტურისტი“, ხოლო 2014 წლიდან იგი შეცვალა ელექტრომატარებელმა ეპ-563-მა, რომელიც აგრეთვე რიგის ვაგონსაშენი ქარხნის მიერაა გამოშვებული.[7] 2001-2016 წლებში ახალი ათონის მღვიმის ტურისტული ობიექტის დირექტორი იყო გივი სმირი.[14]

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

სქოლიო

  1. შალვა ყიფიანი, ზურაბ ტინტილოზოვი, არსენ ოქროჯანაშვილი, ვარლამ ჯიშკარიანი, საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი. — თბილისი: „მეცნიერება“, 1966. — გვ. 129-130.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 2.19 2.20 2.21 2.22 2.23 2.24 2.25 2.26 2.27 2.28 2.29 2.30 2.31 2.32 2.33 2.34 2.35 2.36 2.37 2.38 2.39 2.40 2.41 2.42 2.43 2.44 2.45 2.46 2.47 2.48 2.49 2.50 2.51 2.52 2.53 2.54 ზურაბ ტინტილოზოვი., ახალი ათონის მღვიმე. — თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1975. — გვ. 3-39.
  3. ლევან მარუაშვილი., მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები. — თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1973. — გვ. 240-241.
  4. 4.0 4.1 ზურაბ ტინტილოზოვი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 281, თბ., 1997 წელი.
  5. 5.0 5.1 ზურაბ ტინტილოზოვი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 84, თბ., 1977 წელი.
  6. ახალი ათონის მღვიმის რკინიგზა. www.tppra.org. წაკითხვის თარიღი: 2015-11-16.
  7. 7.0 7.1 მატარებლის გაშვება ახალი ათონის მღვიმეში. abaza.tv. წაკითხვის თარიღი: 2014-07-21.
  8. Gazetteer of Planetary Nomenclature. planetarynames.wr.usgs.gov.
  9. ახალი ათონის მღვიმის დახასიათება. dpashka.narod.ru.
  10. 10.0 10.1 10.2 ახალი ათონის მღვიმის დახასიათება. travelask.ru.
  11. ახალი ათონის მღვიმე: ექსკურსიები. www.abkhazia.ru.
  12. Гиви Смыр: я обнаружил пещеру, когда мне было 16. sputnik-abkhazia.ru.
  13. ახალი ათონის მღვიმე: ექსკურსიები. visit.aelita.su.
  14. ახალი ათონის მღვიმე. almaz-travel.ru.