ნეკერჩხალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნეკერჩხალი
Acer campestre
Acer campestre
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Sapindales
ოჯახი:  საპინდუსისებრნი
გვარი:  ნეკერჩხალი
ლათინური სახელი
Acer

ნეკერჩხალი (ლათ. Acer) — მცენარეთა გვარი საპინდუსისებრთა[1] ოჯახისა. 5-40 მ სიმაღლის ერთ-, ორ- ან მრავალსახლიანი (პოლიგამური) ფოთოლმცვივანი ხეები ან ბუჩქებია.

შეიცავს 150-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკასა და ზონდის არქიპელაგის კუნძულებზე, ზომიერი და სუბტროპიკული ჰავის პირობებში, ნოყიერ და დაწრეტილ ნიადაგებზე. ზოგი ეგუება ნიადაგის სუსტ დამლაშებას. უმეტესად მეზოფილური და ყინვაგამძლე მცენარეებია, ნაწილობრივ — ქსეროფიტები. კავკასიაში 11 სახეობაა, მათგან საქართველოში — 9.

ჩვენში ნეკერჩხალი გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე, უმრავლესობა — მთის შუა და ზემო სარტყლამდე. მხოლოდ კავკასიის ენდემიმაღალმთის ბოყვი (ლათ. Acer trautvetteri) — ქმნის სუბალპურ სარტყელში ნაირბალახოვან მეჩხერ კორომებს, დანარჩენი კი შერეულია ფოთლოვან და წიწვოვან (უფრო ნაკლებად) ტყეებში.

მეორე ენდემი სოსნოვსკის ნეკერჩხალი (ლათ. Acer sosnowskyi) იზრდება მხოლოდ აფხაზეთში კირქვიანებზე. ქართული ნეკერჩხალი (ლათ. Acer ibericum) — მესამე კავკასიის ენდემი, რომელიც საქართველოს წითელ წიგნში არის შესული. სახეობებისა (ლეკა, თათრული ნეკერჩხალი, მთის და მაღალმთის ბოყვები) გამოსადეგია სატყეო და საცავი ნარგევებისათვის, ბაღ-პარკების გასაფორმებლად (შემოდგომაზე ძალზე ლამაზია, მათი ნაირფერი ფოთოლი და ნაყოფი); ზოგი მათგანი შეიცავს მრავალ მაღურ ფორმას.

საქართველოში ინტროდუცირებული სახეობებიდან ამ მხრივ პერსპექტიულია ჩრდილოეთ ამერიკის წითელი ნეკერჩხალი (ლათ. Acer rubrum), შაქრის ნეკერჩხალი (ლათ. Acer saccharum), იფანფოთოლა ნეკერჩხალი (ლათ. Acer negundo) და სხვა. აღმოსავლეთ აზიური ნეკერჩხალი „გინალა“ (ლათ. Acer ginnala), თათისებრი ნეკერჩხალი (ლათ. Acer palmatum) და სხვა. ნეკერჩხალის მერქანი მკვრივი, გამძლე და მაგარია, კარგად პრიალდება.

იყენებენ ავეჯის, სპორტის ნივთიერების, მუსიკალური საკრავებისა და სხვათა დასამზადებლად. ზოგიერთი სახეობა შეიცავს „ნეკერჩხლის შაქარს“. ფოთლებისაგან მიიღება საღებავი. თაფლოვანი მცენარეებია. ამრავლებენ თესლით, ბაღურ ჯიშებს — მყნობით. კალმები ძნელად ფესვიანდება. უხვად ივითარებს ძირკვის ამონაყარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]