ვერიოვკინის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვერიოვკინის მღვიმე
მღვიმის გეგმა (2017)
მღვიმის გეგმა (2017)
კოორდინატები: 43°23′46″ ჩ. გ. 40°21′13″ ა. გ. / 43.39611° ჩ. გ. 40.35361° ა. გ. / 43.39611; 40.35361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გაგრის რაიონი
აბსოლუტური სიმაღლე 2309 მ
სიგრძე 13,500 მ
სიღრმე 2212 მ
აღმოჩენის წელი 1968
შესასვლელთა რაოდენობა 1
ამგებელი ქანები კირქვა
ვერიოვკინის მღვიმე — საქართველო
ვერიოვკინის მღვიმე
ვერიოვკინის მღვიმე — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ვერიოვკინის მღვიმე

ვერიოვკინის მღვიმე — მსოფლიოს უღრმესი[1][2] კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის რაიონში. მდებარეობს არაბიკის მასივზე, ზღვის დონიდან 2309 მ სიმაღლეზე. მღვიმის ცნობილი ნაწილის სიღრმე 2017 წლის ტოპოაგეგმვის შედეგებით შეადგენს 2204 მ-ს, რითაც 7 მ-ით ჭარბობს კრუბერის გამოქვაბულს. რეკორდული სიღრმე სიფონების გაუვლელად იქნა მიკვლეული. 2018 წლის მარტის ექსპედიციის დროს გამოიკვლიეს სიფონური ტბის სიღრმე — ნემოს უკანასკნელი სადგომი, რამაც მღვიმის სიღრმეს კიდევ 8 მ შემატა და მღვიმის სიღრმის ნიშნული 2212 მ-ით განისაზღვრა. მღვიმეში შესასვლელი კვეთით 3×4 მდებარეობს კრეპოსტისა და ზონტის მთებს შორის არსებულ უღელტეხილზე, უფრო კრეპოსტის მთის ფერდობების სიახლოვეს. შესასვლელი ჭის სიღრმე შეადგენს 32 მ-ს.

თავდაპირველად მღვიმე მარკირებული იყო როგორც С-115, შემდეგ П1-7, თუმცა 1986 წელს მღვიმეს სახელწოდება შეუცვალეს და უწოდეს ტრაგიკულად დაღუპული სპელეოლოგის — ალექსანდრე ვერიოვკინის (1960-1983) სახელი. ვერიოვკინის მღვიმე აღმოაჩინეს 1968 წელს კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა. იმ დროს გავლილი ნაწილის სიღრმემ 115 მ შეადგინა. მღვიმე მონიშნეს როგორც С-115. 1982 წელს მოსკოვის პეროვოს სპელეოკლუბმა მღვიმეს ხელმეორედ მიაკვლია და მონიშნა როგორც П1-7. პეროვოს სპელეოკლუბის ექსპედიციამ 1983-86 წლებში შეაღწია 440 მ-მდე.[3]

1986-2000 წლებში მღვიმეში კვლევები არ წარმოებდა. 2000-2015 წლებში პეროვოს სპელეოკლუბი და პეროვო-სპელეოს ჯგუფი აგრძელებდა კვლევებს მღვიმეში. სიღრმე კვლავ 440 მ-ით განისაზღვრებოდა. 2015 წლის აგვისტოში პეროვოს სპელეოკლუბის ექსპედიციის ფარგლებში მიაკვლიეს ჭას, რომლის სიღრმე, როგორც მოგვიანებით გაირკვა 156 მ შეადგინა. ეს აღმოჩენა იმაზე მიუთითებდა, რომ მღვიმის შრომატევადი კვლევის პერიოდი დასრულდა. 2016 წლის ივნისში შედგა პეროვო-სპელეოს გუნდის ექსპედიცია, რომელმაც მიაღწია 630 მ-მდე. იმავე წლის აგვისტოში პეროვო-სპელეოსა და პეროვოს სპელეოკლუბის ერთობლივმა ექსპედიციამ შეაღწია 1010 მ-მდე, ხოლო ოქტომბერში 1350 მ-მდე.[3]

2017 წლის თებერვალში პეროვო-სპელეოს ექსპედიციამ მიაღწია 1832 მ-მდე, რამაც იგი მსოფლიოში სიღრმით მეორე მღვიმედ აქცია კრუბერის გამოქვაბულის შემდეგ. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში პეროვოს სპელეოკლუბმა მიაღწია 2151 მ-მდე. ქვედა ნაწილებში აღმოაჩინეს არაბიკის მასივისთვის არადამახასიათებელი ფართო ჰორიზონტული ნაწილები. ისინი კარსტული წყალშემცველი სისტემის უძველესი კოლექტორებია. ამრიგად, ვერიოვკინის მღვიმე იქცა მეორე ზეღრმა მღვიმედ (2 კმ-ზე მეტი) მსოფლიოში და წყალქვეშა აღჭურვილობის გარეშე ხელმისაწვდომ უღრმეს მღვიმედ. 2017 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში პეროვო-სპელეოს გუნდმა მიაღწია 2204 მ-მდე, რითაც დაამყარა სიღრმის მსოფლიოს ახალი რეკორდი.[3]

2018 წლის მარტში პეროვო-სპელეოს გუნდმა განახორციელა მორიგი ექსპედიცია, რომლის ფარგლებში მღვიმის რუკას დაუმატა შესასვლელების ერთ კმ-ზე მეტი მონაკვეთი და ლოტით გაზომა სიფონური ტბის — ნემოს უკანასკნელი სადგომის სიღრმე. ტბის სიღრმემ შეადგინა 8,5 მ, რითაც მღვიმის საერთო სიღრმემ მიაღწია 2212 მ.[4][5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]