მარუხის მყინვარი (საქართველო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარუხი.

მარუხის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. წარმოადგენს მდინარე მარუხის აუზის უდიდეს მყინვარს. მისი ფართობი 1,68 კმ², ხოლო სიგრძე 4,13 კმ-ია. მარუხს კარგად გამოხატული ენა და 300 მ სიმაღლის ყინულჩანჩქერი აქვს. მყინვარის ენა 1,5 კმ სიგრძისაა, რომელიც სუსტადაა დანაპრალებული და მცირე დახრით ხასიათდება. ენის ცენტრალური ნაწილი სუფთაა, მხოლოდ მისი ბოლო მონაკვეთია დაფარული ფხვიერი მასალით. მყინვარის ენის ზედაპირი მისი მცირე დანაპრალებისა და სუსტი დახრის გამო დაღარულია ნადნობი წყლებით. წყლის მიერ გაჩენილი ღარები საკმაოდ დიდი ზომისაა (2-5 სმ სიგანე) და მხოლოდ სუფთა მყინვარის ზედაპირზე არის. მყინვარის ენის წინ 800-900 მ სიგრძეზე, ხეობაში (მყინვარის ტროგი) სხვადასხვა ზომის მორენული სერებია წარმოდგენილი, რაც გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ მყინვარის მდებარეობა ფერნაუს სტადიის დროს და ვიმსჯელოთ მის დინამიკაზე უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში. მართალია მარუხის მყინვარს არ აქვს გვერდითი სტადიალური მორენები, მაგრამ სტადიალური მყინვარის ნაკვალევი ხეობის ორივე ფერდობზე მკვეთრი ხაზით გამოიყოფა (ფერდობზე მიფენილი მორენული მასალის, მცენარეული საფარის, ფერდობის ფერის ტონალობის და სხვა მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით). ხეობაში კარგად არის გამოხატული ბოლო სტადიალური და მიკროსტადიალური მორენები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014.