საქართველოს მყინვარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მყინვარი სვანეთში
საქართველოს მთიანი მხარე – სვანეთი, რომელიც შეიცავს ქვეყნის უდიდეს მყინვარებს
მყინვართა იზოლირებული ჯგუფი აღმოსავლეთ კავკასიონზე
საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ადიშის მყინვარი
მყინვარი სვანეთში

საქართველოს ტერიტორიაზე თანამედროვე მყინვარების სივრცობრივი გავრცელება განპირობებულია ატმოსფერული პროცესების თავისებურებებით, რელიეფის მორფოლოგიურ-მორფომეტრიული პირობებით და მათი ურთიერთქმედებით. გამყინვარების ძირითადი კერები დაკავშირებულია მაღლა აზიდულ კავკასიონის წყალგამყოფ ქედთან და ყაზბეგის მასივთან. ცალკეული კერები არის კავკასიონის შტოქედებზე: ბზიფის, კოდორის, ეგრისის, სვანეთის, ლეჩხუმის, პირიქითის და სხვა.

2018 წელს ჩატარებული კავკასიონის მყინვარების ინვენტარიზაციის მიხედვით, რომელიც 2014 წლის კოსმოსური სურათების საფუძველზე შესრულდა, საქართველოს მყინვარების რაოდენობა 725, ხოლო ფართობი 369,8 კმ²-ია.[1] თანამედროვე მყინვარები ძირითადად თავმოყრილია მდინარეების ენგურის, რიონის, კოდორის და თერგის აუზებში, სადაც მდებარეობს 4500 მ და უფრო მაღალი მწვერვალები. ამ აუზებში მოდის საქართველოში არსებული მყინვარების რაოდენობის 89.32% და ფართობის 97.15%.

თანამედროვე გამყინვარება არათანაბრად არის განაწილებული სხვადასხვა მდინარეთა აუზებს შორის. წამყვანი ადგილი აქ უკავია მდინარე ენგურის აუზს. მასზე მოდის საქართველოს მყინვარების საერთო რაოდენობის 42.22% და ფართობის 62.78%. რაოდენობის მიხედვით მდინარე ენგურის შემდეგ სხვა მდინარეთა აუზები შემდეგნაირად ნაწილდება: მდინარე კოდორის აუზი - 22.76%; მდინარე რიონის აუზი - 15.22%; მდინარე თერგის აუზი - 9.10%; მდინარე პირიქითა ალაზნის აუზი - 3.19%; მდინარე ბზიფის აუზი - 2.82%; მდინარე ლიახვის აუზი - 1.56%; მდინარე ხობისწყლის აუზი - 1.41%. ხოლო მდინარეების არღუნის, ასას, არაგვის და კელასურის აუზებზე ერთად მოდის საქართველოს მყინვარების საერთო რაოდენობის 1.72% აღნიშნული თანმიმდევრობის მიხედვით.

გამყინვარების ფართობით მდინარე ენგურის შემდეგ სხვა მდინარეთა აუზები შემდეგნაირად ნაწილდება: მდინარე რიონის აუზი - 13.11%; მდინარე კოდორის აუზი - 11.25%; მდინარე თერგის აუზი - 9.99%; მდინარე ბზიფის აუზი - 1.12%; მდინარე პირიქითი ალაზნის აუზი - 0.68%. ხოლო მდინარეების ლიახვის, ასას, ხობისწყლის, არღუნის, არაგვის და კელასურის აუზებზე ერთად მოდის საქართველოს მყინვარების საერთო ფართობის 1.07% აღნიშნული თანმიმდევრობის მიხედვით.

საქართველოს მყინვარების შესახებ პირველ მეცნიერულ ცნობებს იძლევა ქართველი მეცნიერი ვახუშტი ბაგრატიონი XVIII საუკუნის დასაწყისში.

ვიკიციტატა
„კვალად არიან მთანი, დიდროვანნი, რამეთუ ჩრდილოთ უძევს კავკასი შავი ზღვიდამ ვიდრე კასპიამდე, რომლისა სიმაღლე დღე ერთისა სავალ და მარადის მყინვარე უმაღლესთა ზედა, რომლისა სიგრძე ყინულისა არს კ-ლ მხარი, და ჟამსა ზაფხულისასა გასქდების და, თუ შთაუტეო კაცი, მცირე ჟამს ვერ ძალუძს დათმენად სიცივისა; და ქუეშე მისა დის მდინარენი, და არს ყინულნი მწვანე და წითელი, ვითარცა კლდე სიძველის გამო...“

თითქმის ასი წლის შემდეგ საქართველოს მყინვარების აღწერა დაიწყეს უცხოელმა მეცნიერებმა. ცნობებს საქართველოს მყინვარების შესახებ ვხვდებით ვილჰელმ ჰერმან აბიხის (1865), გუსტავ რადეს (1873), ნიკოლოზ დინიკის (1884), ი. რაშევსკის (1904) და სხვათა შრომებში. ეს ცნობები შეეხება ცალკეულ მყინვარებს და ძირითადად ატარებს აღწერილობით ხასიათს.

1880-1910 წლებში ჩატარდა კავკასიის ტოპოგრაფიული აგეგმვა. მიღებული რუკების საფუძველზე კ. პოდოზერსკიმ (1911) შეადგინა მყინვარების პირველი დაწვრილებითი კატალოგი, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, მაგრამ მისი შედგენისას დაშვებულია შეცდომებიც. ამ შეცდომებს ყურადღება მიაქცია შემდგომში ანატოლი რეინგარდმა (1916, 1917), რომელმაც საკვლევი რაიონის მრავალი მყინვარული აუზებისათვის შეადგინა ახალი კატალოგი და განსაზღვრა თოვლის ხაზის მდებარეობა. ანატოლი რეინგარდის მიერ ჩატარებული კვლევა თავისი მეცნიერული ღირებულებით წინამორბედ მკვლევარებთან შედარებით უფრო მაღალ დონეზეა შესრულებული და უფრო საიმედოც არის.

საინტერესო გამოკვლევები იყო ჩატარებული მეორე საერთაშორისო პოლარულ წელთან დაკავშირებით - ფ. რუტკოვსკაიას (1936) მიერ. 1932-1933 წლებში გამოკვლეული იყო ენგურის აუზის გამყინვარება და განსაზღვრული იყო ცალკეული მყინვარების დინამიკა (ერთწლიან პერიოდში).

1959 წელს პ. ივანკოვმა ახალი ტოპოგრაფიული რუკებისა და 1946 წლის აეროსურათების საფუძველზე მოგვცა საკვლევი ტერიტორიის მყინვარების საერთო რაოდენობა და ფართობი. ამავე წელს პავლე კოვალიოვმა (1961) დაწვრილებით აღწერა სვანეთის მყინვარები და მოახდინა მყინვარების მარკირება. საქართველოს მყინვარების შესწავლისათვის დიდი შრომა აქვს ჩატარებული დავით წერეთელს, რომელმაც 1937 წელს ალექსანდრე ასლანიკაშვილთან ერთად აგეგმა ზოგიერთი მყინვარი, ხოლო 1963 წელს მოგვცა მყინვარების დინამიკა 1937-1960 წლიან პერიოდში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დიდი და მრავალმხრივი შრომა, რომელიც გასწია ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გლაციოლოგიურმა ლაბორატორიამ, რომელთა მრავალწლიური შრომა შეჯამებულია 1975 წელს გამოცემულ მყინვარების კატალოგში და ჰიდრო-მეტეოროლოგიური სამმართველოს ჰიდროგრაფიულმა განყოფილებამ, რომელთაც გამოსცეს შრომა, კავკასიის მყინვარები (რედაქტორები: ვ. ცომაია, ე. დრობიშევი 1970).

აღსანიშნავია აგრეთვე რამინ გობეჯიშვილის მრავალწლიანი კვლევა საქართველოს დიდ მდინარეთა აუზების სხვადასხვა მყინვარებზე. სწორედ მის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ 1990-იანი წლების შემდეგ საქართველოში გლაციოლოგიური კვლევები არ შეწყვეტილა.

საქართველოს მყინვარებს ცალკეულ მდინარეთა აუზების მიხედვით სწავლობდნენ: ლევან მარუაშვილი, დავით უკლება, თ. კიკალიშვილი, გ. კურდღელაიძე, დ. ტაბიძე, რ. ხაზარაძე, ო. ნიკოლაიშვილი, ვ. ცომაია, ო. დრობიშევი, რ. შენგელია, რამინ გობეჯიშვილი, კ. მგელაძე, თ. ლაშხი, შ. ინაშვილი, ნ. გოლოდოვსკაია, ლ. სერებრიანი, ა. ორლოვი, ო. ნადარეიშვილი, ნ. ზაქარაშვილი, ა. რეხვიაშვილი, ო. სამადბეგაშვილი და სხვა.

1968 წლიდან ტარდებოდა გლაციო-გეომორფოლოგიური სამუშაოები (რამინ გობეჯიშვილი). ფოტოთეოდოლიტური მეთოდით აიგეგმა სხვადასხვა მდინარეთა აუზების უდიდესი მყინვარები: ზოფხიტო-ლაბოდა, კირტიშო, ბრილი, ჩასახტომი, ედენა, ხვარგულა, ბოყო, ბუბა, თბილისა, ადიში, ჭალაათი, დოლრა, ქვიში, ლადევალი, შხარა, ნამყვამი, ყორულდაში, მარუხი, კლიჩი და კლიჩის აუზის კარული ტიპის მყინვარები.

დღესდღეობით თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი არის ერთადერთი დაწესებულება საქართველოში, რომელიც მეცნიერულად იკვლევს კავკასიონის მყინვარებს. ინსტიტუტში არსებული გლაციოლოგიური ჯგუფი, ლევან ტიელიძის ხელმძღვანელობით ყოველწლიურ ექსპედიციებს ატარებს კავკასიონის სხვადასხვა მდინარეთა აუზების მყინვარებზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tielidze, L. G. and Wheate, R. D.: The Greater Caucasus Glacier Inventory (Russia, Georgia and Azerbaijan), The Cryosphere, 12, 81-94