შინაარსზე გადასვლა

ფრინველები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრინველები

ფრინველთა ნაირსახეობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Aves (Linnaeus, 1758)

ფრინველები (ლათ. Aves) — ქორდიანთა (Chordata) ტიპის, ხერხემლიანთა (Vertebrata) ანუ ქალიანთა (Craniota) ქვეტიპის, ხვლიკისებრთა (Saurapsida) ზეკლასის ორფეხა ცხოველთა კლასი. დედამიწის ზურგზე ბინადრობს 8616 სახის ფრინველი, გაერთიანებული 40 რიგში, 168 ოჯახსა და 2800-მდე გვარში. ნათი რაოდენობა მთელს მსოფლიოში 100 მილიარდს შეადგენს.

ფრინველების კლასში გაერთიანებული არიან ორფეხა, ბუმბულით დაფარული, კვერცხისმდებელი ცხოველები, რომელთა უმრავლესობის ლოკომოციის ძირითად ფორმას წარმოადგენს ფრენა. ფრინველებისთვის დამახასიათებელია მტკიცე, მსუბუქი, პნევმატური ჩონჩხი, ოთხსაკნიანი გული, ინტენსიური ნივთიერებათა ცვლა, სხეულის მუდმივი, მაღალი ტემპერატურა (37.8-45.5°C). ფრინველთა სხეულის მორფო-ანატომიურ აგებულებაში იმდენი საერთოა ქვეწარმავლებთან, რომ ეჭვს არ იწვევს მათი ნათესაობა. სწორედ ამიტომაც ტ. ჰაქსლიმ როგორც ფრინველები, ისე ქვეწარმავლები ერთ საერთო ზეკლასში (ხვლიკისებრნი — ლათ. Saurapsida) გააერთიანა.

ფრინველები გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში — არქტიკიდან ანტარქტიდამდე, ვერტიკალურად კი 7 ათას მეტრს აღწევენ. ზოგიერთი ფრინველი გარკვეულ ტერიტორიაზე ბინადრობს, ბევრი კი იცვლის საბინადრო ადგილს და უფრო ხელსაყრელზე გადადის (ფრინველთა მიმოფრენები). ფრინველების კლასის ამომწყდარი ფორმები ცნობილია ჯერ კიდევ იურული პერიოდიდან (არქეოპტერიქსი).

თანამედროვე ფრინველების კანი თხელია, ორშრიანი, უჯირკვლებო (უმრავლესობას აქვს მხოლოდ ერთი — ზანდაროზის ჯირკვალი), კანის გარკვეულ უბნებზე — პტერილებზე იზრდება ბუმბული და ღინღლი, რომელიც ეხმარება სხეულს ჰომოთერმულობის შენარჩუნებაში, სხეულის ხვედრითი წონის შემცირებაში. უმთავრესია მომქნევი (ფრთების), საჭის (ბოლოს) და მათი მფარავი ბუმბული, რომელიც ემსახურება ფრენას და ცნობილია კონტურული ბუმბულის სახელით. პტერილებს შორის კანის შიშველი უბნები, ე.წ. აპტერიებია (ზოგ ფრინველს, მაგ., პინგვინებს, სირაქლემებსა და სხვებს მთელი სხეული ერთნაირად აქვთ შებუმბლული). ბუმბულის შეფერვა დამოკიდებულია პიგმენტებსა (მელანინები, ლიპოქრომები) და მის მიკროსტრუქტურაზე. ბუმბული, ნისკარტისა (რამფოთეკა) და ფეხების (პედოთეკა) მფარავი რქოვანი შალითა რეგულარულად ახლდება მთლიანად ან ნაწილობრივ, ჩვეულებრივ, წელიწადში ერთხელ, განგურის გზით.

ჰაერში ფრენასთან დაკავშირებით ფრინველების ჩონჩხიც თავისებურია: პნევნატური ძვლები, ურთიერთშორის მტკიცედ შეზრდილი ან მთლიანად შერწყმული, შეიცავენ დიდი რაოდენობით კიროვან მარილებს, რაც უზრუნველყოფა ჩონჩხის სიმსუბუქესა და სიმტკიცეს. ტვინის ქალა თხელკედლიანის, ყბები უკბილო და ქმნიან ნისკარტს. ხერხემლის კისრის განყოფილება (11—25 მალა) ძლიერ მოძრავია. მკერდის მალებს ერთვის ნეკნები, რომელთა 3 (ან 9) წითელი შეერთებულია მკერდის ძვალთან და მტკიცე გულმკერდის ყაფაზს ქმნის. გულმკერდის განყობილების ბოლო მალა, გავისა და წელის განყოფილების მალები შეძრდილია რთულ გავად და მტკიცე საყრდენს ქმნიან უკანა კიდურებისათვის. კუდის ბოლო მალები შეზრდილია ერთ კუდუსუნის ძვლად - პიგოსტილად (მას ემაგრება საჭის ბუმბული). ფრთამ ფუნქციური ცვლილებები განიცადა მხრის სარტყლის აგებულებაშიც. გაიზარდა კორაკოიდის ძვლები, ხმლისებურად წაგრძელდა ბეჭის ძვალი, ლავიწის ძვლები შეეზარდნენ ერთმანეთს და წარმოიქმნა მტკიცე, დრეკადი ავქაში; ძლიერი მომქნევი კუნთების განვითარებას მოჰყვა მკერდის ძვლის გაზრდა, მასზე ძვლოვანი ტროპის წარმოქმნა. ფრთის ჩონჩხს ქმნიან მხარი, წინამხარი (იდაყვისა და სხივის ძვალი), მტევანი (2 მაჯისა და ნების ძვალი, ფალანგების შემცირებული რაოდენობა). მტევანს ემაგრება პირველი წყების, წინამხარს კი მეორე წყების მომქნევი ბუმბული. ფეხის ჩონჩხი შეიცავს ბარძაყის, წვივისა და გალოს ძვლებს. თითები, ჩვეულებრივ, არის 4, იშვიათად 3 (სირაქლემას აქვს 2).

კუნთოვანი სისტემა ძლიერაა განვითარებული. განსხვავება ჩონჩხისა თუ კუნთების აგებულებაში განპირობებულია ფრინველების ცხოვრების ნირის სხვადასხვაობით,თავის მხრივ კი ეს სხვადასხვაობა განაპირობებს ფრინველების ფრენის თავისებურებებს (ფრენა ცხოველებისა). ფრინველთა სუნთქვის სისტემაც თავისებურია: ბრონქები პატარა, ნაკლებად ჭიმვადი ფილტვების გავლის შემდეგ უკავშირდებიან 9—10 ელასტიკური პარკისაგან შემდგარ სისტემას. შესუნთქვისას ჰაერი ფილტვების გავლით გადადის საჰაერო პარკებში, ამოსუნთქვისას - ფილტვების მეორედ გავლით გამოდის გარეთ (ორმაგი სუნთქვა).

სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული და ვენური სისხლი სრულიად განცალკევებულია. სისხლის ინტენსიურმა ჟანგვამ და სხეულის მუდმივმა მაღალმა ტემპერატურამ განაპირობეს ნერვული რეაქციების დაჩქარება და ფრინველთა ფსიქიკის საერთო დონის ამაღლება. დიდმა კუჭმა და საჰაერო პარკების არსებობამ გამოიწვია მარჯვენა საკვერცხის (ზოგჯერ სათესლისაც) და კვერცხსავალის, შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის რედუქცია, სწორი ნაწლავის დამოკლება. ამავე დროს საყლაპავ მილში გაჩნდა სამარაგო განყოფილება — ჩიჩახვი, ხოლო კბილების ფუნქცია მიიღო კუნთოვანმა კუჭმა, სადაც კუჭის წვენით დამუშავებული და ჯირკვლოვანი კუჭიდან გადასული საკვები ქუცმაცდება. მსხვილი ნაწლავი კლოაკაში ბოლოვდება.

ფრინველები საკვებს ინტენსიურად ინელებენ, მოუნელებელ საგნებს (მაგ., მატყლი, ძვლები, თევზის ქერცლი და სხვა) ამოანთხევენ. გამომყოფი ორგანოებია თირკმლები (დიდი მოცულობისა), შარდის ბუშტი არა აქვთ, შარდსაწვეთები პირდაპირ კლოაკაში იხსნება, სადაც წყლის ნაწილი კედლებში შეიწოვება და ორგანიზმის ცხოველმოქმედებას ხმარდება. მამლებს წყვილი სათესლე აქვთ. თესლსავალები იხსნება კლოაკაში (სირაქლემას, ღერღეტებს საკოპულაციო ორგანოები აქვთ). დედალს აქვს ერთი საკვერცხე და კვერცხსავალი, რომელიც კლოაკაში ბოლოვდება. განაყოფიერებული კვერცხი კვერცხსავალის ზედა განყოფილებაში იფარება ცილოვანი გარსებითა და კიროვანი ნაჭუჭით, ქვედა განყოფილებაში კი იღებს მოცემული ჯგუფისათვის დამახასიათებელ ფერს. ფრინველებისათვის დამახასიათებელია ციკლური გამრავლება. წელიწადში შეიძლება იყოს 1, 2 ან 3 გამრავლების ციკლი. ფრენამ განაპირობა ნაყოფის სწრაფად მომწიფებისა და ორგანიზმიდან მოცილების საჭიროება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მკვრივნაჭუჭიანი კვერცხები ორგანიზმში თითო-თითოდ და სწრაფად მწიფდება, რომელსაც ფრინველები მაშინვე დებენ ბუდეში. ამან კი, თავის მხრივ, გამოუმუშავა ფრინველებს კრუხობისა და გამოჩეკილ მართვეებზე შემდგომი ზრუნვის მშობლიური ინსტინქტი. ფრინველების სხვადასხვა ჯგუფს კვერცხის ინკუბაციის მტკიცედ განსაზღვრული ხანგრძლივობა ახასიათებს. ზოგიერთი ფრინველების ან მხოლოდ დედალი კრუხობს (ქათმისნაირები, იხვები და სხვა) ან მამალი (სამფეხანი, ფინფუტი, ფერადი ჭოვილოები), ზოგიერთებისა კი - ერთიც და მეორეც. მართვები იჩეკებიან ან თვალხილულნი, შებუმბლულნი, რომლებიც მაშინვე ტოვებენ საბუდარს და კვება შეუძლიათ საკუთარი ძალებით (წიწილოვანი ფრინველები), ან თვალაუხილავნი, შიშველნი, რომლებიც დიდხანს რჩებიან ბუდეში და სჭირდებათ დიდი მზრუნველობა — კვება, გათბობა (ბარტყოვანი ფრინველები).

ფრინველებს აქვთ შედარებით დიდი თავის ტვინი, კარგად განვითარებულკი ჰემისფეროები, მხედველობის ბორცვები და ნათხემი. ზურგის ტვინი კისრისა და წელის არეში გაგანიერებულია, აქედან ნერვები მიემართება ფრთებისა და ფეხებისაკენ. ფირნველებს კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა, სმენა და წონასწორობის დაცვის უნარი, ნაკლებად — გემოს შეგრძნება. მათი საბგერი აპარატი (ქვედა ხორხი ანუ სირინქსი) მაღალგანვითარებულია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან მგალობელი ბეღურასნაირები და სხვა.

ფრინველებს ახასიათებს შინაგანი განაყოფიერება. ამასთან, მამლები ჰემიზიგოტურნი, ხოლო დედლები კი ჰომოზიგოტურნი არიან.

ფრინველების ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სრულყოფილ სმენას, მაგ., ბუსნაირები სიბნელეშიც ადვილად აგნებენ ნადავლს, გუახარო და სალანგანები ბნელ გამოქვაბულებში ორიენტაციას იღებენ ექოლოკაციის საშუალებით. ფრინველების სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობასა და ბუნებრივ პირობებში განსხვავებულია. ტყვეობაში წვრილი ფრინველები ცოცხლობენ 15—20 წელს, ვარდისფერი ვარხვი — 52, კაკადუ — 56, ზარნაშო — 70, ბუნებაში კი მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად ნაკლებია. თანამედროვე ფრინველები დაჯგუფებულია 28 რიგად. ზოგი ავტორი ფრინველებს ყოფს 40 რიგად. თანამედროვე 8616 სახეობის ფრინველებიდან 5 ათასზე მეტი ბეღურასნაირია. საქართველოში ორნითოფაუნაში რეგისტრირებულია 350 სახეობა, აქედან მობინადრე და მობუდარია 210-მდე. გარემო პირობების — ტიპობრივი ადგილსამყოფელების შემცირებამ და მათმა გაჭუჭყიანებამ, ანთროპოზიგენიზაციამ გამოიწვია მთელი რიგი სახეობების მოსპობა ან გადაშენება. იშვიათი და ამოწყდომის საფრთხის წინაშე მდგარი ფრინველები შეტანილი არიან საერთაშორისო და საქართველოს „წითელ წიგნში“.

თანამედროვე ფრინველების ფილოგენიის კლადოგრამა Burleigh, J.G. et al. (2015)[1], Prum, R.O. et al. (2015)[2], Jarvis, E.D. et al. (2014)[3] და Yury, T. et al. (2013)[4] მიხედვით
Aves
Palaeognathae
 

Struthioniformes

 
Notopalaeognathae
 

Rheiformes

 
 
 
 

†Dinornithiformes

 
 
 

†Lithornithiformes

 
 

Tinamiformes

 
 
 
Novaeratitae
 

Casuariiformes

 
 
 

Apterygiformes

 
 

†Aepyornithiformes

 
 
 
 
 
 
Neognathae
Galloanserae
 

Galliformes

 
Odontoanserae
 

†Pelagornithidae

 
Anserimorphae
 

†Gastornithiformes

 
 

Anseriformes

 
 
 
 
Neoaves
Columbea
Mirandornithes
 

Phoenicopteriformes

 
 

Podicipediformes

 
 
Columbimorphae
 

Columbiformes

 
 
 

Mesitornithiformes

 
 

Pteroclidiformes

 
 
 
 
Passerea
 
Cypselomorphae
 

Caprimulgiformes

 
 
 

Steatornithiformes

 
 
 

Podargiformes

 
Daedalornithes
 

Aegotheliformes

 
 

Apodiformes

 
 
 
 
 
Otidimorphae
 

Cuculiformes

 
 
 

Otidiformes

 
 

Musophagiformes

 
 
 
 
 
 
 

Opisthocomiformes

 
Cursorimorphae
 

Gruiformes

 
 

Charadriiformes

 
 
 
 
 
Aequornithes
 

Gaviiformes

 
 
Austrodyptornithes
 

Procellariiformes

 
 

Sphenisciformes

 
 
 
 

Ciconiiformes

 
 
 

Suliformes

 
 

Pelecaniformes

 
 
 
 
 
Phaethontimorphae
 

Eurypygiformes

 
 

Phaethontiformes

 
 
 
Telluraves
Afroaves
Accipitrimorphae
 

Cathartiformes

 
 

Accipitriformes

 
 
 
 

Strigiformes

 
Coraciimorphae
 

Coliiformes

 
Eucavitaves
 

Leptosomatiformes

 
Cavitaves
 

Trogoniformes

 
Picocoraciae
 

Bucerotiformes

 
 
 

Coraciformes

 
 

Piciformes

 
 
 
 
 
 
 
 
Australaves
 

Cariamiformes

 
Eufalconimorphae
 

Falconiformes

 
Psittacopasserae
 

Psittaciformes

 
 

Passeriformes

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Burleigh, J. G. et al. (2015). Building the avian tree of life using a large-scale, sparse supermatrix. Molecular Phylogenetics and Evolution, 84: 53—63. doi:10.1016/j.ympev.2014.12.003
  2. ↑ Prum, R. O. et al. (2015) A comprehensive phylogeny of birds (Aves) using targeted next-generation DNA sequencing. Nature, 526: 569—573.
  3. ↑ Jarvis, E. D.; et al. (12 დეკემბერი, 2014). „Whole-genome analyses resolve early branches in the tree of life of modern birds“. Science. 346 (6215): 1320–1331. doi:10.1126/science.1253451. ISSN 0036-8075. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. ↑ Yuri T. (2013). „Parsimony and Model-Based Analyses of Indels in Avian Nuclear Genes Reveal Congruent and Incongruent Phylogenetic Signals“. Biology. 2 (1): 419–444. doi:10.3390/biology2010419.