რიწის დაცული ტერიტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რიწის დაცული ტერიტორია
რიწის ტბა.jpg
მდებარეობა გუდაუთის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი გუდაუთა გაგრა
ფართობი 16 229 ჰა
დაარსდა 1946
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

რიწის დაცული ტერიტორია[1] — კომპლექსური ნაკრძალი საქართველოში, აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გაგრიდან 60 კმ-ში.[2] ნაკრძალის მთავარი ამოცანა მთიანი რეგიონის, რიწის ტბის, ფლორისა და ფაუნის დაცვაა. [3]

XX საუკუნეში მოცემულ ტერიტორიაზე დე ფაქტო კონტროლი არაერთხელ შეიცვალა. 1930 წელს რუსეთის ფედერაციამ ჩამოაყალიბა „რიწინსკის“ ნაკრძალი. 1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ნაკრძალის ტერიტორია გაფართოვდა და შეიქმნა რიწის თანამედროვე ეროვნული ნაკრძალი. აფხაზეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო, ომის შემდეგ, ტერიტორიის კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა.[4] ამ ადგილს 1996 წლიდან რიწის რელიქტური ეროვნული პარკი ეწოდება.

განლაგებულია მთავარი კავკასიონისმსამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბის გარშემო. ფართობი 16 229 ჰა. მოიცავს ტერიტორიას მდინარე გეგას ხეობიდან და მთა აგეფსთამდე. რელიეფის სიმაღლე მერყეობს 100 მ – დან 3,256 ათას მეტრამდე ზღვის დონიდან, რაც ქმნის ეკოლოგიური პირობებს მრავალი მცენარისა და ცხოველის განვითარებისათვის. პირველი დაცული ტერიტორია დაარსდა 1946 წელს შავი ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის შენარჩუნების მიზნით. ტყეები მოქცეულია რიწის ტბის გარშემო მდინარეთა ხეობებში. [1] ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს - ბზიფის ტაძარი და ციხე-სიმაგრე, ცისფერი ტბა, გეგის ჩანჩქერი, მდინარე იუფშარა, იუფშარას კანიონი, ჩანჩქერი „კაცის ცრემლები“, ტბა პატარა რიწა, რიწის ტბა, იოსებ სტალინის საზაფხულო აგარაკი.

რიწის ტყე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღვის დონიდან 300-600 მ სიმაღლეზე ტყის მასივებში ჭარბობს მუხა, რცხილა, ცაცხვი სხვა. 600-1800 მ-ზე გავრცელებულია კავკასიური სოჭის, კავკასიური ფიჭვის და აღმოსავლური წიფლის კორომები, 1800-2200 მ-ზე — კავკასიური სოჭისა და აღმოსავლური ნაძვის ტყეებია. ქვეტყეში გვხვდება შქერი, წვავი, ჭყორი (იგივე ბაძგი), იელი, თხილი, კავკასიური მოცვი და სხვა. ამ ტყეებს ესაზღვრება სუბალპური ტყე-მდელოს სარტყელი. მის ზემოთ მოქცეულია ალპური, სუბნივალური და ნივალური სარტყლები. ტყეში ბევრი მგალობელი და მტაცებელი ფრინველია. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, ტყის კვერნა, მაჩვი, კურდღელი. უამინდობისას ნაკრძალს თავს აფარებს დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი. რიწის ტბაში ბინადრობს კალმახი, აკლიმატიზებულია სიგი. [5]

ბზიფის ტაძარი და ბზიფის ციხე-სიმაგრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბზიფის ტაძრის ნანგრევები.

ბზიფის ტაძარი -მდებარეობს რიწის ერონული ნაკრძალის ტერიტორიაზე, ბზიფის ციხის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი, „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისაა, სამი შვერილი აფსიდით და თარიღდება IX საუკუნის II ნახევრით. [6] ის მდებარეობს კლდოვან ფერდობზე, ახლოს კი მდინარე ბზიფი მიედინება. ტაძრის კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვით, კარ-სარკმლები თავსართებითაა შემკული. ტაძრის აღმოსავლეთით ჩანს კიდევ ერთი, უფრო ძველი ტაძრის ნაშთები.

გვიანფეოდალურ ეპოქაში ბზიფის ხეობა წარმოადგენდა ინალ-იფას საგვარეულოს ქონებას. XIX საუკუნის ბოლოს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბზიფის ციხე-სიმაგრის ნანგრევები, რომელიც დაახლოებით 7 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავდა.

ბზიფის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. ციხის ზედა ნაწილში მდებარეობდა ტაძარი, ქვედა ნაწილის ეზოში გადიოდა ძველი გზა. ციხე კეტავდა ბზიფის ხეობას და გადასასვლელს მდინარეზე. ციხის გალავანს, რომელიც აგებულია კარგად დამუშავებული კირქვის კვადრებით, დატანებული აქვს ოთხკუთხა და ნახევრად წრიული კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. [7] გარკვეულ ადგილებში კვლავაც დარჩენილია ძველი ორნამენტები და ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრები. საკუთარი ნაგებობით ეს ტაძარი გავს განთიადის ტაძარს, რომელიც 1576 წელს ოსმალეთის იმპერიის შემოსებისგან ნაწილობრივ განადგურდა. ეს კომპლექსი ჩრდილო კავკასიელების შემოსევისგან იცავდა ბზიფის ხეობას. ტერიტორია მჭიდროდ იყო დასახლებული, რაზეც მეტყველებს მდინარის ორივე ნაპირზე შენახული ტაძრისა და ციხე-სიმაგრის ნანგრევები. [8]

ამჟამად, შემორჩენილია ყველაზე დიდი 7 ოთხკუთხა და ნახევრად წრიული კოშკი, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს მდებარე შემოსასვლელი ორივე ჭიშკრით. ყველაზე უკეთ შემოინახა კუთხის კოშკი, რომელსაც ემიჯნება კედლის გარკვეული ნაწილიც. [8]

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე შავი ზღვის ტერიტორიაზე რკინი გზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ის ტუაფსესა და ახალ-სენაკს შორის დამაკავშირებელი გზა უნდა ყოფილიყო, რომელიც ბზიფის ციხე-სიმაგრესა და ტაძარზე გავიდოდა. ქვები, რომლებიც ამაგრებდნენ ბზიფის ციხე-სიმაგრეს უნდა გამოყენებულიყო კონსტრუქციების გასამაგრებლად. ამჟამად, ბზიფის ორივე მხარეს აღმართულია დაუსრულებელი რკინი გზის ხიდის გასამაგრებლად საჭირო ორი დიდი საყრდენი ბოძი. [8]

50-იანი წლების შუა პერიოდში ბზიფის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სამეცნიერო-არქეოლოგიური სამუშაოები. აღმოჩენილი ნივთები ინახება აფხაზეთის მუზეუმში. [8]

ცისფერი ტბა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცისფერი ტბის ფოტო 2014 წელს.

ცისფერი ტბა - კარსტული ტბა საქართველოში, გაგრის მუნიციპალიტეტში. გაწოლილია მდინარე ბზიფის შუა დინების მარჯვენა ნაპირზე, 109,5 მ სიმაღლეზე. ტბის საერთო ფართობი შეადგენს 180 მ2. მდებარეობს მდინარე ბზიფის მარჯვენა სანაპიროზე ტბა იკვებება მიწისქვეშა წყლებით და მთა აცხიდან წამოსული ნაკადებით.

ტბის სარკის ფართობი — 0,0012 კმ², უდიდესი სიღრმე 23 მ, საშუალო სიღრმე 15 მ, წყლის მოცულობა 18000 მ³. ტბის ფსკერზე ამოდის მძლავრი ვოკლუზი. ტბიდან გადის ნაკადი. წყალი სუფთაა და გამჭვირვალე. ზაფხულში წყლის ტემპერატურაა 8,5°. [9]

ტბა არის ღია ცისფერი შეფერილობის, რომელიც ყველანაირი ამინდისა და კლიმატური პირობების დროს ერთნაირია. ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა მისი სრულად გაყინვის არც ერთი შემთხვევა. ტბის ზედაპირი არის ძალიან მშვიდი.

ლეგენდა ცისფერი ტბის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ლეგენდის თანახმად": „იქ, სადაც ახლა ცისფერი ტბა მდებარეობს ძველ დროს იყო გამოქვაბული, რომელშიც ცხოვრობდა ასი წლის კაცი. მას თეთრი წვერი და ღია ცისფერი თვალები ჰქონდა, ის წარსულში ცნობილი მონადირე გახლდათ. მოხუცებულობის ჟამს ყველასგან მოშორებით გამოქვაბულში დასახლებულა. ადგილობრივი მონადირეები ხშირად მოდიოდნენ მასთან რჩევის მისაღებად. ერთხელაც მასთან ღამის გასათევად უცხო ქვეყნის მკვიდრნი მივიდნენ, ვახშმის შემდეგ სტუმრებს მოხუცმა ნანადირევი ცხოველების ძვირფასი ქურქი დაუფინა საწოლად. ამდენი ძვირფასეულობის ხილვის შემდეგ სტუმრებმა მათი მოპარვა განიზრახეს. მოხუცის მოკვლის შემდეგ დამნაშავეებმა ქურქების ტომრებში ჩალაგება დაწყეს, რა დროსაც წყლის უზარმაზარმა დინებამ გადაკეტა გამოქვაბულიდან გასასვლელი, ბოროტმოქმედები ხაფანგში აღმოჩნდნენ. სწორედ, ასე ჩამოყალიბდა ცისფერი ტბა და როგორც ხალხში მას უწოდებენ აფხაზი მოხუცის ტბა, რომლის წყლებიც აღნიშნავს მის ცისფერ თვალებს.“[10]

გეგის ჩანჩქერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეგის ჩანჩქერის ფოტო

გეგის ჩანჩქერი- ჩანჩქერი აფხაზეთში, მისი სიმაღლე შეადგენს დაახლოებით 70 მეტრს (სხვა ცნობებით 50-55 მ). მდებარეობს გაგრის ქედის ჩრდილო ნაწილში ზღვის დონიდან 530 მეტრზე, მდინარე ბზიფის მარჯვენა შენაკად გეგაზე, მდინარე იუფშარასა და გეგის შენაკადამდე 6 კილომეტრის დაშორებით.

25 კილომეტრის სიგრძის მდინარე გეგა, რომელიც მდინარე ბზიფის ყველაზე დიდ შენაკადს წარმოადგენს, მიედინება საკმაოდ ვიწრო კარსტულ ადგილში და გზაზე ქმნის ბევრ მცირე ზომის მიწისქვეშა ჩანჩქერს. დაახლოებით 315 მეტრს მდინარე გეგა გადის ამ ღრმულში იქამდე, სანამ წარმოქმის მიწის ზედაპირზე გეგას ჩანჩქერს.

სპელეოლოგების მიერ არსებული გამოქვაბული პირველად გამოიკვლიეს 1984 წელს. მდინარის წყალი მიედინება მიწის ქვეშ, სწორედ, ამიტომ წყალი ძალიან ცივია, რის გამოც თოვლის მცირე მასა ზაფხულამდეც კი დევს. [11] გეგის ჩანჩქერი დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

გეგის ჩანჩქერი ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში „შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ ვოთსონის თავგადასავლი“ ჰოლმსისა და პროფესორ მორიარტის შეტაკების სცენა გადაღებული იყო ჩანჩქერის ფონზე. [12] აქვე არის გადაღებული სცენები ისეთი ფილმებიდან, როგორებიცაა „რიკი-ტიკი-ტავი“, „სპორტლოტო-82“ და რამდენიმე ფრაგმენტი ფილმ „დათა თუთაშხიადან“.

იუფშარა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუფშარა - მდინარე აფხაზეთის ჩრდილოეთ ნაწილში. სათავეს იღებს რიწის ტბიდან და უერთდება მდინარე გეგას. ის ეკუთვნის მდინარე ბზიფის წყლებს, რომელიც ჩაედინება შავ ზღვაში.

მდინარის სრული სიგრძე შეადგენს 12,6 კმ, აუზის ფართობი 236 კმ, აუზის ფართობი 236 კმ². [9] სათავიდან 0,5 კმ-ზე იკარგება ნაზვავში და 2 კმ შემდეგ გამოდის ზედაპირზე. მიედინება კანიონში. მდინარე ყველაზე სავსეა წლით მაისის თვეში (29,6 მ3/წმ), ყველაზე ნაკლებად კი თებერვალში (0,94 მ3/წმ). [9]

მდინარის გასწვრივ გადის საავტომობილი გზა, რომელიც რიწის ტბამდე მიდის. აღნიშნული, მარშრუტი პოპულარულია ტურისტებში. მდინარეს ასევე გააჩნია მიწისქვეშა დინებაც, რის გამოც მიწისზედა დინება რამდენიმე კილომენტრის მანძილზე მშრალი რჩება.

იუფშარაზე გაშენებულია 11 ხიდი. მდინარე ჭორიმიანია, მიედინება წვრილ და ღრმა ხეობაში. მდინარე იუფშარაზე ხშირად ტარდება ჯომარდობის ტურები. ამ მიზნით მდინარის გამოყენება ხდება 9,1 კმ მანძილზე, საშუალო დახრა ამ მონაკვეთის შეადგეს- 30,5 მეტს 1 კილომეტრზე. [13]

იუფშარას კანიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუფშარად კანიონი- მდებარეობს რიწის ტბის გზაზე, სხვანაირად „ქვის ტომარასაც“ უწოდებენ. მისი სიგრძე შეადგენს 8 კილომეტრს, კლდის სიმაღლე 400 მეტრს შეადგენს, კანიონის უმაღლეს წერტილებს შორის დაშორება რამდენიმე ათეულ მეტრზე მეტს არ შეადგენს.

კანიონი წარმოიქმნა უზარმაზარ კლდეზე, რომელიც რამდენიმე საუკუნით ადრე მიწისძვრის შედეგად გაიხლიჩა. „ქვის ტომარას“ ამ კანიონს უწოდებენ სწორედ იმიტომ, რომ დაშორება კლდეებს შორის ვიწროა.

ყველაზე ვიწრო ადგილს კანიონში ეწოდება იუფშარას კარიბჭე. ამ ადგილზე დაშორება კლდეებს შორის მხოლოდ და მხოლოდ 20 მეტრს შეადგენს. იუფშარის კარიბჭეს შემდეგ იწყება აღმართი, რომელზედაც მდებარეობს ჩანჩქერი „მამაკაცის ცრემლები“. ასევე კანიონის ბოლოს ვხვდებით კლდის უზარმაზარ ნამხვრევს, რომელსაც „ამბორის ქვას“ უწოდებენ. [14] საინტერესოა ისიც,რომ მეორე მსოფლიო ომის დროს კლდეს მოწყდა საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელმაც იმსხვერპლა საბჭოთა კავშირის არმიის ჯარისკაცები.

ჩანჩქერი „კაცის ცრემლები“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაცის ცრემლები - ჩანჩქერი, მდებარეობს რიწის დაცულ ტერიტორიაზე. მისი კოორდინატებია: 43°26'3"N 40°31'47"E . არსებობს რამდენიმე თქმულება ამ ჩანჩქერთან დაკავშირებით. ყველაზე ცნობილი ისტორია მოგვითხრობს ამრასა და ადგურის ისტორიას. გოგონას საფრთხე ემუქრებოდა, დასახმარებლად თავის სატრფოს უხმობდა, მან დახმარება ვერ შეძლო, რის შედეგადაც გოგონა გარდაიცვალა. ამ დროს ადგურს ცრემლები წამოუვიდა. ამ ადგილზე ჩანჩქერი ჩამოყალიბდა. [15]

პატარა რიწა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარა რიწა — ტბა საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გაგრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1235 მ. სარკის ფართობი 0,1 კმ², წყლის მოცულობა 3,25 მლნ. მ³, მაქსიმალური სიღრმე 76 მ, წყალშემკრები აუზის ფართობი 2,95 კმ². ქვაბული გაჩენილია მთა ფშეგიშხის აღმოსავლეთ კალთის ჩამოქცევის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. დონე მაღალია მაისში, დაბალი — მარტში. ზაფხულში წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 18-20°C. მცირე ხნით იფარება ყინულით. ტბის წყალი მუქი ლურჯია. ტბაში არის კალმახი.

იოსებ სტალინის საზაფხულო აგარაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტალინის სახლის ნანგრევები 2004 წელს.
სტალინის სახლის ნანგრევები 2004 წელს.

იოსებ სტალინის საზაფხულო აგარაკი- იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ერთ-ერთი აგარაკია,მდებაროებს გაგრიდან 50 კილომეტრში, ზღვის დონიდან 300 მეტრზე. [16]

თავდაპირველად, 1937 წელს აგარაკის ადგილზე აშენებული იყო პატარა „სანადირო ქოხი“, რომელიც სამთავრობო წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი. ომის შემდეგ ის სრულად დაანგრიეს და ააშენეს სახლი. ამჟამად არსებული ნაგეგბობა აშენდა 1947 წელს. მოგვიანებით, 1961 წელს თავდაპირველი ნაგებობისგან მოშორებით ნიკიტა ხრუშოვმა მსგავსი აგარაკი ააშენა, რომელიც ასევე შენარჩუნებულია. ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს ორივე შენობა გალერეად გამოცხადდა. რიწის ტბის პირად არსებული აგარაკი მწვანე ფერისაა დადღევანდელ დრომდე თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი. მოცემული ნაგებობა სრულიად დაგეგმილი იყო არქიტექტორ ანდრეი ბუროვის მიერ. მშენებლობა მიმდინარეობდა მიგრანმერჟენიანცის ხელმძღვანელობით, რომელსაც რეკომენდაცია გაუწია კ. ვოროშილოვმა. [17], როდესაც სტალინი ახალ აგარაკს აპროექტებდა, მოითხოვდა, რომ მოსაპირკეთებელი და საშენი მასალა, ასევე ავეჯი და ოთახების წყობა მისი კრემლის სახლის იდენტური ყოფილიყო. სახლის ინტერიერი სრულიად შესრულებულია ნატურალური ხისგან. გამოყენებული იყო სამშიტი, სოჭი, ფიჭვი და მსგავსი სახის ძვირადღირებული მასალა. უშუალოდ ავეჯი კი შესრულებული იყო შედარებით იაფფასიანი მასალებისგან. [18] ძირითად დასასვენებელ ადგილში მოწყობილია კონოთეატრი, საბილიარდო ბუხრითა და იზოლირებული სველი წერტილით. ფანჯრები ზღვას გადაჰყურებს. საინტერესოა ისიც,რომ ამ აგარაკის თითქმის ყველა ოთახი ნახევრად ჩამობნელებული იყო. ერთადერთი ოთახი, რომელიც გალაქული იყო(რასაც შეეძლო შუქი აერეკლა), გახლდათ მისაღები ოთახი, ის რომელიღაც აფრიკული ხით იყო მოპირკეთებული და ითვლებოდა, რომ თუ არ გაილაქებოდა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა შეეძლო. [17]

აგარაკისგან 3 კილომეტრით მოშორებით ააშენეს ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ამარაგებდა სახლს ელექტროენერგიით. ტერიტორია მკაცრად იყო დაცული, სტალინის ადგილზე ყოფნის დროს სპეციალური დანიშნულების რაზმი გაძლიერებულად იცავდა 60 ჰექტარს. ასევე პერიმეტრზე გაყვანილი იყო რამდენიმე რიგად რკინის მავთულები. აგარაკის თითოეულ ოთახში დამონტაჟებული იყო სიგნალიზაციის სისტემა, რომელიც აკადემიკოს ბეხტერევმა დააპროექტა. [18]

რიწის ტბა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიწის ტბა, დიდი რიწა — ტბა, საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ, სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსეს დაგუბების შედეგად.

რიწის წყლის დონეები განისაზღვრება მისი შენაკადებით. მას ერთვის 6 მდინარე, ყველაზე დიდია ლაშიფსე. ტბიდან გაედინება მდინარე იუფშარა. წყლის მოცულობის დონე ყველაზე მაღალია მაისში, უმცირესი — თებერვალში. სექტემბერში დონის მეორეული მინიმუმია, ოქტომბერში მეორეული მაქსიმუმი. დონეების წლიური რყევის საშუალო ამპლიტუდა 166 სმ-ია, მაქსიმალური 234 სმ, მინიმალური 108 სმ. წყლის ტემპერატურა თებერვალში — 3,8°C, აგვისტოში — 17.8°C. საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 2000-2200 მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია.

რიწის წყალი მეტად მტკნარია (66 მგ/ლ). გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. მდიდარია ფიტოპლანქტონით. თევზებიდან იცის მხოლოდ კალმახი. რიწა უღრმესი ტბაა ამიერკავკასიაში. მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს 2200-3500 მ შორის. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს.

1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია (16.289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა.

რიწის ტბის ფორმირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიწის ტბა ახალგაზრდა ტბად ითვლება, მისი ასაკი დაახლოებით 260-300 წელია. მისი ფორმირების ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ძლიერი მიწისძვრის შედეგად მთას დიდი ქვის მასისი მოწყდა, რომელმაც სრულიად გადაკეტა წყლის სვლა და ჩამოყალიბდა რიწის ტბა. მეორე ვერსიი მიხედვით დაახლოებით 300 წლის წინ კლდე ფშეგიშხვაზე არსებული თოვლილის დიდი საფარი ჩამოიშალა, გაზაფხულის დადგომის შემდეგ კი არსებული მასა დადნა და შეავსო ხეობა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ტბა.

საინტერესო ცნობები ტბის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა ანდრია ბალანჩივაძემ რიწის ტბას 1941 წელს დაწერილი სიმფონიური სურათი მიუძღვნა. [19] ამ მელოდიის შესახებ საინტერესო მოგონება აქვს გამოჩენილ ქართველ პოეტს ანა კალანდაძეს:

ვიკიციტატა
„ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს ერთხელ, ყველაზე მეტად რომელი კალანდა დაგამახსოვრდათო. სამწუხაროდ, არც ერთ კალანდას არ დავსწრებივარ, მხოლოდ ზაფხულობით ჩავდიოდით მშობლიურ ხიდისთავში (ჩოხატაურის რაიონშია). ამასთან დაკავშირებით მაშინ ეს შემთხვევაც მოვიგონე: ერთ დღეს რადიოთი მშვენიერ მუსიკას გადმოსცემდნენ, მაგრამ რადიო გვიან ჩავრთე და არ ვიცოდი, რომელი კომპოზიტორის მუსიკას ვისმენდი. მუსიკამ რატომღაც რიწის ტბა მომაგონა... საოცარი (და დაუჯერებელიც!) ის გახლდათ, რომ ბოლოს გამოაცხადეს, თქვენ ისმენდით ანდრია ბალანჩივაძის „რიწის ტბასო“... რომ იტყვიან, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა! ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ... მთავარი წინ მელოდა... როდესაც ბატონ ანდრიას ეს ყველაფერი ვუამბე, მან გულდასმით მომისმინა და მითხრა: როდესაც ამ მუსიკას ვწერდი, რიწის ტბა თვალითაც არ მენახა და რომც მენახა, ალბათ ამ მუსიკას ვერ შევქმნიდიო. აი, როგორი ძლიერია წარმოსახვა რეალობასთან შედარებითო, დასძინა მან. წარმოსახვით შეიქმნა ლექსი „შემოდიოდა ჩვენში კალანდა“... ვფიქრობ, „ბებერი ტაოც“ წარმოსახვათა რიგისაა![20]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მამისაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 401, თბ., 1984 წელი.
  2. „ Ritsa in Georgia". Protected Planet
  3. http://apa.gov.ge/en/protected-areas/reserve დაცული ტერიტორიების სააგენტო
  4. Рицинский реликтовый национальный парк
  5. მამისაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 401, თბ., 1984 წელი
  6. ბზიფი, საქართველო ენციკლოპედია, I, თბ., 1990, გვ., 442
  7. ბზიფი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. II, თბ., 1977, გვ., 353
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Официальный сайт Священной Митрополии Абхазии Бзыбская крепость и Бзыбский храм
  9. 9.0 9.1 9.2 აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 228, თბ., 1987 წელი
  10. Легенды Абхазии. Откуда взялось Голубое озеро. ციტირების თარიღი: 2019-08-13.
  11. Пещеры массива Арабика
  12. Интернет-памятник фильму «Приключения Шерлока Холмса и Доктора Ватсона»
  13. ФРАГМЕНТ ОТЧЕТА о водном путешествии с эл. 5 к.с. по р.р.Юпшара-Гега-Бзыбь, совершённому на катамаранах с 30 августа по 9 сентября 2005г. группой из г.Москвы под руководством Боброва А.В.
  14. Юпшарский каньон – „Каменный мешок“
  15. Водопад Мужские Слёзы
  16. აფხაზავა
  17. 17.0 17.1 სტალინის აგარაკი
  18. 18.0 18.1 Любимая дача Сталина на озере Рица
  19. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ნოტების კოლექცია
  20. ყოველკვირეული პროგრამა