ცენტრალური კავკასიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცენტრალური კავკასიონი
Mt. Elbrus in Russia.jpg
იალბუზი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
საქართველოს დროშა საქართველო
გეოგრაფია
უმაღლესი წერტილი იალბუზი
სიმაღლე 5642 მ 
გეოლოგია
ამგებელი ქანები გრანიტი
გნაისი
კრისტალური ფიქლები

ცენტრალური კავკასიონიკავკასიონის მთიანეთის მონაკვეთი. ვრცელდება იალბუზის მერიდიანიდან მყინვარწვერის მერიდიანამდე. მაქსიმალური სიმაღლე 5000 მ-ს აღემატება და ამრიგად ქმნის კავკასიონის მთიანეთის ყველაზე მაღალსა და განიერ ნაწილს, რომელიც მთელი სიგრძით შემოდის საქართველოს ფარგლებში.

ბუნებრივი პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური კავკასიონი დაკბილული, მარადი თოვლითა და დიდი მყინვარებით შესელილი მთაგრეხილია, რომელიც აერთიანებს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, კლდოვან ქედს, გვერდით ქედსა და მათ მრავალრიცხოვან განშტოებებს. მის შემადგენლობაშია ასევე ბეზენგის კედელი — 12 კმ სიგრძის მონაკვეთი, რომელზეც აღმართულია მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5059 მ), კათინთაუ (4970 მ), გისტოლა (4860 მ) და სხვ.

მთავარ ქედზე აღმართულია ასევე იალბუზი (5642 მ), დიხთაუ (5206 მ), ყოშთანთაუ (5152 მ), მყინვარწვერი (5047 მ). ყველაზე დიდი გამყინვარებით ხასიათდება იალბუზისა და მყინვარწვერის მასივები. მყინვარებიდან აღსანიშნავია: დიხსუ (15.3 კმ), ყარაუგომი (15 კმ), ბეზენგი (12.6), ლეხზირი (12.2 კმ), წანერი (10.7 კმ). ზოგი მათგანი ტყის ზონაში იჭრება. ცენტრალურ კავკასიონს მრავალრცხოვანი პირველი და მეორე თანრიგის განშტოებები აქვს, მ. შ. მთავარი ქედის სამხრეთ ნაწილიდან გამოიყოფიან: სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმის, რაჭის, ხარულისა და სხვ. ქედები. ჩრდილოეთ კალთაზე მნიშვნელოვანია – კლდოვანი ქედი და საძოვრების ქედი, რომლებიც მთავარი ქედის პარალელურია. ორივე მათგანი კუესტური ხასიათისაა. ცენტრალურ კავკასიონზე გაბატონებულია რელიეფის მყინვარული, ძვ. მყინვარული, ვულკანური და კარსტული ფორმები.

ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარეთა უმრავლესობა, რომელიც სათავეს იღებს მყინვარებიდან და მაღალმთიანი მწვერვალებიდან, ზემოთებში ქმნიან რა, ვიწრო და ღრმა ხეობებს, ნაწილობრივ შუა და განსაკუთრებით ქვემო დინებებში ვრცელ ვაკეებსა და დაბლობებს იკავებენ და ზოგი მათგანი იტოტება კიდეც. ჩრდილოეთ კალთის მდინარეები საზრდოობენ თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით.

მნიშვნელოვანი მდინარეებია: მალკა (სიგრძე 210 კმ), ბაქსანი (სიგრძე 173 კმ), ჩერეკი (სიგრძე 76 კმ), თერგი (სიგრძე 623 კმ). სამხრეთი კალთის მდინარეების აუზებიც მთიან ხასიათს ატარებენ და მიეკუთვნებიან ენგურის, რიონისა და მტკვრის აუზებს. აქაური მთის კალთები მრავალრიცხოვანი მდინარეთა ხეობებითაა დასერილი.

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური კავკასიონი გეოლოგიური თვალსაზრისით, წარმოადგენს მასიური კრისტალური ქანების ერთობლიობას, რომელშიც ჭარბობს გრანიტი, გნაისი და სხვადასხვა კრისტალური ფიქლები. აქვე წარმოდგენილია თერგის, არდონის, ჩერეკისა და სხვათა აუზების გრანიტული მასივები, რომელიც ამოწეულია იურულ და პალეოზოურ თიხოვან ფიქლებს შორის. დარიალის ხეობაში გაშიშვლებულია პალეოზოური გრანიტოიდები, გნაისები და კრისტალური ფიქლები. ძლიერ არის განვითარებული ასევე დიაბაზები და დიაბაზ-პორფირიტები, რომლებიც აგებენ მაღალმთიან ქედებსა და მთებს. უახლოესი ამოფრქვევის ქანები, კერძოდ კი ანდეზიტები, ქმნიან იალბუზისა და მყინვარწვერის ვულკანურ კონუსებს.

თერგ-სუნჯის მაღლობის ჩრდილოეთ მხარე ანტიკლინური ნაოჭია, რომელიც აგებულია ქვიშა-თიხოვანი ნალექებით და ზემოდან დაფარულია ლიოსისებრი თიხნარით. სამხრეთ მხარეში გაბატონებულია ნეოგენური ფიქლოვანი თიხები და ქვიშაქვები.

ცენტრალურ კავკასიონზე დამახასიათებელია ნივალური, სუბნივალური, მთა-მდელოს, მთა-ტყის, მდელო-სტეპისა და სტეპის ლანდშაფტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: