ზვავი


ზვავი, თოვლის ზვავი — თოვლის დიდი მასის სწრაფი გადაადგილება სიმძიმის ძალის ზემოქმედებით. ზვავი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა.
ზვავი წარმოიქმნება მთის ფერდობებზე თოვლის საფრის მდგრადობის დარღვევით, რაც შეიძლება გამოიწვიოს უხვმა ნალექმა (დიდთოვლიანობამ, წვიმებმა), თოვლის ინტენსიურმა დნობამ და სხვ. ზვავისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის: 15°-ზე მეტი ფერდობის დახრილობა, 30 სმ-ზე მეტი თოვლის საფრის სისქე, ტერიტორიაზე ტყის არარსებობა. ზვავი ხასიათდება გამაყრუებელი ხმაურით, 100–110 მ/წმ-მდე სიჩქარით, 100 ტძ-მდე დარტყმის ძალით 1 მ²-ზე, 3–5 მლნ. მ³-მდე მოცულობით, მოსხლეტის ადგილიდან 6–9 კმ გარბენის მანძილით. დიდი ენერგიის გამო ხშირად ადის მოპირდაპირე ფერდობზე (70–80 მ-მდე), წარმოშობს ჰაერის ტალღებს, რომლებიც აძლიერებს დამანგრეველ მოქმედებას გაჩერების ადგილიდან 300–350 მ მანძილზე.
ზვავის ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოძრაობის ხასიათის მიხედვით არსებობს ზვავის 3 ტიპი:
- თოვლის მეწყერი, რომელიც ფერდობის მთელ ზედაპირზე ვრცელდება უკალაპოტოდ;
- ღარული ზვავი, რომელიც მიჰყვება ხევებსა და ეროზიულ კალაპოტებს;
- ხტომელა ზვავი, რომელიც თავისუფლად ვარდება საფეხურებრივად.
თოვლის მასის ფიზიკური თვისებების მიხედვით განასხვავებენ:
- მშრალ ზვავს, რომელიც წარმოიქმნება ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის პირობებში;
- სველ ზვავს, რომელიც წარმოიქმნება ტენიანი, წყლიანი თოვლისაგან, ლეღმის, გაზაფხულის თოვლდნობისა და წვიმების დროს.
თოვლის ზვავის წარმოქმნის დროის მიხედვით არჩევენ ასევე:
- ახალმოსული თოვლის ზვავს (თოვის დროს);
- ძველი თოვლის ზვავსს (თოვის შემდეგ, დნობის, გამკვრივების, ქარბუქის, აცივების დროს).
ზვავსაშიშროება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერიოდს, როდესაც მოსალოდნელია ზვავის გააქტიურება, ზვავსაშიში ეწოდება. ზვავსაშიში პერიოდების გეოგრაფია დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთი ნახევარსფეროს სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლის მთებში ეს პერიოდი იანვრიდან მაისამდე გრძელდება. მარტამდე ჩამოსული ზვავები ძირითადად მცირე და ნაკლებად სახიფათოა.
მთები ზვავსაშიშობის მიხედვით, ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, პირობითად იყოფა რამდენიმე საფეხურად:
- დიდი ზვავსაშიშროების ზონა — ზღვის დონიდან 3000-4000 მ. აქ ზვავები წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის.
- მაღალი ზვავსაშიშროების ზონა — ზღვის დონიდან 2000-3000 მ. ზვავები ყოველწლიურად ჩამოდის.
- საშუალო ზვავსაშიშროების ზონა — ზღვის დონიდან 1500-2000 მ. ზვავები თითქმის ყოველწლიურად ჩამოდის.
- უმნიშვნელო ზვავსაშიშროების ზონა — ზღვის დონიდან 1000-1500 მ. ზვავები იშვიათად ჩამოდის.
ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებებს მიეკუთვნება სხვადასხვა ტიპის პროგნოზირების მეთოდი, სროლა-აფეთქების გზით ზვავის ხელოვნურად გამოწვევა, ტყის საფრის აღდგენა, ფერდობების დატერასება, ზვავსაწინააღმდეგო საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა.
ზვავები საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული ცნობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში ზვავი ხშირია კავკასიონზე და სამხრეთ მთიანეთში. პირველი ოფიციალური ცნობები მის შესახებ ჩნდება 1804 წელს საქართველოს სამხედრო გზაზე რეგულარული მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით. 1912 წელს დაიწყო ზვავების შესახებ ცნობების სისტემატური გამოქვეყნება კრებულ „კავკაზსკი კალენდარში“. საქართველოში სოფლების განადგურებითა და ადამიანთა მსხვერპლით გამოირჩეოდა 1843, 1851, 1902, 1932, 1954, 1971, 1976, 1987, 1988, 1989, 1992, 1997, 2006, 2007 წლებში ჩამოსული ზვავები, რომელთა შედეგად, საერთო ჯამში, დაიღუპა 660-მდე ადამიანი.
ზვავების შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საუღელტეხილო გზების დაპროექტებასთან დაკავშირებით. ექსპედიციების მეშვეობით დაიწყეს ზვავის შესწავლა სოხუმის სამხედრო გზაზე (1933), ტრანსკავკასიურ რკინიგზის ტრასებზე (1933–37), მდ. ზესხოს ხეობაში (1939–40), ქლუხორის უღელტეხილზე (1944–46). ამავე პერიოდში ჩაატარეს სპეციალური ექსპერიმენტული დაკვირვება ბიდარის ხეობაში. დიდი კვლევითი სამუშაოები ჩატარდა თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიასა და ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში, რამაც საფუძველი ჩაუყარა ზვავების შესწავლას ანკეტური, ექსპედიციური და სტაციონარული მეთოდებით. დადგინდა ზვავის წარმოშობის, გავრცელების, ცვალებადობის თავისებურებანი და კანონზომიერებანი, დამუშავდა მათი დინამიკური მახასიათებლების გამოთვლის, სხვადასხვა გენეზისის ზვავის ჩამოსვლის პროგნოზისა და კარტირების მეთოდები, შედგენილ იქნა ზვავსაშიში რაიონების, ზვავის ჩამოსვლის, განმეორებადობის, კერების სიხშირის რუკები კავკასიის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს მასშტაბით.
საქართველოში ზვავის შესწავლის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს მეცნიერებმა: კ. აბდუშელიშვილმა, ნ. გვინჩიძემ, მ. სალუქვაძემ, თ. სიმონიამ, გ. სულაქველიძემ, კ. უკლებამ, ლ. ქალდანმა, ვ. ჩიტაძემ, ვ. ცომაიამ და სხვებმა.
ზვავსაშიში ტერიტორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში ტერიტორიის 56% ზვავსაშიშია. ზვავები ყოველწლიურად აღინიშნება ტერიტორიის 20%-ზე (სისტემატური ზვავები). დანარჩენი ტერიტორიის 36%-ზე ზვავები იშვიათად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ან ათეულ წელიწადში ერთხელ ჩამოდის (სპორადული ზვავები).
საქართველოში 10 ათასზე მეტი ზვავშემკრებია, ამათგან 2550-ში წარმოქმნილი ზვავი დასახლებულ პუნქტსა და სხვადასხვა ობიექტს ემუქრება. 348 დასახლებული პუნქტიდან 69-ში ზვავების ჩამოსვლამ ნგრევა და ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია, 81-ში — ნგრევა, 58-ში — დაზიანება, ხოლო 140 დასახლებული პუნქტი პოტენციურად ზვავსაშიშია. ზვავსაშიში დასახლებული პუნქტების რაოდენობით გამოირჩევა მესტიის (61), ლენტეხის (34), ხულოს (45), შუახევის (21), ჯავის (25) და დუშეთის (49) მუნიციპალიტეტები.
ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებები საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებების მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკური მაგალითია საქართველოს სამხედრო გზის გუდაურ–კობის საუღელტეხილო მონაკვეთი, სადაც საინჟინრო სამუშაოები XIX საუკუნის 80–90-იან წლებში და დღესაც გრძელდება. მათ რიცხვს ეკუთვნის ფერდობების დატერასება, შემჩერებელი კედელი „ბოდო“, მიმართულების შემცვლელი კედელი „კულაგინი“. უფრო ეფექტური გამოდგა რკინაბეტონის გუდაურის ღია გალერეა და ბიდარის ხეობაში გამოყენებული დახურული ტიპის გალერეები, რომლებიც ერთი კედლით მთის კალთებს არის მიყრდნობილი. გალერეის ტიპის ნაგებობები დღეს მასიურადაა გამოყენებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცომაია ვ., სალუქვაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 365.
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 517.
- სალუქვაძე მ., საქართველოს თოვლის ზვავების კადასტრი, თბ., 2018.
- ბასილაშვილი ც., სალუქვაძე მ., ხერხეულიძე გ., ცომაია ვ., კატასტროფული წყალდიდობები, ღვარცოფები და თოვლის ზვავები საქართველოში და მათი უსაფრთხოება, თბ., 2012.
- სალუქვაძე მ., ზემო სვანეთის ზვავსაშიშროება, თბ., 2011; სალუქვაძე მ., კობახიძე ნ., ჯინჭარაძე გ., კატასტროფული ზვავების ფორმირების თავისებურებანი საქართველოს ტერიტორიაზე. საერთაშორისო კონფერენციის „გარემო და გლობალური დათბობა” მასალები, №3(82), თბ., 2011.
- Абдушелишвили К. Л., Калдани Л. А., Салуквадзе М. Е., Катастрофические лавины на территории Грузии, «Труды Зак. НИГМИ», 1979, в. 68(74).
- Котляков В. М., Снежный покров Земли и ледники, Л., 1968; Сулаквелидзе Г. К., К вопросу об образовании и движении снежных лавин, «Труды Ун-та физики и геофизики АН Груз. ССР», 1949, т. 2.
- Тушинский Г. К., Лавины. Возникновение и защита от них, М., 1949; Цомая В. Ш., Прогноз схода лавин свежевыпавшего снега на основе учета факторов снегонакопления на склоне, «Труды Зак. НИГМИ»,1979, в. 68(78).
- Читадзе В.С., Залиханов М. Ч., Лавинная опасность Ингурского ущелья, «Труды ВГИ», 1967, в. 6.
- McClung, David. Snow Avalanches as a Non-critical, Punctuated Equilibrium System: Chapter 24 in Nonlinear Dynamics in Geosciences, A.A. Tsonsis and J.B Elsner (Eds.), Springer, 2007.
- Avalanche!: a children's book about an avalanche that includes definitions & explanations of the phenomenon.
- Daffern, Tony: Avalanche Safety for Skiers, Climbers and Snowboarders, Rocky Mountain Books, 1999, ISBN 0-921102-72-0.
- Billman, John. "Mike Elggren on Surviving an Avalanche". Skiing magazine Feb 2007: 26.
- McClung, David and Shaerer, Peter: The Avalanche Handbook, The Mountaineers: 2006. 978-0-89886-809-8.
- Tremper, Bruce: Staying Alive in Avalanche Terrain, The Mountaineers: 2001. ISBN 0-89886-834-3
- Munter, Werner: Drei mal drei (3x3) Lawinen. Risikomanagement im Wintersport, Bergverlag Rother, 2002. ISBN 3-7633-2060-1 (გერმანული) (partial English translation included in PowderGuide: Managing Avalanche Risk ISBN 0-9724827-3-3).
- Shiva P. Pudasaini and Kolumban Hutter: Avalanche Dynamics: Dynamics of Rapid Flows of Dense Granular Avalanches, Springer, Berlin, New York, 2007. ISBN 3-540-32686-3.
- Michael Falser: Historische Lawinenschutzlandschaften: eine Aufgabe für die Kulturlandschafts- und Denkmalpflege In: kunsttexte 3/2010, unter: http://edoc.hu-berlin.de/kunsttexte/2010-3/falser-michael-1/PDF/falser.pdf.