სვანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სვანეთი
სვან. შუ̂ან, ლემშუ̂ანიერა
კავკასიონის ხედი
კავკასიონის ხედი
Historical Svaneti in modern international borders of Georgia.svg
კუთხის ცენტრი მესტია
ქვეყანა საქართველო
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე
აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი 4
ფართობი 5776,4 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა 13 702 (2014)
მოსახლეობის სიმჭიდროვე 2.37
ეროვნება ქართველები

სვანეთი (სვან. შუ̂ან, ლემშუ̂ანიერა) — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანეთი — საქართველო
სვანეთი
სვანეთი
სვანეთი
სვანეთი
მდინარე ენგური
მდინარე ენგური
სვანეთი
სვანეთი
სვანეთი
სვანეთი
სვანეთი
მდინარე რიონი
მდინარე რიონი
სვანეთი
მდინარე წყნეთისწყალი
მდინარე წყნეთისწყალი
მდინარე რიონი
მდინარე რიონი
სვანეთი
სვანეთი
სვანეთის დაყოფა

Blue-circle.png = ზემო სვანეთი Dot-yellow.svg = ქვემო სვანეთი

Location dot blue.svg = სვანებით დასახლებული კოდორის ხეობა

მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით — ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით — აფხაზეთი, ჩრდილოეთით — ყარაჩაი და ბალყარეთი. 3000–5000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღალ დასახლებულ რეგიონად ითვლება. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5201 მ), თეთნულდი (4974 მ), შოთა რუსთაველი (4960 მ), უშბა (4710 მ), აილამა (4525 მ), ლალვერი, ლაცგა და სხვა.

იყოფა ზემო (მდინარეების ენგურის ზემოწელი) და ქვემო სვანეთად (ცხენისწყლის ზემოწელი). მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატპარის ზეკარით (უღელტეხილით). ზემო სვანეთს შეადგენს მდინარე ენგურის ხეობა, ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა ორ ნაწილად. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელი იყო, ბალს ზემო სვანეთი კი თავისუფალ სვანეთად იწოდებოდა. სულ ზემო სვანეთში 13 თემი იყო:

ქვემო სვანეთს შეადგენს ცხენისწყლის ხეობა სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის) სიახლოვეს. ქვემო სვანეთი ლეჩხუმითურთ XIX საუკუნის დასაწყისიდან შედიოდა სამეგრელოს დადიანების მფლობელობაში, ამიტომ ის სადადიანო სვანეთადაც არის ცნობილი. ცნობები ქვემო სვანეთის ანუ სადადიანო სვანეთის ძეგლების შესახებ იხ. ბროსსე, და გრაფიანია უვაროვისა: მატერიალი პო არხეოლოგიი კავკაზა, ტ. X. ქვემოდ, სადაც ამ ავტორებს ვიხსენებთ, ეს მათი წიგნები იგულისხმება. 1910 წელს ე. თაყაიშვილის სვანეთში ექსპედიციის დროს, ქვემო სვანეთი შეიცავდა სულ სამ თემს: ლენტეხისა, ჩოლურისა და ლაშხეთისა:

ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე კოდორის ხეობა, სადაც სვანები XIX საუკუნეში დასახლდნენ, თუმცა სვანები აქ ანტიკურ ხანაშიც ცხოვრობდნენ. ბერძნული წყაროები კოდორის ხეობაში მცხოვრებლებს მისიმიელების სახელით მოიხსენიებდნენ, რაც სვანური თვითდასახელება „მუშუანის“ თარგმანია.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტში, კოდორის ხეობა — აჟარის მუნიციპალიტეტში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდნა, ძვ. წ. VIII-VII ათასწლეულიდან ფიქსირდება. ნეოლითური სადგომებია აღმოჩენილი ზემო სვანეთში ლენჯერში და ქვემო სვანეთში ცხმელურში. ბრინჯაოს ხანაში, ძვ. წ. IV-I ათასწლეულებში სვანეთში გაჩნდა მჭიდრო დასახლება. ზაგრაშში და ლეფურის მთაზე აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის სპილენძის მაღაროები, საიდანაც მოპოვებულ მადანზე ადგილზევე მოპოვებულ დარიშხანს ან სტილბიუმს ურევდნენ და მაღალი ხარისხის ბრინჯაოს ნაწარმს იღებდნენ. ბრინჯაოს წარმოების მსხვილი ცენტრი იყო მდინარე რიონის ზემო წელიც, რომელიც, ასევე, სვანეთის ნაწილი იყო. სვანების თავდაპირველი განსახლების ტერიტორია მოიცავდა დღევანდელ სვანეთს, ასევე რაჭა-ლეჩხუმს, კოდორის ხეობას დღევანდელი სამეგრელოს ნაწილს. სვანური წარმოშობისაა სოხუმის ძველი სახელწოდება ცხუმი. სვანური ტოპონიმები და სვანური ნაგებობები დასტურდება ასევე თერგისა და ყუბანის სათავეებში.

ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი ჯერ კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, მას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა კოლხეთის ოქროს წარმოებაში. სვანეთში ოქროს მოპოვებას უკავშირდება ოქროს საწმისის მითის გაჩენა. ძვ. წ. II საუკუნის დასასრულს კოლხეთის სამეფო პონტოს სამეფომ დაიპყრო. სვანეთი გადაურჩა პონტოს მიერ დაპყრობას და დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული იყო. ძვ. წ. IV-I საუკუნეებში სვანეთს მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა გარესამყაროსთან. ჭუბერის ხეობაში ალექსანდრე მაკედონელისა და მისი მემკვიდრის, ლისიმაქეს მიერ მოჭრილი დიდი რაოდენობის მონეტებია აღმოჩენილი. სტრაბონის ცნობით სვანები კავკასიონის მწვერვალებზე, დიოსკურიის ზემოთ ცხოვრობდნენ, ჰყავდათ ბასილევსი, 300 კაციანი საბჭო და შეეძლოთ 200 000-იანი ლაშქრის გამოყვანა. 63 წელს რომის იმპერიამ პონტოს სამეფო გააუქმა და ის მის უშუალო მმართველობას დაექვემდებარა. სვანეთი რომის იმპერიაში არ შესულა, თუმცა მას ცვილის ხარკის გადახდა დაეკისრა.

II საუკუნიდან სვანეთი ეგრისის სამეფოს შემოადგენლობაშია. პროკოპი კესარიელის ცნობით სვანეთს მართავდა არქონტი, რომელიც ეგრისის მეფის მიერ ინიშნებოდა და მასვე ემორჩილებოდა. ეგრისის მეფის მიერ დანიშნულ სვანთა ერისთავს ამტკიცებდა ბიზანტიის იმპერატორი და მას პროტოსტრატორის ტიტულს ანიჭებდა. ამ ტიტულს სვანთა ერისთავებში შემდგომ საუკუნეებშიც ატარებდნენ. ლაბეჭინის წმინდა გიორგის ხატის XI საუკუნის წარწერაზე იოანე ვარდანისძე სვანთა ერისთავი მეჭურჭლეთუხუცესად და პროტოსტრატორად იხსენიება. ამ პერიოდში სვანეთში განვითარებული იყო მეფუტკრეობა და ტყავის წარმოება. VI-VII საუკუნებში ბიზანტიელი ისტორიკოსები იხსენიებენ მისიმიელების ტომს. მათივე ცნობით მისიმიელები თვითმმართველობით სარგებლობდნენ და არა სვანეთის ერისთავს, არამედ უშუალოდ ეგრისის მეფეს ემორჩილებოდნენ. მისიმიელთა განსახლების ადგილი კოდორის ხეობა იყო. V-VI საუკუნეებში სასანიანთა იმპერია რამდენჯერმე შეეცადა სვანეთთის დაპყრობას, რაც სვანეთის სტრატეგიული მნიშვნელობით აიხსნება. პირველი ასეთი ლაშქრობა V სუაკუნის II ნახევარშია დამოწმებული. ეგრისის დიდი ომის დროს სპარსეთმა მოახერხა სვანეთის დაკავება. 552 წელს სვანეთში სპარსეთის ჯარი შევიდა სვანეთის ერისთავ წათეს თანხმობით. 562 წელს ზავი დაიდო სპარსეთსა და ბიზანტიას შორის, თუმცა სვანეთის საკითხი ღიად დარჩა. 571 წელს ბიზანტია-სპარსეთის ახალი ომი დაიწყო და 575 წელს ბიზანტიელების და ლაზების გაერთიანებულმა ჯარმა სპარსელები სვანეთიდან გააძევა. 589-590 წლებში სპარსელები ბარამის სარდლობით კვლავ შეიჭრნენ სვანეთში თუმცა იქ ვერ გამაგრდნენ.

XI—XV საუკუნეებში სვანეთი საქართველოს სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო და როგორც პოლიტიკურად, ისე კულტურულად იყო მისი განუყოფელი ნაწილი. ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (XV საუკუნე) შემდეგ რამდენიმე ნაწილად დაიყო:

XV-XVI საუკუნეებში სვანეთს ჩამოეჭრა დიდი ტერიტორია (ამჟამინდელი მთის რაჭა) და ის რაჭის საერისთავოს გადაეცა. სვანეთში სოფლის მეურნეობის მთავარი დარგები იყო მესაქონლეობა და მარცვლეულის მეურნეობა. სვანეთში სათიბები ირწყებოდა, რაც ზაფხულის განმავლობაში ბალახის ორჯერ მოთიბვის საშუალებას იძლეოდა. სვანებს ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ როგორც დანარჩენ საქართველოსთან, ასევე ჩრდილოეთით მცხოვრებ მთიელებთან. სვანებისთვის დამახასიათებელი იყო გარე სამუშაოზე სიარული. ასეთი ფაქტი დაფიქსირებულია ჯერ კიდევ 1503 წლის საბუთში. გარე სამუშაოზე სიარული სახნავ-სათესი მიწების სიმცირით იყო გამოწვეული და მას ადგილი ზამთრის პერიოდში ჰქონდა. გარე სამუშაოზე წასული სვანები მუშაობდნენ ხე-ტყის დამზადებაზე, ტყის გაჩეხვაზე, სამშენებლო მასალების ხერხვაზე, ბაღ-ვენახების დაბარვაზე, თხრილების გაჭრაზე და ა. შ. 1909 წელს 1646 პასპორტი გაუციათ გარე სამუშაოებზე გამსვლელთათვის.

სვანეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მთიანეთის ზოგიერთი კუთხის მოსახლეობამ ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთება არ სცნო და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ესწრაფვოდა. ამ დროს მეფის მთავრობის წინაშე სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები წამოიჭრა და იგი საქართველოს მთაინეთის მშვიდობიანად შეერთებას ცდილობდა. შემდეგში ცარიზმს საქართველოს მთიანეთის შეერთებისათვის აქტიურად ზრუნვის საშუალება მიეცა და მოქმედებას შეუდგა, მაგრამ ზოგან, მათ შორის სვანეთში, მოსახლეობის მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. რუსეთთან შეერთების დროისათვის სვანეთი დაყოფილი იყო შემდეგ ნაწილებად:

  • ქვემო ანუ „ცხენისწყალის ხეობის“ სვანეთი:
    • ლენტეხის თემი (12 სოფელი) — სადადიანო;
    • ჩოლურის თემი (9 სოფელი) — გარდაფხაძეების;
    • ლაშხეთის თემი (15 სოფელი) — გელოვანთა და აზნაურთა ხელში იყო.
  • ბალსქვემო სვანეთი:
    • „ჩუბეს ჴევი“ (20 სოფელი) — დადიშქელიანთა უფროსი შტო;
    • ბეჩო-ეცერ-ცხუმარის თემი (12 სოფელი) — დადიშქელიანთა უმცროსი შტო.
  • ბალსზემო სვანეთი ანუ „თავისუფალი სვანეთი“:
    • უშგულის თემი (4 სოფელი);
    • კალას თემი (7 სოფელი);
    • იფარის თემი (3 სოფელი);
    • წვირმის თემი (6 სოფელი);
    • ჰადიშის თემი (1 სოფელი);
    • მულახის თემი (7 სოფელი);
    • მესტიის თემი (4 სოფელი);
    • ლენჯერის თემი (5 სოფელი);
    • ლატალის თემი (11 სოფელი).

მეფის მთავრობის ზოგიერთი მოხელე სვანეთს მთელი დასავლეთ კავკასიის სტრატეგიული პლაცდარმის მნიშვნელობას ანიჭებდა. სამხედრო შტაბის ოფიცრის შახოვსკის შეხედულებით, სვანეთის ხელში ჩაგდებით რუსეთს შეეძლო იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთისა და სხვათა თავის კონტროლქვეშ მოქცევა[1]. პოლკოვნიკ უსლარის განცხადებით, სვანეთი არამარტო დასავლეთ საქართველოს, არამედ ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაის მნიშვნელოვან დასაყრდენსაც წარმოადგენდა.

ქვემო სვანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფის მთავრობამ სწრაფად და უმტკივნეულოდ მოაგვარა ქვემო სვანეთის შეერთება. მისი საკითხი ფაქტიურად 1804 წელს სამეგრელოს სამთავროს შეერთებით გადაჭრა. გრიგოლ დადიანის მიერ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლაზე დადებულ „ხელშეკრულებაში“ არა მარტო სამეგრელოს, არამედ ქვემო სვანეთის შეერთებაზეც იყო საუბარი. უფრო მეტიც, დადიანის „სათხოვარ პუნქტებში“ ქვემო სვანეთის წიაღისეული სიმდიდრეც რუსეთის საკუთრებად იყო გამოცხადებული. რაკი ქვემო სვანეთის ნაწილი უშუალოდ დადიანის ხელში იყო, ჩოლურსა და ლაშხეთს დამოუკიდებელი არსებობის საშუალება ესპობოდათ და იძულებული იყვნენ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესულიყვნენ.

სადადიშქელიანო სვანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვითმპყრობელობამ მრავალგზის სცადა სვანეთის სხვა კუთხეების რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა, მაგრამ მშვიდობიან მოლაპარაკებას XIX საუკუნის 30-იან წლებამდე პრაქტიკული შედეგი არ გამოუღია. მეფის მთავრობა კავკასიაში მდგომარეობის გართულების გამო თავს იკავებდა ზემო სვანეთში ძალის გაგზავნაზე. მეფის მოხელეებმა, პირველ რიგში, აფხაზეთისა და სამეგრელოს მოსაზღვრე სადადიშქელიანოს სვანეთის შეერთება განიზრახეს.

რუსეთის იმპერიაში ზემო სვანეთის შეყვანის მისია დადიანებმა იკისრეს. მეფის მთავრობას დადიანები პირველ რიგში დადიშქელიანების დამორჩილებას ჰპირდებოდნენ. ლევან დადიანი ქვემო სვანეთის რუსეთის ქვეშევრდომობაში შეყვანით ამაყობდა და მთავრობას უმტკიცებდა თითქოს დადიშქელიანთა ერთ-ერთი უფროსი დაიყოლია, მაგრამ რუსეთის შემადგენლობში შესვლას მას ნათესავები არ ანებებენო. 1822 წელს ლევან დადიანი ერმოლოვს სწერდა: „თუ თქვენი მაღალკეთილშობილება ინებებს მომცეთ ჯარი, მე ჩემი რაზმით და თქვენი ჯარით მორჩილებაში მოვიყვან თენგიზ დადიშქელიანის მოწინააღმდეგეს და მაშინ ის შევა ჩვენი უდიდესი ხელმწიფის მფარველობაში და შეძლებისდაგვარად თქვენი განკარგულების მორჩილი იქნება“[2]. თავისი მისიის წარატებით დაგვირგვინების მიზნით ლევან დადიანმა დადიშქელიანთა უფროსს სოფელი ხელედიც აჩუქა, მაგრამ მის მცდელობას 1820-იან წლებში წარმატება არ მოჰყოლია.

1826-1829 წლებში ირანთან და ოსმალეთთან ომის წარმატებით დამთავრების შემდეგ მეფის რუსეთი კავკასიაში უფრო აქტიურ მოქმედებას იწყებს. ამ დროისათვის დასავლეთ კავკასიის მნისვნელოვანი ნაწილი რუსეთის ხელშია. ზემო სვანეთი რუსეთის გარემოცვის რკალში მოექცა.

XIX საუკუნის 30-იან წლებში მეფის რუსეთმა კავკასიის მთიანეთის საკითხი კვლავ წინა პლანზე წამოსწია, ამასთან დაკავშირებით კავკასიის სამხედრო კორპუსის სარდალმა, გენერალ-ფელდმარშალმა პასკევიჩმა სვანეთის დაზვერვა და სათანადო ცნობების შეგროვება დაავალა გენერალ-მაიორ გესეს, რომელმაც სვანეთის მშვიდობიანი გზით დამორჩილების გეგმაც შეიმუშავა. მისი აზრით, მეფის მოხელეებს სვანეთის მფლობელები უნდა მიემხროთ. საჭიროების შემთხვევაში მათი გულის მოსგებად თანხებიც უნდა მოეძებნათ[3]. როგორც ეგნატე გაბლიანი წერდა, მეფის მთავრობის მომხრე მეზობელ კუთხეთა თავად-აზნაურების წარმომადგენელთა რჩევით სქმეში ჩაბმულან ბალსზემო სვანეთის აზნაურები. 1830 წელს ლევან დადიანს (ბერ გელოვანის და პორუჩიკ წერეთლის თანხლებით) გრაფ პასკევიჩისათვის ფიცის ჩამოსართმევად წარმოუდგენია 49 აზნაური. მათ შორის: თათარყან, ბიტი, ციოყი, კირილე, სუმაი, დავით, გელახსან, ბესი, ოტი, სოზარ, ილყან, დღემბურგ, მახამეთ, ციოყ — იოსელიანები; დავით როსტომ, სვინჩი — დევდარიანები; ჯანსუხ, ქურდან, იშმაგი, გელა, სულთმან, სოზარ — ქურდიანები; თათარყან, სვინჩი, ისლამ, დადაში, მურზაყან, ციოყ, ნამსურ, ომანაი, ჯანსუღ, ჟღენტ — ჯაფარიძეები; ახმათ, ყანღუთ, ბესი, რამზი — გოშთელიანები; ნოშრევან, რამაზ — ყიფიანები; ბესი, ორბინე — ჩარკვიანები; ჟორჟლან, ოთარ, ციოყ, ოთარ მურზაყანისძე, გელა, თათარყან და ეღუმთიან-ჟორჟოლიანები. მეფის მთავრობამ ბალსზემო სვანეთის შეერთების საკითხი იმთავითვე ვერ მოაგვარა[4].

თავისი ძმების მოქიშპე თათარყანს (ბაბა ციოყის მემკვიდრე) ლევან დადიანის მეშვეობით, თხოვნით მიუმართავს იმერეთის მმართველ ვავულსკისათვის, რათა მისთვის, როგორც ბალსქვემო სვანეთის ერთადერთი მფლობელისათვის, რუსეთის ქვეშევრდომობაზე ეშუამდგომლა, მაგრამ მეფის მოხელეებმა სადადიშქელიანოს მხოლოდ თათარყანის თხოვნა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. იმავდროულად დადიშქელიანებთან მოლაპარაკება ყაბარდოში მყოფ გენერალ გორიხოსტოვსაც დაევალა. ამ უკანასკნელმა ერთგვარ წარმატებას მიაღწია — ჩუბე ხევის მფლობელის (აწ გარდაცვლილი მოსოსტრის) ქვრივი დიგორხანი (გარდაფხაძე-დადიშქელიანისა) რუსეთის ქვეშევრდომობის მიღებაზე დაითანხმა. რაკი ჩუბე ხევის მფლობელის მემკვიდრე ციოყი მცირეწლოვანი იყო, გორიხვოსტოვმა 1832 წელს რუსეთის ერთგულებაზე ფიცი დიგორხანს დაადებინა, რაც მალევე ბარონ როზენს ეცნობა. ეცერ-ცხუმარ-ბეჩო-ლეჩყანის მფლობელი თათარყანი დიგორხანის მოქმედებაზე სარწმუნო ცნობის მიღებისთანავე კვლავ იმერეთის მმართველს ვავულსკის დაუკავშირდა და წერილობით შეატყობინა, რომ მზადაა რუსეთის ქვეშევრდომობის მიღებაზე. თათარყანი თავს ისევ დადიშქელიანთა მეთაურად მიიჩნევდა დ მთავრობისაგან მთელი ბალსქვემო სვენეთის მთავრად ცნობას მოითხოვდა[5].

რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის ოფიციალური გაფორმების მიზნით თბილისში ჩასული დიგორხანი უშუალოდ როზენს შეხვდება და თავისი ვაჟიშვილის — ციოყის სახელით რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის პირობა მისცა. როზენმა ციოყის სახელზე შეადგინა წერილი, რომელშიც მეფის სახელით ჩუბე ხევის მფლობელობის შენარჩუნებას და უშიშროების უზრუნველყოფას ჰპირდებოდა[6]. 1833 წლის აპრილში ციოყის, მაისში კი თათარყანის ოფიციალური დაფიცება მოხდა. მეფის მთავრობამ ყურად არ იღო არც თათარყანის და არც ციოყის თხოვნა — თითოეული მათგანი ყოფილიყო ბალსქვემო სვანეთის ერთადერთი მფლობელი. იმპერიის ინტერესი სწორედ ორი სუსტი მფლობელის არსებობა იყო და არა და ერთი ძლიერის, ამიტომ ხელმწიფემ დადიშქელიანთა სამთავროს ორად გაყოფა ოფიციალურად სცნო. ქვეშევრდომობის ოფიციალური აღიარების შემდეგ, მეფის მოხელეთა უშუალო მონაწილეობით, შედგა ციოყის (მიხეილად იწოდა) და თათარყანის (ნიკოლოზი) „სათხოვარი პუნქტები“[7]. ციოყის „სათხოვარში“ ჩამოთვლილი იყო მისი მოსაზღვრე სამფლობელოები; „სათხოვარი პუნქტების“ მეორე მუხლი ციოყის მემკვიდრეებისადმი მფლობელობის უფლების გადაცემას ითვალისწინებდა; მესამე მუხლით ციოყის კომპეტენციაში მხოლოდ სამოქალაქო საქმეები რჩებოდა, სისხლის სამართლის საქმეები საერთო კანონმდებლობის საფუძელზე რუსეთის სათანადო უწყების კომპეტენციას განეკუთვნებოდა; მეოთხე მუხლით რუსეთის მთავრობა ციოყის სამფლობელოს დაცვას კისრულობდა; მეხუთე მუხლით — რუსეთის მთავრობას ციოყის სამფლობელოში აღმოჩენილი წიაღისეულის ექსპლუატაციის უფლება ეძლეოდა — ოღონდ შემოსავლის გარკვეული ნაწილი უშუალო მფლობელსაც უნდა მიეღო; მეექვსე მუხლი, ციოყსა და მის მემკვიდრეებს რუსეთის მფარველობაში სვანეთის დანარჩენი ნაწილების შეყვანისათვის მხარდაჭერის აღმოჩენას ავალებდა; მერვე და მეცხრე მუხლები, ციოყს და მის მემკვიდრეებს რუსეთის სათანადო მოხელეების, ჯარისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლებისადმი მორჩილებას, მათთვის სათანადო დახმარების აღმოჩენას ავალდებულებდა; მეათე მუხლი ციოყს ავალდებულებდა რუსეთისათვის ერთგულების დასამტკიცებლად თავისი შვილი ბექირბი (ალექსანდრედ წოდებული) მძევლად მიეცა; მეთერთმეტე მუხლი ციოყისათვის ძალაუფლების ნიშნების ბოძებას ვარაუდობდა[8]. თათარყანის სახელითაც დაახლოებით ასეთივე შინაარსის „სათხოვარი პუნქტები“ შედგა. 1833 წლის 9 დეკემბერს ციოყის , ხოლო 25 დეკემბერს თათარყანის „სათხოვარი პუნქტები“ უმაღლესად დაამტკიცეს[9][10]. ამიერიდან ციოყი და თათარყანი სვანეთის მფლობელებად (რუს. Владетели Сванетии) იწოდებიან, ოღონდ მთავრის უფლებებში. 1834 წელს ორივე დადიშქელიანს სახელისუფლებო ნიშნები და ტიტულები გადაეცა და მაიორის ჩინი ებოძათ. მიუხედავად შეთანხმებისა დადიშქელიანები არ ჩქარობდნენ რაიმე სახით კონტროლი დაემყარებინათ ბალსზემო სვანეთზე, და ამიტომ იგი დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობდა. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ბალსზემო სვანეთის დამოუკიდებლობა მეფის ხელისუფლებას საფრთხეს არ უქმნიდა, შესაბამისად მის წინააღმდეგ გადამწყვეტ ზომებს არ იღებდა და ამ კუთხეში არსებული ვითარების დაზვერვით კმაყოფილდებოდა.

ისტორიკოს გერონტი გასვიანის სიტყვებით „მეფის მოხელეებთან მჭიდროდ შეკრულნი დადიანები სვანეთის მფლობელებს ხშირად ავიწროვებდნენ. მთავრობის მითითებით და სამხედრო მოხელე შახოვსკის უშუალო მონაწილეობით დადიშქელიანებს, ჯერ კიდევ, 1834 წელს როგორც ჩრდილოეთით, აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთით დიდძალი მიწები ჩამოართვეს. ჩრდილოეთით დადიშქელიანებს ჩამოეჭრა კავკასიის ქედს იქით მდებარე მთელი ტერიტორია. თუკი დადიშქელიანების სამფლობელოს დასავლეთი საზღვარი ჯვართან ახლოს ცხვიმიზაგარზე („ცხვიმზაგელა“) გადიოდა, შემდეგ იგი მდინარე ეცამდე იქნა გადაწეული. კიდევ მეტი, მეფის უმაღლეს მოხელეთა საიდუმლო მითითებით ან უშუალო დასტურით ჩრდილო კავკასიის მფლობელებმა დადიშქელიანებს უარი განუცხადეს საბალახო ადგილების გამოყენებისათვის გადასახადების მიცემაზე[11][12]. მეზობელ მფლობელთა ძალმომრეობას დადიშქელიანები აღუშფოთებია და პროტესტის ნიშნად მეფის მთავრობისათვის საჩივრები გაგუგზავნიათ[13]. მიუხედავად მრავალგზის პროტესტისა და საჩივრებისა, დადიშქელიანთა მოთხოვნის მხარდასაჭერად მეფის მთავრობას არავითარი ზომები არ მიუღია...

დადიშქელიანთა სამფლობელოს საზღვრების დასადგენად კავკასიის ადმინისტრაციას 1838 წელს სვანეთში ნემიროვიჩ-დანჩენკოც გაუგზავნია, მაგრამ მის მისიას სვანეთის მფლობელთა სასარგებლოდ შედეგი არ გამოუღია“[14].

XIX საუკუნის 40-იან წლებში ოსმალეთის წამქეზებლური, პროვოკაციული მოქმედებით აფხაზეთსა და ჩრდილოკავკასიაში ვითარება გამწვავდა. კავკასიის მთიელთა ნაწილი მეფის რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ჩაება. განსაკუთრებით რთული და მძიმე ვითარება შეიქმნა დაღესტანსა და ჩერქეზეთში, სადაც საღვთო ომმა დიდძალი ხალხი ჩაითრია. მეფის რუსეთის მოხელეებს ამ ომში სვანეთის ჩაბმისაც ეშინოდათ, მაგრამ მალევე დარწმუნდნენ, რომ მაჰმადიანურ მოძრაობაში სვანეთის მოსახლეობა არ ჩაებმებოდა. კავკასიის ადმინისტრაცია აჯანყების წინააღმდეგ დადიშქელიანების გამოყენებასაც ცდილობდა. ამ მიზნით 1840 წელს გენერალმა გოლოვინმა სვანეთის მფლობელებს თათარყანსა და ციოყს თხოვა საკუთარი ძალა გამოეყენებინათ სამეგრელოსა და იმერეთის მილიციის რაზმებთან ერთად წებელდის მფლობელ შაბათ და ეშავ მარშანიების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. როგორც ჩერნიშოვისადმი მიმართვიდნ ჩანს, მთავრობისაგან განაწყენებულ თათარყანს დავალება არ შეუსრულებია, ცოლო ციოყს დალში თავისი შვილი კონსტანტინე და საკუთარი რაზმიც წაუყვანია[15]. მალე ციოყს გენერალ ანრეპის ექსპედიციაში უბიხებისა და შაფსუღების წინააღმდეგ მიუღია მონაწილეობა, სადაც კიდევაც დაღუპულა.

თათარყანმა ციოყის დაღუპებისთანავე მთელი სადადიშქელიანო სვენეთის გაერთიენება განიზრახა და გარდაცვლილი მფლობელის ცოლ-შვილის მეურვეობის უფლება მოითხოვა. როცა ამ გზაით ვერაფერს გახდა, 1843 წელს შეიარაღებული რაზმით თავს დაესხა გარდაცვლილი ციოყის რეზიდენციას (ციოყს დარჩა ხუთი ვაჟიშვილი, კონსტანტინე — მურზაყანი, ალექსანდრე — ბექირბი, ისლამი, თენგიზი, ციოყი და ერთი ქალიშვილი). ყვავილის ეპიდემიის გამო ციოყის ცოლი და ვაჟიშვილები სამეგრელოსთან ახლოს სოფელ ხუდონში აფარებდნენ თავს[16]. წინააღმდეგობის გაწევის გამო, თათარყანმა სასახლის ჩვიდმეტი მცველი დახოცა. თათარყანმა ციოყის სასახლეს ცეცხლი წაუკიდა, დიგორხანმა კოშკს შეაფარა თავი, მაგრამ, როდესაც ალმა საშიშროება შეუქმნა, გადმოხტა და დაიღუპა. თათარყანმა თან წაიყვანა ციოყის ქალიშვილი, რომელიც ტყვეობაში გარდაიცვალა[17][18]. მთავრობის დახმარების მოლოდინში კონსტანტინე და მისი ძმები ერთხანს სამეგრელოში დარჩნენ, მაგრამ, როდესაც დახმარების იმედი ამოეწურათ, სვანეთში დაბრუნდნენ და თავისი მამული ძალით დაიბრუნეს.

დადიშქელიანთა თვითნებობით განაწყენებულმა მთავრობამ კავკასიის მთავარსარდალს ნეიდგარტს მისცა განკარგულება მოესპო სვანეთის მფლობელთა სახელისუფლებო ტიტულები, რომლის მიხედვითაც ისინი სვანეთის მფლობელებად (რუს. Владетели Сванетии) იწოდებოდნენ. ამიერიდან მათ „სვანი მფლობელები“ (რუს. Сванетский владетелцы) ეწოდათ და მხოლოდ „ბრწყინვალების“ (რუს. сятельный) ეპითეტი დრჩათ[19]. სვანეთის მფლობელთა ტიტულების და სახელწოდების ამდაგვარ ცვლილებებს მთავრობა იმით ხსნიდა, რომ თითქოს მათი სამფლობელოები მეტისმეტად მცირე იყო, ნამდვილი მიზეზი კი დადიშქელიანთა ურჩობა იყო.

კავკასიაში ვითარების გამწვავების გამო მეფის მთავრობამ სვანეთის მფლობელთა ურჩობის აღსაკვეთად გადამჭრელი ზომები ვერ მიიღო, თან თათარყანის ვერაგული მოქმედება დაუსჯელი დარჩა. 1845 წელს ვორონცოვს უცდია დადიშქელიანთა შინაური საქმეებისა და რუსეთთან დამოკიდებულების მოგვარება. ამ მიზნით სვანეთში გაუგზავნია სამღვდელოების წარმომადგენელი ქუთათელაძე, რომელსაც სვანეთში ერთი თვე დაუყვია და თითქოს დადიშქელიანებიც შეარიგა. თათარყანს მობოდიშების მიზნით თბილისში თავისი შვილი ჯანსუღი გაუგზავნია. ამ უკანასკნელს მამის სახელით მეფისნაცვლის წინაშე პირობა დაუდვია, რომ კონსტანტინეს და მისი ძმების წინააღმდეგ მტრულ მოქმედებას შეწყვეტდნენ. მიუხედავად ამისა დადიშქელიანებს შორის ტრობა კვლავინდებურად გრძელდებოდა. კონსტანტინე თათარყანის დასჯას დაჟინებით მოითხოვდა, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია, ბოლოს იძულებული გახდათათარყანს შერიგებოდა. მეფისნაცვლის ადიუტანტმა ლობანოვ-როსტოვსკიმ 1846 წელს კონსტანტინეს და თათარყანს წერილობითი პირობა დაადებინა, რომ ამიერიდან მტრობას შეწყვეტდნენ[20]. ამის შემდეგ დადიშქელიანებს შორის ბრძოლა ერთხანს მართლა შენელდა და 1851 წელს სვანური ადათ-წესით კიდევაც შერიგდნენ (1850 წელს თათარყანი გარდაიცვალა და მისი სამფლობელო ორ ნაწილად გაიყო: ეცერ-ცხუმარი ჯანსუღს ერგო, ბეჩო — ოთარს). ოთარმა და ჯანსუღმა თავიანთი მამის მიერ ჩადენილი დანაშაულის (სისხლის ზარალის საფასურად) გამოსასყიდად კონსტანტინესა და მის ძმებს 24 ყმა გლეხი და სხვა ქონება მისცეს.

დადიშქელიანებისა და ბალსზემო მოსახლეობის მოქმედებისადმი მეფის მთავრობის წაყრუება დროებითი იყო. მთავრობას ცნობები მისდიოდა თითქოს რუსეთის წინააღმდეგ სვანებს ჩრდილოეთ კავკასიის მაჰმადიან ხალხთან ჰქონდათ კავშირი. მეფის მოხელეთა ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ თენგიზ დადიშქელიანმა თავისი და სოლდათხანი ყარაჩაელ თავადს ადინგერ ურუსბიევს მიათხოვა[21].

ჩრდილოკავკასიის სვანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ციოყ დადიშქელიანის „სათხოვარი პუნქტებიდან“ ჩანს, მისი გავლენის სფერო ვრცელდებოდა ენგურისა და ყუბანის ხეობებზე, თუმცა შახოვსკის მცდელობის შემდეგ მისი ტერიტორიები შემცირდა როგორც სადადიანოს მხრიდან, ასევე ჩამოჭრა ყარაჩაისა („ლაბგვიარიდან“) და ბაქსანის (ნაქმუკვარი, თეგენეკის მთა და ჩეგემი) ხეობებიც ვიდრე კავკასიის მთავარ ქედამდე.

ამასთან დაკავშირებით დიგორხანმა საპროტესტო საჩივარი დაწერა ბარონ როზენის სახელზე, რომელშიც ნათქვამია: „სვანეთის მამული დღემდის ყოფილა ქუეშე ჩუენსა და არისცა. მათ მამულთა საზღვრავს ჩერქეზების მხრიდან მთა თეგენეკი და ყარაჩაების მხრით არის საზღვარი, სადაც დასრულდება ვაკე ალაგი, რომელსაც ეწოდების ლაბგვიარი და ეს ლაბგვიარი არის ჩვენი და იმას იქეთა ყარაჩაელთა, ხოლო სამეგრელოს მხრივ საზღურავს ჩუენსა მამულსა მთა, წოდებული ცხვიმზაგელად“[22].

თავისუფალი სვანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1834 წელს კავკასიის მმართველობამ სვანეთში სამხედრო ოფიცერი შახოვსკი მიავლინა. მისი იქ წასვლის საბაბი დადიშქელიანებისათვის სახელისუფლებო ტიტულების გადაცემა იყო, თუმცა მას ასევე ბალსზემო სვანეთის დაზვერვაც დაევალა. სვანეთში ყოფნისას შახოვსკიმ საიდუმლო მოლაპარაკება გამართა ბალსზემო სვანეთის აზნაურებთან და ხალხის განწყობილებაშიც გაერკვა. შახოვსკიმ მთელი ზემო სვანეთის ტოპოგრაფიული სქემაც შეადგინა. 1834 წლის 24 ნოემბერს შახოვსკი თბილისში დაბრუნებისთანავე როზენს ვრცელი პატაკი მიართვა. პატაკში დახასიათებული იყო სვანეთის როლი და მნიშვნელობა რუსეთისათვის. „თავისუფალი სვანეთი“, — წერდა შახოვსკი, — სულ შვიდი ხეობისაგან შედგება, რომელთა ნაწილში აზნაურები, ხოლო ნაწილში კი მხოლოდ შავი ხალხი ცხოვრობს, „მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი წოდება ამჟამად ერთიმეორეში სრულ თანხმობაში არ არიან, რაიმე საერთო საგანგებო ვითარებისას ერთობლივად იმოქმედებენ“[23]. შახოვსკის აზრით, ბალზემო სვანეთის დასამორჩილებლად უპირველეს ყოვლისა საჭირო იყო დადიანების დახმარებით, დადიშქელიანთა მოსაზღვრე ორი თემის: ლატალისა და ლენჯერის დამორჩილება, შემდგომში მათი დადიანებისთვის გადსაცემად.

შახოვსკის მისიის შემდეგ კავკასიის ადმინისტრაციამ, სვანეთის ბალსზემო ნაწილის მოსახლეობის გადაბირება მოლაპარაკების გზით სცადა. ამ მიზნით სამეგრელოს, იმერეთისა და რაჭის გავლენიან მფლობელებს დაევალათ კავშირი დაემყარებინათ სვანეთის აზნაურებთან და ძვირფასი საჩუქრების შეპირებითრუსეთის ქვეშევრდომობის მიღებაზე დაეყაბულებინათ. ჩანს ბალსზემო სვანეთის ზოგიერთი ანაური თავიდანვე ჩაბმულა საქმეში, მათ მეფის მოხელეებისათვის მრავალჯერ მიუმართავთ, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი (მათ შორის აზნაურებიც) რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა.

XIX საუკუნის 40-იან წლებში მეფის მთავრობა სვანეთის მიმართ უფრო აქტიურ მოქმედებას იწყებს. როგორც კავკასიის გენერალური შტაბის მე-3 განყოფილების 1843 წლის 6 ივლისის მოხსენებიდან, გენერალ ნეიდგარტის წერილიდან და წერეთლების არქივებიდან ირკვევა, ბალსზემო მოსახლე პიროვნებებს, მთ შორის ანაურებს: დადაში ქურდიანს, ბესი იოსელიანს, დავით და სუმაი დევდარიანებს, თაზი ჟორჟოლიანს და გლეხებს: ბინაგორ და ბექმურზა გუჯეჯიანებს, გიორგი ჯაჭვლიანს, მუსა დადვანს, გუა გულბანს, ბექი ხუბულიანს, დადავ ნიგურიანს, ბიტა ჩოფლიანს, გიორგი მარგველანს, გელა მარგიანს, გიორგი გულბანს და მღვდელ მურზა დადუანს მეფის მოხელეებისაგან საჩუქრებიც კი მუღიათ, მაგრამ როდესაც საკითხი უშუალოდ ქვეშევრდომობის მიღებაზე მისულა, მოსახლეობა უარზე დამდგარა[24]. შტაბის განყოფილების მოხსენება მოწმობს, რომ მეფის მოხელეებს და საქართველოს სამღვდელოების წარმომადგენლებს რამდენიმეჯერ უცდიათ რუსეთის ერთგულებაზე ხალხის დაფიცება, მაგრამ სვანეთში შეშვების უფლებაც კი ვერ მიუღიათ[25]. მოხსენებიდან ისიც ირკვევა, რომ 1840 წელს თითქოს ბალსზემო მოსახლეობის წარმომადგენლებს რუსეთისადმი მორჩილებაზე თანხმობა განუცხადებიათ და სათანადო მძევალიც კი მიუციათ, მაგრამ შემდეგ გადაუფიქრებიათ და მძევალიც უკან დაუბრუნებიათ. როგორც ირკვევა, სვანების ასეთ მოქმედებას მეფის მოხელეები დიდად დაუეჭვებია და ურჩთა დასასჯელად ღონისძიებებიც დაუსახავთ. მეფის მოხელეთა გააქტიურებას ხალხის საწინაღმდეგო მოქმედება მოჰყოლია. ხალხს ერთ ხანს ზემო სვანეთში გადასასვლელზე შეიარაღებული დაცვა დაუყენებია და გზების ჩაკეტვა უცდია. რაკი ზოგიერთი სვანების მოსყიდვას შედეგი არ გამოუღია, 1842 წელს მეფის მმართველობას სვანეთში პოლკოვნიკ ბრუსილოვის მეთაურობით ექსპედიციის გაგზავნა გადაუწყვეტია. ამ ექსპედიციას სამეგრელოს, იმერეთისა და რაჭის თავად-აზნაურთა და სამღვდელობების წარმომადგენლები ხლებია. სანამ ეს ექსპედიცია ადგილზე მისულა, მეფის მოხელეებს ქუთაისში სვანეთის აზნაურთა წარმომადგენლები დაუბარებიათ და ბალსზემო სვანეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანაზე წინდაწინვე შეთანხმებულან, რისთვისაც ამ აზნაურებს საჩუქრებიც მიუღიათ. მაგრამ თავისი მისიის წარმატებაში დარწმუნებული ექსპედიციის ხელმძღვანელს ქვემო სვანეთიდან ზემო სვანეთში გადასასვლელი ლატფარის უღელტეხილი ჩაკეტილი დახვედრია. ბრუსილოვს და მის მხლებლებს ბალსზემო სვანეთის ზოგიერთი საზოგადოების წარმოადგენლები ქვემო სვანეთში ეახლნენ და მოახსენეს: მულახში ბრუსილოვს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებდნენ, თუ ის არ გაიყოლებდა არც დადიანს, არც დადიშქელიანს, არც „პროტორე“ ქუთათელაძეს, არც ერთ იმერელს თუ პოლკოვნიკი ბრუსილოვი ორ დღეს დაყოფდა მულახში. ბრუსილოვს მოახსენეს ასევე, რომ რუსების ბოქაულს არ მიიღებდნენ, რომ ბრუსილოვის მულახში ყოფნის დროს ამავე სოფლის რამდენიმე მცხოვრებს სოფელს ლაშხეთში მძველად დატოვებდნენ და სხვა. როგორც ჩანს ბრუსილოვს ამგვარი შეთავაზების გამო უარი უთქვამს და უკან გაბრუნებულა.

მარცხით დამთავრებული მისიების გამო, მეფის ხელისუფლებამ ბალსზემო მაოსახლეობას „ბოიკოტი“ გამოუცხადა. მათ კარგად იცოდნენ, რომ სვანეთის არსებობის მნიშვნელოვან წყაროს გარე სამუშაოებზე მიღებული სახსრები შეადგენდა და სვანეთის მოსახლეობას დამოუკიდებლად ცხოვრება გაუჭირდებოდა.

სვანეთის შეერთებისათვის ცარიზმი სარწმუნეობითაც მანიპულირებდა. ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია ქრისტიანობის გაქრობისა და ხალხში მუსულმანობის გავრცელების საშიშროების თაობაზე, რის გამოც ხელისუფლებას მხარეში ქრისტიანული რელიგიის გასავრცელებლად სასულიერო დელეგაცია გაუგზავნია. ჯერ კიდევ, 1834 წელს მოსახლეობა მიმხვდარა, რომ დელეგაციის ნამდვილი მიზანი რუსეთისადმი ერთგულებაზე ხალხის დაფიცება იყო და ისინინი დაუყოვნებლივ გამოუძევებიათ[26], შემდეგ საქმეში ჩართულა ბარონი როზენი, რომელსაც 1835 წელს ეგზარხოს ევგენისათვის მიუმართავს და სვანეთში ქრისტიანობის გავრცელების გეგმა შეუმუშავებიათ. მარცხით დამთავრებული მისიების შემდეგ, 1844 წელს სვანეთში სასულიერო პირთა ახალი დელეგაცია წასულა. ამ დელეგაციას კვლავ ძველი მოტივები წამოუყენებია, რომელიც ასევე გაძევებით დასრულდა.

სვანეთის შეერთებას და შემომტკიცებას ენერგიულად შეუდგა ვორინცოვი, რომელმაც სვანეთში 1846 წელს თავისი ადიუტანტი ლობანოვ-როსტოვსკი გაგზავნა. ამ უკანასკნელს რამდენიმე პირის თანხლებით მთელი სვანეთი შემოუვლია და მნიშვნელოვანი წარმატებებისთვისაც მიუღწევია. სათანადო პირობების მომზადების შემდეგ, ვორონცოვის განკარგულებით 1847 წლის ივნისში ქუთაისის ვიცე-გუბერნატორის კოლიუბაკინის მეთაურობით სვანეთში იგზავნება ახალი დელეგაცია, რომელსაც ზემო სვანეთის სოფელ დაუბერში დაბანაკების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკება გაუმართავს. კოლიუბაკინი მთავრობის სახელით ხალხს შპირებია: მშვიდობიანი ცხოვრების და თავისუფლების უზრუნველყოფას, გადასახადების შემოუღებლობას, ადგილობრივ ადათ-წესების და სამართლის დაცვას, თვითმმართველობის შემოღებას, კულტურულ-საგანმანათლებლო ქსელის შექმნას, გზების გაყვანას, ეკონომიურ დახმარებას და სხვა. მეფის მოხელეთა სისტემატიურმა მოქმედებამ თავის შედეგი გამოიღო: უშგულის, კალის, ჰადიშის, იფარის, წვირმის, ელის, მუჟალის, მულახის თემთა სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ რუსეთის ქვეშევრდომობის მიღებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო მესტიის, ლენჯერის და ლატალის მცხოვრებლებმა რუსეთის ქვეშევრდომობაზე შესვლისაგან ამჯერადაც თავი შეიკავეს. როცა თავისუფალი სვანეთის რუსეთთან შეერთება ფაქტიურად უკვე გადაწყვეტილი იყო, კოლიუბაკინი მოერიდა ძალადობას და თავისი ამალით უკან გაბრუნდა. იმავე წლის შემოდგომაზე რუსეთის ქვეშევრდომობის მიღებას მესტიის მოსახლეობაც დათანხმებია.

1847 წლის 31 ოქტომბერს მეფისნაცვალმა ვორონცოვმა გამოაქვეყნა ცნობა, რომლის ძალითაც აიკრძალა „თავისუფალი სვანეთის“ მოსახლეობის ყოველგვარი შეზღუდვა. ბალსზემო სვანეთის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთს შეუერთდა, შეიქმნა მულახ-იფარის საბოქაულო. მის მმართველად დაინიშნა პორუჩიკი თავადი ალექსანდრე მიქელაძე, რომელიც უშუალოდ რაჭის მაზრის უფროსს დაექვემდებარა. ამ საბოქაულოს შტატი განისაზღვრა: ბოქაულის, მისი თანაშემწის, თარჯიმნის, მწერლისა და ორი დამტარებლისაგან, რომელთა წლიური ხარჯები 1260 მანეთს შეადგენდა. კავკასიის ადმინისტრაციას ბალსზემო სვანეთის შეერთება უცნობებია მეფისათვის, რომელიც მეფისნაცვლის და ქუთაისი ვიცე-გუბერნატორის დამსახურებას დიდი მოწონებით შეხვედრია. რუსეთთან შეერთებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სვანეთში თავი იჩნა არეულობამ, რაც აშკარა წინააღმდეგობაში გადაზრდილა. სამსახურის დაწყების ორი წლის თავზე ბოქაული და მისი თანამშრომლები სვანეთიდან გამოაძევეს. კავკასიის ადმინისტრაცია იძულებული გახდა 1849 წლის 23 თებერვალს მულახ-იფარის საბოქაულო გაეუქმებინა[27].

მულახ-იფარის საბოქაულოს გაუქმებისთანავე მეფის მოხელეებმა განკარგულება გასცეს ურჩი სვანებისათვის ბართან ურთიერთობის აკრძალვაზე. ბარში სამუშაოდ სიარული ისევ გაძნელდა, ხოლო ჩრდილო კავკასიასთან ურთიერთობა საომარი ვითარების გამო თითქმის გამორიცხული იყო. სვანეთში შიმშილობა დაიწყო, მთავრობა კი სვანეთში ლაშქრობისთვის ემზადებოდა. ფიზიკური საფრთხის ქვეშ მყოფ სვანებს მთავრობამ მეზობელ კუთხეთა თავადებიც შეუჩინა. სვანეთის საბოქაულო უწინ რაჭის მაზრაზე იყო მიწერილი და ამიტომ მასთან ურთიერთობის მოგვარება თავად გრიგოლ წერეთელს დაევალა. ამ უკანასკნელმა ხალხის განწყობილების მოსასინჯად სვანეთში მღვდელი ს. გავაშელიშვილი გაგზავნა. მრავალი მცდელობის შემდეგ გავაშელაშვილი რაჭაში რამოდენიმე სვან აზნაურთან ერთად გამოცხადდა. გრიგოლ წერეთელს აზნაურები სვანეთის ოფიციალურ დელეგაციად გაუსაღებია და ქუთაისის გუბერნატორთან წაუყვანია, ამ უკანასკნელს კი ყველანი ბორჯომში მყოფ ვორონცოვთან გაუგზავნია. მეფისნაცვალმა „სვანეთის წარმომადგენლები“ 1852 წელს დიდი პატივით მიიღო და დასაჩუქრებული უკან დააბრუნა[28].

სიტუაციის წინასწარ მომზადების შემდეგ , 1853 წელს მეფისნაცვლის დავალებით სვანეთში მიდის ექსპედიცია, რომელსაც ცნობილი სამხედრო მოხელე და არქეოლოგი ბარტოლომეი მეთაურობდა. გამოცდილმა მოხელემ საქმე ფრთხილი მოქმედებითა და ეკლესიების დათვალიერებით დაიწყო. ყოფილი მცირე საბოქაულოს ხალხის რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე დათანხმების შემდეგ პოლკოვნიკმა ბარტოლომეიმ ვორონცოვთან ნამყოფი აზნაურთა ნაწილი გაიყოლია დ ლატალისა და ლენჯერის თემებს ესტუმრა. აქ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის თანხმობის მიღებისთანავე ხალხის დაფიცების ცერემონაილი მოაწყო და ბოლოს თავის მხლებლებით ქუთაისში დაბრუნდა, სადაც მან გენერალ-გუბერნატორს ანგარიში წარუდგინა სვანეთის წარმატებით დამორჩილებასთან დაკავშირებით. გენერალ-გუბერნატორმა თავის მხრივ ექსპედიციის შედეგები მოახსენა მეფისნაცვალს, რომელმაც გაგარინს სვანეთის მართვა-გამგეობის და ხარჯების თაობაზე სათანადო პროექტის შედგენა დაავალა. თავის მხრივ მეფისნაცვალმა ჩერნიშოვს აცნობა „თავისუფალი სვანეთის“ ხელახახლი დამორჩილების ამბავი და ორი თემის — ლატალისა და ლენჯერის — თავდაპირველი შეერთება. როგორც წესი, ჩერნიშოვმა მომხდარი ფაქტი მეფეს მოახსენა და თან განსაკუთრებული დამსახურებისათვის პოლკოვნიკ ბარტოლომეის, თავად ა. მიქელაძის, აზნაური ქურდიანის, მღვდელი გულბანისა და სხვათა დაჯილდოვება მოითხოვა[29].

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანური სოფლები გამოირჩევა მჭიდრო დასახლებით. აქ გავრცელებული იყო მცირე დასახლებები, რადგან მიწის ფართობი არ იძლეოდა დიდი დასახლებების წარმოშობის საშუალებას. XIX საუკუნის ბოლოს სვანეთში ასორმოცზე მეტი სოფელი იყო.

ვიკიციტატა
„არიან კაცნი დიდ-ტანოვანნი, ახოვანნი, დიდ-მძლედ მუშაკნი, ბართა ვერ შემმართებელნი, მთათა სიმაგრეთა და ციხეთა შინა მაგარნი, სიკუდილისა არა მომხსენენი... სარწმუნოებით არიან იმერთა ტანა ქართულითა და უმეცარნი აწ მისნიცა“

კულტურა და ტრადიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანეთი

სვანეთი ქართული ეკლესია-მონასტრების განძთსაცავი იყო. სვანეთში ინახება ადიშის ოთხთავი, XI საუკუნის ბოლოს კლარჯეთიდან წამოღებული ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ის გადაწერილია 897 წელს და უძველესი ქართული თარიღიანი სახარებაა. ასომთავრული ტექსტი ოქროსფერი მელნითაა ნაწერი. ადიშის ოთხთავი ამჟამად მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული.[30] სვანი ოსტატების მიერ დიდი რაოდენობითაა შექმნილი ოქრომჭედლობის, კედლის მხატვრობისა და ხეზე კვეთის ნიმუშები.

სვანები მატყლისგან ამზადებდნენ მამაკაცის ქუდებს, ნაბდებს. სვანური ქუდი ნაბდისგან მზადდება. ის ერთნაირად იცავს სიცხეშიც და სიცივეშიც. სვანური ქუდი, როგორც წესი, თეთრი ან რუხია. შავ ქუდს მხოლოდ მგლოვიარეები ატარებენ. ქუდი სადაა და მასზე აბრეშუმის სირმით და ბამბის ზონრით ჯვარია გამოსახული.

ფოლკლორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანეთი მდიდარია მუსიკალური ფოლკლორით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მზისა და განთიადის საგალობლები, საგმირო და საფერხულო-სახუმარო სიმღერები, სამგლოვიარო სიმღერა „ზარი“, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ. ბალსზემო სვანეთის ყველა თემში მხოლოდ ამ თემისთვის დამახასიათებელი „ზარი“ სრულდებოდა, ბალსქვემო სვანეთს კი ერთი „ზარი“ ჰქონდა.

ჩანგი სვანური საკრავია. ის ძალიან ჰგავს შუამდინარეთში გავრცელებულ ძველ საკრავებს, განსაკუთრებით კი შუმერულ არფას. ჩანგს ძუის 5 ან 6 სიმი აქვს. ამ საკრავით სვანური სიმღერების აკომპანემენტი იკვრება.

სვანეთისთვის დამახასიათებელია ეპიკური პოეზია — ურითმო საგმირო ბალადები.

ლიფანალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიფანალი გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი დღესასწაულია. ის რამდენიმე დღეს გრძელდება. ლიფანალის დროს დიასახლისი ნაკურთხი წყლითა და ნაცრის შერევით „საღებავს“ ამზადებს და გარდაცვლილთა სულების გულის მოსაგებად სხვადასხვა საგნებზე თითით მარტივ ფიგურებს გამოსახავს.

ნადირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანები და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მცხოვრებნი უძველესი დროიდან დადიოდნენ მთაში სანადიროდ. თოვლსა და ყინულზე სასიარულოდ ისინი საგანგებო აღჭურვილობას თხილამურს და წრიაპს იყენებდნენ. თხილამურები თხილის ტოტებისგან მზადდებოდა, წრიაპები ლითონისაგან.

ლემი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლემის დროშა.jpg

ლემი თავისუფალი სვანეთის დროშას ეწოდება (სვანური სიტყვაა და ქართულად „ლომს“ ნიშნავს), ლემი სვანეთის უძლეველობის განსახიერებაა. დროშა მედროშე-მელომეს განკარგულებაში იყო და ყველა ბრძოლაში წინ მიუძღოდა მებრძოლებს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანური კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Swanetischer Turm Mestia.jpg

სვანეთი კოშკების მხარეა, აქ 200-მდე კოშკს ითვლიან, ყველა გვარს თავისი კოშკი ჰქონდა. კოშკებს საცხოვრებელი და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდათ. სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნენ და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია. ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი. შენობაში შესვალა მეორე სართულიდან შეიძლება ხის მისადგმელი კიბით. კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია. არანაკლებ საყურადღებოა კოშკების გვერდით მიდგმული ქვითკირის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები.

ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანეთში შემორჩენილია ასამდე ეკლესია. სვანური ეკლესიები მცირე ზომისაა და ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოშია ჩაწერილი. ეკლესიები ერთნავიანი და დარბაზული ტიპისაა. ისინი ძირითადად X-XV საუკუნეებშია შექმნილი და დამშვენებულია ქართული წარწერებით. სვანეთი ერთადერთი მხარეა საქართველოში, სადაც ეკლესიებს გარე ფასადებზე აქვთ ფრესკები. ლაშთხვერისა და ჩაჟაშის ეკლესიების გარე ფასადებზე მოსე ხონელის ამირანდარეჯანიანის რამდენიმე სიუჟეტია გამოსახული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. გასვიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 309.
  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 129-131 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
  • „საქართველოს ატლასი მოზარდთათვის", - „სვანეთი" გვ.42. გამომცემლობა „დიოგენე" თბილისი 2005წ
  • ბერაძე, თ. „სვანეთი უძველესი დროიდან VI სუაკუნის ჩათვლით“, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები IX ტ. გვ. 18-21 — თბილისი, „უნივერსალი“, 2008
  • Bernoville Raphael, La Souanetie libre, Paris, 1875
  • გასვიანი გ., დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბილისი, 1973

გასვიანი გ., ნარკვევები შუასაუკუნეების სვანეთის ისტორიიდან, თბილისი, 1991, გვ. 7-14;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. VIII, №352, Тифлис, 1881, ст. 465-467
  2. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. VI, ч. I, №898, Тифлис, 1874, ст. 631
  3. საქ. სსრ ცსსა, გმფ, ანაწ. 1, ს. 7, ფურც. 11
  4. გაბლიანი ეგნ., ძველი და ახალი სვანეთი, ტფილისი, 1925, გვ. 73
  5. საქ. სსრ ცსსა, გმფ. ანაწ. 1, ს. 7, ფურც. 70
  6. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. VIII, №349, Тифлис, 1881, ст. 463
  7. Центральный государственный исторический архив СССР в Ленинграде, ф. 1286, оп. 9, д. 64, л. 28-29.
  8. ЦГИАЛ, ფონდი 1286, ანაწ. 9, ს. 64, ფურც. 29-31
  9. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. IX, указ 6673 а, ст. 41
  10. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. IX, указ 6673 б, ст. 41-42
  11. საქ. სსრ ცსსა, გმფ, ანაწ. 1, ს. 7, ფურც. 241-246
  12. გაბლიანი ეგნ., თავისუფალი სვანეთი, ტფილისი, 1927, გვ. 49
  13. ჩარკვიანი ა., სვანეთი, გვ. 56
  14. გასვიანი გ., დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბილისი, 1973, გვ. 297-298
  15. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. IX, №352, Тифлис, 1881, ст. 497
  16. Бороздин К. А., Упразднение двух автономий, глава IV
  17. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. XI, №352, Тифлис, 1881, ст. 41, 947
  18. ЦГИАЛ, ფ. 1268, ან. 9, ს. 64, ფ. 4-5
  19. ЦГИАЛ, ფ. 1268, ან. 9, ს. 64, ფ. 26
  20. ЦГВИА СССР в Москве, ფ. 792, ს. 3, ფურც. 2
  21. ЗКОИРГО, т. X, Тифлис, 1876, გვ. 367
  22. ЦГВИА, ф. 792, д. 1.
  23. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. VIII, №352, Тифлис, 1881, ст. 466
  24. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის არქივი, წერეთლების ფონდი, საქმე 167, ფურც. 30
  25. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. IX, №352, Тифлис, 1881, ст. 743
  26. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. VIII, №353, Тифлис, 1881, ст. 468
  27. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. XI, №352, Тифлис, 1881, ст. 941-942
  28. ნიჟარაძე ბ., ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები, II, გვ. 202-205
  29. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. X, №352, Тифлис, 1881, ст. 260-261
  30. მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი.