აფხაზეთის კავკასიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აფხაზეთის კავკასიონისაქართველოს კავკასიონის დასავლეთი ნაწილი, მდინარეების ფსოუსა და საკენის სათავეებს შორის. მოიცავს მთავარ ქედს და მის სამხრეთ განშტოებებს: გაგრის, ბზიფის, ჩხალთისა და კოდორის ქედებს, რომელთა შორის მოქცეულია ბზიფის, ჩხალთის, საკენისა და სხვა ხეობები. მთავარ ქედზე უმაღლესი წერტილია მწვერვალი დომბაი-ულგენი (4046 მ). უღელტეხილებია: კლუხორი (2816 მ), ნახარი (2931 მ), მარუხი (2746 მ), სანჩარო (2292 მ), ხიდა (2632 მ) და სხვა. მათზე გადადის საცალფეხო გზები.

აფხაზეთის კავკასიონს ახასიათებს სიმაღლეთა დიდი ამპლიტუდა. განეკუთვნება ალპურ ნაოჭა სისტემას. თითქმის ყველა მაღალი ქედის ზემო ნაწილში არის ტროგული ხეობები, მყინვარული ცირკები, მყინვარული ტბები და სხვა. აფხაზეთის კავკასიონის ბუნება მრავალფეროვანია. აქ არის თითქმის ყველა სიმაღლითი ლანდშაფტური სარტყელი მათი კარსტული სახესხვაობებით: მთა-ტყის (ფართოფოთლიანი) სარტყელი ტყის ყომრალი ნიადაგებით (ზღვის დონიდან 500-600 მ-იდან 1300-1400 მ-მდე); წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის სარტყელი ტყის ყომრალი და გაეწრებული ყომრალი ნიადაგებით (1000-1300 მ-იდან 1800-1900 მ-მდე); სუბალპური სარტყელი მთის მდელოს ნიადაგებით, სუბალპური ტყე-ბუჩქნარით, ლიხითა და მდელოებით (1800-1900 მ-იდან 2300-2400 მ-მდე); ალპური სარტყელი მთა-მდელოს ნიადაგებით, მდელოებითა და ხალებით (2300-2400 მ-იდან 2700-2800 მ-მდე); სუბნივალური და ნივალური სარტყელი (2800-2900 მ ზემოთ) შიშველი კლდეებით, თოვლითა და მყინვარებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]