კოლხეთის დაბლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლხეთის დაბლობიკოლხეთის ბარის დაბალი ნაწილი, მოიცავს აკუმულაციურ ვაკე-დაბლობსა და მიმდებარე სტრუქტურულ-ეროზიულ გორაკ-ბორცვებს ზღვის დონიდან 200 -მდე. პირველი აგებულია პლეისტოცენური და ჰოლოცენური თიხნარებით, ქვიშებითა და რიყნარით, მეორე - დისლოცირებული კაინოზოური ასაკის ნალექებით. კოლხეთის დაბლობი ოდნავ დახრილია შავი ზღვისაკენ და გადაკვეთილია მცირე სიღრმის ხეობებით. იგი სამკუთხედის ფორმისაა, ფუძით შავ ზღვას ებჯინება, ხოლო წვერი ქ. ზესტაფონთან აქვს. აჭარასა და აფხაზეთში კოლხეთის დაბლობი ვიწრო ზოლად ვრცელდება. კოლხეთის დაბლობზე ზღვიური ტენიანი სუბტროპიკულ ჰავაა. იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,5-4-იდან 6-6,5 °C-მდეა, აგვისტო 22-23 °C. აბსოლუტური მინიმალური - 8-10 °C-მდეა, აბსოლუტური მასიმალური 37-38 °C. იცის აღმოსავლეთის და დასავლეთის ქარები. დამახასიათებელია ფიონები და ბრიზები. აჭარის სანაპიროზე წელიწადში 250 მმ ნალექი მოდის. აღმოსავლეთისკენ ნალექები მცირდება 1200 მმ-მდე.

კოლხეთის დაბლობის მთავარი მდინარეა რიონი (შენაკადები - ყვირილა, ხანისწყალი, ცხენისწყალი, ტეხური). კოლხეთის დაბლობს ეკუთვნის მდინარეების ენგურის, კოდორის, სუფსისა და ნატანების ქვემო დინებები. მდინარეები საზრდოობს წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა. კოლხეთის დაბლობზე გავრცელებულია სუბტროპიკული ეწერი, ალუვიური, ჭაობიანი და ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგები. გორაკ-ბორცვებზე წითელმიწები და ყვითელმიწებია. დაბლობის ზღვისპირა ნაწილში ჭაობიანი ტყეებია, ჭარბობს მურყანი და ტირიფი. დაუჭაობებელ ნაწილში კოლხური ტყის ნარჩენებია, რომლის მთავარი ჯიშებია: მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი, ლაფანი, ძელქვა. გავრცელებულია მარადმწვანე ბუჩქები და ლიანები.

კოლხეთის დაბლობზე ბინადრობს გარეული ღორი, კურდღელი, მელა, შველი, მგელი, კვერნი, წავი, ფრინველებიდან - კოლხური ხოხობი, გარეული ბატი, გარეული იხვი, ტყის ქათამი და სხვა. კოლხეთის დაბლობზე არის კოლხიდის, აჯამეთის, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალები.

კოლხეთის დაბლიბისათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული ტიპის ლანდშაფტი, რომელშიც გამოიყოფა ლანდშაფტის ქვეტიპი: ნოტიო სუბტროპიკული ვაკე-დაბლობი და დაბალი სტრუქტურულ-ეროზიული გორაკ-ბორცვები ლიანებიანი კოლხური ტყის ნაშთებითა და სუბტროპიკული ეწერი და დაჭაობებული ნიადაგებით. თავის მხრივ აღნიშნული ქვეტიპი ლანდშაფტის რამდენიმე სახეს აერთიანებს. კოლხეთის დაბლობის უდიდესი ნაწილი მჭიდროდ არის დასახლებული და მაქსიმალურად არის ათვისებული მეურნეობისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 595, თბ., 1980 წელი.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ. 1-2, თბ., 1969-1970;
  • სანებლიძე მ., უკლება დ., ჯაყელი ქ., საქართველოს ლანდშაფტური რუკა, თბ.-მ., 1970