შინაარსზე გადასვლა

რელიეფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ხმელეთის ზედაპირის უსწორმასწოროებას ეხება. სკულპტურული გამოსახულების შესახებ იხილეთ რელიეფი.
ალპები
ანდების მაღალმთიანი რელიეფი
მაღალმთანი რელიეფი, ევერესტი

რელიეფი (ფრანგ. relief < ლათ. relevo — მაღლა ვწევ) — ხმელეთის ზედაპირის, ოკეანისა და ზღვის ფსკერის უსწორმასწორობათა ერთობლიობა, რომელიც წარმოიქმნება ენდოგენური და ეგზოგენური ძალების დედამიწის ქერქზე მოქმედებით და მოიცავს განსხვავებული სიდიდის, წარმოშობის, ასაკისა და განვითარების ისტორიის მქონე ფორმებს. რელიეფის ფორმები არის დადებითი და უარყოფითი. ფორმათა სიდიდის მიხედვით გამოყოფენ: მეგარელიეფს (კონტინენტი), მაკრორელიეფს (ქედი, ვაკე), მეზორელიეფს (ხეობა), მიკრორელიეფს (კარსტული ძაბრი), ნანორელიეფს (მცირე ღარტაფი).

ენდოგენური პროცესების უპირატესი ზეგავლენით წარმოიქმნება პლანეტური მასშტაბის უსწორმასწორობანი — მორფოსტრუქტურები.

ეგზოგენური პროცესების შედეგად ხდება მორფოსტრუქტურების ნგრევა, დანაწევრება, ხმელეთის ზედაპირის გადარეცხვა და რელიეფის მცირე ფორმების — მორფოსკულპტურების წარმოქმნა. ეს პროცესები დედამიწის ზედაპირზე ერთდროულად, მაგრამ დროსა და სივრცეში განსხვავებული სიძლიერით მოქმედებს. დედამიწის ქერქის მოძრაობით განპირობებული რელიეფის დიდი ელემენტების უმეტესობა განვითარდა მეზო-კაინოზოურ ეპოქაში, მაგრამ მისი ზედაპირის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა ტექტონიკურმა მოძრაობებმა ნეოგენურსა და ანთროპოგენურ პერიოდებში.

ტექტონიკური მოძრაობა ორგვარია — დადებითი და უარყოფითი. დადებითი მოძრაობების (აზევების) სიჭარბე, გარეგანი ძალების მოქმედებასთან შედარებით, იწვევს რელიეფის ამაღლებას და დენუდაციის გაძლიერებას. ასეთ მოძრაობას უმთავრესად განიცდიან ახალგაზრდა მთები (მაგ.: კავკასიონი, ჰიმალაი, პამირი). ნგრევითი პროცესის სიჭარბე იწვევს რელიეფის დადაბლებას, ეროზიული და დენუდაციური პროცესების შენელებას. უარყოფითი მოძრაობის (ტექტონიკური დაძირვის) დროს ძლიერდება ჩამორეცხილი მასალის დალექვა, აკუმულაცია. რელიეფის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობს აგრეთვე ადამიანი (ანთროპოგენური რელიეფი).

მორფოსკულპტურული ფორმების განვითარება დიდად არის დამოკიდებული ადგილობრივ ჰავაზე. ამიტომ მათი განლაგება დედამიწის ზურგზე ემორჩილება გეოგრაფიული ზონალურობის კანონს. ვაკეზე მკაფიოდ არის გამოსახული მორფოკლიმატური ზონები, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე ეგზოგენური პროცესების ტერიტორიულ დიფერენციაციას. მთაში ადგილი აქვს ვერტიკალურ მორფოლოგიურ ზონალურობას ანუ სარტყლურობას.

რელიეფის გენეტური ტიპის დადგენა გეომორფოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. რელიეფის გენეტური ტიპი ეწოდება ელემენტარული ფორმების კომპლექსს, რომლისთვისაც დამახასიათებელია გარეგნული და გენეტური ერთგვაროვნება.